“შალკემ” დი მატეო გაათავისუფლა

რობერტო დი მატეო გელზენკირხენის “შალკეს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

“ხუმარები” გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში “ჰამბურგთან” ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ და სეზონი მეექვსე პოზიციაზე დაასრულეს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გერმანიის თასს დორტმუნდის “ბორუსია” მოიგებს, “შალკე” ევროპის ლიგას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. თუ თასი “ვოლფსბურგს” დარჩება, გელზენკირხენელები ტურნირს ჯგუფური ეტაპიდან შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ დი მატეო “შალეკს” 2014 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა. კონტრაქტი 2017 წლამდე იყო გაფორმებული.

 

დი მატეო: “კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გუნდების დონეებს შორის სხვაობა შესამჩნევია”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გელზენკირხენის “შალკემ” მადრიდის “რეალი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მატჩი “ხუმარების” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ შეაფასა.

“კარგად ვითამაშეთ, მაგრამ “რეალის” წინააღმდეგ თავის წარმოჩენა ყოველთვის რთულია. გოლის გატანის შანსიც გვქონდა, თუმცა განსხვავება ის არის, რომ ჩვენ მხოლოდ შანსი გვქონდა, მეტოქემ კი ორჯერ გაიტანა. ეს შედეგიც გუნდების დონეებს შორის სხვაობამ განაპირობა. ჩვენ შორის განსხვავება განსაკუთრებით შეტევით ხაზში შეინიშნებოდა.

მადრიდში გამარჯვება რთული იქნება, თუმცა რწმენა არ უნდა დავკარგოთ. თუ მომდევნო ეტაპზე თამაში გვსურს, ორი გოლი უნდა გავიტანოთ”, – დი მატეოს კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“რეალსა” და “შალკეს” შორის განმეორებითი შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუზე”, 10 მარტს გაიმართება.

 

ოფიციალურად: დი მატეო “შალკეს” ახალი თავკაცია

გელზენკირხენის “შალკეს” ხელმძღვანელობამ დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იენს კელერი გაათავისუფლა.

“ხუმარების” თავკაცის თანამდებობაზე რობერტო დი მატეო დაინიშნა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2017 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.

“ბოლო კვირეების განმავლობაში გუნდი არასტაბილურად თამაშობდა. მიზნის მისაღწევად სწორედ სტაბილურობა გვაკლია. ამიტომ, გუნდის თავკაცის შეცვლს გადაწყვეტილება მივიღეთ”, – განაცხადა “შალკეს” სპორტულმა დირექტორმა ჰორსტ ჰელდტმა.

შეგახსენებთ, რომ “შალკეს” გერმანიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-11 ადგილი უკავია.

 

შესაძლოა, „ლაციოს“ დი მატეომ უთავკაცოს

ევროპულმა პრესამ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. რამდენიმე გამოცემის ცნობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ რომის „ლაციოს“ ახალი თავკაცი ეყოლება. გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთვნელი ვლადიმირ პეტკოვიჩი, დიდი ალბათობით, შვეიცარიის ნაკრებს უხელმძღვანელებს, ხოლო „არწივებს“ ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი თავკაცი რობერტო დი მატეო ჩაიბარებს.

2011/2012 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან კონტრაქტის გაფორმება რომაელთათვის ერთ-ერთ მისაღებ ვარიანტად ითვლება.

აღსანიშნავია, რომ 1993 წლიდან 1996 წლამდე დი მატეო სწორედ „ლაციოს“ ფეხბურთელი იყო.