უეფას ფეარ პლეის სპეციალური ჯილდო საქართველომ მიიღო

უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, წლის ერთერთ მთავარ ნომინაციაში სპეციალური პრიზი გადასცა. ფეარ პლეის შედეგების გათვალისწინებით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 55 წევრი ასოციაციიდან სამი საუკეთესო დაასახელა. მათ შორის ფეარ პლეის ლიდერი ქვეყანა, ყველაზე პროგრესირებადი ქვეყანა და  ყველაზე მოწესრიგებული გულშემატკივრით გამორჩეული ევროპული ქვეყანა.

საქართველომ ფეარ პლეის ყველაზე პროგრესირებადი ქვეყნის პრიზი პირველად მიიღო.

2016/2017 წლის საფეხბურთო სეზონში, ფეარ პლეის რეიტინგში, საქართველოს წინა სეზონთან შედარებით მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი პროგრესი ჰქონდა.

წესების თანახმად, აღნიშნულ შედეგში გათვალისწინებულია, უეფას ეგიდით გამართული როგორც საკლუბო, აგრეთვე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მატჩები და მასში ფეარ პლეის წესების დაცვა.

ფეარ პლეის ლიდერად ისლანდია რჩება. ქცევით გამორჩეული გულშემატკივრის ჯილდო კი ფინეთს გადაეცა. სამივე ფედერაცია, უეფასგან ჯილდოს სახით ფულად პრემიას მიიღებს.

Gff.Ge

ფეარ პლეი ესპანეთის რანგით დაბალ დივიზიონში (ვიდეო)

საქმე ეხება “რაიო ვალეკანო ბ”-სა და “სან ბრუნოს” შორის გამართულ შეხვედრას. აღნიშნულ მატჩში მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, მაგრამ ეს ყოველივე მაშინ მოახერხეს, როცა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი საჯარიმოში ტრავმირებული იწვა და ამიტომაც თამაშგარე არ დაფისირდა.

მასპინძელთა გადაწყვეტილება მართლაც მისაბაძი აღმოჩნდა, როდესაც მათ ფეარ პლეის წესები დაიცვეს და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს. საბოლოოდ შეხვედრა “რაიო ვალეკანო ბ”-ს გამარჯვებით დასრულდა (4-1).

ამ მომენტის ამსახველი ვიდეო კადრები კლუბმა სოციალურ ქსელ Twitter-ში განათავსა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქციელი მოუწონა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯილდო კოლუმბიის ნაკრებმაც მიიღო

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი ჯილდო კოლუმბიის ნაკრებმაც მიიღო.

ხოსე პეკერმანის გუნდმა ფიფასგან „ფეარ პლეის“ პრიზი დაიმსახურა.

ეს ჯილდო იმ ნაკრებს გადაეცემა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე ნაკლებ ყვითელ და წითელ ბარათს მიიღებს.

ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე კოლუმბიელმა ფეხბურთელებმა მხოლოდ ხუთი ყვითელი ბარათი მიიღეს.

 

ფეარ პლეის გასაოცარი შემთხვევა საუდის არაბეთში

გასაოცარი შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთის ჩემპიონატში. „ალ ნაჰდასა“ და „ალ იტიჰადს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, სტუმართა ფეხბურთელმა მასპინძელი გუნდის მეკარეს თასმა შეუკრა, თუმცა გოლკიპერს ამ დროს ბურთი ხელში ეჭირა და სანამ თამაშში შეიყვანა, 6 წამის წესი დაირღვა. მთავარმა არბიტრმა, წესის მიხედვით, თავისუფალი დარტყმა დანიშნა. სტუმრებმა გაითვალისწინეს, თუ რა ვითარებაში დაინიშნა სტანდარტი და ამით ხეირის ნახვის ნაცვლად, ბურთი მოედნის პირით ხაზს იქით შეგნებულად გადააგდეს, რითაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

ცნობისთვის, მატჩი ფრედ, ანგარიშით 4:4 დასრულდა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.