რიო ფერდინანდი: “VAR ნაგვის ურნაში უნდა მოვისროლოთ”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა თქვა, რომ ფეხბურთში მსაჯის დამხმარე ვიდეოგამეორების სისტემა (VAR) უნდა გაუქმდეს.

“VAR ნაგვის ურნაში უნდა მოვისროლოთ. ჩვენ ის გამოვცადეთ და ის ნაგავია. უნდა მოვიშოროთ. ეს ფეხბურთს ანელებს და თამაშს ემოციებს უკარგავს”, – დაწერა რიო ფერდინანდმა საკუთარ მიკრობლოგზე.

შეგახსენებთ, რომ ვიდეოდამხმარე მსაჯს საშუალებას აძლევს, მატჩის მიმდინარეობისას ოთხი სახის სადავო მომენტი განმეორებით იხილოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს: გატანილი გოლის ეპიზოდში თამაშის წესის დარღვევა, პენალტის დანიშვნა, პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენება, თამაშის წესის დარღვევისას ფეხბურთელის იდენტიფიკაცია.

რიო ფერდინანდი: “მზად ვარ, ინგლისის ნაკრები ჩავიბარო”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების წარუმატებელი ასპარეზობის შესახებ ისაუბრა და მზადყოფნა გამოთქვა, ეროვნულ გუნდს სათავეში ჩაუდგეს.

“პრობლემაა, როდესაც მიდიხარ ტურნირზე და გარკვეული არ ხარ, რომელია სასტარტო შემადგენლობა და რომელი – სათადარიგო. ინდივიდუალურად ძლიერ მოთამაშეებს გუნდში ყოველთვის სჭირდებათ ფეხბურთელები, რომლებსაც დაეყრდნობიან. გუნდს უნდა ჰქონდეს საძირკველი, სათამაშო სტრუქტურა და უნდა ესმოდეს, რას აკეთებს. აი, ამიტომ უნდა ვიყო მე მწვრთნელი. ყოველთვის მზად ვარ, ჩავიბარო ინგლისის ნაკრები”, – ციტირებს რიო ფერდინანდის სიტყვებს Goal.com-ი.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, რიო ფერდინანდი შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედის” სამწვრთნელო შტაბში დასაქმდეს.

რიო ფერდინანდი: “მესისგან განსხვავებით, რონალდუ დამსახურებულ პატივისცემას ვერ იღებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს გამოექომაგა.

“მგონია, რომ ლეო მესი ყველას უყვარს, რონალდუ კი დამსახურებულ პატივისცემასა და აღტაცებას სათანადოდ ვერ იღებს. ორივე მათგანი იმსახურებს თბილ სიტყვებს.

მესიმ და რონალდუმ თანამედროვე ფეხბურთი ოქროს ხანად აქციეს, თუმცა მგონია, რომ ამას ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამთ სათანადოდ. როგორც წესი, საუკეთესო ყოველთვის ერთია, თუმცა ბოლო წლებში ისინი ორნი არიან და ამით უნდა დავტკბეთ”, – რიო ფერდინანდის კომენტარი “სანმა” გამოაქვეყნა.

მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცია

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიო იმუშავებს.

“სქაი სპორტსის” ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი დღეს დილით კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდს შეხვდა და კონტრაქტიც გააფორმა.

მოურინიო რომ “წითელი ეშმაკების” თავკაცის პოსტზე იმუშავებს, ამას კლუბის ყოფილი მცველი რიო ფერდინანდიც ადასტურებს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში პორტუგალიელ სპეციალისტთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და იქვე დაწერა, რომ მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მთავარი მწვრთნელია.

რიო ფერდინანდი: “სიტიში” გვარდიოლას მისვლის ამბავმა დღე ჩამიშხამა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი იმ ოფიციალურ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ზაფხულში “მანჩესტერ სიტის” ხოსეპ გვარდიოლა ჩაიბარებს. ინგლისელს ეს ამბავი არ გაუხარდა.

“სიტიში” პეპის მისვლის ამბავმა დღე ჩამიშხამა. მან “ბარსელონასა” და “ბაიერნში” წარმოუდგენელი შედეგები აჩვენა. იგი ასეთ სიმაღლეებს ყველგან აღწევს”, – დაწერა თავის მიკრობლოგზე რიო ფერდინანდმა.

 

რიო ფერდინანდმა კარიერა დაასრულა

ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მოგეხსენებათ, 36 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა ბოლო სეზონი ლონდონის “ქუინს პარკ რეინჯერსში” გაატარა, რომელიც ჩემპიონშიფში დაქვეითდა.

“18-წლიანი კარიერის შემდეგ მივხვდი, რომ ახლა კარგი დროა, თავი დავანებო იმ თამაშს, რომელიც ასე მიყვარს.
12 წლის ასაკში, როდესაც პეკემის უბანში ბურთს დავდევდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ბავშვობის საოცნებო გუნდ “ვესტ ჰემში” ვითამაშებდი, ვუკაპიტნებდი “ლიდს იუნაიტედს”, “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად მოვიგებდი ჩემპიონთა ლიგას, დავუბრუნდებოდი ჩემს პირველ მწვრთნელ ჰარი რედნაპს “ქუინს პარკში”
ვამაყობ ინგლისის ნაკრებში ჩატარებული 81 მატჩით. ეს არის ის მოგონება, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება”, – ციტირებს რიო ფერდინანდის სიტყვებს BT Sport-ი.

ფერდინანდმა “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებული 12-წლიანი კარიერის განმავლობაში ექვსჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, ერთხელ ფეხბურთის ასოციაციის თასი, სამჯერ ლიგის თასი, მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი და უეფას სუპერთასი, გახდა საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული.

 

ბარტონი: “ტერი რასიზმისთვის ოთხმატჩიანი, ფერდინანდი კი ერთი პოსტისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს”

“ქუინს პარკ რეინჯერსის” ნახევარმცველი ჯოი ბარტონი თანაგუნდელ რიო ფერდინანდს გამოექომაგა.

შეგახსენებთ, რომ ფერდინანდს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

“უბრალოდ გაოცებული ვარ. ერთი პოსტისთვის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ჯარიმის სახით 25 ათასი ფუნტ სტერლინგი?
ვფიქრობ, რომ სასჯელი არ შეესაბამება დანაშაულს. თავის დროზე ჯონ ტერიმ რასისტული გამოხტომის გამო ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლებმა იმ სიტყვების სია გამომიგზავნონ, რომელთა გამოქვეყნების უფლებაც არ მაქვს ინტერნეტსივრცეში და რომლებზეც ჯარიმა ვრცელდება”, – დაწერა სოციალურ ქსელში ბარტონმა.

 

რიო ფერდინანდი შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

“ქუინს პარკ რეინჯერსის” მცველი რიო ფერდინანდი სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარის გამო სამმატჩანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. როგორც ირკვევა, ინგლისელმა ფეხბურთელმა შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა, რითაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის წესი დაარღვია. ის სქესობრივი დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს და “ქუინს პარკის” მცველის დასჯის გადაწყვეტილება მიიღეს.

დისკვალიფიკაციის გარდა, რიო ფერდინანდი 25 ათასი ფუნტითაც დააჯარიმეს. ფეხბურთელს ოთხთვიანი სპეციალური კურსის გავლაც მოუწევს, რომელიც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდება.

 

რიო ფერდინანდი: “გიგზი მწვრთნელად რომ დარჩენილიყო, “მანჩესტერიდან” არ წავიდოდი”

“ქუინს პარკ რეინჯერსის” ახალწვეული რიო ფერდინანდი “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი სამწვრთნელო შტაბის გეგმებში არ შედიოდა. ამის შესახებ თავად ინგლისელმა ფეხბურთელმა ისაუბრა.

„როდესაც რაიან გიგზი მწვრთნელად დანიშნეს, მე მას ვესაუბრე. მან მითხრა, რომ სურდა, გუნდში დავრჩენილიყავი. განმიცხადა, რომ მე მის გეგმებში შევდიოდი, თუმცა ყველაფერი უცბად შეიცვალა. მოვიდა ახალი მწვრთნელი, ახალი იდეებით და მე წასვლა მომიწია. მაშინ კლუბის ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ თუ მე მათ გეგმებში არ შევდიოდი, ჩემთვის გუნდიდან აბარგება უმჯობესი იქნებოდა. მათ მადლობა გადამიხადეს და დამემშვიდობნენ. კლუბი უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი მოთამაშე.

ახლა ბედნიერი ვარ, რომ “ქუინს პარკის” ფეხბურთელად ვითვლები.რედნაპის და ფერნანდესის მადლობელი ვარ, რადგან მათ მე შანსი მომცეს. საზღვარგარეთიდან შემოთავაზება მქონდა, თუმცა რედნაპის ზარის შემდეგ უცხოელებს უარი შევუთვალე“, – განაცხადა ფერდინანდმა “ქუინს პარკის” ფეხბურთელის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ რიოს “მანჩესტერ იუნაიტედთან” ხელშეკრულება დაუმთავრდა და ლონდონურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

35 წლის მცველმა “ქუინს პარკთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში რიო ფერდინანდმა 12 წელი დაჰყო. მას ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 81 მატჩი აქვს ჩატარებული.

 

ოფიციალურად: რიო ფერდინანდი „ქუინს პარკში“ გადავიდა

გამოცდილი ინგლისელი მცველი რიო ფერდინანდი კარიერას „ქუინს პარკ რეინჯერსში“ გააგრძელებს. ფეხბურთელს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ხელშეკრულება დაუმთავრდა და ლონდონურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

35 წლის მცველმა „ქუინს პარკთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთლონდონური კლუბი პრემიერლიგაში დაბრუნდა.

 

რიო ფერდინანდი: „ასე ცხოვრება აღარ მინდა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი რიო ფერდინანდი გამოტყდა, რომ კლუბის ამჟამინდელი კრიზისი მის პირად ცხოვრებაზე მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს.

„უხერხული მდგომარეობაა შექმნილი. ქუჩაში გამოსვლა, ბავშვევის სკოლაში წაყვანა, ავტომობილის საწვავით შევსების ან საყიდლებზე სიარულის სურვილი არ მაქვს. ტელევიზორსაც აღარ ვუყურებ. მეჩვენება, რომ ხალხი მუდმივად ცუდი თვალით მიყურებს. ეს ჩემთვის უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა. ასე ცხოვრება აღარ მინდა. მსურს, თავისუფლად და კომფორტულად ვიცხოვრო“, – ფერდინანდის სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 51 ქულით პრემიერლიგის მეშვიდე პოზიცია აქვს დაკავებული.

„წითელი ეშმაკები“ 32-ე ტურში „ასტონ ვილას“ მიიღებენ.

ბექა დოგრაშვილი

რიო ფერდინანდი შეფ-მზარეულობას აპირებს?

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანმა მცველმა რიო ფერდინანდმა მუშაობა, შესაძლოა, შეფ-მზარეულად გააგრძელოს.

ინგლისელი მცველის თანაკლუბელმა დავიდ დე ხეამ სოციალურ ქსელში ფერდინანდის ფოტო ატვირთა და წარწერაც გაუკეთა: „ჩვენ ახალი შეფ-მზარეული გვყავს!“

ხუმრობა იქით იყოს და რიო ფერდინანდი მართლაც ფლობს მანჩესტერში რესტორანს.