ვიდეო – უმაღლესი ლიგა [2014-15] II ტურის მიმოხილვა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2014/15 წლის სეზონის პირველი წრის მეორე ტურის მიმოხილვა.

რაგბის საერთაშორისო საბჭო სახელს იცვლის – აწი მას ‘მსოფლიო რაგბი’ ერქმევა

რებრენდინგის მსხვილმასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 19 ნოემბერს რაგბის საერთაშორისო საბჭო შეიცვლის სახელწოდებას და გახდება „მსოფლიო რაგბი“.

ახალი ბრენდისა და, შსაბამისად, ახალი ლოგოს გამოქვეყნება მოხდება მსოფლიო სარაგბო კონფერენცია-გამოფენაზე ლონდონში, ამა წლის ნოემბერში.

ბოლო 4 წლის მანძილზე მსოფლიოს მასშტაბით რეგისტრირებულ მორაგბეთა რიცხვმა ორი მილიონით იმატა, ახლა რაგბის სულ 6.6 მილიონი ადამიანი თამაშობს, რასაც ხელი შეუწყო რაგბის მსოფლიო თასის კომერციულმა წარმატებამ, რაგბის საერთაშორისო საბჭოს განვითარების სტრატეგიებმა და სარეკორდო მსვილმა ინვესტიციებმა, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნების რაგბის კავშირების აქტიურმა მუშაობამ და რაგბის ოლიმპიურ თამაშებში დაბრუნებამ.

რაგბის მზარდი პოპულარობის გათვალისწინებით, რაგბის საერთაშორისო საბჭოს მხრიდან ბრენდის განახლება ასახავს ორგანიზაციის მისიას: არსებულ გულშემატკივრებთან და მოთამაშეებთან კავშირის განმტკიცება, სარაგბო გეოგრაფიის შემდგომი გაფართოება.

რებრენდინგი გავლენას არ მოახდენს 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის ბრენდზე და პრომო-კამპანიაზე.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ ლაპასე: „რაგბი აგრძელებს განვითარებას, წინსვლას და თამაშში ახალი მონაწილეების ჩაბმას; ამ პროცესის მამოძრავებელი ცენტრი სწორედ რაგბის საერთაშორისო საბჭოა.“

„ჩვენ კვლავაც ვაპირებთ განვითარების პროცესის ხელშეწყობას და ტრადიციულ სარაგბო ოჯახში ახალი წევრების მიღებას; წინ გველოდება ახალი პუბლიკა, რომელსაც უნდა შევთავაზოთ სანახაობა, ინფორმაცია და ორმხრივი ურთიერთობა. ახლა ჩვენ მხოლოდ სახელს კი არ ვიცვლით, საკუთარ რაობას განვმარტავთ.“

რაგბის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ბრეტ გოსპერი: „გართობისა და სპორტის ბაზარზე არსებული მძაფრი კონკურენციის პირობებში, რაგბის საერთაშორისო საბჭო გვევლინება არა მხოლოდ როგორც მარეგულირებელი ორგანო, არამედ როგორც რაგბის განვითარების მამოძრავებელი ძალა.“

„შესაბამისად, ჩვენ სწორება უნდა ავიღოთ იმ ადამიანებზე, ვინც იცნობს რაგბის და მის ფასეულობებს, მაგრამ ასევე ვიმუშავოთ რაგბიში სხვადასხვა ქვეყნის და კულტურული გარემოს წარმომადგენლების მოზიდვაზე, რომლებსაც ამჟამად სპორტთან კავშირი ჯერ არ გააჩნიათ.“

„მსოფლიო რაგბის გააჩნია ამისთვის საჭირო პოტენციალი. რაგბი შესანიშნავი პედაგოგიური სისტემაა, იგი გამოირჩევა უნიკალური ეთიკითა და ფასეულობებით – სწორედ ამას ემყარება მისი პოპულარობა მთელს მსოფლიოში. ჩვენი სურვილია რაც შეიძლება უფრო მეტი ადამიანი ვაზიაროთ ამ თამაშს.“

„სახელწოდება „მსოფლიო რაგბი“ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთავს ჩვენი ორგანიზაციის მისიას და ხელს შეუწყობს მსოფლიო მასშტაბით რაგბის გულშმატკივართა რაოდენობის შემდგომ ზრდას.“

Rugby.Ge

უმცროსი ბორჯღალოსნები ფინალში კლერმონს ეთამაშებიან

26 აგვისტოს, კლერმონთან ახლოს მდებარე დაბა ბესში გაიმართა ახალი საერთაშორისო ტურნირის -“აკადემიების გამოწვევის” – ნახევარფინალები.

მეორე შეხვედრაში  კლერმონელთა 20 წლამდელები მანსთერელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 19-13 სძლიეს მოწინააღმდეგე.

ტურნირის პირველ შეხვედრაში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ინგლისური ლესთერ თაიგერსის 20-წლამდელთა გუნდს შეხვდა და 24-21 გაიმარჯვა.

შეხვედრა პირველიდან უკანასკნელ წუთამდე ძალზე დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ტურნირის ორგანიზატორების განცხადებით, მატჩმა გაამართლა სტადიონზე კარგი ბურთაობის სანახავად შეკრებილი ქომაგის მოლოდინი, ვინაიდან ორივე გუნდმა მაღალი ხარისხის რაგბი ითამაშა.

უმცროსი ბორჯღალოსნები ბოლო წუთზე 4 ქულის სხვაობით – 17:21 აგებდნენ. ამ დროს, ინგლისელთა 5-მეტრიან ნიშნულზე ქართველების შერკინება დაინიშნა. თაიგერსის ფორვარდებს, ისევე, როგორც მთელი მატჩის განმავლობაში, ჩვენი ბიჭების მიწოლის გაძალიანება გაუჭირდათ და რამდენიმეჯერ უკან დახევის შემდეგ, მსაჯმა ბორჯღალოსნებს ტექნიკური, გამარჯვების მომტანი ლელო  ჩაუთვალა. მისი გარდასახვა რეზი ჯინჭველაშვილს არ გასჭირვებია.

შეხვედრაში ანგარიში 19-წლამდელებმა მე-14 წუთზე გახსნეს: ჯინჭველაშვილის საჯარიმო ზუსტი აღმოჩნდა და 3-0 დავწინაურდით. მიუხედავად იმისა, რომ თავს კარგად იცავდა, გუნდმა რამოდენიმეჯერ ვერ მოახერხა დროულად გადაწყობა. ინგლისელებმა ეს შეცდომები გამოიყენეს და ორჯერ შეძლეს ბურთის ჩვენს ლელოში დამიწება.

მიუხევადავად ამისა, ქართველი მორაგბეები პირველი ტაიმის დარჩენილ დროში აქტიურად თამაშობდნენ და სამჯერ ჰქონდათ ლელოს დადების შანსი, მაგრამ პირველ შემთხვევაში მოწინააღმდეგემ საკუთარ ლელოში გაგვიჭედა ბურთი, ხოლო დანარჩენ ორ შემთხვევაში ინგლისელთა 5-მეტრიანში წინ დაგვივარდა ბურთი. პირველი ტაიმი ანგარიშით  3-14 დასრულდა.

უფრო დაძაბული მერე ნახევარი

შესვენების შემდეგ უმცროსი ბორჯღალოსნები მოედანზე მეტი თვითდაჯერებით გავიდნენ. ტაიმის დებიუტშივე, რამოდენიმე ფაზიანი შეტევა მეორე ხაზელმა ბადრი დანგაძემ ფრთიდან დადებული ლელოთი დაასრულა, ჯინჭველაშვილმა ზუსტად გარდასახა და ანგარიში 10-14 გახდა.

4-ქულიანი სხვაობა ინგლისელებმა გარდასახული ლელოთი მალევე თერთმეტამდე გაზარდეს.

ცხრა წუთის შემდეგ ბორჯღალოსნებმა 4-ქულიანი სტატუს-ქვო თორნიკე ბუბუტეიშვილის ლელოთი აღადგინეს 17-21.

ამის შემდეგ ჩვენებმა კიდევ უფრო უმატეს შეტევებს. დარჩენილ დროში მოწინააღმდეგის 22 და 5-მეტრიან ზონებს შორის მიდიოდა თამაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მატჩის ბოლო წუთზე, ინგლისელებმა თავიანთ ლელოსთან დანიშნულ შერკინებაში ქართველ ფორვარდებს ვერ გაუძლეს და საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ამ გამარჯვებით ფინალში, მეორე წყვილის გამარჯვებულს, კლერმონის 20-წლამდელთა გუნდს შეხვდება. ეს მატჩი პარასეკვს, 29 აგვისტოს, 17:30 საათზე გაიმართება.

შეხვედრის ტექსტური ლაივი იწარმოებს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/GeorgianRugbyUnion

ნამატჩევს

ლადო კილასონია, 19-წლამდე ბორჯღალოსნების მწვრთნელი:

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს კარგი თამაშისათვის. მათ თავდაჯერება არ დაუკარგავთ, ბოლომდე იბრძოლეს და გაიმარჯვეს.

„მოწინააღმდეგედ ნამდვილად კარგი გუნდი გვყავდა, ლესთერელები გაშლილად – ინგლისურად თამაშობდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, შერკინებაში საგრძნობლად ვაჯობეთ.

„მთლიანობაში შერკინების თამაშით კმაყოფილი ვარ. დაცვაში ცოტა ცუდად დავდექით, ფეხებიც დაუმძიმდათ ბიჭებს მოედანზე. ალბათ ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ ჩამოსვლიდან მეორე დღეს მოგვიწია თამაშმა და სრულფასოვანი აღდგენა ვერ მოვახერხეთ. ამან თამაშზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა.

„შეტევაში, მართალია, აქტიურად ვერთვებოდით, ფაზებსაც ვახორციელებდით, მაგრამ რამოდენიმეჯერ ხან წინ გაგვივარდა ბურთი, ხან კი უბრალოდ ვერ დავდეთ ლელო. შესაბამისად, შეტევას კარგად ვერ შევაფასებ.

“უკანა ხაზს რაც შეეხება, მთლიანობაში მათი თამაში მომეწონა და გამოვყოფდი ფეხით კარგ თამაშს.

„მთლიანობაში გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე სძლიეს. ხვალ ფუნდემენტალურად გავივლით თამაშს, შევაფასებთ დადებით და უარყოფით მხარეებს და დავიწყებთ მზადებას ფინალისთვის, რომელშიც ტურნირის მასპინძლებს, კლერმონელ 20 წლამდელებს ვეთამაშებით.“

Rugby.Ge

2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის ბაზები გამოქვეყნდა

  • ინგლანდ 2015-მა მსოფლიო თასის მონაწილე გუნდების 41 ბაზა გამოაქვეყნა
  • 20 მონაწილე ნაკრებს ბაზები ინგლისსა და უელსში ექნებათ
  • ბაზები გუნდებთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა
  • შეირჩა მთელი რიგი რაგბის კლუბები, სკოლები, უნივერსიტეტები და სპეციალიზირებული სამწვრთნელო ცენტრები

2015 წლის მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტმა – ‘ინგლანდ რაგბიმ’ გამოაქვეყნა ის 41 ბაზა, რომლებსაც მონაწილე გუნდები 2015 წლის 18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გამოიყენებენ.

ბაზების სრული სიის სანახავად გადადით მოცემულ ბმულზე >>>

ბაზების შერჩევა ღია ტენდერის საფუძველზე, 2013 წლის აპრილში დაიწყო. ტენდერის პერიოდში 100-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა.

2015 წლის მსოფლიო თასის ბაზები შედგება გარე და შიდა სავარჯიშო ობიექტებისგან, საცურაუ აუზისგან, სპორტული დარბაზისა და სასტუმროსგან. ობიეტებმა უნდა უპასუხონ საერთაშორისო სტანდარტებს და უნდა მდებარეობდეს ერთ ტერიტორიაზე ან ერთმანეთისაგან ახლოს უნდა იყოს განლაგებული. სელექციის პროცესში, საორგანიზაციო კომიტეტმა სამატჩო მოედნების ადგილმდებარეობაც გათვალისწინა.

რიგი სარაგბო კლუბებისა, სკოლებისა, უნივერსიტეტებისა და სპეციალიზირებული სავარჯიშო ობიექტებისა ხელმისაწვდომი იქნება მონაწილე 20 ნაკრებისათვის ტურნირის მსვლელობისას.

‘ინგლანდ 2015-ის’ აღმასრულებელი დირექტორის, დები ჯევანსის თქმით: “როგორც მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტმა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ტურნირის განმავლობაში ყველა გუნდს ჰქონდეს ოპტიმალური სავარჯიშო და საცხოვრებელი პირობები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის დიდი პატივია 41 ოფიციალური ბაზის დასახელება.

“მე ასევე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს ვინც ბაზების შერჩევის პროგრამაში მონაწილეობდა. ჩვენ ბედნიერნი ვართ იმით, რომ მთელს ქვეყანაში ფანტასტიური ბაზების შერჩევა მოვახერხეთ და ეს დიდი ენთუზიაზმით შესრულდა. შეირჩა 41 მაღალი ხარისხის სამწვრთნელო ობიექტი, რომელიც გუნდებს სახლიდან შორს თავს ისე აგრძნობინებს, როგორც საკუთარ სახლში.”

რაგბის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარემ, ბერნარ ლაპასემ დაამატა: “2015 წლის მსოფლიო თასი სამუდამოდ დარჩება მოთამაშეებისა და ქომაგების გულებში, აქედან გამომდინარე მე მიხარია, რომ მონაწილეებისათვის შეირჩა საუკეთესო ბაზები. დეტალების მიმართ დიდი ყურადღება გამოარჩევს ამ მსოფლიო თასს და გადაიყვანს სულ სხვა დონეზე. შესაბამისად, გუნდების ბაზები ისე შეირჩა, რომ მონაწილეებს ხელმისაწვდომი ჰქონდეთ ყველაფერი რაც მათ დასჭირდებათ, რათა მსოფლიოში რაგბის ყველაზე დიდ ფორუმზე თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოაჩინონ.”

მილტონ ჰეიგი – საქართველსო ნაკრების მთავარი მწვრთნელი

“მსოფლიო თასი რაგბის უდიდესი ფორუმია და ჩვენ ბედნიერნი ვართ იმით, რომ ბინას დავიდებთ მასპინძელი ქვეყნის იმ რეგიონებში სადაც რაგბი განსაკუთრებულად უყვართ. გარდა ამისა ჩვენ მოგვეცემა ამ რეგიონების სტუმართმოყვარეობისა და კულტურის გაცნობის უნიკალური შესაძლებლობა.

გიორგი ნიჟარაძე – რაგბის კავშირის პრეზიდენტი

“რაგბის მსოფლიო თასში მონაწილეობა ჩვენთვის დიდი პატივია. მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ 2015 წლის ინგლისის მსოფლიო თასი საუკეთესო იქნება აქამდე გამართულ მსოფლიო თასებს შორის. დიდი ბედნიერებაა მონაწილეობას იღებდე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სპორტულ ფორუმში, რომელიც რაგბის სამშობლოში იმართება.

“მე მჯერა, რომ ყველა იმ რეგიონში სადაც საქართველოს ნაკრები ბინას დაიდებს, ივარჯიშებს  თუ ითამაშებს, ადგილობრივი სარაგბო თემი ბორჯღალოსნებს  დაუდგებიან მხარში და უქომაგებენ.

Rugby.GE

19-წლამდელები ლესთერ თაიგერს 19:00 საათზე ეთამაშებიან

25 აგვისტოს კლერმონთან ახლოს მდებარე სამთო კურორტ ბესიში დაახლოებით  მოხდა კენჭისყრა, რომლის შედეგად ხვალ, 26 აგვისტოს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები თბილისის დროით 19:00 საათზე ლესთერ თაიგერსის 20-წლამდელთა გუნდს ეთამაშება. 21:00 საათზე კი, მასპინძელი კლერმონის 20-წლამდელები მანსთერელ თანატოლებს შეხვდებიან.

ასევე იხილეთ >>>

19-წლამდე ბორჯღალოსნებისა და ლესთერ თაიგერსის მატჩების ტექსტური ლაივი იწარმოებს ასევე ზემოხსენებულ ფესიბუქის გვერდზეhttps://www.facebook.com/GeorgianRugbyUnion

აკადემიების გამოწვევა – საერთაშორისო ტურნირი

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდე ბორჯღალოსნები 25 აგვისტოს გაემგზავრნენ კლერმონში, სადაც 26 და 29 აგვისტოს იმართება პირველი საერთაშორისო ტურნირი ადგილობრივიკლერმონის, ირლანდიური მანსთერის, ინგლისური ლესთერ თაიგერსის 20-წლამდელთა გუნდები და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები.

საქართველოს 19-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, ტურნირი  ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ კარგ შესაძლებლობად განიხილება. გარდა ამისა, ასაკით უფროს და მაღალი დონის მოწინააღმდეგე გუნდებთან თამაში, უმცროს ბორჯღალოსნებს საერთაშორისო გამოცდილებას შემატებს.

 

შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი განთავსდება საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ youtube.com და myvideo.ge არხებზე მატჩის გამართვიდან მეორე დღეს შემდეგ ბმულებზე:
https://www.youtube.com/user/georgianrugby

http://www.myvideo.ge/GeorgiaRugbyUnion

Rugby.GE

ლიდერობენ ხარები

XXV ჩემპიონატის მეორე ტურის შემდეგ ერთპიროვნულად დაწინაურდნენ რუსთავის “ხარები”

 

შაბათ-კვირას ოთხი მატჩი ოთხ ქალაქში გაიმართა. სეზონის გახსნა აღნიშნეს რუსთავში და ფოთშიც, სადაც დროებით დაბინავდა ბათუმი.

II ტურის ფოტოები >>>

ხარებმა წინა სეზონი მერვე ადგილზე დაასრულეს, ახალში კი რუსთავის კლუბი ერთადერთია, ვინც “მინიმუმ სამი ლელოთი მეტით” გამარჯვებისთვის დაწესებული პრემია აიღო.

გაჭიანურებული პაპანაქება თამაშებსაც შეეტყო: იკლო შედეგიანობამ და იმატა დისციპლინის დარღვევამ.

ტურში გავიდა 12 ლელო და აღინუსხა 10 სინბინი.

ანტი-რეკორდი მოხსნა არმიამ: 6 ლელოს გაშვებისა და 41 ქულით წაგების გარდა, 4 ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.

მეორედაც ღირსეულად დამარცხდა ახალბედა “თიბიეს უნივერსიტეტი” და 2 სანუგეშო ქულით მეშვიდე ადგილზეა.
მეორე ტური

აია 26:23 უნივერსიტეტი$

3ლ: კიკვაძე რატიაშვილი შალამბერიძე; გ 3ჯ: სინაურიძე სბ მატკავა –
ლ: გოგლიძე; 5ჯ: ჯოგლიძე 4, მჭედლიშვილი; ა: მჭედლიშვილი სბ გოგლიძე
აცდა: 2გ – გ 3ჯ   #   შეცვლა: 8 / 6
მსაჯი თევზაძე (თბილისი) @ 23/08 ქუთაისი, აია (2 000)

ხარები$ 44:3 არმია

6ლ: წიკლაური თეგეთაშვილი ხელია მღებრიშვილი (4 6) მელიქიძე; 4გ: ხუციშვილი 3, ჭაავა; 2ჯ: ხუციშვილი სბ მღებრიშვილი –
ჯ: ნუცუბიძე სბ ჯინაშვილი ღვინჯილია დარასელია კიზირია
აცდა: 2გ 3ჯ – ჯ   #   შეცვლა: 8 / 5
მსაჯი ამაშუკელი (თბილისი) @ 23/08 რუსთავი, ახალი (1 000)

ბათუმი 0:20 ლელო სარასენს

– 2ლ: ბუბუტეიშვილი კაჭარავა; 2გ ჯ: ყიასაშვილი; ა: კაჭარავა სბ ლომთაძე კოპაძე
აცდა: ჯ – .   #   შეცვლა: 9 / 8
მსაჯი გვირჯიშვილი (რუსთავი) @ 24/08 ფოთი, მალთაყვა (100)

ჯიქი$ 0:6 ყოჩები

– 2ჯ: სოხაძე სბ არჩუაშვილი
აცდა: ჯ – ჯ   #   შეცვლა: 4 / 6
მსაჯი ჩიხლაძე (ქუთაისი) @ 24/08 თბილისი, შევარდენი (700)

Rugby.Ge

აკადემიების გამოწვევა – საერთაშორისო ტურნირი

აკადემიების გამოწვევა (1st Academy Challenge) – არის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც 26 და 29 აგვისტოს საფრანგეთში, კლერმონთან ახლოს სამთო კურორტ ბესსიში გაიმართება. ტურნირში, რომელიც პირველად იმართება, მონაწილეობენ ფრანგულიკლერმონის, ირლანდიური მანსთერის, ინგლისური ლესთერ თაიგერსის 20-წლამდელთა გუნდები და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები.

საქართველოს 19-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, ტურნირი  ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ კარგ შესაძლებლობად განიხილება. გარდა ამისა, ასაკით უფროს და მაღალი დონის მოწინააღმდეგე გუნდებთან თამაში, უმცროს ბორჯღალოსნებს საერთაშორისო გამოცდილებას შემატებს.

გუნდი კლერმონში 25 აგვისტოს გამთენიას გაემგზავრება. მატჩები 26 და 29 აგვისტოსგაიმართება. თითო სამატჩო დღეს ორი შეხვედრა, 20:00 და 21:00 საათებზე გაიმართება.

25 აგვისტოს, საღამოს გაიმართება მენეჯერთა შეხვედრა, სადაც დადგინდება სამატჩო წყვილები, რომლის შესახებ ინფორმაციას იმავდროულად მოგაწვდით საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ფეისბუქ პლათფორმის მეშვეობით ამ ბმულზეhttps://www.facebook.com/GeorgianRugbyUnion.

მატჩების ტექსტური ლაივი იწარმოებს ასევე ზემოხსენებულ ფესიბუქის გვერდზე.

შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი განთავსდება საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურyoutube.com და myvideo.ge არხებზე მატჩის გამართვიდან მეორე დღეს შემდეგ ბმულებზე:
https://www.youtube.com/user/georgianrugby

http://www.myvideo.ge/GeorgiaRugbyUnion

ლადო კილასონია, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი: „საკმაოდ საინტერესო და ძლიერი ტურნირია. მონაწილეობას იღებენ ევროპული გრანდების: ფრანგული კლერმონის, ირლანდიური მასნთერისა და ინგლისური ლესთერ თაიგერსის 20-წლამდელთა გუნდები. გუნდების ჩამონათვალიდან გამომდინარე უკვე ნათელია თუ რა დონის შეჯიბრი გველის და თუ, როგორი რთული თამაშები ექნებათ ჩვენს ბიჭებს.

„ამ ასპარეზობაში 19- წლამდე ბორჯღალოსნების მიწვევა ჩვენთვის დიდ პატივია და დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

„ვინაიდან ეს არ გახლავთ ოფიციალური ტურნირი, შესაბამისად ნაკლები შეზღუდვები გვექნება და რიგი ექსპერიმენტების განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცემა. სხვადასხვა მიზეზების გამო, შემადგენლობაში რამოდენიმე მოთამაშეს მოვისაკლისებთ, რომლებიც დიდ ძალას წარმოადგენენ – მაგალითად ბექა გორგაძე, რომელიც სათამაშოდ ფრანგულ მონ’მარსანში მიემგზავრება, ზაზა ხარებავა, რომელიც უკვე წავიდა ლაროშელში, ასევე ჩემპიონატის მსვლელობისას ტრავმები მიიღეს უკანა ხაზელებმა, ჯიქების მოთამაშეებმა ირაკლი სვანიძემ და დევი დევსურაშვილმა. დანარჩენებს რაც შეეხებათ, 23-24 აგვისტოს უმაღლესი ლიგის გათამაშების ტური გვიჩვეებს, თუ როგორ მდგომარეობაში იქნებიან მოთამაშეები.

„ვერ ვიტყვი, რომ გუნდის შემადგენლობა ოპტიმალურია, მაგრამ ფსიქოლოგიურად ბიჭები მზად არიან. ამას დაემატა მთავარი მწვრთენლის, დათო ვართანიანის გარდაცვალება. მოგეხსენებათ, რომ ეს შეკრებაზე მოხდა და ბიჭებმა ეს ძალიან ახლოს მიიტანეს გულთან.

„ტურნირის მთავარი მიზანი არის ნაკრების მომზადება ‘რაგბი ევროპის’ ასაკობრივი ჩემპიონატისთვის, რომელიც წელს ოქტომბერში გაიმართება, შესაბამისად საუკეთესო მოთამაშეების შერჩევა. გარდა ამისა, შეგვეძლება მოთამაშეების შესაძლებლობების ნახვა, რათა გავარკვიოთ თუ რა რგოლში ვართ კარგად მომზადებულნი და რაზე გვაქვს კიდევ სამუშაო.

Rugby.GE

4 მატჩი 4 ქალაქში – უმაღლესი ლიგის (2014/15) II ტური

XXV ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე ტურის ოთხი მატჩი ოთხ ქალაქში, შაბათ-კვირას გაიმართება.

Untitled

შაბათს თბილისში თამაში არაა – სარაგბო თემი უკანასკნელ გზაზე აცილებს 20-წლამდე ბორჯღალოსნებისა და რაგბის კლუბ არმაზის მთავარ მწვრთნელს, დავით ვართანიანს, კვირას კი შევარდენზე შეიბმებიან პირველ ტურში გამარჯვებულები – ჯიქი და ყოჩები.

თბილისის ორი გუნდი დასავლეთს ესტუმრება: შაბათს ახალბედა თიბიეს უნივერსიტეტი ქუთაისში ახალ, ვაკის-უბნის სტადიონზე ეწვევა აიას, კვირას კი ბოლო ორი წლის ჩემპიონი ლელო სარასენსი ბათუმს ჩააკითხავს ფოთში, რადგან გონიოს სტადიონი მოსაწესრიგებელია.

შაბათსვე სეზონში შინ პირველად ითამაშებს რუსთავის ხარები, რომელმაც სტარტზე გასვლაზე ძლია ლოკომოტივი.

ოთხიდან სამი თამაში 20 საათზე იწყება, ფოთში კი რაგბი საღამოს ექვსის ნახევარზეა (17.30)

საქართველოს 9-გზის ჩემპიონს არმაზთან უნდა ეთამაშა, მაგრამ შეხვედრა გადაიდო.

ტურის ლაივ-სქორი ტრადიციულად მოეწყობა ჩვენი საითის ტაბლოზე, შუა კვირაში კი იუთუბზე მიმოხილვა აიტვირთება.

rugby.ge

ვიდეო – უმაღლესი ლიგა [2014-15] 1 ტურის მიმოხილვა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2014/15 წლის სეზონის პირველი წრის პირველი ტურის მიმოხილვა

rugby.ge

ერთ თვეში ახალი ქართული კლუბის – “თბილისის კავკასიელების” ევროპული დებიუტია

ჩელენჯ ქაპის საკვალიფიკაციო მატჩები
თბილისის კავკასიელები V რაგბი როვიგო დელტა
გასვლა 20/09/2014, შინ 27/09/2014
EPCRUGBY – ახალი ევროპული საკლუბო ტურნირი

თბილისის კავკასიელები – ახალი ქართული სარაგბო კლუბია, რომელიც ევროპის პროფესიული კლუბური რაგბის (European Professional Club Rugby) ახალ ევროპულ საკლუბო ტურნირში, „ჩელენჯ თასზე“ (European Rugby Challenge Cup), მონაწილეობის მისაღებად შეიქმნა.

ევროპის საკლუბო ტურნირები რაგბიში პროფესიონალიზმის შემოსვლის თანავე, 1995 წლის შემოდგომაზე დაწესდა. საწყისი 19 სეზონი შეჯიბრს უძღვებოდა შპს “ევროპის რაგბის თასი”, რომელსაც ბინა დუბლინში ედო.

ამ გაერთიანების ქმედებით უკმაყოფილო ფრანგულმა და ინგლისურმა გუნდებმა ალტერნატიული ტურნირის გამართვა მოისურვეს, მაგრამ საქმეში საერთაშორისო საბჭო (ირბ) ჩაერია და მოდავენი დააზავა, რის შედეგადაც შვეიცარიაში, ქალაქ ნოშატელში, 2014 წლის აპრილში დაფუძნდა ახალი სტრუქტურა – “ევროპის პროფესიული კლუბური რაგბი” (EPCR)

შეიცვალა ტურნირთა ფორმატი და მონაწილეთა შერჩევის წესიც. ორივე შეჯიბრში ხუთ–ხუთ პულად დაყოფილი 20–20 გუნდია; პლეი–ოფში პულთა გამარჯვებულები და სამიც უკეთესი მეორე–ადგილოსანი გადიან, ხოლო ფინალები მაისის ბოლოს ნაცვლად დასაწყისში მოეწყობა.

პირველ დონეზე “ჰაინეკენის თასი” ჩანაცვლდა “ევროპული რაგბის ჩემპიონთა თასით”, მეორე დონის შეჯიბრს კი სახელად “ჩელენჯ თასი” შეუნარჩუნდა. რაც მთავარია, მასში სამონაწილეოდ “რაგბი ევროპის” (ყოფილი ფირა აერი) ქვეყნების გუნდებიც დაუშვეს (აქამდე, ძველი ორგანიზატორები, საკუთარი შეხედულების და მიხედვით ირჩევდნენ მიწვეულებს).

დამდეგ სეზონში სიახლით მხოლოდ საქართველო და რუმინეთი სარგებლობენ, სხვა ერთა–თასელებმა კი მომლოდინე ტაქტიკა აირჩიეს.

რაკი ერთა თასის ქვეყნებში საკლუბო რაგბი სათანადო პროფესიულ დონეზე ვერაა, ჩვენცა და რუმინელებსაც ევროპაზე გაგვყავს დე–ფაქტო ეროვნული პირველობის ნაკრებები: იმათ – ბუქარესტის მგლები, ხოლო ჩვენ – თბილისის კავკასიელები.

ჩელენჯზე მოსახვედრად

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ჩელენჯ ქაფზე მოსახვედრად რაგბი ევროპის ორმა კლუბმა უნდა გაიაროს საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც ორ მატჩიანი რაუნდისაგან (შინ-გარეთ) შედგება. საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული კლუბები ტურნირზე რაგბი ევროპა 1-ის და რაგბი ევროპა 2-ის ქვოტას დაიკავებენ.

რაგბი ევროპა ერთის მოსაპოვებლად ერთმანეთს თბილისის კავკასილები და იტალიური რაგბი როვიგო დელტა შეერკინებიან. წყვილში გამარჯვებული კლუბი ჩელენჯ ქაფზე 1 ჯგუფში კარდიფ ბლუზის, ლონდონ აირიშისა და გრენობლისწინააღმდეგ იასპარეზებს.

თბილისის კავკასიელების წარსადგენად და მომავალი ევროპული საკვალიფიკაციო მატჩების შესახებ სასაუბროდ დღეს, შევარდენზე პრესკონფერენცია მოეწყო.

პრესკონფერენციის დაწყებამდე “შევარდენის”სანაკრებო ბაზაზე შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თბილისის “არმაზისა” და საქართველოს 19 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელ დავით ვართანიანს, რომელიც გუშინ მოულოდნელად გარდაიცვალა.

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: “ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და გადავწყვიტეთ, რომ არ გადაგვედო დღევანდელი შეხვედრა. “ჩელენჯ ქაფში” მონაწილეობა გულშემატკივრებში უდიდეს ინტერესს იწვევს. ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს და ბევრი რამ დღესაც არაა გარკვეული, მაგრამ რაც გვაქვს იმ ინფორმაციას გაგიზიარებთ. ახალი ტურნირის ორგანოზატორთან ეპცრუგბყ-ს უამრევი წერილი მივწერეთ, რათა ელემენტარულში გავრკვეულიყავით – როდის ვთამაშობთ, ვის ვეთამაშებით, სად ვატარებთ პირველ თამაშს, რა ხდება პორტუგალიურ კლუბთან დაკავშირებით.

“მოგვივიდა პასუხი და ამ წუთისთვის ვიცით, რომ “რაგბი როვიგო დელტას” ვეთამაშებით 20 სექტემბერს იტალიაში და 27-ში თბილისში. უამრავი შეკითხვა გვქონდა. აქამდე “ჩელენჯ ქაფს” ვინც ატარებდა, მისი დებულება გვაქვს, სადაც წვრილმანებიც კი ზუსტადაა გაწერილი, მაგრამ ახლა არ ვიცით ეს ტურნირი იმავე დებულებით გაიმართება თუ ახალი წესები იქნება. შედეგად, ჩვენ ვერ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას სპონსორებთან, ტელევიზიებთან და სტადიონებთან. მოკლედ, “როვიგოსთან” ურთულესი თამაში გველის და ზუსტად ვიცით მოგების შემთხვევაში ვისთან მოგვიწევს შეხვედრები, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს და თუ დავმარცხდით, წარმოდგენაც არ გვაქვს რა იქნება ქვედა დონის ტურნირი, რომელიც ქვეყნის გუნდები ითამაშებენ იქ და როდის გაიმართება მატჩები.

„ჯერ სპოსნორი არ გვაყვს და მიუხედავად ამისა, ჩვენი სახსრებით მივდივართ ამ ტურნირზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯამში გვექნება რვა თამაში და იმედია, სამომავლოდ სპონსორებიც გამოჩნდებიან. შესარჩევი ეტაპის შემდეგ ორ-ორი თამაში მოგვიწევს ოქტომბერში, დეკემბერში და იანვარში. ამის გამო შევცვალეთ ჩემპიონატის ჩატარების ვადები.

„ახლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – რა გუნდით ვითამაშებთ ამ ტურნირზე. თავიდან გვწერდნენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო აუცილებლად კლუბი, ან რეგიონის ნაკრები და არა ჩემპიონატის ნაკრები. შემდეგ კი დაგვრთეს ნება კლუბების ნაკრების გამოყვანისა (ბუქარესტის მგლების ანალოგიურად). აქედან გამომდინარე, ადრე შერჩეული სახელწოდება “თბილისის ამერი” შეიცვალა “თბილისის კავკასიელებით”. ახლა უკვე დასავლეთ საქართველოს კლუბებიდანაც მოხდება მორაგბეების დამატება და ერთი გუნდით გამოვალთ ამ ტურნირზე.

„ამით მთელი მსოფლიოც გაიგებს, რომ ქართველები ვართ კავკასიელები. გარდა ამისა, ჩვენ წარმოვადგენთ ყველა იმ ერს, რომელიც კავკასიაში ცხოვრობს. კლუბის ლოგოზე გამოსახული არის შევარდენი, რომელიც კავკასიის მთელ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ფორმა იქნება ღვინისფერი და შავი, ან თეთრი და შავი. ამ ეტაპისთვის ოთხი დიზაინის ფორმა გვაქვს შერჩეული ”.

სათამაშო ფორმის დიზაინი >>>

ლევან მაისაშვილი, “თბილისის კავკასიელების” მთავარი მწვრთნელი: “უწინარესად, გეტყვით იმ სამწვრთნელო შემადგენლობას, რომელიც გუნდთან იმუშავებს. მთავარი მწვრთნელი მე გახლავართ, შერკინებასთან მუშაობაში მიხეილ სუჯაშვილი დამეხმარება, ირაკლი ჭყონია ფიზმომზადებაზე იზრუნებს, დავით ჯალაღონია მენეჯერის ფუნქციას შეასრულებს, ხოლო ვიდეო ანალიტიკოსად დავით რამიშვილი გვეყოლება. მოთამაშეების სელექცია უკვე ჩატარდა, არის რამდენიმე პოზიცია, სადაც კითხვები გვაქვს და სავარაუდოდ, საქართველოს ჩემპიონატის მომდევნო ორი ტურის შემდეგ, ყველაფერი დალაგებული გვექნება.

“გამგეობაზე დავაყენეთ მოთხოვნა და ჩემპიონატი პირველ მატჩამდე ორი კვირით ადრე შეწყდება, რათა “შევარდენის” ბაზაზე შეკრების გავლა მოვახერხოთ და იტალიაში გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე, უმაღლესი ლიგის რომელიმე კლუბთან სპარინგს გავმართავთ. დრო ძალიან ცოტაა, მაგრამ მანამდე შეკრებას ვერაფრით მოვახერხებდით. ახლა ვართ დაკვირვების პროცესში და მაქსიმუმ ორ კვირაში შემადგენლობა ცნობილი იქნება. ამ წუთისთვის 38-კაციანი განაცხადი არ მოუთხოვიათ და ეს ჩვენთვის უკეთესია. იტალიაში 26-კაციანი შემადგენლობით გავემგზავრებით.

„რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, “როვიგომ” ფინალი “კალვიზანოსთან” ბოლო წუთზე დათმო და ამ გუნდს არაფრით ჩამოუვარდება. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და აქცენტი გამოცდილ მორაგბეებზე გაკეთდება. ამან ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს. შედეგად, შიდა ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებს მოტივაცია გაეზრდებათ და ეროვნული გუნდის მწვრთნელებსაც ექნებათ მათი საქმეში ხილვის შესაძლებლობა.

“როვიგო” ბურთით თამაშისას ძალიან საშიშია, ვიდრე დაცვაში. ზოგადად, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ მათ დაცვაში მოუწიოთ თამაში. იმ ბიჭებს, რომლებზეც არჩევანს ვაჩერებ, ძალიან კარგად ვიცნობ. იმედია, მუშაობა ნაყოფიერი იქნება. გუნდში ყველა ის მოხვდება, ვინც უძლიერესი იქნება. სამწუხაროდ, გვაქვს რგოლები, სადაც მოვისუსტებთ და ვნახოთ რა გამოვა. შანსები გვაქვს, თუმცა გამარჯვება ძალიან რთული იქნება”.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ეროვნული გუნდის სიახლეებიც გაჟღერდა. გიორგი ნიჟარაძის თქმით, ნოემბრიდან ბოღჯღალოსნები ახალი სათამაშო ფორმით იასპარეზებენ:

“გადაწყდა, რომ ნოემბრიდან გუნდს ახალი სათამაშო ფორმა ექნება. ჩვენი სპორტული დირექტორი ირაკლი აბუსერიძე კლერმონში დავით ზირაქაშვილს დაუკავშირდა და მისი მეშვეობით მოლაპარაკება სპორტული ეკიპირების კომპანია „ანდერ არმორთან“ (Under Armour) წამოიწყო და სამწლიანი ხელშეკრულებაც გაფორმდა. ზედიზედ მეოთხედ გავდივართ მსოფლიო თასზე და ვფიქრობ, ამას ვიმსახურებდით. ჩვენ სხვა დიდ კომპანიებთანაც გვქონდა კავშირის დამყარების მცდელობა, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება ამ კომპანიასთან შედგა.

“ეს ძვირიანი კომპანიაა და სამწუხაროდ, სხვა ნაკრებებს იგივე მწარმოებლის ფორმით ვერ შევმოსავთ. უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ერთ-ერთ ინგლისურ კომპანიასთან.

„საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 25 აგვისტოს კლერმონში ტურნირზე მიემგზავრება, სადაც “კლერმონის”, “ლენსთერისა” და “მანსთერის” 20-წლამდელთა გუნდები ითამაშებენ. სამწუხაროდ, დათო ამ გუნდს ვეღარ გაყვება და ლადო კილასონია იქნება მწვრთნელი.

„17-წლამდელები კვალიფიკაციას არც წელს გაივლიან და პირდაპირ 18-წლამდელთა ელიტურ ევროპის ჩემპიონატში ითამაშებენ. მათ აუცილებლად ექნებათ ამხანაგური თამაშები ინგლისურ კლუბებთან. ვეცდებით, რომ 15-წლამდელებსაც გავუხერხოთ თამაშების”.

Rugby.GE

დათო ვართანიანი, 1969-2014

ქართული სარაგბო თემი თავზარდაცემულია – უეცრად გამოგვაკლდა საღ-სალამათი წევრი, ალალი და უღალატო მეგობარი, ზნე-კეთილი ადამიანი და მზარდი სპეციალისტი დათო ვართანიანი, ვინაც ჩვენს წიაღში 30 სისხლ-სავსე წელი გაატარა.

დაიბადა 1969 წელს. თამაში განათლების განყოფილების გუნდში (ახლანდელი ლელო), 15 წლისამ დაიწყო. მერე იყო ელმავალი, სამედიცინო, ჯარი, აკადემია, მიმინო, ვესტა, ქორები, ლოკომოტივი და საფრანგეთიც.

დათო ნაკრებში 1990 წელს აიყვანეს – ფრანგულ ტურნეში მონაწილეობდა, პირველი კეპი კი მეოთხე ტესტში, 1991 წელს, უკრაინასთან მიითვალა.

მერე მიზეზთა გამო ჰქონდა ხანგრძლივი პაუზა, მაგრამ 28 წლისა კიდევ დაბრუნდა დიდ სპორტში და 8 წელიც ითამაშა – 2000 წელს, სულ პირველ “ერთა თასზე”, ხუთიდან სამ მატჩში ირაგბა, და სანაკრებო კარიერა 9 ბორჯღალით დაასრულა.

თამაშობდა შერკინების მესამე ხაზში. ჯანი, სიმარდე, ბრძოლის ჟინი ბუნებისგან ჰქონდა მომადლებული და ალღოიანი მობურთალიც იყო.

საფრანგეთ-მოვლილმა ბოლო ხანს მწვრთნელობა სცადა და ამ სფეროშიც მიაღწია წარმატებას: მისმა დამოძღვრილმა არმაზმა უმაღლეს ლიგაში პირველად დაიკავა მეოთხე ადგილი (2012-13)

დათომ ჭაბუკთა ნაკრებსაც დაატყო ხელი: ნორჩმა ბორჯღალოსნებმა შარშან, შემოდგომაზე, პორტუგალიაში მოიგეს ევროპის ალაფა, წლეულს, გაზაფხულზე კი, ჰონკონგში, მსოფლიო ალაფაზე, ოთხიდან სამ მატჩში იმარჯვეს.

დავითმა პარასკევს არმაზს უთავკაცა ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში, ორშაბათს ღამით კი გულმა უმტყუნა. 45 წლის ვაჟკაცი ასე უღმერთოდ გამოგვეცალა ხელიდან და უნუგეშოდ დაგვტოვა.

უფალმა გაანათლოს ჩვენი საყვარელი მეგობრის სული

ქართული სარაგბო თემი

პანაშვიდი
ხუთშაბათს და პარასკევს (21 და 22 აგვისტოს)

მისამართი: ვარკეთილი, IV მიკრო რაიონი, III კვარტალი, მე-11 კორპუსი, I სადარბაზო (მისასვლელი ვაზისუბნის მხრიდან)

გასვენება
შაბათს, 23 აგვისტოს 14 საათზე

Rugby.GE

თბილისის კავკასიელები – ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო მატჩების განრიგი

14 აგვისტოს ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბის ორგანიზაციამ – EPC რაგბიმ (European Professional Club Rugby) გამოაქვეყნა წლევანდელი ჩელენჯ ქაფის (European Rugby Challenge Cup 2014-15) ფინალური ეტაპის საკვალიფიკაციო პლეიოფების მატჩების განრიგი.

საპლეიოფო მატჩებში საქართველოს რაგბის კავშირის სახელით მონაწილეობას მიიღებს ამ გათამაშებისათვის შექმნილი ქართული გუნდი ‘თბილისის კავკასიელები’ (Tbilisi Caucasians).

თბილისის კავკასიელების ოფიციალური პრეზენტაცია მოხდება პრესს-კონფერენციაზე, რომელიც ოთხშაბათს, 20 აგვისტოს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე 13:00 საათზე გაიმართება.

EPCRUGBY – ახალი ევროპული საკლუბო ტურნირები

ევროპული პროფესიონალური საკლუბო რაგბის ორგანიზაცია 2014 წლის აპრილში დაარსდა, რომელიც ორგანიზებას უწევს ორ ახალ ევროპულ საკლუბო ტურნირს. ესენია ‘ჩემპიონთა თასი’ (European Rugby Champions Cup, ყოფილი ჰეინიკენის თასი) და ‘ჩელენჯ თასი’ (European Rugby Challenge Cup).

ორივე ტურნირში 20-20 კლუბი მიიღებს მონაწილეობას.

ჩელენჯ ქაფზე მოსახვედრად რაგბი ევროპის (ყოფილი ფირა აერი) ორმა კლუბმა უნდა გაიაროს საკვალიფიკაციო-საპლეიოფო ეტაპი, რომელიც ორ მატჩიანი რაუნდისაგან შედგება. საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული კლუბები ტურნირზე რაგბი ევროპა ერთის და რაგბი ევროპა 2-ის ქვოტას დაიკავებენ.

რაგბი ევროპა ერთის მოსაპოვებლად ერთმანეთს თბილისის კავკასილები და იტალიური რაგბი როვიგო დელტა შეერკინებიან. წყვილში გამარჯვებული კლუბი ჩელენჯ ქაფზე 1 ჯგუფში კარდიფ ბლუზის, ლონდონ აირიშისა და გრენობლის წინააღმდეგ იასპარეზებს.

რაგბი ევროპა 2-ის ქვოტის მოსაპოვებლად კი ერთმანეთს ბუქარესტის მგლები და იტალიური კამმი რაგბი კალვიზანო ჩაებმებიან. წყვილში გამარჯვებული კლუბი ჩელენჯ ქაფზე 3 ჯგუფში სტად ფრანსეს, ნიუპორტ დრაგონსისა და ნიუქასთლ ფალკონსის წინააღმდეგ იასპარეზებს.

Rugby.GE