7 დიდი ტრანსფერი, რომელიც შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე განხორციელდეს

ევროპული ქვეყნების უმეტესობაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბერს იხურება. არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ 2017 წლის ზაფხული გამორჩეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რის გარანტიასაც ნეიმარის ტრანსფერი გვაძლევს. თუმცა, ევროპულ გრანდებს ჯერ კიდევ აქვთ დრო დიდი ტრანსფერების განხორციელებისათვის. გთავაზობთ 7 დიდ ტრანსფერს, რომელიც შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე განხორციელდეს.


1. კილიან მბაპე “მონაკოდან” “პარი სენ-ჟერმენში”

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ საქმეს ხელი სერიოზულად მოკიდა. ეს უკანასკნელი არაფერს იშურებს იმისათვის, რომ ფრანგულმა კლუბმა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება “ბარსელონადან” ნეიმარის რეკორდულ თანხად, 222 მილიონ ევროდ გადაბირება, რამაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ფაქტია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი უკვე ახდენს პოზიტიურ გავლენას თავის ახალ კლუბზე.

პარიზელთა მომდევნო სამიზნეს კილიან მბაპე წარმოადგენს, რომელიც გასული სეზონის მთავარ აღმოჩენად ითვლება. “მონაკოელთა” ახალგაზრდა შემტევით მადრიდის “რეალიც” იყო დაინტერესებული, თუმცა, როგორც ჩანს, მბაპე არჩევანს “პსჟ”-ზე აკეთებს. ხელაიფი მზადაა, 180 მილიონი ევრო გადაიხადოს მისი ტრანსფერისათვის, რაც საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა უკვე დაადასტურა.

ტრანსფერის განხორციელების ალბათობა – 95%


2. ფილიპე კოუტინიო “ლივერპულიდან” “ბარსელონაში”

2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი გმირი “ბარსელონაა”, რომლის სახელიც ნეიმარის გაყიდვის შემდეგ თითქმის ყველა ვარსკვლავს დაუკავშირეს, მათ შორის მარკო ვერატის, პაულო დიბალასა და ანხელ დი მარიას. ამ დროისთვის, “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” მხოლოდ პაულინიოსა და უსმან დემბელეს ტრანსფერების განხორციელება შეძლეს, რაც კლუბის ფანებს ვერ აკმაყოფილებს.

კატალონიელები ყოველთვის ნახევარდაცვაზე აკეთებდნენ აქცენტს, დღეს კი მათი თამაშის ეს სეგმენტი საკმაოდ შესუსტებულია. ამის გასაძლიერებლად კი ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერია საჭირო, რომელიც ანდრეს ინიესტას შემცვლელადაც მოისაზრება. კატალონიელები მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე 72 მილიონ ფუნტს სთავაზობდნენ “წითლებს”, ახლა კი საუბარი 140 მილიონზეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ფეხბურთელს ძალიან უნდა “კამპ ნოუზე” გადაბარგება. კოუტინიო “ლივერპულში” თამაშზეც უარს აცხადებს და ტრავმას იმიზეზებს მაშინ, როდესაც ბრაზილიის ნაკრების ექიმის თქმით, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს.

ტრანსფერის განხორციელების ალბათობა – 80%


3. რენატუ საჩეში “ბაიერნიდან” “ლივერპულში”

რენატუ სანჩეში “ბენფიკას” ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა. პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც 20 წლისაც არ იყო, საკმაოდ მალე მოექცა ევროპული გრანდების ინტერესთა სფეროში. საბოლოო ჯამში, სანჩეშმა არჩევანი “ბაიერნზე” გააკეთა, რომელმაც მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა. მისდა სამწუხაროდ, რენატუმ ძირითადში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა. გასულ სეზონში პორტუგალიელი მოედანზე 17-ჯერ გამოჩნდა, მაგრამ საშუალოდ მას მხოლოდ 36 წუთს უთმობდნენ. მართალია ის მცდელობას არ აკლებდა, მაგრამ კარლო ანჩელოტის გული მაინც ვერ მოიგო.

გასაკვირი არცაა, რომ ამ ყველაფრის ფონზე პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ბავარიული გრანდის ხელმძღვანელებს ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა. გერმანელები მოლაპარაკებებს არაერთ კლუბთან აწარმოებდნენ, თუმცა ფასის გამო ტრანსფერი იბლოკებოდა. ამ დროისთვის კი სანჩეში ყველაზე ახლოს “ლივერპულში” გადასვლასთან იმყოფება.

სანჩეშის “ბაიერნიდან” წასვლის ალბათობა – 70%


4. ჯონი ევანსი “ვესტ ბრომიდან” “მანჩესტერ სიტიში”

ჩრდილო ირლანდიელი მცველი, ჯონი ევანსი, რომელმაც “მანჩესტერ იუნაიტედის” სამსახურში 7 წელზე მეტი გაატარა და ტიტულების მთელი კოლექცია მოიგო, შესაძლოა, მომავალი სეზონიდან “მანჩესტერ სიტის” რიგებში ვიხილოთ. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი სეზონი ევანსმა “ვესტ ბრომვიჩის” რიგებში გაატარა და ამ დროის მანძილზე საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდა.

როგორც ცნობილი ხდება, ჯონი ევანსის ტრანსფერით თვით “ქალაქელთა” თავკაცი, პეპ გვარდიოლაა დაინტერესებული, რომელმაც ზაფხულში გუნდიდან ელიაკიმ მანგალა გაუშვა და ახლა მის გუნდს გამოცდილი მცველი სჭირდება. თავად ფეხბურთელი მანჩესტერში დაბრუნების წინააღმდეგი ნამდვილად არ არის, მაგრამ არც “ვესტ ბრომვიჩი” აპირებს მის გაშვებას შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე. საქმე კი დაახლოებით 25 მილიონ ევროს ეხება.

ტრანსფერის განხორციელების ალბათობა – 60%


5. ანდრე გომეში “ბარსელონადან” “იუვენტუსში”

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები არამარტო კოუტინიოსა და კიდევ ერთი შემტევის მოყვანას, არამედ გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებასაც გეგმავენ.წამსვლელთა სიის სათავეში კი კლუბის 24 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი, ანდრე გომეში იმყოფება. გასულ სეზონში გომეშმა თავი მხოლოდ ორი გოლითა და სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რაც რა თქმა უნდა, კატალონიელთათვის საკმარისი არ არის.

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებს კი სჯერათ, რომ გომეშის გაცილებით უფრო პროდუქტიულად გამოყენებაა შესაძლებელი. როგორც ცნობილი ხდება, “ბებერი ქალბატონი” პორტუგალიელ შემტევში 33 მილიონ ევროს იხდის, კატალონიელები კი 40-ს ითხოვენ.

ტრანსფერის განხორციელების ალბათობა – 50%


6. დიეგო კოშტა “ჩელსიდან” “ატლეტიკოში”

გასული სეზონის დასრულების დღიდან დიეგო კოშტა თავის ყოფილ კლუბში, მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნებაზე ფიქრობს, რასთანაც ეს უკანასკნელი ძალიან ახლოს იმყოფება. Evening Standard-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლონდონის “ჩელსის” ესპანელი შემტევი, დიეგო კოშტა ძალიან ახლოსაა თავის ყოფილ კლუბში დაბრუნებასთან.

ბრიტანული წყაროს ცნობით, “როხიბლანკო” კოშტას სანაცვლოდ 41 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა დიეგო “ვანდა მეტროპოლიტანოზე” თამაშს 2018 წლის იანვრამდე ვერ შეძლებს სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გამო.

ტრანსფერის განხორციელების ალბათობა – 50%


7. ალექსის სანჩესი “არსენალიდან” “მანჩესტერ სიტიში”

არავისთვისაა საიდუმლო ის ფაქტი, რომ ლონდონის “არსენალის” ჩილელ ლიდერს, ალექსის სანჩესს კლუბის დატოვება ყველაზე მეტად უნდა, განსაკუთრებით კი “ლივერპულთან” გამანადგურებელი ანგარიშით წაგების შემდეგ. ალექსის სანჩესს საკმაოდ კარგა ხნის მანძილზე აკავშირებდნენ მიუნხენის “ბაიერნს”. თუმცა, ამ დროისთვის მისი გადაბირების ერთადერთ რეალურ კანდიდატად პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” რჩება.

ტრანსფერის განხორციელების ალბათობა – 30%


დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 28 აგვისტო

“მანჩესტერ სიტი” ობამეიანგის შეძენას შეეცდება

Le10Sport-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც “მანჩესტერ სიტიმ” ალექსის სანჩესის დამატება ვერ მოახერხა, კლუბი პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენას შეეცდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას გაბონელი ფეხბურთელის შეძენა ძალიან უნდა.

“ბორუსიამ” იოზილს დაადგა თვალი

დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელები გუნდში ლონდონის “არსენალის” გერმანელი ნახევარმცველის, მესუთ იოზილის დამატებას გეგმავენ. ამ ინფორმაციას Mirror ადასტურებს.

როგორც იცით, ბუნდესლიგაში მოთამაშე გრანდის ხელმძღვანელებს უსმან დემბელეს შეცვლა სურთ, რომელიც ახლახან გადაბარგდა კატალონიურ “ბარსელონაში”.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ბეილის სანაცვლოდ 100 მილიონს იხდის

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, მადრიდის “რეალის” უელსელი თავდამსხმელის, გარეტ ბეილის ტრანსერის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.

Don Balon-ის ცნობით, პრემიერ ლიგაში დაბრუნება ბეილს ძველი დიდების დაბრუნებისკენ მიმავალ ერთადერთ სწორ გზად მიაჩნია, რომელიც ამ დროისთვის არც თუ ისე კარგად გამოიყურება “ბლანკოსის” რიგებში.

“ლივერპულმა” კოუტინიო მოარჯულა

ბრიტანული პრესის ცნობით, ფილიპე კოუტინიო შეეგუა იმ აზრს, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ლივერპული” მას არ გაყიდის მიუხედავად კარიერის კატალონიაში გაგრძელების დიდი სურვილია.

თუმცა, ბრაზილიელი ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ 2018 წლიდან სწორედ “კამპ ნოუზე” დაბანაკდება.

რეშფორდი სუარესის შემცვლელად?

Don Balon-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები გუნდში მარკუს რეშფორდის დამატებას გეგმავენ.

როგორც ცნობილი ხდება, “ლურჯ-ბროწეულისფრები” ახალგაზრდა ინგლისელ შემტევში, რომლის გადაბირებაც შესაძლოა, 200 მილიონიც კი დაუჯდეთ, ლუის სუარესის გრძელვადიან შემცვლელს ხედავენ.

პსჟ მბაპეში 180 მილიონს იხდის

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებმა “მონაკოსთან” ფრანგი შემტევის, კილიან მბაპეს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.ამ ინფორმაციას RMC Sport ავრცელებს The Times-ზე დაყრდნობით.

ტრანსფერის ღირებულება 180 მილიონი ევროთი იქნება განსაზღვრული და მბაპე “პსჟ”-სთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს.

ტიერი ანრი: “კოუტინიო ლუის სუარესის გზას უნდა გაჰყვეს”

“ბარსელონასა” და “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი, ტიერი ანრი ფილიპე კოუტინიოს მომავალზე საუბრისას აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ბრაზილიელი ფეხბურთელი “ლივერპულს” დაუბრუნდება და კატალონიაში მომავალ წელს გადავა.

“რთულია კოუტინიოს მდგომარეობაზე საუბარი, რადგანაც მე მის ადგილას არასოდეს ვყოფილვარ. როდესაც წასვლა მომინდა, მაშინვე დავტოვე კლუბი.

მე მას “ბარსელონაში” გადასვლას ვურჩევ, ის ლუის სუარესის გზას უნდა გაჰყვეს. სუარესს წასვლა უნდოდა, თუმცა კლუბმა ის არ გაუშვა. ლუისი პროფესიონალურად მოიქცა და შესანიშნავი სეზონიც ჩაატარა. ვფიქრობ, ფილიც ასეთი ტიპის ადამიანია.

შესაძლოა, მას ძალიან უნდა წასვლა, მაგრამ ვალდებულია “ლივერპულში” დაბრუნდეს – ფანებს ის ძალიან უყვარს და მასაც ძალიან უყვარს თავისი კლუბი.

დაბრუნდი, ჩაატარე კარგი სეზონი და დაელოდე, რა მოხდება მომავალ წელს. სუარესის გზას გაჰყევი,” – აცხადებს ტიერი ანრი.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 27 აგვისტო


სანჩესი 400 000 ფუნტიან ხელფასს ითხოვს

ლონდონის “არსენალის” ჩილელი ლიდერი, ალექსის სანჩესი კლუბისგან 400 000-იან ხელფასს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის გუნდს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესს, რომლის გადაბირების სურვილსაც “მანჩესტერ სიტი” გამოთქვამს, მიმდინარე კონტრაქტი ზუსტად 12 თვის შემდეგ ეწურება.


“არსენალი” ასენსიო ტრანსფერზე მუშაობს

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი კლუბისგან მარკო ასენსიოს ტრასნფერს ითხოვს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Sunday Epress ადასტურებს.

წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი 21 წლის მარკო ასენსიოს რეგულარულ სათამაშო დროს პირდება, რისი გარანტიც მას მადრიდულ გრანდში ნამდვილად არ აქვს.


“ბარსელონა” კოუტინიოს ტრანსფერში დარწმუნებულია

ესპანური Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები მერსესაიდის “ლივერპულის” ლიდერის, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერში დარწმუნებულები არიან.

როგორც იცით, “კამპ ნოუზე” თამაში თავად ბრაზილიელი ფეხბურთელის ოცნებასაც წარმოადგენს, თუმცა “ლივერპული” მისი გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია.


“ევერტონი” “ჩელსისთვის” ვარდის წართმევას გეგმავს

მერსესაიდის “ევერტონის” ხელმძღვანელები “ლესტერ სიტის” 40-მილიონიანი შემტევის, ჯეიმი ვარდის დამატებას აპირებენ, რომლისთვისაც ლონდონის “ჩელსიც” იბრძვის. ამ ინფორმაციას Sunday Mirror-იც ადასტურებს.

დიდი ალბათობით, ვარდი არჩევანს “ევერტონზე” გააკეთებს, სადაც მას უფრო მეტ სათამაშო პრაქტიკას პირდებიან.


კილიანი გუნდს დაუბრუნდა – მბაპეს ტრანსფერი ჩაიშალა?

ლიგა 1-ის ეგიდით, “მარსელის” წინააღმდეგ გასამართი მატჩამდე “მონაკოს” რიგებში გასული სეზონის მთავარი აღმოჩენა, კილიან მბაპე დაბრუნდა, რომელსაც საკმაოდ აქტიურად აკავშირებენ “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან.

როგორც იცით, “მონაკოს” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონარდო ჟარდიმმა მბაპეს ლიგა 1-ის ბოლო ორ მატჩში თამაშის უფლება არ მისცა, რადგანაც ის თამაშისთვის 100 პროცენტით მზად არ იყო (ფსიქოლოგიურად), დღეს კი ის კვლავ დაბრუნდა განაცხადში.

18 წლის ფეხბურთელი “მარსელთან” გასამართი მატჩის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებს უნდა შეუერთდეს, რაც მისი 150-მილიონიანი ტრანსფერის შანსებს ამცირებს.


დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 26 აგვისტო


“ჩელსი” ლორენტესთვის იბრძვის

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გუნდში კიდევ ერთი თავდამსხმელის დამატებას გეგმავენ. Daily Telegraph-ის ცნობით, საქმე ფერნანდო ლორენტეს ტრანსფერს ეხება.

როგორც ცნობილი ხდება, ანტონიო კონტე, რომელიც ლორენტესთან “იუვენტუსში” ყოფნის პერიოდშიც მუშაობდა, 15 მილიონს იხდის ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ.


“ბარსელონას” კოუტინიოსა და დი მარიას ტრანსფერები სურს

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ფრანგი შემტევის, უსმან დემბელეს ტრანსფერის განხორციელების შემდეგ, კატალონიელები ფილიპე კოუტინიოსა და ანხელ დი მარიას ტრანსფერებზე გადაერთვნენ.

Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აპირებენ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელებისთვის ბრძოლას.


“მარსელი” ორიჯის ტრანსფერზე მუშაობს

ფრანგული “მარსელის” ხელმძღვანელები “ლივერპულის” ბელგიელი თავდამსხმელის, დივოკ ორიჯის ტრანსფერით არიან დაინტერესებულები. ამ ინფორმაციას Marseille Mercato-ც ადასტურებს.

წყაროს ცნობით, ორიჯი შიშობს, რომ არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ვერ შეძლებს და მზადაა, 15 მილიონიანი შეთანხმების მთავარი გმირი გახდეს.


მბაპე და ფაბინიო “პსჟ”-ში გადავლენ

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კარის მოჯახუნებას გეგმავენ – ნეიმარის ტრანსფერის შემდეგ, ფრანგები “მონაკოდან” კილიან მბაპესა და ფაბინიოს წაყვანას გეგმავენ.

როგორც ცნობილი ხდება, ფაბინიოს ტრანსფერის ღირებულება 55 მილიონ ევროს შეადგენს, მბაპეს ფასი კი 150 მილიონ ევრომდე მიდის. ამ ტრანსფერები განხორციელების შემთხვევაში პარიზელთა ზაფხულის დანახარჯი 400 მილიონ ევროს გაცდება.


“ბაიერნსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” გიორგი ჩაკვეტაძის შეძენა სურდათ

თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესს ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის დასრულების შემდეგ არაერთი კლუბი იჩენდა. ბელგიური ვებ-გვერდი voetbalnieuws.be იუწყება, რომ მიუნხენის “ბაიერნმა” 17 წლის შემტევ ნახევარმცველში “დინამოს” 6 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩაკვეტაძე “გენტთან” შეთანხმდა.

ახალგაზრდა მოთამაშე “გენტის” წევრი მაშინ გახდება, როცა მას 18 წელი შეუსრულდება, იქამდე კი ის თბილისელთა რიგებში ითამაშებს.

ბელგიური სააგენტოების ცნობით, ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლევერკუზენი” და “ჰოფენჰაიმიც” იჩენდნენ.


ჯერარდი კოუტინიოზე: “ეს ბავშვი ყოველთვის ოცნებობდა “ბარსელონაში” თამაშზე”

მერსესაიდის “ლივერპულის” ლეგენდამ, სტივენ ჯერარდმა ფილიპე კოუტინიოს მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი, რომელიც ძალიან ახლოსაა “ბარსელონაში” გადასვლასთან, სადაც მას ნეიმარის პოტენციურ შემცვლელად მოისაზრებენ.

“ეს ბავშვი სამხრეთ ამერიკიდან მოდის და ყოველთვის ოცნებობდა “ბარსელონაში” თამაშზე, ახლა კი პანიკაშია, ფიქრობს, რომ ახლა თუ არ წავა, ვეღარასდროს შეძლებს ამას.

ფილიპეს მიმართ ყოველთვის სიმპათიებით ვიყავი განწყობილი. მე მას ვიცნობ, ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის. ვიცი, რომ არ უნდა კონფლიქტის დაწყების მიზეზი გახდეს. მაგრამ, ფაქტია, რომ მას კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, “ლივერპულს” კი კოუტინიოსთვის ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული.

მილანის “ინტერში” ყოფნისას კოუტინიოს ძალიან უჭირდა, “ლივერპულმა” კი შანსი მისცა, მისგან ფეხბურთელი გამოძერწა. მინიმუმი, რისი გაკეთებაც მას შეუძლია, კლუბისთვის ერთი წლის მიცემაა,” – აცხადებს ჯერარდი.

კლოპმა კოუტინიოს წასვლა უნებლიედ დაადასტურა?

მერსესაიდის “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, რომელიც ყოველთვის გადაჭრით ამბობდა, რომ ფილიპე კოუტინიოს გაშვებას არ აპირებდა, პრესასთან იგივე თემაზე განსხვავებულად ილაპარაკა.

“ამის შესახებ ბევრს ვერაფერს ვიტყვი. მე მთლიან გუნდზე ვარ პასუხისმგებელი, თითოეულ იმ ფეხბურთელზე, რომელიც ჩემს განკარგულებაში იმყოფება. დანარჩენებზე კი არანაირი გავლენა არ მაქვს.

უფროსების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს პატივი უნდა ვცე, ასე ხდება. ზოგჯერ ფეხბურთელებიც იღებენ გადაწყვეტილებებს. თუმცა, ახლა ყველაფერი უნდა მივიღო და ჩემი გუნდის მომავალზე ვიფიქრო,” – აცხადებს იურგენ კლოპი.

შეგახსენებთ, რომ “წითლების” ბრაზილიელი ლიდერისთვის “ბარსელონას” აქვს თვალი დადგმული.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 12 აგვისტო


ისკო “რეალთან” ახანგრძლივებს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები მოხიბლულნი არიან ისკოს პროგრესით და ამის გამო, მის დაჯილდოვებას გეგმავენ.

As-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ისკო ძალიან ახლოსაა “რეალთან” 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებასთან. მისი გამოსასყიდი თანხა კი 700 მილიონი ევრო იქნება.


ინტერესების ომი კოუტინიოსა და “ლივერპულს” შორის

Mirror საკმაოდ საინტერესო ცნობებს გვაწვდის, რომლის მიხედვითაც, მერსესაიდის “ლივერპულმა” კოუტინიოს მოთხოვნა ტრანსფერზე დაყენების საკითხთან დაკავშირებით, უარით გაისტუმრა.

როგორც იცით, “წითლების” ბრაზილიელი ლიდერის გადაბირებით კატალონიის “ბარსელონაა” დაინტერესებული.


“მანჩესტერ იუნაიტედმა” “რეალს” კონკრეტული თანხა დაუსახელა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა “რეალის” უფროსებს საკმაოდ ნათლად აუხსნეს, რომ გარეტ ბეილის ტრანსფერში 90 მილიონ ფუნტზე მეტის გადახდას არ აპირებენ.

როგორც იცით, ლონდონის “ტოტენჰემის” ექს-ფეხბურთელში “რეალმა” თავის დროზე 86 მილიონი ფუნტი გადაიხადა. უელსელი ფეხბურთელის ტრანსფერს “ჩელსიც” განიხილავს.


“ტოტენჰემი”: ერიქსენი არ იყიდება

ესპანურ პრესაში “ბარსელონაში” ნეიმარის პოტენციურ შემცვლელად კრისტიან ერიქსენსაც ასახელებენ, რომელთანაც კავშირს მერსესაიდის “ლივერპულიც” ინარჩუნებს.

“მამლების” პრეზიდენტმა, დანიელ ლევიმ კი დასაწყისშივე მოსპო ყველანაირი შანსი და განაცხადა, რომ “ტოტენჰემს” მიმდინარე ზაფხულში აღარავინ დატოვებს.


ნ’ზონზის აგენტი: “სტივენს “სევილიადან” წასვლა უნდა”

სტივენ ნ’ზნონზის აგენტი აცხადებს, რომ ფრანგ საყრდენ ნახევარმცველს ანდალუსიური “სევილიას” დატოვება სურს.

“სიმართლე ისაა, რომ სტივენ ნ’ზონზის “სევილიადან” წავსლა უნდა. ამის შესახებ კლუბში ყველამ იცის. იმედი მაქვს, ანდალუსიელთა ხელმძღვანელობა სწორ არჩევანს გააკეთებს და ჩემს კლიენტს გაყიდის,” – აცხადებს აგენტი.


რონალდინიო: “კოუტინიოს ნეიმარის შეცვლა შეუძლია”

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ბრაზილიელი რონალდინიო ნეიმარის “ბარსელონადან” წასვლას გამოეხმაურა და მისი პოტენციური შემცვლელიც კი დაასახელა.

“მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ნეიმარის შეცვლა შეუძლია – დიახ, მჯერა, რომ კოუტინიოს ამის შესაძლებლობა გააჩნია.

ის ნამდვილად იმყოფება იმ დონეზე, რომ “ბარსელონაში” გადასვლა და სიცარიელის შევსება შეძლოს. მაგრამ, “ლივერპულმა” ძალიან კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ის გუნდისთვის და ასე ადვილად ნამდვილად არ გაუშვებენ,” – აცხადებს რონალდინიო.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის პოტენციურ შემცვლელებად უსმან დემბელეს, ანტუან გრიზმანსა და პაულო დიბალასაც განიხილავენ.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 3 აგვისტო


“არსენალი” “ბორუსიამ” უარით გაისტუმრა

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა დორტმუნდის “ბორუსიას” ოფიციალურად მიმართეს უსმან დემბელეს ტრანსფერის თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ალექსის სანჩესის წასვლაზე ჯერ არაფერი ისმის, როგორც ჩანს, “მეთოფეები” მაინც ემზადებიან მის შესაცვლელად.


მბაპემ “მონაკოს” წასვლის სურვილის შესახებ აცნობა

“მონაკოს” ახალგაზრდა ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ თავისი კლუბის ხელმძღვანელობას წასვლის სურვილის შესახებ აცნობა. ამ ინფორმაციას ფრანგული L’Equipe ავრცელებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გასული სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა კატალონიური “ბარსელონას” სახით, რომელმაც ნეიმარის ტრანსფერისგან 200 მილიონ ევროზე მეტი უნდა მიიღოს.


ნეიმარის ტრანსფერი “პსჟ”-ს 450 მილიონი დაუჯდება

Sky Sports-ის მიერ ჩატარებულ გამოთვლებს თუ დავუჯერებთ, “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებს ნეიმარი საბოოო ჯამში 450 მილიონი ფუნტი უნდა დაუჯდეს.

ამ 450 მილიონში გათვლილია ბრაზილიელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, ბონუსები და მისი ხელფასიც, რომელიც ყოველკვირეულად 515 000 ფუნტს უდრის.


“ბარსამ” ფსონი 120 მილიონამდე აწია

ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელები ზაფხულის ტოპ-პრიორიტეტად ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი დააყენეს.

როგორც უკვე გაცნობეთ, “წითლებმა” უკვე უარყვეს “ბარსელონელთა” 100 მილიონიანი წინადადება, მაგრამ “ლურჯ-ბროწეულისფრები” არ ნებდებიან და ამჯერად იურგენ კლოპს 120 მილიონ ევროს სთავაზობენ.


ჯანოს ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა

მოსკოვური “სპარტაკის” რიგებში მოთამაშე ქართველ ლეგიონერს, ჯანო ანანიძეს ძალიან ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა ლონდონის “ჩელსის” კუთვნილებაში მყოფი მარიო პასალიჩის სახით.

როგორც იცით, ქართველ ფეხბურთელს არც მანამდე ჰქონდა დიდი სათამაშო პრაქტიკა და შესაძლოა, პასალიჩის ტრანსფერმა მას კლუბის დატოვებაც აიძულოს (დროებით მაინც).


“ლივერპულმა” “ბარსელონას” 100-მილიონიანი წინადადება უარყო

კატალონიური “ბარსელონას” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარი ძალიან ახლოსაა “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან. აქიდან გამომდინარე, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელები კიდევ უფრო აძლიერებენ ზეწოლას.

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “ბარსელონასგან” 100-მილიონიანი წინადადება უარყო, რითიც ყველასთვის ნათელი გახადა, რომ გუნდის ლიდერთან განშორებას არ აპირებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კოუტინიოს ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, ესპანელთა პრიორიტეტად დიბალას ტრანსფერი იქცევა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 28 ივლისი


“ჩელსის” რენატუ სანჩეში მოუნდა

The Telegraph-ის თქმით, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს არიან “ბაიერნის” პორტუგალიელი შემტევის, რენატუ სანჩესის ტრანსფერთან, რაზეც “მილანელები” ძალიან დიდი ხნის მანძილზე მუშაობდნენ.

ანტონიო კონტე ამ ტრანსფერზე კარლო ანჩელოტის გასულ კვირაში გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ მოელაპარაკა. წარუმატებელი სტარტის მიუხედავად, “რეკორდმაისტერი” სანჩეშის მხოლოდ არენდის წესით გაშვებაზეა თანახმა.


“ბარსას” კოუტინიო 133 მილიონი დაუჯდება

ესპანური გამოცემის, Sport-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ლივერპულის” ხელმძღვანელებმა “ბარსელონას” ფასი დაუსახელეს, რომლის გადახდის შემთხვევაშიც, ისინი ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის განხორციელებას შეძლებენ.

საქმე 133 მილიონ ფუნტთან გვაქვს, რის გადახდასაც “ბარსელონელები” ნეიმარის ტრანსფერისგან მიღებული 222 მილიონის მეშვეობით აპირებენ.


“მანჩესტერ იუნაიტედს” იმედი მიეცა

The Telegraph-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა “მანჩესტერ იუნაიტედს” გარეტ ბეილის ტრანსფერის იმედი მისცა.

როგორც იცით, “ლოს ბლანკოსი” ძალიან არის დაინტერესებული კილიან მბაპეს ტრანსფერით, მისთვის ადგილის განსათავისუფლებად კი პერესი მზადაა, გუნდის უელსელ ვარსკვლავსაც შეელიოს.


“ჩელსი” 50 მილიონ ფუნტს ამზადებს

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები 50 მილიონი ფუნტის დახარჯვას აპირებენ როს ბარკლისა და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინის ტრანსფერებში. ამ ინფორმაციას The Sun ავრცელებს.


“ინტერი” ვიდალის ტრანსფერისთვის იწყებს ბრძოლას

Gazzetta dello Sport -ის ცნობით, მილანის “ინტერის” ხელმძღვანელები “ბაიერნის” ჩილელი ვარსკვლავის, არტურო ვიდალის გადაბირებას აპირებენ.

როგორც იცით, “სან სიროს” დატოვებასთან ძალიან ახლოსაა ივან პერიშიჩი. მისი ტრანსფერისგან მიღებული თანხიდან 50 მილიონი ევროს გამოყოფას სწორედ ამ ტრანსფერისთვის აპირებენ.