იაია ტურე რობერტო მანჩინის ყოველკვირეულად ხვდება

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი იაია ტურე კლუბში ორი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში დარჩება.

როგორც ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი წერს, კოტ დივუარელი ფეხბურთელი “ქალაქელთა” რიგებში იმ შემთხვევაში გააგრძელებს თამაშს, თუ კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ფერან სორიანოსა და სპორტულ დირექტორ ჩიკი ბეგირისტაინს დაკავებული პოსტებიდან გაათავისუფლებენ.

პალმერი ამბობს, რომ იაია ტურეს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე “მანჩესტერ სიტი” და მილანის “ინტერი” მოლაპარაკებას განაგრძობენ, თავად ფეხბურთელი კი იანვრიდან ყოველკვირეულად ხვდება “ნერიაძურის” თავკაც რობერტო მანჩინის.

იაია ტურემ მიმდინარე სეზონში “მანჩესტერ სიტის” რიგებში ჩატარებულ 34 მატჩში ათი გოლი გაიტანა.

 

მანჩინი: “მსაჯმა სუფთა პენალტი არ დანიშნა”

იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელიც მილანურ გუნდებს შორის გაიმართა, უგოლოდ დასრულდა. მატჩის შემდეგ “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ “მილანის” კარის მიმართულებით მსაჯებმა პენალტი არ დანიშნეს.

“სამწუხაროა, რომ ვერ გავიმარჯვეთ, თუმცა მეტი რაღა უნდა გვექნა?! მსაჯმა სუფთა პენალტი არ დანიშნა. ასპროცენტიანი პენალტი იყო. გასულ კვირას არბიტრმა გუარინის მიერ ხელით თამაში დაინახა და დღეს რატომ ვერ შენიშნეს იგივე?

ოცი მატჩია, მსაჯობაზე უკმაყოფილება არ გამომიხატავს, თუმცა ბოლო ორ შეხვედრაში საკამათო ეპიზოდები ჩვენი მეტოქეების სასარგებლოდ გადაწყდა. პალასიოს მიერ გატანილი გოლის არჩათვლას არ ვგულისხმობ. იმ მომენტის განმეორება ვნახე და დავინახე, რომ როდრიგომ თამაშის წესი დაარღვია.

გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთ. “მილანი” თავს კარგად იცავდა და რამდენიმე ეპიზოდში გაუმართლა კიდეც. როდესაც არ ფორტუნა ზურგს გაქცევს, ვერაფერს იზამ. იმედია, მომავალ სეზონში ყველაფერი სხვანაირად იქნება”, – მანჩინის სიტყვები Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

მანჩინი: “ინტერი” ზაფხულში ტოპფეხბურთელს დაიმატებს”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ კლუბის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა. ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი ამბობს, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ნერიაძური” უმაღლესი დონის ერთ-ერთ მოთამაშეს დაიმატებს.

“ჩემს მოთამაშეებს ამ სეზონში დარჩენილი ათივე მატჩის მოგება ვთხოვე. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ევროპის ლიგის ზონაში მოსახვედრად.

მომდევნო წლებში სკუდეტოს მოგებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. “ინტერი” ტოპკლუბია და ამიტომ, ზაფხულში ტოპფეხბურთელს ვიყიდით.

მომწონს “ტორინოს” მოთამაშე მატეო დარმიანი, “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ ჯეიმს მილნერთან კონტრაქტს ვაფორმებთ. ის გადაწყვეტს, რა არის მისთვის უკეთესი.

იაია ტურე “სიტის” ეკუთვნის, ევგენი კონოპლიანკა და მატია პერინიც კარგი ფეხბურთელები არიან. პიერო აუზილიოც ვითარდება”, – აღნიშნა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 10 ტურით ადრე მილანის “ინტერს” სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიცია უკავია და ევროპის ლიგაზე გამსვლელ მე-5 ადგილზე მყოფ “ნაპოლისთან” ათქულიანი ჩამორჩენა აქვს.

 

მანჩინი იტალიის ნაკრებში ნატურალიზებული მოთამაშეების მიწვევის წინააღმდეგ გამოდის

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი იტალიის ეროვნულ ნაკრებში ნატურალიზებული მოთამაშეების მიწვევის წინააღმდეგ გამოდის.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბულგარეთის და ამხანაგურად ინგლისის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის “სკუადრა აძურას” განაცხადში გამოიძახა “სამპდორიას” თავდამსხმელი ედერი, რომელიც ბრაზილიაშია დაბადებული და “პალერმოს” ნახევარმცველი ფრანკო ვასკესი, რომელსაც არგენტინული ფესვები აქვს.

“იტალიის ეროვნული ნაკრები იტალიური უნდა იყოს. ის, ვინც იტალიაში არ არის დაბადებული, მაგრამ აქ შორეული ნათესავები ჰყავს, იტალიის ნაკრებში არ უნდა გამოიძახონ. მე ასე ვფიქრობ”, – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football Italia.

 

მანჩინი: “ვოლფსბურგს” სამი გოლი ვაჩუქეთ” (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ვოლფსბურგსა” და მილანის “ინტერს” შორის გამართული შეხვედრა გერმანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. მატჩი შეაფასა “ნერიაძურის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ.

“კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ გაგვირთულდა თამაში. “ვოლფსბურგს” სამი გოლი ვაჩუქეთ.

უფრო ფრთხილად უნდა გვეთამაშა. თამაში კარგად მიმდინარეობდა. სამწუხარო ის არის, რომ უაზრო შეცდომები დავუშვით.

შეცდომას ყველა უშვებს, თუმცა მეკარე კარისოს უადგილო პასი მცველების ბრალიც არის, რადგან აუცილებელი არ არის, ბურთი ყოველთვის კიპერს დაუბრუნო. მცველები უფრო გაბედულები უნდა იყვნენ და წინ იყურონ.

ნათელი იყო, რომ “ვოლფსბურგთან” მძიმე შეხვედრა გველოდა. მეტოქისთვის დიდი სივრცეები არ უნდა დაგვეტოვებინა, ბურთი ასე ხშირად არ უნდა დაგვეკარგა. მოწინააღმდეგე გუნდი კონტრშეტევებზე ძალიან კარგად თამაშობს”, – ციტირებს მანჩინიოს სიტყვებს Football Italia.

“ინტერსა” და “ვოლფსბურგს” შორის განმეორებითი მატჩი 19 მარტს გაიმართება.

მანჩინი: “ინტერი” მომდევნო სეზონში სკუდეტოსთვის იბრძოლებს”

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი “სან პაოლოზე” გაიმართება, სადაც “ნაპოლი” მილანის “ინტერს” მიიღებს. “ნერიაძურის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი რთული შეხვედრის მოლოდინშია, თუმცა იტალიელი სპეციალისტი იქვე აღნისნავს, რომ მისი გუნდი თამაშის გაუმჯობესებას განაგრძობს.

“ძალიან მძიმე მატჩი იქნება. დადებითი შედეგის მოპოვება რთული იქნება, თუმცა გვინდა, რომ სატურნირო ცხრილში ჩვენზე უკეთეს პოზიციაზე მყოფი გუნდის წინააღმდეგ ჩვენი საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინოთ. თუ გავიმარჯვებთ, ეს ჩვენთვის დიდი შვება იქნება.

“ინტერი” განვითარებას განაგრძობს. ვფიქრობ, უბრალოდ არ გვიმართლებს. “ინტერი” მომდევნო სეზონში სკუდეტოსთვის იბრძოლებს”, – მანჩინის სიტყვები Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

“ინტერის” პრეზიდენტი: “ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბთა ათეულში დავბრუნდებით”

მილანის “ინტერის” პრეზიდენტმა ერიკ თოჰირმა, რომელიც კლუბს 2013 წლის ოქტომბრიდან მართავს, განაცხადა, რომ “ნერიაძური” უახლოეს მომავალში მსოფლიოს საუკეთესო კლუბთა ათეულში მოხვდება.

“კვლავ ვფიქრობ იმაზე, რომ “ინტერი” მსოფლიოს საუკეთესო კლუბთა ათეულში უნდა იყოს, თუმცა ამისთვის დრო არის საჭირო. ყველამ კარგად ვიცით, რომ რობერტო მანჩინი ნამდვილი პროფესიონალია, ის მუყაითად მუშაობს იმისთვის, რომ კარგი გუნდი შექმნას.

უკანასკნელი რამდენიმე მატჩია, გოლს ბოლო წუთებზე ვუშვებთ, თუმცა გუნდის თავდაჯერებულობა მატულობს. ფეხბურთელებმა კონცენტრაცია 94-ე წუთამდე უნდა შეინარჩუნონ, თუნდაც ანგარიშით 2:0 იგებდნენ. ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი ხდება, ამიტომაც არის სპორტის ყველაზე მიმზიდველი სახეობა.

თუ გვინდა, რომ “ინტერი” კვლავ გახდეს დიდი კლუბი, პირველ რიგში – გუნდს მხარი უნდა დავუჭიროთ”, – განაცხადა თოჰირმა მილანური კლუბის ოფიციალური ტელეარხის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ “ინტერი” დღეს ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე გლაზგოს “სელტიკთან” განმეორებით მატჩს გამართავს. პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

 

მანჩინი: “ტურეს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი და ვნახოთ, რა მოხდება მომავალში”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ კლუბის მხრიდან იაია ტურეს მიმართ დაინტერესებაზე კომენტარი გააკეთა.

“ტურესთან ერთად მიმუშავია და მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ, თუმცა ამ ეტაპზე ის “მანჩესტერ სიტიში” თამაშობს. ახლა ამ ტრანსფერის განხორციელება რთული იქნება, თუმცა ვნახოთ, რა მოხდება მომავალში”, – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football-italia.

იტალიური წყაროების ცნობით, “ინტერმა” მთავარ სატრანსფერო მიზნად სწორედ იაია ტურე დაისახა. თავად კოტ დივუარელმა ნახევარმცველმა კი განაცხადა, რომ არ იცის, თუ რომელ გუნდში დაიწყებს მომავალ სეზონს.

იაია ტურეს “მანჩესტერ სიტისთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის ივნისში ეწურება.

 

როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან ბალოტელისა და მანჩინის (ამონარიდი აგუეროს წიგნიდან)

2014 წლის დამლევს “მანჩესტერ სიტისა” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელშიც მრავალ საინტერესო თემაზე საუბრობს. არგენტინელი ფეხბურთელის მიერ გამოცემული წიგნის ერთ-ერთი მონაკვეთი რობერტო მანჩინისა და მარიო ბალოტელის შორის არსებულ ურთიერთობა ეხება. როგორც მოგეხსენებათ, მათ “მანჩესტერ სიტიში” სამი წლის განმავლობაში უწევდათ თანამშრომლობა.

Born to Rise

აგუერო წერს:

“ბალოტელისა და მანჩინის ურთიერთობა ხშირად ღიმილის მომგვრელი იყო. ისინი ერთმანეთს ისე ეჩხუბებოდნენ, როგორც კატა და ძაღლი. ერთმანეთს აგინებდნენ, უყვიროდნენ, თუმცა შემდეგ ისევ მამაშვილურად იქცეოდნენ.

საწვრთნელ მოედანზე ხშირად ვთამაშობდით ფეხბურთს ხუთი ხუთის წინააღმდეგ. მანჩინიც გვიერთდებოდა და მარიოს მოწინააღმდეგე გუნდში თამაშს ამჯობინებდა. რობერტო გვეუბნებოდა, რომ თამაშის დროს ისიც ჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო და არა – მწვრთნელი.

მანჩინი გვეუბნებოდა, რომ მისთვის ყველაფრის თქმა შეგვეძლო, რაც მოგვესურვებოდა. თამაშის დაწყებისთანავე ის და მარიო ერთმანეთს ურტყამდნენ, უყვიროდნენ. ასე გრძელდებოდა საფინალო სასტვენამდე. თამაშის დასრულებისას მანჩინი გვახსენებდა, რომ ის ჩვენი მწვრთნელი იყო.

მარიო მას ხანდახან ასეთ რამეს ეუბნებოდა: “უვარგისი ფეხბურთელი იყავი, თან მაშინ გაცილებით ადვილი იყო ფეხბურთის თამაში”. მანჩინი კი პასუხობდა: “შენ ვერც იმ პერიოდში ითამაშებდი და ვერც ახლა თამაშობ”. ძალიან სასაცილოები იყვნენ. მარიო რამდენიმე დღით იბუტებოდა, პატარა ბავშვივით იქცეოდა. მენატრება. მიუხედავად იმისა, რომ გიჟი იყო, დიდებული თვისებები ჰქონდა”.

 

მანჩინი: “ყველა იტალიელ მწვრთნელს უნდა ჰქონდეს საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილება”

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი მასიმო მორატი გამოტყდა, რომ მომავალში იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე სიამოვნებით იმუშავებდა.

“თუ იტალიის ნაკრების გაძღოლის შანსი მომეცემა, ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება. საზღვარგარეთ მუშაობა მომიწია. უცხოეთში მუშაობა ტვინს “ხსნის” და ვთვლი კიდევაც, რომ ყველა იტალიელ მწვრთნელს უნდა ჰქონდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ მუშაობის გამოცდილება”, – მანჩინის სიტყვებს Tribalfootball-ი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინის საზღვარგარეთ ინგლისურ “მანჩესტერ სიტისა” და თურქულ “გალათასარაიში” უმუშავია.

გეტყვით იმასაც, რომ მილანის “ინტერს” იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიცია უკავია.

 

მანჩინი: “ბალოტელი იბრაჰიმოვიჩის კოპირებას ცდილობს, მაგრამ…”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა ყოფილი შეგირდის, მარიო ბალოტელის შესახებ, რომელიც ამჟამად “ლივერპულის” ღირსებას იცავს.

“ბალოტელი ზლატან იბრაჰიმოვიჩის კოპირებას ცდილობს, თუმცა შვედს საკმაო გამოცდილება და კლასი აქვს. მარიოს კი ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. ვიმედოვნებ და ვუსურვებ, რომ მას იბრას დონემდე მიეღწიოს”, – მანჩინის სიტყვები “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მანჩინი და ბალოტელი თავის დროზე ერთად “ინტერში” და “მანჩესტერ სიტიში” მუშაობდნენ.

 

რობერტო მანჩინი ამ სეზონში “ინტერის” მიზნის შესახებ

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ მიმდინარე სეზონში საკუთარი კლუბის წინაშე დასახული მიზნის შესახებ ისაუბრა.

“ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა. ეს არ არის ადვილი ამოცანა, თუმცა განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც რთულ საქმეს თავს წარმატებით ართმევ.

ჩვენ მხოლოდ გამარჯვებებზე ვფიქრობთ და როდესაც ამ ტურნირზე მოვხვდებით, ერთად ვნახავთ, როგორ ვიასპარეზებთ. ვფიქრობ, სხვა გუნდებიც დაკარგავენ ქულებს და ამით უნდა ვისარგებლოთ. მესამე ადგილისთვის ბრძოლა “ნაპოლისთან”, “მილანთან” და “ფიორენტინასთან” გვიწევს”, – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football Italia.