ჯოი ბარტონმა ბოდიში მოიხადა

როგორც გაცნობეთ, ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში “ჰალ სიტისა” და “ქუინს პარკ რეინჯერსს” შორის გამართულ მატჩში (2:1) სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ჯოი ბარტონმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელ ტომ ჰადლსტოუნს უხერხულ ადგილას ხელი მოარტყა.

ბარტონმა ამ ქმედების გამო მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.

“ჰადლსტოუნის მიმართ ჩემი ქმედება ნამდვილად არ ყოფილა წინასწარ განზრახული, ეს იყო სულელური რეაქცია. დავისაჯე და მოედნიდან გამაძევეს. მე ჩემი თანაგუნდელები დავაღალატე. ბოდიშს ვუხდი ყველას, მათ შორის “ქუინს პარკის” იმ ფანებს, რომლებიც გუნდს გასვლით მატჩზე საქომაგოდ გამოყვნენ”, – დაწერა სოციალურ ქსელში ბარტონმა.

 

“ქუინს პარკი” კრის რემსის ჩააბარეს

“ქუინს პარკ რეინჯერსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე კრის რემსი დაინიშნა. 52 წლის სპეციალისტი დასავლეთლონდონურ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლომდე უთავკაცებს.

შეგახსენებთ, რომ 3 თებერვლამდე “ქუინს პარკს” ჰარი რედნაპი ხელმძღვანელობდა, რომელმაც პოსტი საკუთარი ნებით დატოვა.

“ქუინს პარკ რეინჯერსს” ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილი უკავია.

 

რედნაპმა “ქუინს პარკი” დატოვა

ჰარი რედნაპმა “ქუინს პარკ რეინჯერსის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ფეხბურთის 67 წლის სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მუხლზე სასწრაფო ოპერაცია აქვს გასაკეთებელი.

“ქუინს პარკში” ფანტასტიური დრო გავატარე. დირექტორთა საბჭოს, ფეხბურთელებს, თანამშრომლებსა და განსაკუთრებით ფანებს დიდ მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. სამწუხაროდ, მუხლზე სასწრაფო ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი, რაც ჩემი საქმიანობის შესრულების შესაძლებლობას არ მაძლევს. კლუბს წარმატებებს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ “ქუინს პარკი” პრემიერლიგაში ადგილს შეინარჩუნებს”, – რედნაპის სიტყვები კლუბის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

ჰარი რედნაპი “ქუინს პარკ რეინჯერსს” 2012 წლიდან თავკაცობდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს.

 

ვენგერის საიუბილეო გამარჯვება

ინგლისის პრემიერლიგის XVIII ტურში ლონდონის “არსენალმა” თანაქალაქელი “ქუინს პარკ რეინჯერსი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ეს გამარჯვება არსენ ვენგერისთვის საიუბილეოა: მისთვის “მეთოფეთა” თავკაცის პოსტზე ეს პრემიერლიგაში მე-400 და ყველა ჩემპიონატზე ერთად მოგებული მე-600 შეხვედრა გახლავთ. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი “არსენალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 1996 წლიდან მუშაობს.

XVIII ტურის შემდეგ ვენგერის გუნდს სატურნირო ცხრილში 30 ქულით მეექვსე ადგილი აქვს დაკავებული.

ბარტონი: “ფეხბურთმა გადამარჩინა”

“ქუინს პარკ რეინჯერსის” ნახევარმცველი ჯოი ბარტონი მოხარულია, რომ ცხოვრებაში ფეხბურთის გზა აირჩია. ინგლისელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ სპორტის ნაცვლად ახლა სრულიად შესაძლებელია ციხეში ყოფილიყო.

“ცხოვრებაში სამი გზა მქონდა: ფიზიკური შრომით თანხის გამომუშავება, ნარკომანობა და სპორტსმენობა. ჩემი მეგობრები სვამდნენ და ნარკოტიკებს მოიხმარდნენ. მივედი დასკვნამდე, რომ მე ეს არ მარგებდა. ფეხბურთმა გადამარჩინა ციხისგან და ნარკოტიკებისგან.

23 თუ 24 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი უმცროსი ძმა ფერადკანიანი ბიჭის მკვლელობის შემთხვევაში გაერია. სინამდვილეში ის ბიჭი ჩემმა ბიძაშვილმა მოკლა, თუმცა ჩემი ძმაც ავაზაკების ბანდაში იყო ჩართული.

ახლა ისინი მკვლელობისთვის ციხეში სასჯელს იხდიან და ეს ასეც უნდა იყოს. ეწეოდნენ ბალახს, იპარავდნენ ავტომობილებს, უბრალოდ არ იცოდნენ, რას სჩადიოდნენ და სწორედ ამას შეეწირა ის ბიჭიც. საბედნიეროდ, მე მთლიანად გადავეშვი ფეხბურთის სამყაროში”, – აღნიშნა 32 წლის ბარტონმა “მირორისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

 

იაია ტურემ საჩუქრით ბოდიში მოუხადა ბავშვს, რომელსაც მატჩის დროს ბურთი გაარტყა

როგორც მოგახსენეთ, ინგლისის პრემიერლიგის XI ტურში “ქუინს პარკ რეინჯერსსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართული მატჩის (2:2) მიმდინარეობისას “ქალაქელთა” ნახევარმცველ იაია ტურეს მიერ დარტყმული ბურთი ტრიბუნაზე მჯდარ 5 წლის გოგონას მოხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა დიდსულოვნება გამოიჩინა და “ქუინს პარკის” მცირეწლოვან გულშემატკივარს საკუთარი მაისური აჩუქა – წარწერით: “მაპატიე”.

მოგვიანებით ტურემ სოციალურ ქსელში დაწერა:

“დავმშვიდდი, როდესაც გავიგე, რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობდა. ძალიან ვინერვიულე. ტელეფონით ახლახან ვესაუბრე საყვარელ ქლოის (გოგონას სახელია) და მის მამიკოს. მოხარული ვარ, რომ კარგად არის”.

გოგონამ მაისური “ქუინს პარკ რეინჯერსისგანაც” მიიღო.

Kit

ბარტონი: “ტერი რასიზმისთვის ოთხმატჩიანი, ფერდინანდი კი ერთი პოსტისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს”

“ქუინს პარკ რეინჯერსის” ნახევარმცველი ჯოი ბარტონი თანაგუნდელ რიო ფერდინანდს გამოექომაგა.

შეგახსენებთ, რომ ფერდინანდს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

“უბრალოდ გაოცებული ვარ. ერთი პოსტისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმის სახით 25 ათასი ფუნტ სტერლინგი?
ვფიქრობ, რომ სასჯელი არ შეესაბამება დანაშაულს. თავის დროზე ჯონ ტერიმ რასისტული გამოხტომის გამო ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლებმა იმ სიტყვების სია გამომიგზავნონ, რომელთა გამოქვეყნების უფლებაც არ მაქვს ინტერნეტსივრცეში და რომლებზეც ჯარიმა ვრცელდება”, – დაწერა სოციალურ ქსელში ბარტონმა.

 

ჟულიო სეზარი “ბენფიკაში” გადადის

“ქუინს პარკ რეინჯერსის” მეკარე ჟულიო სეზარი ლისაობონის “ბენფიკაში” გადავა.

A Bola-ს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელი უკვე ჩავიდა პორტუგალიაში კონტრაქტზე ხელის მოსაწერად. წყაროს თანახმად, მხარეებს შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.

ჟულიო სეზარმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით MLSის კლუბ “ტორონტოში” გაატარა. ამ დროის პერიოდში ჩაატარა შვიდი მატჩი და გაუშვა 9 გოლი, ორ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. ამასთან, ერთხელ მის მიერ შესრულებული მოგერიება კვირის საუკეთესო სეივადაც დაასახელეს.

ჟულიო სეზარმა ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შვიდი მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაუშვა, რომლიდანაც ნახევარი გერმანიის ნაკრებმა გაუტანა.

34 წლის ბრაზილიელი მეკარის სატრანსფერო ღირებულება 1,5 მილიონ ევროდ ფასდება.

 

ოფიციალურად: ისლა “ქუინს პარკში” ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარცველი მაურისიო ისლა კარიერას ინგლისურ “ქუინს პარკ რეინჯერსში” გააგრძელებს. 26 წლის ჩილელი ფეხბურთელი დასავლეთლონდონურ კლუბში მთელი სეზონის განმავლობაში იჯარის წესით ითამაშებს.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სეზონის ბოლოს ლონდონელებს 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

ისლას შესახებ კომენტარი გააკეთა “ქუინს პარკის” მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა.

“ისლა უმაღლესი დონის მოთამაშეა. მოხარულნი ვართ, რომ მას ჩვენს კლუბში ვხედავთ. ის უნივერსალური ფეხბურთელია, სავსე ენერგიით. დარწმუნებული ვარ, რომ მისი დამატება ჩვენთვის სახეირო იქნება”, – რედნაპის სიტყვები კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პირველი კომენტარი გააკეთა მაურისიო ისლამაც.

“მოხარული ვარ აქ გადმოსვლით. ჩემთვის ეს ახალი თავგადასავლის დაწყებაა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ პრემიერლიგა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია. “ქუინს პარკ რეინჯერსის” მიერ შემოთავაზებული წინადადება მეტად საინტერესო აღმოჩნდა და მიხარია, რომ დავთანხმდი. თითოეულ მატჩში 100 პროცენტით დავიხარჯები, რათა გუნდს დავეხმარო”, – აღნიშნა თავად ისლამ.

 

ისლამ “ქუინს პარკში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

საზღვარგარეთული პრესის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა მაურისიო ისლამ “ქუინს პარკ რეინჯერსში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და უახლოეს პერიოდში ტრანსფერი ოფიციალურადაც უნდა დადასტურდეს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დასავლეთლონდონური კლუბი ჩილელ ფეხბურთელს იჯარის წესით აიყვანს, შემდგომი გამოსყიდვის პირობით.

მაურისიო ისლამ იტალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 18 მატჩი ჩაატარა.

 

რიო ფერდინანდი: “გიგზი მწვრთნელად რომ დარჩენილიყო, “მანჩესტერიდან” არ წავიდოდი”

“ქუინს პარკ რეინჯერსის” ახალწვეული რიო ფერდინანდი “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი სამწვრთნელო შტაბის გეგმებში არ შედიოდა. ამის შესახებ თავად ინგლისელმა ფეხბურთელმა ისაუბრა.

„როდესაც რაიან გიგზი მწვრთნელად დანიშნეს, მე მას ვესაუბრე. მან მითხრა, რომ სურდა, გუნდში დავრჩენილიყავი. განმიცხადა, რომ მე მის გეგმებში შევდიოდი, თუმცა ყველაფერი უცბად შეიცვალა. მოვიდა ახალი მწვრთნელი, ახალი იდეებით და მე წასვლა მომიწია. მაშინ კლუბის ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ თუ მე მათ გეგმებში არ შევდიოდი, ჩემთვის გუნდიდან აბარგება უმჯობესი იქნებოდა. მათ მადლობა გადამიხადეს და დამემშვიდობნენ. კლუბი უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი მოთამაშე.

ახლა ბედნიერი ვარ, რომ “ქუინს პარკის” ფეხბურთელად ვითვლები.რედნაპის და ფერნანდესის მადლობელი ვარ, რადგან მათ მე შანსი მომცეს. საზღვარგარეთიდან შემოთავაზება მქონდა, თუმცა რედნაპის ზარის შემდეგ უცხოელებს უარი შევუთვალე“, – განაცხადა ფერდინანდმა “ქუინს პარკის” ფეხბურთელის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ რიოს “მანჩესტერ იუნაიტედთან” ხელშეკრულება დაუმთავრდა და ლონდონურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

35 წლის მცველმა “ქუინს პარკთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში რიო ფერდინანდმა 12 წელი დაჰყო. მას ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 81 მატჩი აქვს ჩატარებული.

 

ჟულიო სეზარი „ქუინს პარკში“ დაბრუნდა

ჟულიო სეზარი „ტორონტოდან“ „ქუინს პარკ რეინჯერსში“ დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მეკარე MLS-ის კლუბში იჯარის წესით ექვსი თვის განმავლობაში თამაშობდა. ამ დროის პერიოდში ჩაატარა შვიდი მატჩი და გაუშვა 9 გოლი, ორ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. ამასთან, ერთხელ მის მიერ შესრულებული მოგერიება კვირის საუკეთესო სეივადაც დაასახელეს.

ჟულიო სეზარმა ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შვიდი მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაუშვა, რომლიდანაც ნახევარი გერმანიის ნაკრებმა გაუტანა.