ქუთაისის “ტორპედო” ალბანეთშია და “კუკესისთან” მატჩისთვის ემზადება (ფოტოები)

ქუთაისის “ტორპედო” ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დღეს, გამთენიისას ჩაფრინდა. გუნდი სასტუმრო “მაკ ალბანიაში” დაბინავდა.

 

საგულისხმოა, რომ იმერლებმა ჩაფრენის დღესვე გამართეს პირველი ვარჯიში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი თბილისში, “მიხეილ მესხზე” “ტორპედოს” გამარჯვებით, ანგარიშით, 5:2 დასრულდა. ხოლო, განმეორებითი შეხვედრა კი უკვე ხუთშაბათს, ქართული დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ოფიციალურად: “ტორპედომ” ბულგარელი და უკრაინელი ლეგიონერები დაიმატა

ქუთაისის ტორპედო კიდევ ორი ლეგიონერით გაძლიერდა, 24 წლის მცველები – ოლექსანდრ აზაცკი (უკრაინა)და ლაზარ მარინი (ბულგარეთი) კარიერას ქუთაისურ კლუბში განაგრძობენ.

აზაცკი ტორპედოში ბანიკ ოსტრავადან გადავიდა, მანამდე 24 წლის მცველი მეტალისტში, კიევის დინამოში და ოდესის ჩერნომორეცში თამაშობდა.

 

ბულგარელი – ლაზარ მარინი ტორპედოში 2019 წლის აპრილამდე დარჩება, ახალგაზრდა მცველს მთელი კარიერა სამშობლოში აქვს გატარებული.

სხვადასხვა დროს თამაშობდა – ბოტევ პლოვდივში, რაკოვსკიში, ცსკა სოფიაში. 2016-17 წლებში მოიგო ბულგარეთის თასი, ხოლო 2018 წელს ქვეყნის სუპერთასსაც დაეუფლა.

Eliga.Ge

ვრცელი ინტერვიუ როინ კვასხვაძესთან: “მეორე დღეს კიტეიშვილს მესიჯი მივწერე”

საქართველოს 2017 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ირაკლი სიხარულიძე დასახელდა, ეროვნული ლიგის გმირის წოდება კი ერთპიროვნულად ეკუთვნის როინ კვასხვაძეს. ქუთაისის ტორპედოს მეკარე და კაპიტანი ბოლო იყო, რომელიც 2017 წლის ჩემპიონატში ბურთს შეეხო – თბილისის დინამოს კაპიტნის, ოთარ კიტეიშვილის მიერ შესრულებული პენალტი მოიგერია და ქუთაისელი გულშემატკივარი წლების განმავლობაში ნანატრი ჩემპიონობით უზომოდ გაახარა. როინ კვასხვაძე გუშინ Eliga.Ge-ს სტუმარი იყო. თავადაც დარწმუნდებით, რომ იგი არა მხოლოდ მაღალი კლასის მეკარე, არამედ საინტერესო მოსაუბრეცაა.

საუბარი, რა თქმა უნდა, პენალტით უნდა დავიწყოთ… როცა ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ გამარჯვებასა და ჩემპიონობას ხელიდან გავუშვებდით. უნდა ავიღო! – მტკიცედ ვუთხარი საკუთარ თავს. შინაგანად მქონდა იმის რწმენა და განცდა, რომ ამას შევძლებდი. არ ველოდი, რომ ოთარ კიტეიშვილი ცენტრში დაარტყამდა, შეიძლება, იგი ჩემმა მოძრაობამაც დააბნია. ჩემგან მარჯვენა კუთხე ავირჩიე, მაგრამ შევძელი და ბურთი ფეხით მოვიგერიე.

თამაშის შემდეგ ოთარ კიტეიშვილს თუ ელაპარაკე?

იმ დღეს მას ალბათ, არავისთან საუბარი არ სურდა, მეორე დღეს კი მესიჯი მივწერე და გავამხნევე. ოთარი შესანიშნავი ფეხბურთელი და თბილი პიროვნებაა, იგი ყოველივე საუკეთესოს იმსახურებს და მთავარი წარმატებები წინ აქვს.

ახლა, როცა იმ მატჩს უკვე ცივი გონებით იხსენებ, როგორი შეგრძნება გეუფლება?

მე, უბრალოდ, ჩემი საქმე გავაკეთე, მაგრამ ფაქტია, რომ ამან ბევრი რამ განაპირობა – ტორპედო საქართველოს ჩემპიონია, მე კი ამ გუნდის კაპიტანი და გადამწყვეტი ეპიზოდის ავტორი. მოკლედ ასე ვიტყოდი – უსაზღვროდ ამაყი ვარ, რომ ეს შევძელი. სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებასა და ამ კონკრეტულ მომენტამდე მისვლას კი ვერ მოვახერხებდი თანაგუნდელებისა და სამწვრთნელო შტაბის გარეშე. დიდი მადლობა ბიჭებს, მადლობა კახა ჩხეტიანსა და ჩვენს სხვა მწვრთნელებს, მადლობა კლუბის ხელმძღვანელობასა და რაღა თქმა უნდა, ჩვენს ერთგულ ქომაგებს.

ტორპედოს დუბლის შესრულების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ თასი მოგებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

სამწუხაროდ, ფინალში საჩხერის ჩიხურასთან პენალტების სერიაში დავმარცხდით. ამან გული ძალიან დაგვწყვიტა, მაგრამ ჩიხურა უდავოდ ღირსეული გამარჯვებულია. ეს ტიტულიც ძალიან გვსურდა, მაგრამ საჩემპიონო ზეიმის შემდეგ, ალბათ, ცოტა მოტივაცია და კონცენტრაცია დაგვაკლდა. ჩიხურა კი, რომელსაც აქამდე ტიტული არ ჰქონდა მოგებული, ფინალს გამარჯვების წყურვილით შეხვდა და მიზანსაც მიაღწია, რასაც მთელი გულით ვულოცავ.

ტორპედოს ერთმა ქომაგმა ორიგინალური სვირინგი წარმოგვიდგინა – როინ კვასხვაძე პენალტს იგერიებს.

მადლობის მეტი რა მეთქმის, ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანს ამხელა სიხარული ვაჩუქე. ეს ისეთი ემოციური მომენტია, რომელსაც ვერავითარი მატერიალური სიკეთით ვერ გადასწონის. ასეთ დროს ხვდები, რომ ტყუილად არ დაგიღვრია ამდენი ოფლი, ღვთის წყალობაა, რომ ხალხისთვის ამხელა სიხარულის მინიჭება შეგიძლია.

თავადაც ხომ არ აპირებ მსგავსი სვირინგის გაკეთებას?

სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ. უბრალოდ, მინდა ცოტა სხვა სტილში გავაკეთო.

რას ნიშნავს შენთვის ტორპედოში თამაში, მისი კაპიტნობა?

უპირველესად, ეს უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. ვარ ჩემი მშობლიური ქალაქის გუნდის კაპიტანი, სადაც უამრავ სახელოვან ფეხბურთელს უთამაშია. მაქვს საშუალება, სიხარული ვაჩუქო ჩემს თანაქალაქელებს – ეს სათქმელად არის იოლი, ამ სიტყვებს მიღმა კი ზღვა შრომა და ემოციებია.

საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდი – ზესტაფონში ზედიზედ ორჯერ მოიპოვე ქართული ოქრო.

ზესტაფონში გატარებულ პერიოდს დღემდე დიდი სიამოვნებითა და სიამაყით ვიხსენებ – მაღალი დონის გუნდი გვყავდა, რომელიც გეგმაზომიერად ვითარდებოდა და მომავალში ბევრად მეტის მიღწევაც შეეძლო… გულშემატკივარმა სწორედ ზესტაფონში თამაშით გამიცნო, ორჯერ გავხდით ჩემპიონები, არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩავატარეთ ევროთასებზე. მაშინდელ და ახლანდელ ჩემპიონობას კი ის განასხვავებს, რომ მაშინ მეტოქეებს საგრძნობლად ვჯობდით და ჩემპიონები დამაჯერებლად ვხდებოდით, გასულ სეზონში კი ჩემპიონის ვინაობა ასეთ დრამატულ ვითარებაში გაირკვა – ეს, თავისთავად, სულ სხვა განცდა და სიხარულია.

წლებია, რეგულარულად გიწვევენ საქართველოს ნაკრებში.

ამით უსაზღვროდ ამაყი ვარ. იმის მიუხედავად, რომ ეროვნულ გუნდში ბევრი მატჩი არ ჩამიტარებია, თავს ნაკრების სრულფასოვან წევრად მივიჩნევ და ყოველი გამოძახება ძალიან მახარებს. სწორედ ნაკრებს უკავშირდება ჩემი კარიერის ერთი გამორჩეული ეპიზოდი – ესპანეთის დამარცხებას ვგულისხმობ. მაშინ ნუკრი რევიშვილი დაშავდა და შეცვლაზე შევედი, ჩვენს გამარჯვებაში ჩემი მცირე წვლილიც შევიტანე. არ ვკარგავ იმედს, რომ ნაკრების ძირითადი მეკარე გავხდები, მგონი, ტორპედოს ჩემპიონობა ამის შანსებს ზრდის.

ქართული ფეხბურთის წინსვლის აუცილებელ წინაპირობად რა მიგაჩნია?

სწორი მენეჯმენტი და ფინანსები. საბედნიეროდ, ამ ორივე კუთხით სასიკეთო ძვრები შეინიშნება, რაც დროთა განვალობაში აუცილებლად მოგვიტანს შედეგს. ამ ყველაფერთან ერთად, ქვეყნის განვითარებაც აუცილებელია, სოციალური ფონი უნდა გაუმჯობესდეს. როცა ფეხბურთელის ირგვლივ ამდენი გაჭირვებული ადამიანია, ფინანსური პრობლემებია ოჯახში და სამეგობროში, იგი ვერ მოახერხებს მთლიანად ფეხბურთზე კონცენტრირებას.

შეიძლება ითქვას, რომ მეკარისთვის იდეალურ ასაკში ხარ. თუ შეცვალა ბოლო წლებმა რამე შენს თამაშში?

გამოცდილება მეკარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამაა და ბოლო წლებმა სწორედ ეს მომიტანა. გავხდი უფრო მშვიდი, თავდაჯერებული, გაწონასწორებული, ნაკლებ შეცდომას ვუშვებ. ვფიქრობ, დროს ფუჭად არ ვკარგავ. საქმეს ყოველთვის პროფესიონალურად ვუდგები და ფეხბურთზე მაღლა არაფერს ვაყენებ, რაც მიფასდება კიდეც.

შენი უცხოური კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა. რა შეგძინა კვიპროსზე გატარებულმა პერიოდმა და თუ გაქვს სურვილი, კვლავ მოსინჯო ძალები საზღვარგარეთ?

ოთელოსი უმაღლესი ლიგის აუტსაიდერი იყო და ვიმედოვნებდი, რომ ტრამპლინად გამომადგებოდა. ადაპტაცია საერთოდ არ გამჭირვებია, სადებიუტო მატჩში ორი პენალტი მოვიგერიე და ჩემპიონატის სამ საუკეთესო მეკარეს შორის დამასახელეს. თუმცა გუნდი გავარდა და ამან წინსვლაში ხელი შემიშალა. გაურკვეველ პერსპექტივას საქართველოში დაბრუნება ვამჯობინე.

მომავალში გამორიცხავ ლეგიონერობას?

არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ წავალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივიღებ კონკრეტულ ხელსაყრელ წინადადებას. თუ ასე არ მოხდა, მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც მაფასებენ და როგორც ფეხბურთელს, აბსოლუტურად ნორმალური პირობები მაქვს შექმნილი.

ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

სამწუხაროდ, ეს ადამიანი დღეს ჩემს გვერდით აღარ არის – მამაჩემი, გია კვასხვაძე იყო ჩემი ყველაზე თავგადაკლული ქომაგი. ყოველთვის მომიწოდებდა, რომ ბევრი მეშრომა და ვყოფილიყავი თავმდაბალი ადამიანი. ჩემი პირველი მწვრთნელიც ის იყო. მამაჩემი იყო ქუთაისური კლუბის, მემორიალის პრეზიდენტი და იქ ვთამაშობდით მე და ჩემი ძმა, ნიკა. თავიდან ნიკა იყო მეკარე, მე კი ნახევარდაცვაში ვთამაშობდი. ნიკა უფრო ემოციური ბავშვი იყო და გოლს რომ გაუშვებდა, ვნერვიულობდი. ერთ მშვენიერ დღეს მე ჩავდექი კარში და მას მერე ვდგავარ (იცინის). დღეს ჩემი ყველაზე მხურვალე გულშემატკივრები მეუღლე, დედა და ძმა არიან, რა თქმა უნდა, ტორპედოს მრავალ ათას ერთგულ ქომაგთან ერთად.

მეორე როინ კვასხვაძე ხარ, რომელიც ტორპედოს კარს იცავს.

დიახ, მე როინ კვასხვაძის შვილიშვილი გახლავართ. გადმოცემით ვიცი, რომ ბაბუაჩემი უმაღლესი კლასის მეკარე იყო და ძალიან ვამაყობ, მის სახელს რომ არ ვარცხვენ. როინ კვასხვაძე იყო საოცრად წესიერი და ვაჟკაცი პიროვნება.

როგორ განაწყობ ხოლმე საკუთარ თავს მატჩების წინ?

მიმაჩნია, რომ ფეხბურთელმა მოახლოებულ თამაშზე უნდა იფიქროს ზომიერად და არა – გადამეტებულად, რამაც იგი შეიძლება, ფსიქოლოგიურად `გადაწვას~. პირადად მე, ვცდილობ, მოვიპოვო ინფორმაცია მეტოქეზე, თუ საშუალებაა, ინტერნეტში ვნახო გუნდის თამაშის ეპიზოდები…

ეს უკვე მწვრთნელის თვისებაცაა…

ვნახოთ, როცა ფეხბურთელი აღარ ვიქნები, არც ამას გამოვრიცხავ.

ფეხბურთისგან თავისუფალ დროს რით ხარ დაკავებული?

ყველაზე მეტად ოჯახთან ერთად ყოფნა მიყვარს. ვხატავ, ლექსებსაც ვწერ, ყოველივე ეს დიდ სიმშვიდეს მანიჭებს. მინდა, როგორც კი ამის დრო და საშუალება გამომიჩნდება, უმაღლესი განათლება მივიღო.

როგორც ვიცით, 2017 წელი შენთვის მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობით არ ყოფილა გამორჩეული.

დიახ, ღმერთმა ჩემპიონობასთან ერთად, შვილიც მაჩუქა – სწორედ 2017-ში დაიბადა კახი კვასხვაძე. ასე რომ, უთუოდ საუკეთესო წელი იყო ჩემს ცხოვრებაში. ვისურვებდი, რომ 2018 წელიც ასეთი ამაღელვებელი მომენტებით იყოს დახუნძლული როგორც ჩემთვის, ასევე ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის. ჩემი მთავარი ოცნებაა, საქართველო გამთლიანებული, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე კი ბედნიერი ვნახო. ვისურვებდი, რომ 2018 წელი წარმატებული ყოფილიყოს როგორც საქართველოსთვის, ასევე ქართული ფეხბურთისთვის.

ქუთაისის “ტორპედომ” ახალწვეულებთან ერთად ვარჯიში განაახლა

დღეს, სამწვრთნელ ბაზაზე ქუთაისის “ტორპედომ” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონებმა ახალი სეზონისთვის მზადება ტარიელ ხაინდრავასთან, მიხეილ სარდალიშვილთან და ბიძინა მახარობლიძესთან ერთად დაიწყეს.

მიხეილ სარდალიშვილი საჩხერის “ჩხურადან” შეუერთდა გუნდს. რაც შეეხება ხაინდრავას, რომელსაც “ტორპედოში” ნათამაშები აქვს, მან კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და გუნდს დღეს შეუერთდა.

მახარობლიძემ კი, ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ვარჯიში განაახლა.

“ტორპედომ” კვასხვაძეს და ტუღუშს გაუხანგრძლივა

ეროვნული ლიგა 1-ის გასული წლის ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” მომავალი სეზონისათვის გაძლიერებას და ევრო თასებზე წარმატებით ასპარეზობას გეგმავს.

ამიტომ იმერლები, უპირველეს ყოვლისა, ბირთვის შენარჩუნებას ცდილობენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა გუნდის კაპიტანმა როინ კვასხვაძემ და შემტევმა ბექა ტუღუშმა. ამის შესახებ ინფორმაციას “ტორპედოს” პრესსამსახური ავრცელებს. ორივე ფეხბურთელმა კლუბთან ერთ წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისლებმა კონტრაქტი უკვე გაუხანგრძლივეს, გიორგი ქიმაძეს, თორნიკე კაპანაძეს, მერაბ გიგაურს, გიორგი გურულს და ლაშა კუჭუხიძეს.

მერაბ გიგაური “ტორპედოში” დარჩა

ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ საქართველოში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და გუნდები ცდილობენ მომვალ სეზონს ბევრად ძლიერი შემადგენლობით შეხვდნენ, მაგრამ პირველ რიგში ბირთვი უნდა შენარჩუნდეს.

სწორედ ამ პოლიტიკას ატარებს გასული წლის ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო”. იმერლები აქტიურად მუსაობენ, რათა გუნდის ძირითადი ძალა შენარჩუნებული იქნას. დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ მერაბ გიგაური მომავალ სეზონში ისევ “ტორპედოს” მაისურით იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისელთა პრესსამსახური ავრცელებს. გიგაურმა ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა.

გიგაური რიგით მეხუთე ფეხბურთელია, რომელიც გასული სეზონის ტრიუმფატორის რიგებში დარჩა. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის “ტორპედო” მაისურით შემდეგ წელ ისევ ითამაშებენ: გიორგი ქიმაძე, თორნიკე კაპანაძე, ლაშა კუჭუხიძე, გიორგი გურული და მერაბ გიგაური.

“ტორპედომ” კიდევ ორ ფეხბურთელს გაუხანგრძლივა

ეროვნული ლიგა 1-ის დასრულების შემდეგ საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” აქტიური სატრანსფერო პოლიტიკის გატარებას ცდილობს და პირველ რიგში იმ ფეხბურთელების შენარჩუნებას გეგმაც, რომლებიც ქუთაისელთა ბირთვს წარმოადგენენ.

უკვე გადაწვეტილია, რომ მომავალ სეზონში “ტორპედოს” შემადგენლობაში ისევ ითამაშებენ ლაშა კუჭუხიძე და გიორგი გურული. მათ კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულებები გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისელთა პრესსამსახური ავრცელებს. კუჭუხიძე და გურული გუნდს 2016 წელს შეუერთნენ და ამჟამად გუნდის წამყვან ფეხბურთელებად შეიძლება მოვიხსენიოთ ისინი.

შეგახსენებთ, რომ გურულისა და კუჭუხიძის გარდა “ტორპედომ” კონტრაქტი გიორგი ქიმაძეს და თორნიკე კაპანაძესაც გაუხანგრძლივა.

ეროვნული ლიგა 1-ის მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის ვინაობა ცნობილია (ფოტო)

როგორც მოგეხსენებათ, დასრულდა საქართველოს რანგით პირველი დივიზიონის გათამაშება, სადაც ჩემპიონობა ქუთაისის “ტორპედომ” მოიპოვა. იმერლებმა მეოთხე წრეში არსებული 9 შესაძლებლობიდან 8-ჯერ მოახერხეს გამარჯვება და მხოლოდ 6 ბურთი გაუშვეს.

აქედან გამომდინარე არავის გაჰკვირვებია ის ფაქტი, რომ მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელად ქუთაისელთა დამრიგებელი კახა ჩხეტიანი დასახელდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეძლო “ტორპედომ” მსგავსი შედეგის დაფიქსირება და ნანატრი ტიტულის მოპოვება. ჩხეტიანს მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ბატონმა დავით მუჯირმა გადასცა.

საუკეთესო მოთამაშედ კი ეროვნული ლიგა 1-ის გადამწყვეტი შეხვედრის გმირი როინ კვასხვაძე გახდა, რომელმაც ბოლო წრეში საუცხოოდ ითამაშა და კლუბს ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. როგორც აღვნიშნეთ “ტორპედოს” კაპიტანმა ბოლო ცხრა შეხვედრაში მხოლოდ 6 ბურთი გაუშვა. საჩემპიონო მატჩში კი ბოლო წუთზე თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

თბილისის “დინამომ” ქართული დერბი მოიგო! (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეცხრე ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სტადიონზე გაიმართა. ქართულ დერბიში ერთმანეთს ქუთაისის “ტორპედო” და თბილისის “დინამო” შეერკინნენ.

ძალიან დაძაბული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. იგი მომენტებით დახუნძლული გამოდგა. ანგარიშის გახსნა 41-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა შეძლო.

მეორე ნახევარში დედაქალაქურმა კლუბმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ამის გაკეთება გიორგი თევზაძემ 69-ე წუთზე შეძლო.

ამ გამარჯვებით “დინამოს” 21 ქულა აქვს და ცხრილში პირველია. “ტორპედო” 15 ქულით მეოთხეზეა.

 

ფოტო: Fcdinamo.Ge

“სამტრედია” საქართველოს სუპერ თასის გამარჯვებულია!

დღეს მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერ თასის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “სამტრედია” და დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდნენ.

მატჩი ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ანგარიში ქუთაისლებმა გახსნეს. მე-17 წუთზე “ტორპედოს” ფეხბურთელმა, გიორგი გურულმა გაუტანა მიგინეიშვილს. ზუსტად 11 წუთში რაჟამაშვილმა გაათაბრა. პირველ ტაიმში სხვა აღარაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევარიც გარდამავლი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდი უფრთხოდა გოლის გაშვებას და თან ნელ-ნელა აძლიერებდა აგრესიას. საბოლოოდ, გამარჯვების გოლი გია ცეცაძის დამოძღვრილმა სამტრედიელებმა გაიტანეს. ამის გაკეთება 58-ე წუთზე გიორგი ბერიაშვილმა შეძლო.

საგულისხმოა, რომ ბოლო წუთებში “ტორპედო” დიდი ძალებით გადავიდა წინ. ქუთაისლებს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდათ და ყვეალანაირად ცდილობდნენ ომარ მიგინეიშვილის კარის ბადის შერხევას. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 82-ე წუთზე თორნიკე კაპანაძეს ჰქონდა. 24 წლის თავდამსხმელი პირისპირ გავიდა მეკარესთან და მისგან მარცხენა კუთხეში დაბალი დარტყმით სცადა ანგარიშის გათანაბრება. თუმცა, ბურთი კარს სანტიმეტრებით ასცდა.

მატჩი იყო ერთი წითელი ბარათიც – გიორგი დათუანიშვილმა შეხვედრის ბოლოს მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

საბოლოოდ – 2-1 და “სამტრედიამ” 2017 წლის პირველი ტიტულის მოგება მოახერხა!

ქუათისის “ტორპედომ” მოსკოვის “დინამო” დაამარცხა!

ქართული გუნდები ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ.

დღეს თურქეთის ქალაქ ბელეკში ქუთაისის “ტორპედომ” სპარინგ-მატჩი გამართა მოსკოვის “დინამოს” წინააღმდეგ. იმერლებს ამ მატჩში ცხრა ფეხბურთელი აკლდათ. მიუხედავად ტრავმირებული ფეხბურთელებისა, “ტორპედომ” დიდი ბრძოლა გაუმართა რუსულ გუნდს. შეხვედრა ნამდვილად დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ქართველთა გამარჯვებით ანგარიშით, 1-0 დასრულდა. ერთადერთი გოლის გატანა მარცხენა მცველმა, გიორგი ქიმაძემ 26-ე წუთზე მოახერხა.

„დინამო“: ლეშუკი, უილკშირი (კაპ.), კალუგინი, დიაკოვი, ბელორუკოვი, სარამუტინი (მენდელი,78), სოსნინი, კუზმინი (ობოლსკი,46), ტაშაევი (ტერეხოვი,46), მარკელოვი (ტემნიკოვი,64), პოგრებნიაკი.
სათადარიგო შემადგენლობა: შუნინი, მოროზოვი, ჰოლმენი, რიკოვი, პანჩენკო, ზოტოვი, ბეჩირაი, კოზლოვი, საპეტა, ლუცენკო, კატრიჩი.

მთავარი მწვრთნელი: იური კალიტვინცევი.


„ტორპედო“: მეშველიანი, ხურცილავა, გურული, ტაბატაძე, ქიმაძე, გიგაური, დოლიძე, ბაბუნაშვილი (კაპ), კუხიანიძე, მახარობლიძე, კაპანაძე

სათადარიგო: რ.კვასხვაძე, ბურჯანაძე, მამასახლისი, ფურცხვანიძე, საბანაძე.

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი.

გოლი: 0:1 ქიმაძე (26 წთ.)

მსაჯები: არსლან გოშანოვი, საფარმამედ გურბანოვი, ბაბანაზარ ჰაკნაზაროვი (სამივე თურქმენეთი).

უმაღლესი ლიგის პლეი-ოფები: რევიუ

დღეს უმაღლესი ლიგის პლეი-ოფები გაიმართა.

“საბურთალო” – “დინამო” (თბ)

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე “საბურთალო” თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდმა შექმნა მომენტები, თუმცა გოლამდე ვერც “საბურთალო” და ვერც “დინამო” ვერ მივიდა. საბოლოოდ, მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.

ამ გუნდებს შორის განმეორებითი დაპირისპირება 4 დეკემბერს, “დინამო არენაზე” გაიმართება. იგი 13:00 საათზე აიღებს სტარტს.

“ტორპედო” – “დინამო” (ბთ)

მეორე შეხვერდა, რომელიც უმაღლესი ლიგის პლეი-ოფის ეგიდით გაიმართა, ქუთაისის “ტოპრედოსა” და ბათუმის “დინამოს” დაპირისპირებაა. იგი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა.

მატჩის პირველ ტაიმში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს – თავი ბაბუნაშვილმა 28-ე წუთზე პენალტიდან გატანილი გოლით გამოიჩინა.

მეორე ნახევარში, 64-ე წუთზე ქიმაძემ ტიმოფეევი მეორედ დაამწუხრა და იმერლები ორბურთიანი უპირატესობით გაიყავნა წინ. ერთადერთი გოლის გაქვითვა 72-ეზე “დინამოელმა” შონიამ შეძლო. საბოლოოდ – 2-1.

ამ გუნდებს შორის განმეორებითი დაპირისპირება 4 დეკემბერს, 13:00 საათზე “ჩელე არენაზე” შედგება.