სამედიცინო კუთხით, თბილისის “საბურთალოში” უკვე რამდენიმე წელია მუშაობენ ლევან ქებაძე და ლაშა ტატაშვილი. ეს უკანასკნელი ფიზიო-თერაპევტია, ქებაძე კი ექიმი. კლუბის ოფიციალურმა გვერდმა მათ რამდენიმე კითხვით მივმართა.
– ლევან, კლუბი რამდენიმე დღეა, რაც შეკრებაზე იმყოფება. სამედიცინო კუთხით რა მდგომარეობაა დღესდღეობით?
– ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა, არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთანაც მუშაობა გვმართებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სწორი მიდგომისა და მუშაობის შემდეგ, შეკრების დასრულებისთვის ეს ფეხბურთელებიც სასურველ კონდიციებში იქნებიან.
ამას გარდა, ამ ეტაპზე გვყავს რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი. ისინი ფიზ-მომზადების მწვრთნელთან სარებილიტაციო პრეცესის დასკვნით ეტაპზე არიან.
– ყველაზე ხშირად რა სახის ტრავმებს აწყდებით-ხოლმე?
– “საბურთალოში” უკვე მეოთხე წელია ვმუშაობ, ამ დროის განმავლობაში ფაქტობრივად ყველა სახის ტრავმა მინახავს, მაგრამ უფრო ხშირი კუნთის ტრავმაა. ზოგადად, ვერ ვიტყვით, რომ ტრავმები ძალიან ხშირია ჩვენს კლუბში, თუმცა ამ კუთხით გასულ წელს პრობლემები შეგვექმნა. იყო პერიოდი, როდესაც თამაშებზე 6-7 ფეხბურთელი მოვისაკლისეთ.
– და რა იყო ამის მიზეზი?
– ზუსტ, გამომწვევ მიზეზებს ვერ გეტყვით, თუმცა ჩემი მოსაზრება მაქვს – გასულ წელს შეკრება განსაკუთრებულად დატვირთვების ფონზე გავიარეთ, ისეთი დატვირთვები გვქონდა, რაც აუცილებელია თანამედროვე ფეხბურთში.
უშუალოდ შეკრებების დროს ტრავმა არ გვქონია, მაგრამ პირველივე ტურებში გამოგვაკლდნენ ფეხბურთელები. ზოგადად ფეხბურთელების განვითარების საწყის პერიოდში შესაძლოა დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები, რამაც თავი ახლა იჩინა. იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც გასულ წელს ტრავმები ჰქონდათ, მანამდეც ტრავმიანობისკენ იყვნენ მიდრეკილები.
– შარშანდელი მაგალითი რომ არ განმეორდეს, წლეულს რა ზომებს იღებთ რომ ტრავმები თავიდან აირიდოთ?
– ტრავმები კლუბში მუდმივად იქნება, ამას ვერ გავექცევით, მთავარია ნაკლები ტრავმიანობა იყოს. ამ საკითხზე დავით სოლოღაშვილთან ერთად ვმუშაობთ და ვახდენთ გარკვეულ პრევენციებს.
– რამდენად იცავენ რეჟიმს საბურთალოელები?
– როდესაც “საბურთალოში” დავიწყე მუშაობა, ამ კუთხით იყო პრობლემები, ფეხბურთელების უმეტესობა 15-16 წლისა იყო. დღევანდელი მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ ფეხბურთელების უმრავლესობა იცავს რეჟიმს. ყოველი ახალი, დაწინაურებული ფეხბურთელი იმ გზას გადის, რაც მანამდე ყველამ გაიარა. ჩვენს ფეხბურთელებს კვების, წონის, ცხიმების პრობლემა არა აქვთ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, თუმცა მათთანაც მიმდინარეობს მუშაობა.
ზოგადად, არსებობს მოსაზრება რომ ქართველი ფეხბურთელები ამ მხრივ, არაპროფესიონალები არიან. გამიჭირდება სხვა ფეხბურთელებზე რაიმის თქმა, მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ “საბურთალოში” ამ მხრივ, პრობლემა არ არსებობს.
– ერთი თვის წინ სემინარები ჩატარდა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. რა შეგძინათ აღნიშნულმა სემინარმა?
– სწორი, აუცილებელი და დროული სემინარი იყო. ამისთვის მათ მადლობა მინდა გადავუხადო. როგორც ვარ ინფორმირებული, აღნიშნული სემინარი მომავალშიც იგეგმება, რაც განვითარებისთვის აუცილებელია.
– ლაშა, დატვირთვების ფონზე მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცესი. რამდენად სწრაფად ხდება ფეხბურთელებში ძალების აღდგენა?
– ვარჯიშების შემდეგ ხდება ვიტამინიზაცია, მასაჟი, წყლის პროცედურები, ხშირად ვიყენებთ ყინულის პროცედურებს. ეს ყველაფერი აუცილებელია, რომ ფეხბურთელის ორგანიზმა მიიღოს. აღდგენითი პროცესები გეგმაზომიერად მიმდინარეობს.
– ხშირად, მატჩის ბოლოსკენ დაჭიმულობები მატულობს. რა არის ამის მიზეზი?
– ვარჯიშის წინ აუცილებლად უნდა მოითელონ ფეხბურთელები, მიიღონ შესაბამისი ვიტამინი, გაიკეთონ მასაჟი. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ამ პრობლემას ხშირად ვაწყდებით, რადგან კლუბში ამ კუთხითაც აქტიურად ვმუშაობთ. ზოგადად, “საბურთალოში” დისციპლინას, რეჟიმს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა.
– რა მდგომარეობა დაგხვდათ, როდესაც კლუბში მოხვედით?
– სამი წლის წინ მოვედი “საბურთალოში. დამხვდა კარგი ატმოსფერო, მეგობრული და პროფესიონალებისგან შემდგარი სამწვრთნელო სტაფი. ბედნიერი ვარ, რომ ისეთ კლუბში მოვხვდი, სადაც სასიამოვნოა მუშაობა. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას მადლობას გადავუხდი.