ჯერ კიდევ სეზონის დაწყების წინ ნათელი იყო, რომ „მილანს“ მორიგი რთული სეზონი ექნებოდა. თანაც, ფილიპო ინძაგის, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლარენს ზეედორფი შეცვალა, აქამდე მხოლოდ „როსონერის“ ახალგაზრდულ გუნდში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.
კეთილი ადამიანი ასეთ დროს მწვრთნელისთვის დროის მიცემას მოითხოვდა. გამონაკლისი არც ამ შემთხვევაშია. ინძაგი ახალგაზრდა სპეციალისტია, რომელსაც საკმაოდ რთული ამოცანის შესრულება მოუწევს. თუმცა, ფეხბურთში სიტყვების ნაცვლად, საქმეს აფასებენ. 2014 წელი „მილანმა“ არც თუ ისე ცუდად დაასრულდა და მესამე ადგილამდე „შავ-წითლებს“ მხოლოდ ორი ქულა აკლდათ. „რომასთან“ წლის ბოლო მატჩმა აჩვენა, რომ გუნდს ბრძოლა შეუძლია (ხსენებულ შეხვედრაში მილანელები არც ისე ცუდად გამოიყურებოდნენ და უკან მხოლოდ მას შემდეგ დაიხიეს, რაც არმერომ წითელი ბარათი მიიღო). ამის მიუხედავად, 2015 წელს „როსონერი“ უარესად ვერც დაიწყებდა – ინძაგის მოთამაშეები სერია ა-ს ზედიზედ სამ მატჩში დამარცხდნენ. თანაქალაქელი „ინტერის“ მსგავსად, „მილანი“ სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება და სამეულამდე ახლა უკვე რვა ქულა აშორებს. კარგად წელიწადი არც „ნერაძურიმ“ დაიწყო, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ჟერდან შაჩირი და ლუკას პოდოლსკი დაიმატა, რაც „ინტერნაციონალესთვის“ აშკარა გაძლიერება და მომავალში წარმატების მიღწევის საწინდარია.
„ლაციოსთან“ ბოლო მატჩში „მილანის“ „დაულაგებლობას“ მხოლოდ ბრმა ადამიანი თუ ვერ დაინახავდა. მეტოქის გაუაზრებელი მოქმედებების, დაცვაში გაურკვეველი თამაშისა და სხვა მინუსების გამო, რომალელებმა მილანელი სტუმრები ანგარიშით 3:1 დაამარცხეს, რითაც რევანშიც აიღეს. ის ერთადერთი გოლიც ჟერემი მენეზმა გაიტანა, რომლის ინდივიდუალური თამაშის წყალობითაც, „მილანმა“ მიმდინარე სეზონში არაერთი მატჩი მოიგო. მსგავსი ფეხბურთელი „როსონერის“ წინა წლებშიც ჰყავდა – ბოლო ორ სეზონში ასე მარიო ბალოტელი თამაშობდა, რომელიც ზაფხულში „ლივერპულში“ გადაბარგდა. სამწუხაროდ, მენეზს ნახევარდაცვასა და დაცვაში არსებული პრობლემების დაფარვა არ შეუძლია. სხვა მხვრივ, რამდენიმე შეხვედრაში „მილანმა“ გუნდური თამაში აჩვენა, რასაც „რომასთან“ ნახსენები მატჩი ადასტურებს.
ასეთი სიტუაციიდან გამომდინარე, მეორე წრეში „შავ-წითლების“ მიზნებზე საუბარი ცოტა ძნელია. მაშინ, როდესაც მესამე ადგილისთვის მებრძოლი გუნდები სულ უფრო და უფრო კარგ შედეგებს აჩვენებენ, „როსონერის“ საპირისპირო რეზულტატი აქვს. სიტუაციის გამოსწორება „მილანს“ უახლოეს ტურებში შეუძლია. მართალია, ამის გაკეთება მაინც არ იქნება ადვილი. უახლოეს ტურში ინძაგის გუნდი „პარმას“ უმასპინძლებს, რომელიც ამჟამად 9 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება, მაგრამ „მილანისთვის“ იოლი მეტოქე, თუნდაც, იქედან გამომდინარე არ უნდა იყოს, რომ პირველ წრეში მისგან გასვლაზე 4 გოლი გაუშვა, თუმცა ის შეხვედრა, საბოლოოდ, 5:4 მოიგო. ამის შემდეგ კი პიპოს გუნდს ტურინში გასვლა ელის, სადაც იგიგათამაშების ცხრილის ლიდერ „იუვენტუსს“ შეხვდება.
ბევრი იტყვის, რომ ამჟამინდელი „მილანისთვის“ ევროპის ლიგაზეც გამოსვლაც საკმარისი იქნება და მართალიც აღმოჩნდება, ძირითად შემადგენლობაში ლოპესის, აბატეს, მონტოლივოს, დე იონგის, ბონავენტურას ან მენეზის ყოფნას აზრი არ ექნება, თუ მთლიანად გუნდი დალაგებული არ იქნება (განსაკუთრებით ეს დაცვას ეხება). როგორ შეიძლება იმის ახსნა, რომ „ატლეტიკოში“ დაბრუნებულმა ფერნანდო ტორესმა უკვე თავის გამოჩენა მოასწრო და „რეალთან“ დუბლით გამოირჩა? ჯერჯერობით კარგს ვერც ალესიო ჩერჩის შედეგებზე ვიტყვით, რომელსაც ჯერჯერობით ვერც გოლი გაუტანია და ვერც საგოლე პასი გაუკეთებია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდი მატჩებისთვის სათანადო მზადებას ვერ გადის. ასე რომ, თუ უახლოეს მატჩებში პიპო არსებულ ვითარებას უკეთესობისკენ ვერ შეცვლის, კლუბის ხელმძღვანელები მის სახელსა და წარსულში მიღწეულ შედეგებს ყურადღებას არ მიაქცევენ და ახალი თავკაცის ძებნას დაიწყებენ. ბოლო დროს იტალიური პრესა „მილანში“ ლუჩანო სპალეტის შესაძლო მოსვლაზე წერს. „ზენიტის“ ყოფილი თავკაცი სამშობლოში დაბრუნებისთვის რომ მზადაა, ამის შესახებ მან თავის ინტერვიუებში არაერთხელ ისაუბრა. თავისუფალია ჩეზარე პრანდელიც. მსგავსი კანდიდატების არსებობისას სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის გამოცდილების მქონე ადამიანები ბევრს არ უნდა ფიქრობდნენ.
რა თქმა უნდა, საქმე არამხოლოდ მწვრთნელშია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ სხვა თავკაცის ხელში გუნდი უკეთეს შედეგებს მიაღწევდა. დიდი ისტორიის მქონე კლუბების ცუდ მდგომარეობაში ხილვა ყოველთვის არასასიამოვნოა. თუ „მილანის“ ისტორიას გავიხსენებთ, მაშინ, დავრწმუნდებით, რომ მსგავსი ძლიერი კლუბი თანამედროვე ფეხბურთს კიდევ უფრო დიდ სანახაობას აჩუქებდა.