„პსჟ“-მ სტუმრად „ბორდო“ დაამარცხა

საფრანგეთის ჩემპიონატის მეხუთე ტური „ბორდოსა“ და  „პარი სენ-ჟერმენს“ შორის გამართული მატჩით გაიხსნა. სტადიონ  „შაბან დელმაზე“ შემდგარი შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. გოლები ბლეზ მატუიდიმ და ლუკას მოურამ გაიტანეს.

ამ დროისთვის  „პსჟ“ გათამაშების ცხრილს ლიდერობს, თუმცა ამავე ტურში პარიზული კლუბის ჩამოტოვების შანსი  „მონაკოს“,  „მარსელსა“ და  „სენტ-ეტიენს“ აქვთ.  „ბორდოს“ სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიცია აქვს დაკავებული.

მომდევნო ტურში საფრანგეთის ჩემპიონი შინ  „მონაკოს“ დაუხვდება,  „ბორდო“კი გასვლაზე  „ლორიანს“ ეთამაშება.

საფრანგეთის ჩემპიონატი
მე-5 ტური:
„ბორდო“-„პსჟ“ 0:2
გოლები: მატუიდი 30′, ლუკას მოურა 64′.
გაფრთხილებები: ენრიკე 20′, ობრანიაკი 41′ – ონგენდა 69′, ვერატი 80′.

 

ოფიციალურად: სახო – ”ლივერპულის” ფეხბურთელია

თავისი ოფიციალური საიტის საშუალებით, ”ლივერპულმა” საფრანგეთის ნაკრების მცველის მამადუ სახოს შეძენა დაადასტურა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი წლის განმალობაში იმოქმედებს მხარეების მიერ გაფორმებული ხელშეკრულება, თუმცა ცნობილია, რომ მათ გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. სხვადასხვა წყაროების ცნობით, მერსესაიდელებს ეს ტრანსფერი 19 მილიონი ევრო დაუჯდათ.

აქამდე სახო მხოლოდ პსჟ-ს ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში ლიგა 1-ის 27 მატჩში მისმა მონაგარმა ორი გატანილი გოლი შეადგინა. საფრანგეთის ნაკრების მაისურით კი სახომ 14 მატჩი ჩაატარა.

”ლივერპულის” პროექტი ძალიან მომეწონა, აქ სწორედ ამიტომ ვარ. ჩემს პირველ მატჩს მოუთმენლად ველი”, – განაცხადა 23 წლის მოთამაშემ.

ალექსანდრე მატევოსოვი