როცა რონალდუ არაა, „რეალში“ ბეილი მეფობს (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XV ტურში მადრიდის „რეალმა“ „ვალიადოლიდი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმის შუაწელს, სამწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს: ანგარიში 33-ე წუთზე გარეტ ბეილმა გახსნა, მოგვიანებით უელსელის პასით თავი კარიმ ბენზემამ გამოიჩინა. 64-ე წუთზე ბეილმა მეტოქე გუნდის მცველების შეცდომით ისარგებლა და „რეალის“ უპირატესობა გაზარდა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი, უელსელმა ფეხბურთელმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 4:0.

ამრიგად, ბეილმა „სამეფო კლუბის“ რიგებში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. მატჩს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალყურს ტრავმირებული კრიშტიანო რონალდუ, რომელსაც გვერდს ირინა შეიკი უმშვენებდა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XV ტური
„რეალი“-„ვალიადოლიდი“ 4:0 (2:0)

გოლები: ბეილი 33′, 64′, 89′, ბენზემა 36′.
გაფრთხილებები: პეპე 71′ – ლუის სასტრე 81′.

კატალონიური დერბი „ბარსელონას“ გამარჯვებით დასრულდა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტური კატალონიური დერბით გაიხსნა: „ბარსელონამ“ „ნოუ კამპზე“ „ესპანიოლი“ მიიღო. მატჩის პირველ ნახევარში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. შესვენების შემდეგაც გულშემატკივრებს დიდი ხანი მოუხდათ ლოდინი, რათა მატჩის პირველი და ერთადერთი გოლი ეხილათ: 68-ე წუთზე ნეიმარის გადაცემით ანგარიში ალექსის სანჩესმა გახსნა. კატალონიურმა გრანდმა თანაქალაქელი გუნდი მინიმალური უპირატესობით დაამარცხა – 1:0.

სატურნირო ცხრილს „ბარსელონა“ 34 ქულით ლიდერობს. „ესპანიოლს“ 15 ქულით მე-8 პოზიცია აქვს დაკავებული.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
მე-12 ტური
„ბარსელონა“-„ესპანიოლი“ 1:0 (0:0)

გოლი: სანჩესი 68′.
გაფრთხილებები: მასკერანო 77′ – ფუენტესი 45′, ვიქტორ სანჩესი 67′, ლანსაროტე 90′.

ანჩელოტი: „პენალტი რომ დასანიშნი იყო, ეს მსაჯის გარდა ყველამ დაინახა“

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის პრიმერადივიზიონის X ტურის ცენტრალური მატჩი „ნოუ კამპზე“ გაიმართა, სადაც „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალი“ მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ „სამეფო კლუბის“ თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა  უნდიანო მალიენკომ ერთ-ერთ ეპიზოდში პენალტი არ დანიშნა.

ფეხბურთის იტალიელ სპეციალისტს მხედველობაში ჰქონდა ის მომენტი, როდესაც ხავიერ მასკერანომ საკუთარ საჯარიმოში კრიშტიანო რონალდუს უბიძგა.

„მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ. თამაშს ვაკონტროლებდით და გოლის გასატანად რამდენიმე შანსიც გვქონდა. მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა, როცა მასკერანომ რონალდუს უბიძგა. ეს დარღვევა მთელმა მსოფლიომ დაინახა, მაგრამ არა – არბიტრმა. არ მინდა კომენტარი გავაკეთო კიდევ ერთ ეპიზოდზე, როდესაც ადრიანომ საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით ითამაშა. ასეთი მომენტები ყოველთვის მსაჯის შეხედულების მიხედვით ფასდება“, – ანჩელოტის სიტყვები „მარკამ“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი