თბილისის “საბურთალო” პოლონურ გუნდს დაუპირისპირდება

დედაქალაქური “საბურთალო” 13 თებერვალს მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის მეტოქე ამჯერად პოლონეთის “რაკუვი” იქნება. მოწინააღმდეგე პოლონეთის პირველი ლიგის მესამე ადგილოსანია, რომელიც უძლიერესთა რიგებში გადასასვლელად იბრძვის. “რაკუვს” 32 ქულა აქვს, პირველზე მყოფ კლუბს კი 35 ქულა.

ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მეორე შეკრებაზე ეს “საბურთალოსთვის” მეოთხე საკონტროლო მატჩი იქნება. თბილისლეებმა უკრანის გუნდებთან – “სტალთან” და “მარიუპოლთან” 3:3 და 2:2 დაასრულეს შეხვედრები, ასევე 2:2 დაუზავდნენ სერბეთის ვრანის “დინამოს”.

თბილისის “საბურთალოს” ოფიციალური გვერდი

“საბურთალო” – “დინამო” (ვრანი) 2:2

თბილისის “საბურთალომ” თურქულ შეკრებაზე ზედიზედ მესამე ამხანაგური მატჩი დაასრულა ფრედ – დღეს ჩვენი კლუბი სერბეთის პირველი ლიგის პირველადგილოსან ვრანის “დინამოს” დაუპირისპირდა, უხვგოლიანი შეხვედრა 2:2 მორჩა.
პირველ ნახევარში გიორგი კოხრეიძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ მისი თავური ძელს მოხვდა. მე-40 წუთზე გეგა დიასამიძემ ლამაზი გოლი გაიტანა – ტექნიკური დარტყმით მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

მეორე ნახევარში, ისევე როგორც პირველ ტაიმში, ბურთს “საბურთალოელები აკონტროლებდნენ. 86-ე წუთზე თბილისელებმა სწრაფი იერიში განახორციელეს – დავით ვოლკოვმა გურამ გოშთელიანს უპასა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა. ფორვარდმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში და თავისიანების უპირატესობა სოლიდური გახადა. უნდა აღინიშნოს, რომ გუშინდელ ამხანაგურ შეხვედრაში გოშთელიანი 19 თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მინდორს, დღეს კი გოლის გემოც გაიხსენა. თითქოს “საბურთალოს” შეხვედრის ლოგიკურ დასასრულამდე არ უნდა გაჭირვებოდა მატჩის მიყვანა, მაგრამ სერბებმა დარჩენილ 4 წუთში ჯერ მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა, ბოლოს კი კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, გამთანაბრებელი გოლი გაიტანეს.

საბურთალო: სომხიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ნადარაია, ალთუნაშვილი (ჯინჯოლავა 66), თარხნიშვილი, დიასამიძე (ვოლკოვი 61), ჩაბრაძე, გვარაძე, კოხრეიძე (გოშთელიანი 61).

“საბურთალოს” 19 წლამდე გუნდმა “შევარდენის” ასაკობრივი გუნდის დამარცხება შეძლო

“საბურთალოს” 19 წლამდელთა გუნდმა, რომელსაც ლევან კორღალიძე ხელმძღვანელობს, პირველი ამხანაგური მატჩი გამართა – მეტოქე “შევარდენის” ასაკობრივი გუნდი იყო, შეხვედრა კი საბურთალოელებმა 1:0 მოიგეს. ერთადერთი ბურთი ცვლილებაზე შესულმა გოჩოლეიშვილმა გაიტანა.

საბურთალო: ბახტაძე, შიუკიშვილი, შიხაშვილი, გელაძე, შაქარაშვილი, მარტყოფიშვილი, ფაცაცია, ხორხელი, შარვაშიძე, ბერუჩაშვილი, ლეშკაშელი.
ცვლილებაზე შევიდნენ: მეტრეველი, გოჩოლეიშვილი, გელაშვილი, ცალუღელაშვილი, აფციაური, ცხაკაია.

საბურთალოს ოფიციალური გვერდი

გურამ გოშთელიანი 19 თვიანი პაუზის შემდეგ “საბურთალოს” დაუბრუნდა – ინტერვიუ თავდამსხმელთან

19 თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, გურამ გოშთელიანი მინდორს დაუბრუნდა – ახალგაზრდა ფორვარდმა “მარიუპოლთან” (2-2) შეხვედრაში 27 წუთი ითამაშა.

გუშინ ფეხბურთელთან ინტერვიუ “საბურთალოს” ოფიციალურმა გვერდმა ჩაწერა.

– თამაშის წინა დღეს, იმდენი ხანი ვიფიქრე და იმდენი ემოცია შევალიე, მინდორზე რომ გავედი სანახევროდ დაღლილი ვიყავი. როდესაც უკვე მოედანზე შევედი და ბურთს შევეხე, სულ სხვა გრძნობა დამეუფლა, დიდი სიხარული იყო. მივხვდი, რომ ფეხბურთის თამაში ისევ შემიძლია, ეს კი ჩემთვის დიდი ბედნიერება და სიამაყის გრძნობაა.

– იცოდით, რომ გარკვეული დროით მოგიწევდათ თამაში?
– დიახ, ვიცოდი. წინა დღეებში გიორგი ჭიაბრიშვილს ვესაუბრე და მითხრა, რომ “მარიუპოლის” წინააღმდეგ რაღაც დროით ვითამაშებდი. ამ დღისთვის ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდი. 27 წუთი კი ვითამაშე, მაგრამ მინდოდა თამაში კიდევ გაგრძელებულიყო. მონატრებული ვარ ფეხბურთის თამაშს. იმედი მაქვს, ჩემპიონატის დაწყებამდე უფრო ავთამაშდები და დავეხმარები ჩემს საყვარელ გუნდს მიზნის მიღწევაში.

– დიდი ხანი არ ვარჯიშობდით. ორჯერად ვარჯიშებთან შეგუება არ გაგიჭირდათ?

– ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს, ვუძლებ დატვირთვებს. უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით თანაგუნდელებზე მალე ვიღლები, თუმცა ეს არცაა გასაკვირი, კარგა ხანს მოედანს ჩამოშორებული ვიყავი.

– დღევანდელ მეტოქეზე რას იტყვით? უკრაინელები ყოველთვის ათლეტურობით გამოირჩევიან…

– კარგი გუნდი იყო, ფიზიკურად კარგად მომზადებული. უკრაინელებმა შეკრება დღეს უკვე დაასრულეს, რადგანაც ჩემპიონატი რამდენიმე დღეში ეწყებათ, ჩვენ კი შუა მოსამზადებელ ეტაპზე ვართ. მარიუპოლელები მაღალ სისწრაფეებზე და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობდნენ. მთლიანობაში თანაბარი თამაში გამოვიდა.

– რას უნდა ველოდოთ წლეულს “საბურთალოსგან”?

– “საბურთალომ” ძალიან ძლიერი კლუბი ჩამოაყალიბა. დავიმატეთ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი. ისეთები, რომლებსაც ჩვენს პირველობაზე და არამარტო ჩვენს ჩემპიონატში, გარკვეულ წარმატებებისთვის მიუღწევიათ. მათი გამოცდილება, ვფიქრობ წაგვადგება. წლეულს ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს – ჩემპიონობა! ამისთვის მზად ვართ. “საბურთალო” ამ მიზნისთვის წლებია იბრძვის.

– და ბოლოს – რას ეტყვით თქვენს გულშემატკივრებს?

– დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას კითხულობდნენ, მათ გვერდში დგომას ნამდვილად ვგრძნობდი. ვეცდები ისინი კარგი თამაშითა და გატანილი ბურთებით გავახარო. მადლობა ჩემს საყვარელ “საბურთალოს”, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ფეხბურთი ისევ მეთამაშა. მადლობა კლუბის ყველა ხელმძღვანელს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და ექიმებს. ამ სიკეთეს, არასდროს დავივიწყებ.

“საბურთალომ” და “მარიუპოლმა” შედეგიანი ფრე ითამაშეს

დედაქალაქურმა “საბურთალომ” თურქეთში დღეს მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ქართული კლუბის მეტოქე უკრაინის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი, ილიჩოვეცის “მარიუპოლი” იყო. შეხვედრა 2:2 დასრულდა.

პირველი ნახევარი “საბურთალოელებმა” მინიმალური სხვაობით მოიგეს. ლუკა ლაკვეხელიანის საჯარიმოში წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, თერთმეტმეტრიანი კი ზუსტად გიორგი ხარაიშვილმა დაარტყა. მანამდე კი გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა თორნიკე გორგიაშვილს, რომლის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი, ზემოდან გადაევლო კარს. ერთხელაც გიორგი კოხრეიძეს მიეცა გატანის შანსი, მაგრამ უკრაინელები ხარიხამ გადაარჩინა. ერთ-ერთ ეპიზოდში კი გაშვებულ გოლს თავისიანები ლაზარე კუპატაძემ გადაარჩინა, რომელმაც ახლოდან დარტყმული ბურთი მოიგერია.

მეორე ნახევრის დებიუტში მეტოქემ გაათანაბრა – გოლი ტიშენკომ გაიტანა. თუმცა, რამდენიმე წუთში თორნიკე გორგიაშვილმა მარჯვენა ფეხით შედეგიანი დარტყმა განახორციელა, 2:1. ისე მოხდა, რომ უკრაინელებმა მეორედ გაათანაბრეს თამაში – “მარიუპოლის” შემადგენლობიდან თავით კარაბენკომ გაიტანა. დარჩენილ დროში “საბურთალოს” რამდენჯერმე ჰქონდა დაწინაურების შესაძლებლობა, მაგრამ საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრაში ერთი სასიამოვნო ფაქტი მოხდა – დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა გურამ გოშთელიანი, რომელსაც კარგა ხანს ტრავმა აწუხებდა. ამპლუით ფორვარდმა მინდორზე 27 წუთი დაჰყო.
მორიგ შეხვედრას საბურთალოელები ხვალ, 9 თებერვალს გამართავენ.

საბურთალო – მარიუპოლი 2:2 (1:0)

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, გრიგალაშვილი, რეხვიაშვილი (ჯინჯოლავა 75), ლაკვეხელიანი (ჩაბრაძე 68), ელვინ ტერა (გოშთელიანი 63), გორგიაშვილი, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, კოხრეიძე (დიასამიძე 46).
მარიუპოლი: გალჩუკი, ნეპლიანი, ნასონოვი, ბელი, გაფატი, კოლტსოვი, ტიშენკო, პიხალენოკი, კორობენკო, რადჩენკო, დედეჩკო.

გოლები: 1:0 ხარაიშვილი (38), 1:1 ტიშენკო (48), 2:1 გორგიაშვილი (54), 2:2 კარაბენკო(56).

“საბურთალო” “მარიუპოლს” შეხვდება

დედაქალაქური “საბურთალო” ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს.

გუნდი თურქულ შეკრებაზე მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 8 თებერვალს, უკრაინის უმაღლესი ლიგის მეშვიდე ადგილოსან “მარიუპოლთან” გამართავს. მეორე დღეს კი სერბეთის პირველი ლიგის პირველ ადგილოსან ვრანის “დინამოს” დაუპირისპირდება. 13 თებერვალს გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები პოლონეთის პირველი ლიგის მესამე ადგილოსან “რაკუვთან” მოსინჯავენ ძალებს.

აქვე გეტყვით, რომ გუშინ “საბურთალო” “სტალს” გაეჯიბრა და მეტოქესთან ფრე, 3:3 ითამაშა.

“საბურთალომ” “სტალთან” ამხანაგურ შეხვედრაში ფრე ითამაშა

მეორე შეკრებაზე დედაქალაქურმა “საბურთალომ” პირველი ამხანაგური მატჩი უკრაინის უმაღლესი ლიგის “სტალთან” გამართა. შეხვედრა 3:3 დასრულდა.

ანგარიში გიორგი კოხრეიძემ გახსნა, რომელმაც ტექნიკური დარტყმით მოათავსა ბურთი კარში. ამის შემდეგ, თბილისელებს მალევე შეეძლოთ ანგარიშის ორამდე გაზრდა, მაგრამ სახიფათო მომენტი მეტოქის მცველებმა განმუხტეს. 30-ე და 32-ე წუთებზე უკრაინელებმა ორჯერ გაიტანეს – გამთანაბრებელი გოლი ტიაგო რომულომ გაიტანა, ხოლო წინ მაქსიმ ზადერკამ გაიყვანა თავისიანები.

მეორე ტაიმი ჩვენმა კლუბმა სხვა შემადგენლობით დაიწყო, 90-90 წუთი მხოლოდ გიორგი კოხრეიძემ და ბექა ქურდაძემ ითამაშეს. გამთანაბრებელი გოლი გეგა დიასამიძის საჯარიმოს სიახლოვესთან წაქცევას მოჰყვა – ტექნიკურად კი ჯარიმა ლუკა ლაკვეხელიანმა შეასრულა, 2:2. მალევე საბურთალოელებმა წინ გასვლაც მოახერხეს – გიორგი კოხრეიძემ მეტოქის საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან მეკარე პენკოვს შანსი არ დაუტოვა. თუმცა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე იური კლუმჩუკმა საბოლოო შედეგი, 3:3 დააფიქსირა.

საბურთალო (პირველი ტამი): ქურდაძე, ჩაბრაძე, ცნობილაძე, რეხვიაშვილი, ნადარაია, ელვინ ტერა, თარხნიშვილი, ალთუნაშვილი, გვარაძე, ხარაიშვილი, კოხრეიძე.

მეორე ტაიმი: ქურდაძე, იაშვილი, გრიგალაშვილი, ჯინჯოლავა, ლაკვეხელიანი, მალი, მამუჩაშვილი, გორგიაშვილი, დიასამიძე, კოხრეიძე, ტატანაშვილი.

სტალი: პენკოვი, ებერტი, ოშჩუპკო, ჟონატანი, მესხი, იაკუმოვი, კოსტენკო, კოპუტოვი, ზადერაკა, რომულო, კნუში.
გოლები: 1:0 კოხრეიძე (15), 1:1 რომულო (30), 1:2 ზადერაკა (1:2), 2:2 ლაკვეხელიანი (77), 3:2 კოხრეიძე (84), 3:3 კლუმჩუკი (90).

თბილისის “საბურთალო” ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინულ “სტალს” გაეჯიბრება

თბილისის “საბურთალო” თურქეთის ქალაქ სიდეში ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს.

როგორც ცნობილი გახდა, ხვალ დედაქალაქური კლუბი მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები უკრაინულ “სტალს” გაეჯიბრებიან. ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში ბოლო ადგილს იკავებს. აქვე გეტყვით, რომ მატჩი თბილისის დროით 18:30 საათზეა დაგეგმილი.

“საბურთალომ” წინა სეზონში ეროვნული ლიგის გათამაშებაში, 36 ტურში 60 ქულა დააგროვა და მეოთხე პოზიციაც დაიკავა.

“საბურთალოს” ასაკობრივი გუნდების უხვგოლიანი მატჩები “ბენდელაზე”

გუშინ “საბურთალოს” ჭაბუკთა (2002) გუნდებმა ამხანაგური მატჩები გამართეს – პირველი გუნდი “ავაზას” 17 წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდა და მატჩი 3:3 დასრულდა. ერთი წლით უფროსებთან შეხვედრაში დუბლი გოშთელიანმა მიითვალა, ერთი ბურთიც ჟივიძის ანგარიშზეა. მეორე გუნდმა კი 35-ე სკოლას აჯობა, 4:1. გოლები თაფლაძემ, გამრეკელაშვილმა და ფეიქრიშვილმა (ორჯერ) გაიტანეს.

“საბურთალო”: სომხიშვილი, მჭედლიშვილი, გუგეშაშვილი, ლატარია, არჩვაძე, ტალახაძე, ამირხანაშვილი, ხვისტანი, ჟივიძე, უთმელიძე, გოშთელიანი.
ცვლილებაზე შევიდნენ: საჯაია, სიდამონიძე, ჟვანია, ავალიანი, ვაზაგაშვილი, ჩაბრაძე.

“საბურთალო”: უგრეხელიძე, ჩეხერია, გობეჯიშვილი, კილოსანიძე, ჯაფარიძე, სიჭინავა, კვანტალიანი, კაშია, ღუდუშაური, მურჯიკნელი, მახარაძე.
ცვლილებაზე შევიდნენ: კალანდაძე, მარტყოფლიშვილი, ბღარაშვილი, მაისაშვილი, ბააზოვი, თაფლაძე, გამრეკელაშვილი, დოგრაშვილი.

თბილისის “საბურთალომ” მეორე შეკრება დაიწყო

ქართული გუნდები აგრძელებენ ახალი სეზონისთვის მზადებას. მათ შორის, ერთ-ერთი არის თბილისის “საბურთალო”, რომელიც გუშინ თურქეთში გაემგზავრა.

საგულისხმოა, რომ საღამოსვე დედალაქელებმა პირველი ვარჯიში გამართეს.

გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები მეორე შეკრებაზე ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან, ამ ხნის განმავლობაში ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

“საბურთალო”: გიორგი ჭიაბრიშვილმა პირველი შეკრება შეაჯამა

“საბურთალომ” პირველი შეკრება ბულგარეთის “ბოტევთან” 2:0 გამარჯვებით დაასრულა. კლუბი 31 იანვარს სამშობლოში იქნება, რამდენიმე დღეში კი კვლავ თურქეთში გაემგზავრება, სადაც დასკვნით შეკრებას გაივლის.
“საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კლუბის ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა.

– თურქეთის ქალაქ სიდეში ყველანაირი პირობა იყო საფუძვლიანად მომზადების. როგორც სამწვრთნელო შტაბმა, ასევე ფეხბურთელებმა დიდი მოცულობის სამუშაო გაწიეს. საწვრთნელი პროცესი ორჯერადი ვარჯიშებისგან შედგებოდა, პარალელურად კი ამხანაგურ მატჩებს ვთამაშობდით. მახარებს ის, რომ დატვირთვებს ღირსეულად გაუძლეს და ყველა მაქსიმალურად იხარჯებოდა. ასევე, სასიამოვნო და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შეკრება სერიოზული ტრავმების გარეშე ჩავატარეთ.

– მეორე შეკრებაზე რამდენიმე დღეში გაემგზავრებით. აქცენტი რაზე გაკეთდება?

– მეორე შეკრება ძირითადად, ტექნიკა-ტაქტიკას დაეთმობა. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ოთხი ამხანაგური შეხვედრა, საბოლოოდ მეტოქეების ვინაობა კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

– წლეულს გონსალეს ვაგნერი დაუბრუნდა კლუბს. რამდენად ელოდით?

– ვაგნერის დაბრუნების დიდი სურვილი მქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ბელგიური კარიერა ვერ აეწყო. ჩვენთვის ეს ფეხბურთელი დიდ ძალას წარმოადგენს და სარგებლობის მოტანა შეუძლია. მოხარული ვარ, რომ ჩვენი კლუბის ხელმძღვანელებმა შეძლეს, როგორც ფეხბურთელთან, ასევე მის აგენტთან წარმატებით მოლაპარაკება. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელს ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ნახევარი წელი აკავშირებდა, მხარეებმა მოილაპარაკეს და ვაგნერი დღეს ჩვენთანაა. ისიც უნდა ითქვას, რომ თავად ფეხბურთელის დიდი სურვილიც იყო “საბურთალოში” დაბრუნების.

– ყოველთვის აქტუალურია გიორგი ხარაიშვილის საკითხი. რა ხდება მასთან დაკავშირებით, რჩება “საბურთალოში”?

– ხარაიშვილი “საბურთალოს” კაპიტანი, გუნდის სული და გულია, ჩვენი აკადემიის აღზრდილია. იგი ჯერჯერობით ჩვენს კლუბში ირიცხება. რა თქმა უნდა, ინტერესი არის მის მიმართ, მაგრამ როდესაც კონკრეტული და ჩვენთვის მისაღები შემოთავაზება იქნება, ამას ყველა გაიგებს.

– გასული წლისგან განსხვავებით, “საბურთალოს” თამასა ბევრად აწეულია. ხშირად მოისმენს ადამიანი, რომ წლეულს გუნდი მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ამის თქმის საფუძველს რა აძლევთ?

– ყველაზე დიდი შემფასებელი გულშემატკივარია. თუ ასე ფიქრობენ და ხედავენ, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მახარებს. ესე იგი, ამ წლების განმავლობაში “საბურთალომ” გულშემატკივარსა და ამ სფეროში ჩახედულ ადამიანებს დაანახა გარკვეული ძალა.
ვცდილობთ, ყოველთვის საინტერესო და კონკურენტუნარიანი კლუბი გვყავდეს, ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის ბრძოლობდეს. ჩვენ სისტემატურად ამისთვის ვმუშაობთ.

– “საბურთალო” ტრადიციას არ ღალატობს და მეორედან პირველ გუნდში ყოველწლიურად აწინაურებს ფეხბურთელებს. წლეულს ვის მიეცა მსგავსი შანსი?

– 2018 წელს ერთი ფეხბურთელი დავაწინაურეთ – გიორგი ჯინჯოლავა. მან, “საბურთალო:-2-ში კარგი სეზონი ჩაატარა, ასევე მაღალ დონეზე წარმოაჩინა თავი ასაკობრივ ნაკრებში. ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს პროცესი დამეჩქარებინა. ვფიქრობ, ჯინჯოლავა ახლოსაა პირველ გუნდში მოსახვედრად. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი 17 წლისაა, საერთოდ არ ეტყობა, რომ იგი დებიუტანტია. თურქულ შეკრებაზე სამივე ამხანაგურ შეხვედრაში მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ყველა მატჩში კარგად წარმოაჩინა თავი.

ვისარგებლებ შემთხვევით და “საბურთალო-2”-ის სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს, გაწეული სამუშაოსთვის მადლობას გადავუხდი.

– ახალი სეზონიდან ეროვნული ლიგის მთავარი მწვრთნელები PRO ლიცენზიას უნდა ფლობდნენ. სემინარები თებერვალში დაიწყება. რას იტყვით ამის შესახებ, როგორ ემზადებით მოახლოებული კურსებისთვის?

– როგორც კლუბის მთავარი მწვრთნელი, აუცილებელია, რომ მქონდეს PRO ლიცენზია. აღნიშნული პროცესი დიდი გამოწვევაა ჩემთვის, სასიახარულოა, რომ მეძლევა შესაძლებლობა ცოდნა კიდევ უფრო გავიღრმავო და უფრო მეტი გამოცდილება მივიღო. ამ კუთხით და არა მარტო ამ მიმართულებით, ძალიან ბევრს მუშაობს ფეხბურთის ფედერაცია.

ბოლოს, ვისარგებლებ შემთხვევით და “საბურთალოს” კლუბის ხელმძღვანელებს, განსაკუთრებით პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილსა და აღმასრულებელ დირექტორ კახა კაშიას მადლობას გადავუხდი გვერდში დგომისთვის. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეგვიწყონ და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ის ტრანსფერები, რომელიც წლეულს “საბურთალომ” განახორციელა (დიმიტრი ტატანაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი სომხიშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, გეგა დიასამიძე) ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო. ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება.

წლის პირველი ამხანაგური მატჩი – ლოკომ საბურთალო 2 დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა, წლის პირველ ამხანაგურ მატჩში, საბურთალო 2 დაამარცხა. 25 იანვარს, ბენდელას სტადიონზე გამართული დაპირისპირება, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 0:3 მოიგო.

ლოკოს შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარეს ახალწვეულებმა; ოთარ კობახიძემდავით ჯიქიამდა თეიმურაზ შონიამ.

პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში, ანგარიში შეცვლაზე შესულმა ლაშა ოზბეთელაშვილმა გახსნა.

76-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ, ლოკომოტივის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. სამ წუთში, მატჩის საბოლოო ანგარიში დავით სამურკასოვმა დაფიქსირა.