7-კაცა: ახალი მწვრთნელით და გადახალისებული შემადგენლობით

საქართველოს 7-კაცა ნაკრები დღეს დილით დუბაიში, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე (რომელიც მსოფლიო სერიის პირველი ეტაპის პარალელურად იმართება) ახალი მთავარი მწვრთნელით და გადახალისებული შემადგენლობით გაემგზავრა.

ოლიამპიადის საგზურისთვის

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, 7-კაცა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვეტერანი ბორჯღალოსანი, რაგბის ეროვნული აკადემიის დირექტორი ზაზა ლეჟავა დაინიშნა.

52 წლის სპეციალისტს ამ თანამდებობაზე ადრეც უმუშავია. 2001-2003 წლებში, ის 7-კაცა ნაკრებში კლოდ სორელის ასისტენტი, ხოლო 2004-2005 წლებში მთავარი მწვრთნელი იყო. 2009-2012 წლებში ლეჟავა უკრაინის 7-კაცას ავარჯიშებდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, გარკვეული დროით ჩვენი 7-კაცას დაცვის მწვრთნელი იყო, წელს კი 18-წლამდელთა 7-კაცაში ლევან ობოლაძეს ეხმარებოდა.

ძველი-ახალი მწვრთნელი 3-წლიანი პროგრამის ფარგლებში სერიოზულ მიზნებს ისახავს – ჩვენი 7-კაცა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის, მანამდე კი მსოფლიო სერიებში დაბრუნებისთვის იბრძოლებს. მოკლე და გრძელვადიანი პროგრამების შესახებ ლეჟავა გვიყვება:

“საქართველოს რაგბის კავშირს აქვს ამბიცია, რომ ჩვენმა გუნდმა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვოს, რის შესახებაც ბატონმა გოჩა სვანიძემ ოლიმპიურ კომიტეტში გამართული შეხვედრისას განაცხადა. მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის ვიბრძოლებთ!

ამისათვის ორი გზა გვაქვს: პირდაპირი საგზურის მოპოვება 2019 წლის ევროპის შესარჩევი ზონიდან; ან მინიმუმ რეპეშაჟში მოხვედრა, სადაც მოთამაშეების დამატება ეროვნული გუნდიდანაც შეგვეძლება. მანამდე უნდა დავაკვირდეთ მოთამაშეთა რამდენიმე ჯგუფს: მათ, ვინც 7-კაცა ნაკრების კანდიდატები არიან; ბიჭებს, რომლებიც 20-წლამდელთა ნაკრებს ასრულებენ და 7-კაცა მათთვის ერთგვარი გარდამავალი ხიდი იქნება; ეროვნული ნაკრების კანდიდატებს, რომლებსაც მაღალი სიხშირით არ უწევთ თამაში და 18-წლამდელებს, საიდანაც ყოველ წელს მივიღებთ შევსებას. გარდა ამისა, მაღალი დონის ტურნირებისთვის, ისეთებისთვის, როგორიც ოლიმპიადის შესარჩევი რეპეშაჟია, ეროვნულიდან დავიმატებთ 2-3 მოთამაშეს.

2-წლიანი გეგმის თანახმად, 7-კაცას კანდიდატები ეროვნულის მსგავსად კვირაში 3 დღე ჩვენთან ივარჯიშებენ (აღმოსავლეთიდან ‘შევარდენზე’, დასავლეთიდან ქუთაისში). ამ სამი დღიდან ერთი სპეციფიურ ფიზმომზადებას დაეთმობა, ხოლო ორი დღე ბურთთან ერთად, ტექნიკასა და ტაქტიკაზე ვიმუშავებთ. ვივარჯიშებთ მთელი წლის განმავლობაში და მომზადებული შევხვდებით ამხანაგურ და ოფიციალურ ტურნირებს.

მანამდე ჩვენი მიზანია, რომ 2018 წლის ევროპის გრან-პრიდან მსოფლიო სერიის შესარჩევი, ჰონკონგის ტურნირის საგზური მოვიპოვოთ. ამისათვის საჭიროა, რომ ევროპაში ხუთეულში მოვხვდეთ და ამ მიზნის მიღწევა რეალურია. თუ ეს მოვახერხეთ, სექტემბრიდან გვეყოლება 10-კაციანი გუნდი, რომელთაც დაენიშნებათ სტიპენდია და 6 რეზერვის მოთამაშე, რომლებიც გუნდს ტურნირებამდე 12-მდე შეავსებენ, ან ჩაანაცვლებენ ტრავმირებულ მოთამაშეებს. მათ ტურნირში მონაწილეობის მიხედვით მიეცემათ პრემიები“.

უკვე გაწერილია 2018 წლის გეგმაც, როგორც უფროსი ასევე 18-წლამდე 7-კაცა ნაკრებისთვის: იანვრის ბოლოს 18-წლამდელებს საერთაშორისო ტურნირი ელით ლიტვაში (მანეჟში), რომელიც მაისში, ასევე ლიტვაში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპის წინ, ერთგვარი რეპეტიცია იქნება. თებერვლის ბოლოს უფროსი 7-კაცა 10-12-დღიან შეკრებაზე სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, რის შემდეგაც იქვე 3-4 მარტს ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ გუნდი 2 კვირა დაისვენებს, შემდეგ შეკრებაზე შევა და 6-8 აპრილს მსოფლიო რაგბის სერიების ჰონკონგის ეტაპზე, მიწვეული გუნდის სტატუსით პლანეტის უძლიერესი გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს. აპრილის ბოლოს გაიმართება კიდევ ერთი შეკრება, მაისის ბოლოს მოსკოვში გასამართი ევროპის გრან პრის პირველი ეტაპის წინ, გუნდი რომელიმე საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვება.

რადგან გაისად 7-კაცა რაგბში მსოფლიო თასი იმართება, ევროპის გრან პრის პირველ და მეორე ეტაპს შორის ერთთვიანი შესვენებაა და მეორე, საფრანგეთის ეტაპი ივნისის ბოლოს, ხოლო ექსეთერის (ინგლისი) ივლისის დასაწყისში გაიმართება. მანამდე გუნდი 10-დღიან შეკრებას საქართველოში გაივლის. ევროპის გრან პრის მეოთხე, პოლონეთის ეტაპი სექტემბრის დასაწყისშია ჩანიშნული და გუნდი მანამდე სამხრეთ აფრიკაში კიდევ ერთ შეკრებას გაივლის, შესაძლოა 18-წლამდელთა 7-კაცასთან ერთად, რომელსაც ასევე სექტემბერში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი ელის.

დუბაიში განახლებული შემადგენლობით

სამომავლო გეგმების განხორციელება 1 დეკემბრიდან იწყება. ამ დღეს საქართველოს 7-კაცა დუბაის საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვება. გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ახალი სახეა: ქუთაისის ‘აიას’ გარემარბი ოთარ ძაგნიძე და ‘ჩოხოსნების’ უნივერსალი უანახაზელი კონსტანტინე მარჯანიშვილი 18-წლამდელთა 7-კაცადან დაწინაურდნენ. 7-კაცა ნაკრებში პირველად უხმეს ‘ლელო-სარასენსის’ მეორეხაზელ ბექა საღინაძეს, რომელმაც წელს უმცროსი ბორჯღალოსნების რიგებში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ითამაშა.

დუბაიში რამდენიმე ბორჯღალოსანიც მიდის. ესენი არიან ‘ჯიქის’ ფლანკერი გიორგი მჭედლიშვილი და უკანახაზელი ირაკლი სვანიძე, ასევე ‘აკადემიას’ ფლანკერი საბა შუბითიძე.

“დუბაიში წამსვლელთა 12-კაციანი სია 21 მორაგბიდან შეირჩა. გვსურს, რომ საქმეში ახალი ბიჭები ვნახოთ და ექსპერიმენტული შემადგენლობით მივდივართ. მინდა ავღნიშნო, რომ თავის გამოჩენის შანსი ყველას მიეცემა. იანვარში ვგეგმავთ ტესტებს ყველა მიმართულებით და მისი გავლა 7-კაცას ყველა კანდიდატს მოუწევს. მიმაჩნია, რომ თუ 15-კაცა რაგბში საქართველო რეიტინგში მე-12 ადგილზეა, ნაკლები შედეგი არც შვიდკაცას უნდა ჰქონდეს” – ამბობს ლეჟავა და სათითაოდ ახასიათებს იმ 12 მოთამაშეს, რომლებიც დუბაიში მიჰყავს:

“ნიკო აფციაური რამდენიმე წელია 7-კაცას თამაშობს და შესამჩნევი პროგრესი აქვს. მას ტექნიკურ პარამეტრებში გარკვეული პრობლემები ქონდა, თუმცა მათ აღმოფხვრაზე ძალიან ბევრს მუშაობს და შესანიშნავი მოშვიდკაცეა.

ლევან გოგოლაშვილიც კარგი მოშვიდკაცეა, მაგრამ სტაბილურობის პრობლემები აქვს და ჩვენი მიზანია მისი თამაში სტაბილური გავხადოთ.

აკაკი ტაბუცაძე ახალგაზრდაა და 7-კაცაში 20-წლამდელთა ნაკრებიდან წელს დაწინაურდა. სწრაფი ბიჭია და იმ ტურნირებზე, რომლებშიც ითამაშა, კარგი შედეგი ჰქონდა.

ოთარ ძაგნიძე 18-წლამდელთა 7-კაცას ევროპის ჩემპიონატზე გუნდის ლიდერი იყო. ის ამბიციურია, სერიოზული მიზნები აქვს, რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და უფროსებში დაწინაურება დაიმსახურა.

კონსტანტინე მარჯანიშვილიც 18 წლისაა და ქართველ მორაგბეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მოთამაშეა. მას თამაშიდან თამაშამდე კონცენტრაციის პრობლემა ჰქონდა, თუმცა ჯერ ახალგაზრდაა და ამ ნაკლის გამოსწორება შეუძლია.

გიორგი აბრამიძე დიდი 10-ის ერთ-ერთი საუკეთესო მელელოვეა. მოკლე მანძილზე მას სისწრაფეში ვერავინ ჯობნის და მცირე სივრცეში ორთაბრძოლებს საუკეთესოდ იგებს. საინტერესო მოთამაშეა და ჩავთვალეთ, რომ შანსს იმსახურებდა.

ნიკა ბიწაძესაც კარგი სალელოვე ალღო აქვს და ჩამოყალიბებული სპორტსმენია. სიჩქარის გამძლეობით გამოირჩევა, შეუძლია 2 პოზიციის დაფარვა და აუცილებლად უნდა ვნახოთ.

გურამ ქანდაურაშვილი ახალგაზრდა და ძლიერ მონდომებულია. გამძლეობაში ის ძალიან კარგია, გააჩნია თამაშის წაკითხვის უნარი, ხოლო ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებაზე მეტი მუშაობა მოუწევს. მას შანსი ეძლევა და თავის თავს უნდა დაუმტკიცოს, რომ მეტი შეუძლია”.

ირაკლი სვანიძეს ეროვნულშიც უთამაშია და მასთან ძალიან ახლოსაა. ის ახალგაზრდა კადრია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და მოტივაცია შევძინოთ. 7-კაცა მას ყოველმხრივ განვითარების საშუალებას მისცემს. ვფიქრობ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთი მონაცემების ბიჭი დავკარგოთ.

გიორგი მჭედლიშვილი ძალიან კარგი ტექნიკის მქონე მესამეხაზელია. ძლიერია ჰაერში, კითხულობს თამაშს და გამოირჩევა პასის ტექნიკით. ის ნამდვილი სპორტსმენია და თუ პრობლემაზე მიუთითებ, მის გამოსწორებაზე ბოლომდე იმუშავებს. 7-კაცაში მოხვედრა მისთვის იქნება შანსი, რომ 15-კაცა ნაკრებში დაბრუნდეს.

საბა შუბითიძე პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე ნამდვილი ლიდერია. მას გუნდის შეკვრა კარგად ეხერხება, პოზიტიურია ვარჯიშებზე და მის გარეთ. გარდა ამისა, ის ძალიან კარგი მოთამაშეა და 20-წლამდელთა თუ ეროვნულ ნაკრებში თამაშით დიდი გამოცდილება დააგროვა.

ბექა საღინაძე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს გაისადაც ითამაშებს, თუმცა ახლა მისი ნახვის საშუალება გვაქვს. მას აუცილებლად დავუთმობთ 20-წლამდელებს, ივნისის შემდეგ კი, კვლავ ჩვენთან დაბრუნდება. ახლა ბექას ჩვენს მონახაზს გავაცნობთ. მას ყველა მონაცემი აქვს იმისათვის, რომ 7-კაცა ნაკრებში ითამაშოს და სამომავლოდ ეროვნულ გუნდსაც გამოადგება“.

დუბაიში ჩვენი გუნდი 1 დეკემბერს სამ თამაშს გამართავს. მეტოქეები ფრანგული ‘ფროგისი’, გერმანიის ნაკრები და კომპანია ‘კუკრის’ ნაკრები, ‘კუკრი კობრა’ იქნებიან. ლეჟავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე მთავარი თამაშის ხარისხი და დავალებების შესრულებაა:

“მიზანი ყოველთვის კონკრეტული თამაშის და ტურნირის მოგებაა. თუ ჩვენ შევძელით სასურველი ხარისხის ჩვენება, შედეგიც თავის თავად იქნება, მაგრამ გასათვალისწინებელია შემადგენლობა და მეტოქეების სიძლიერე. ‘ფროგისი’ ფაქტობრივად საფრანგეთის მეორე ნაკრებია. ისინი ყველა დიდ ტურნირზე ორ-ორი შემადგენლობით დადიან და საჭიროების შემთხვევაში შევსებას ‘ფროგისგან’ იღებენ. გერმანია მუდმივად პროგრესირებს, თუმცა ჯერ არ ვიცით მათ რა შემადგენლობა ეყოლებათ, თუმცა ვფიქრობ, ჩვენზე უფრო შეკრული გუნდი ეყოლებათ. ‘კუკრი კობრა’ ერთგვარი ნაკრებია და მის სიძლიერეზე ვერაფერს ვიტყვი.

რთული თამაშები გველოდება, მაგრამ 7-კაცა ისეთი სპორტია, სადაც შეიძლება ნებისმიერ გუნდს მოუგო და ასევე, ნებისმიერთან დამარცხდე. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია ვიყოთ სოლიდურები დაცვაში, კარგად ვიმუშაოთ აღდგენაზე თამაშებს შორის და ბოლომდე ვიბრძოლოთ ნებისმიერ შემთხვევაში. 7-კაცა ერთგვარად ფორმულა1-ს გავს: ესაა მაღალ სიჩქარეზე აწყობილი გუნდი, რომლის გამართულად მუშაობისთვის მცირე დეტალებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამ დეტალებს დუბაიში დიდი ყურადღება მიექცევა”.

საქართველოს 7-კაცა დუბაიში: ნიკო აფციაური (არმია), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), ოთარ ძაგნიძე (აია), კონსტანტინე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), გიორგი აბრამიძე (აია), ნიკა ბიწაძე (ჯიქი), გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), ბექა საღინაძე (ლელო-სარასენსი), საბა შუბითიძე (აკადემია).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა

მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე

ექიმი: ვახტანგ წიკლაური

მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე

ქვიშის რაგბი: გოგონების ვერცხლი და ბიჭების ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე!

ქვიშის რაგბის ქალთა და კაცთა ნაკრებებმა მოსკოვში გამართულ ევროპის პირველ კონტაქტურ ჩემპიონატზე ორი სინჯის მედლები მოიპოვეს.

ქვიშის რაგბის კონტაქტური ევროპის ჩემპიონატი პირველად ჩატარდა, თუმცა მანამდე სხვადასხვა დონის საერთაშორისო ტურნირები ხშირად იმართებოდა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები გუნდები მასში მონაწილეობას ვერ იღებდნენ და მოსკოვში ქვიშის რაგბი პრაქტიკულად პირველად ითამაშეს.

გოგონებმა ტურნირზე განსაკუთრებულად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ეს იყო ქალთა 7-კაცა ნაკრების ბაზაზე შექმნილი გუნდი და შეთამაშების მხრივ პრობლემა არ იყო. ჯაბა მალაღურაძის შეგირდების მონდომება დიდი იყო და გუნდი შინ ვერცხლის მედლებით, ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულით ბრუნდება.

 

მეორე სათამაშო დღის პირველ მატჩში ქართველი გოგონები იმ ბელორუსს შეხვდნენ, რომელსაც პირველ დღეს ბრძოლაში 6:5 სძლიეს. ამჯერად მეტოქემ წინააღმდეგობა ვერ გაგვიწია და საქართველომ ლამაზ სტილში, კომბინაციური თამაშით 6:1 იმარჯვა.

ფინალში მათი მეტოქე რუსეთის ძლიერი ნაკრები იყო, რომელსაც გამოცდილება არ აკლია და ეს გამოცდილება გადამწყვეტი აღმოჩნდა. მიუხედავად თავდადებული ბრძოლისა, გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ, ჩვენმა გოგონებმა კი ვერცხლის მედლები დამსახურებულად ჩაიბარეს. საქართველოს ნაკრებში განსაკუთრებით კაპიტანი ქეთი მოდებაძე გამოირჩა, რომელიც გაუვალი იყო დაცვაში და აქტიური შეტევაში.

კაცთა ნაკრებს ქვიშასთან ადაპტაციის გარდა შეთამაშების პრობლემაც ჰქონდა, თუმცა ბიჭების ბრძოლასა და მონდომებას ფუჭად არ ჩაუვლია და მოსკოვში ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს. პირველ დღეს, ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, მეოთხედფინალში მეტოქედ აზერბაიჯანი გვერგო და საქართველომ 7:2 იმარჯვა.

ნახევარფინალში რუსეთს შვხვდით და წინა დღეზე უკეთ ვეთამაშეთ. თუ შაბათს მასპინძლებმა 8:3 იმარჯვეს, ამჯერად 2-ით ნაკლები ლელო გაიტანეს – 6:3. სწორედ ამ მატჩში, გამოცდილ მეტოქესთან ჭიდილში იჩინა თავი პრაქტიკის ნაკლებობამ.

სამაგიეროდ, კაცთა ნაკრებმა ძალიან კარგად ჩაატარა მატჩი მე-3 ადგილისთვის და რუმინეთი 8:1 დაამარცხა. აშკარად იგრძნობოდა, რომ გამოცდილების მატებასთან ერთად, ჩვენი გუნდი უკეთ შეთამაშდა, ლელოები ლამაზი კომბინაციების შედეგად გაიტანა და ბრინჯაოს მედლები ალალად დაიმსახურა.

კაცთა ფინალში იტალიამ რუსეთი 6:5 დაამარცხა და ქვიშის რაგბის პირველი კონტაქტური ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს ნაკრებებმა მოსკოვში ასეთი შემადგენლობით ითამაშეს

ქალები: მარი გოგუაძე (თბილისი), თაკო მანაგაძე (ქუთაისი), ლოსანა ფოლადიშვილი (რუსთავი), ანი სირაძე (ქუთაისი), ნინო ტაბატაძე (თბილისი), ნიკოლ გალუზინსკაია (თბილისი), თიკა პაპუაშვილი (თბილისი), სალომე საღარაძე (თბილისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), ქეთი მოდებაძე (თბილისი), თიკა სიხარულიძე (თბილისი), სალომე მაკასარიშვილი (თბილისი).

მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

კაცები: გიორგი ჭუაძე (აკადემია), ვანო ბერიკაშვილი (აკადემია), ივანე ხელაია (აკადემია), გიორგი გოგლიძე (აკადემია), ირაკლი ლუარსაბიშვილი (აკადემია), ალექსანდრე ზაბახიძე (ჯიქი), გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), ნიკა ცირეკიძე (ყოჩები), გიორგი წიკლაური (ჯიქი), ჯაბა კიკვიძე (ყოჩები), ვანო გაბროშვილი (ჯიქი).

მწვრთნელი: გიორგი ქოპილაშვილი

მამუკა გორგოძე: “შეიძლება, მეტოქე ათჯერ დაამარცხო, მაგრამ ყოველთვის მზად უნდა იყო”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მამუკა გორგოძემ რუსეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რაგბი ისეთი თამაშია, რომ ვინც არ უნდა ითამაშოს, ის მოტივირებული უნდა იყოს. რუსეთი ბრძოლისუნარიანი გუნდია. შეიძლება, მეტოქე ათჯერ დაამარცხო, მაგრამ ყოველთვის მომზადებული უნდა იყო.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის მატჩი 12 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.

კურიოზი საქართველოს ნაკრების პრესკონფერენციაზე (ვიდეო)

19 თებერვალს, რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა რუსთავში გერმანიას უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 50:6 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების კითხვებს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ უპასუხეს.

ერთ-ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა ჰეიგს კითხვა ახალგაზრდა მორაგბეებზე დაუსვა, რა დროსაც სიტყვა “ჭყინტი” ახსენა. რაგბის კავშირის წარმომადგენელს ზელანდიელი სპეციალისტისათვის შეკითხვა ინგლისურ ენაზე უნდა ეთარგმნა, სწორედ ამის გამო დარბაზში მყოფებმა იხალისეს.

იხილეთ ვიდეო

საქართველოს ნაკრების ახალი ფორმის ფასი შემცირდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალი ფორმის ფასი 20 პროცენტით შემცირდა. მაისურების თავდაპირველი ფასი 249 ლარი იყო, ახლა კი მისი შეძენა 199 ლარად იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ახალი კვართი, რომელსაც სპორტული ბრენდი “ქენთბერი” ამზადებს 1 თებერვალს “რადისონ ბლუში” წარადგინეს.

ფორმის შეძენა ვებ-გვერდ rugbystore.ge-ზეა შესაძლებელი.

1

2

3

4

როგორი იქნება საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალი კვართი (ფოტო)

დღეს, საქართველოს რაგბის კავშირმა “რადისონ ბლუში” მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალი კვართი წარადგინა. მოგეხსენებათ, წინა წლებში საქართველოს ნაკრები, ძირითადად, წითელი, თეთრი და შავი ფერის მაისურებით თამაშობდა, ახალი კვართს კი განსხვავებული ფერი ექნება.

საქართველოს ნაკრებისა ახალ, ღვინისფერ მაისურს სპორტული ბრენდი “ქენთბერი” დაამზადებს.

“ბორჯღალოსნების” ახალი ფორმის შეძენა ვებ-გვერდ rugbystore.ge-ზე 249 ლარად იქნება შესაძლებელი.

იხილეთ ფოტოები

cats

cats

1

2

სამოელი მორაგბე გორგოძეზე: “ლეგენდასთან შეხვედრა მიხარია”

19 სექტემბერს, ნოემბრის ტესტების მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე სამოა მიიღო და მეტოქე ანგარიშით 20:16 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, “მესამე ტაიმი” გაიმართა. სამოელმა მორაგბემ, ლეატიგაგამ სოციალურ ქსელ Instagram-ში მამუკა გორგოძესთან ერთად ბანკეტზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

“ჩემთვის რაგბის ლეგენდასთან შეხვედრა და მის წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია”, – წერს სამოელი.

cats

15135753_1261607110563863_7590317475626063867_n

რუსული “ენისეის” მორაგბეებმა მერაბ კვირიკაშვილს თანადგომა გამოუცხადეს (ვიდეო)

რუსული სარაგბო კლუბის, “ენისეის” მორაგბეებმა საქართველოს ნაკრების წევრს, მერაბ კვირიკაშვილს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თანადგომა გამოუცხადეს.

დღეს, სოციალურ ქსელ Facebook-ში, “ენისეის” ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა.

“მერაბ, ვიცით, რაც მოხდა. ვხვდებით, რომ შენი ტკივილის შემსუბუქება არანაირ სიტყვებს არ შეუძლიათ, მაგრამ იცოდე, რომ მარტო არ ხარ. ჩვენ შენს გვერდით ვართ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი მეუღლე. ძლიერი უნდა იყო, შენ შვილები გყავს. ყველაფერი კარგად იქნება. ამ რთულ მომენტში, ჩვენ ყველანი შენს გვერდით ვდგავართ.”

შეგახსენებთ, რომ “ენისეის” ღირსებას დავით კაჭარავა იცავს.

შალვა სუთიაშვილი: “გვინდა, რომ ჩვენი თამაში კვლავ საქართველოს მივუძღვნათ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, შალვა სუთიაშვილმა ტონგასთან გამარჯვების შემდეგ განცხადება გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 18 ივნისს, “ბორჯღალოსნებმა” ოკეანეთის ტურნეს მეორე შეხვედრაში ტონგა ანგარიშით 23:20 დაამარცხა.

“ტონგასთან თამაში რთულ კონდიციებში გვიწევდა. ასეთ ტესტებში ყველა ბოლომდე იხარჯება და რაგბიც სწორედ ამიტომ მიყვარს.

მატჩი, თბილისის დროით, გამთენიისას, 4 საათზე დაიწყო, თუმცა მას ბევრმა ქართველმა უყურა, ამისათვის კი მათ მადლობას ვუხდით.

გასახდელში ჩემი გუნდის წევრებს ვუთხარი, რომ ჩვენი ქვეყნიდან ასე მოშორებით აქამდე არასოდეს ვყოფილვართ. ოჯახები გვენატრებოდა და მომდევნო შეხვედრის დროსაც ასე იქნება. გვინდა, რომ ჩვენი თამაში კვლავ საქართველოს მივუძღვნათ”, – ციტირებს სუთიაშვილის სიტყვებს Fiji Times-ი.

“ბორდოს” მორაგბემ ლევან ჩილაჩავას ფეხი სახეში ჩაარტყა (ვიდეო)

5 ივნისს, საფრანგეთის TOP 14-ის ბოლო ტურში, გორგოძის, მიქაუტაძისა და ჩილაჩავას “ტულონმა” საკუთარ მოედანზე “ბორდო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 44:3 დაამარცხა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში, სტუმართა მორაგბემ, მეტუისელა ტალებულამ ლევან ჩილაჩავას სახეში ფეხი ჩაარტყა. საბოლოოდ, მსაჯმა ფიჯელს წითელი ბარათი უჩვენა.

დავით კაჭარავამ ერთ შეხვედრაში ოთხი ლელო გაიტანა (ვიდეო)

20 მაისს, რუსეთის პრემიერლიგაში კრასნოიარსკის “ენისეიმ”, რომლის ღირსებასაც დავით კაჭარავა იცავს, სტუმრად “ყუბანი” ანგარიშით 41:16 დაამარცხა.

სტუმრებმა პირველ ნახევარში სამი ლელოს დადება მოახერხეს, თავი კი სამჯერვე კაჭარავამ გამოიჩინა. 31 წლის ქართველმა მორაგბემ ერთი ლელო მეორე ტაიმში გაიტანა.

მომენტი, რის გამოც თამაზ მჭედლიძეს “ქართველი ლომუ” უწოდეს (ვიდეო)

8 მაისს, საფრანგეთის TOP 14-ის 23-ე ტურში “აჟენის” ქართველმა მორაგბემ, თამაზ მჭედლიძემ “ტულუზთან” გამართულ შეხვედრაში ლელოს დადება მოახერხა.

ლელოს დადებამდე, მჭედლიძემ ვეტერანი ფრანგი ვენსან კლერკი შესანიშნავად ჩამოიშორა, რის გამოც მას ერთ-ერთმა უცხოურმა სარაგბო ვებ-გვერდმა “ქართველი ლომუ” უწოდა.

cats