არმია და დინამო ნახევარფინალში გავიდნენ

საქართველოს თასის გათამაშების ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. ნახევარფინალში გუშინ გასულ “სოხუმს” და “ქუთაისს” დღეს “არმია” და “დინამო” შეუერთდნენ.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა არმიელები ნახევარფინალში იოლად გავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროს გუნდმა 20 იანვარს, მეოთხედფინალური სერიის პირველი შეხვედრა რუსთავში 17 ქულით წააგო, მისი მწვრთნელი იმედიანად იყო და დღეს დანაპირევიც შეასრულა. რუსთავში წაგების შემდეგ ტუღუშმა განაცხადა, რომ დიდი სხვაობით წაგების მიუხედავად, ყველაფერი მეორე მატჩში გადაწყდებაო.

არმიელებმა საპასუხო მატჩის პირველ ნახევარში რუსთაველებს 13 ქულა გაუბათილეს – დიდი შესვენებისთვის 43:30 იგებდნენ. მესამე მეოთხედში ტუღუშის გუნდმა სასურველ, 17-ქულიან ზღვარს გადააბიჯა და კომფორტულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ბოლო მეოთხედის ბოლოს “არმია” უკვე 23 ქულას იგებდა და როცა მასპინძელთა ლიდერობამ 30 ქულას მიაღწია, ყველაფერი ცხადი გახდა. საბოლოოდ არმიელებმა 29 ქულით – 80:51 იმარჯვეს და ნახევარფინალში გასვლა ოფიციალურად გაიფორმეს.

არმიელებმა გუნდურად ითამაშეს – ექვსმა მათგანმა 10-ქულიან ზღვარს მიაღწია, რომელთაგან ყველაზე მეტი – 17 ქულა, გიორგი ჯგერენაიამ დააგროვა. ბექა წივწივაძემ 15 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. 11-11 ქულა ჰქონდათ ჟოლივეტ ტუჯანის და ზვიად ბაბიაშვილს. რუსთაველთაგან 13 ქულით სერგო ათუაშვილი გამოირჩა, დავით გუგავამ და ლევან ხმელიძემ კი 10-10 ქულა დააგროვეს.

ბრძოლა არც მეორე მეთხედფინალში შედგა. “დინამომ”, რომელმაც 3 დღის წინ “ოლიმპს” 10-ქულიანი მარცხი აკმარა, მეორე მატჩში არ დაინდო და 89:42 გაანადგურა. მეტნაკლებად დაძაბული მხოლოდ პირველი მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც დინამოელებმა 16:10 მოიგეს. მეორე ათწუთელიდან ირაკლი ხოშტარიას გუნდის უპირატესობა აშკარა გახდა. პირველი ტაიმის ბოლოსთვის “დინამო”უკვე 22 ქულას იგებდა და საბოლოოდ ლიდერობა 47 ქულამდე გაზარდა.

“დინამოში” 25 ქულით თავი ზვიად ანთაძემ გამოიჩინა, ქიენ კარტერმა და სტევან მილოშევიჩმა კი 12-12 ქულა დააგროვეს. ოლიმპელთაგან 10-ქულიან ზღვარს ვერც ერთმა კალათბურთელმა ვერ მიაღწია – ირაკლი გულისაბედაშვილმა და რევაზ ათანელიშვილმა 9-9 ქულა მიითვალეს.

ნახევარფინალური წყვილები შეიკრა: “დინამო” – “სოხუმი” და “არმია” – “ქუთაისი”. მეოთხედფინალის მსგავსად, გამარჯვებული ნახევარფინალურ სერიაშიც 2 მატჩის ჯამში გამოვლინდება. სერიის პირველი მატჩები 27 თებერვალს წყვილში მეორედ მითითებული გუნდების მოედანზე გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი 1 მარტს ჩატარდება.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

არმია – რუსთავი  80:51

კოტე ტუღუში(,,არმიის” მთავარი მწვრთნელი): ძალიან საინტერესოა, რომ ასეთი სისტემით ტარდება საქართველოს თასი, ორთამაშიანმა სერიამ დაძაბულობა შემოიტანა ყველა შეხვედრაში. პირველ თამაშში ცუდად ვითამაშეთ, მეტოქეს 17-ქულიანი ჰანდიკაპი ჰქონდა, მაგრამ დღეისთვის სათანადოდ მოვემზადეთ, ბიჭებმა ყველა მითითება ზუსტად შეასრულეს და მინდა მათ მადლობა გადავუხადო ნამდვილი გმირობისთვის. რაც შეეხება მომავალ მეტოქეს, ვფიქრობ, ქუთაისი არა მარტო თასის გათამაშების, არამედ, ზოგადად ჩემპიონატის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, მითუმეტეს, საკუთარ კედლებში. განსაკუთებული ომი გველის იქ და ვეცდებით, მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ.

დინამო – ოლიმპი  89:42

 

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს” მთავარი მწვრთნელი): პირველ მოგებულ შეხვედრაში, საბოლოო ჯამში, არც თუ სასურველი შედეგი ვაჩვენეთ, ამიტომ შევეცადეთ, განმეორებით მატჩში ეს ყველაფერი გამოგვესწორებინა. ბიჭებმა ყველა დავალება ზედმიწევნით შეასრულეს და ვეცდებით, უახლოესი დღეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ მეორე წრისთვის მოსამზადებლად.

superleague.ge

თასის გათამაშება: სოხუმი და ქუთაისი ნახევარფინალში არიან

საქართველოს თასის გათამაშების 2 ნახევარფინალისტი ცნობილია. მეოთხედფინალური სერიების საპასუხო მატჩები დღეს ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მომდევნო ეტაპზე “სოხუმი” და “ქუთაისი” გავიდნენ.

დავიწყოთ ბათუმით, სადაც სათამაშოდ 23-ქულიანი მარაგით “სოხუმი” ჩავიდა. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა 2 დღის წინ თბილისში აჭარლები 109:86 დაამარცხა და სერიაში სოლიდური ფორა მოიპოვა. სოხუმელებს ფინანსური პრობლემები აქვთ და ბათუმში მათი წასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. საბოლოოდ “სოხუმი” 8 კალათბურთელით ჩავიდა აჭარის დედაქალაქში და თბილისში კარგად დაწყებული ნახევარფინალური სერია წარმატებით დააგვირგვინა.

“ბათუმმა” “სოხუმი” 80:73 დაამარცხა, მაგრამ ეს საქმეს არ ეყო. როგორც თავში ვთქვით, კვარაცხელიას გუნდს 23-ქულიანი ფორა ჰქონდა და ხსენებულ სხვაობაზე ნაკლებით დამარცხება ხელს აძლევდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სოხუმელები ნახევარფინალში იოლად არ გასულან – მესამე მეოთხედის მიწურულს მასპინძელთა უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია და სტუმრები სერიის წაგების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ.

სოხუმელებს პერიოდის დასასრულმა მოუსწრო და 2-წუთიანი შესვენება მათ კარგად გამოიყენეს. ძალები მოიკრიბეს და პრაგმატული სტრატეგიაც შეიმუშავეს. შესვენებიდან დაბრუნებულმა “სოხუმის” კალათბურთელებმა ჩამორჩენის შემცირებას მიჰყვეს ხელი. ირალი ჩლაიძის, ჯერემი საიმონსის, ვახტანგ ქადარიას და რატი ბააკაშვილის შედეგიანობას “ბათუმის” ლიდერობის 6 ქულამდე შემცირება მოჰყვა და სერიის ბედიც აქ გაირკვა – მატჩის დასრულებამდე 4 წუთი რჩებოდა და მასპინძელთა 23 ქულაზე მეტით გამარჯვება ფანტასტიკის ტოლფასი იყო.

7 ქულით გამარჯვებულ “ბათუმს” 26 ქულით ჯეიმი ჯექსონმა ულიდერა, არანაკლები სამუშაო გასწია ჯერემი სეფოლდმა (24 ქულა, 12 მოხსნა), მესამე ლეგიონერმა კი აჭარლებს 19 ქულა და 10 პასი შესძინა. დამარცხებული, თუმცა მთლიანობაში გამარჯვებულ “სოხუმში” კი საუკეთესო ამერიკელი საიმონსი იყო – 26 ქულა, 19 მოხსნა. 10-ქულიანი ბარიერი ჩლაიძემ, ბააკაშვილმა და ქადრიამ დაძლიეს.

ქუთაისში “შსს-აკადემია” ბოლომდე ებრძოლა ადგილობრივ გუნდს, მაგრამ სასურველი ანგარიშის დაფიქსირება ვერ შეძლო. აკადემიელებს მარაგში 3 ქულა ჰქონდათ, რაც არ იყო საიმედო უპირატესობა. არჩილ ჟღენტის გუნდმა თბილისში 79:76 მოუგო იმერულ გუნდს, რაც თავისთავად უკვე წარმატება გახლდათ. “შსს-აკადემიამ” სუპერლიგის პირველ წრეში მხოლოდ 4 თამაში მოიგო და მე-6 ადგილზე მყოფს “ქუთაისთან” სათასო დაპირისპირებაში ფავორიტად არ მიიჩნეოდა. თუმცა 2 ლეგიონერის დამატებით აკადემიელები ისე გაძლიერდნენ, რომ იმერულ კლუბთან ტოლ-სწორად იბრძოლეს და ღირსეულად დამარცხდნენ.

ქუთაისელები მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა “შსს-აკადემია” არ რჩებოდა და წარმატების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა. გადამწყვეტი მეოთხედის წინ “ქუთაისი” 16 ქულით იგებდა, მაგრამ თბილისელებმა მოიწადინეს და თამაშის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე რეალური შანსი გამოუჩნდათ, როცა ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს. დარჩენილ დროში სტუმრებს 5 ქულის გაბათილება ჰყოფნიდათ, მაგრამ ქუთაისელებმა ამის საშუალება არ მისცეს და 102:91 იმარჯვეს. ორი მატჩის ჯამში ქუთაისელებმა 178:170 იმარჯვეს და თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ.

ქუთაისელთა შორის საუკეთესო ბომბარდირი 24 ქულით დავით ბარბაქაძე გახდა, აზერბაიჯანელი ზაურ ფაშაევის ანგარიშზე 21 ქულაა და 8 პასი დაგროვდა, ხოლო გოგა ცეკვავამ 19 ქულა და 8 პასი მიითვალა. შსს-ელთაგან საუკეთესო 24 ქულით ბექა ჩიკვილაძე გახლდათ, ამერიკელმა პერიშ ბრაუნმა კი 23 ქულა და 7 პასი მიითვალა.

თასის მეოთხედფინალების დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ, თბილისში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება. “არმია” “რუსთავს” უმასპინძლებს, “დინამო” კი “ოლიმპს” დაუპირისპირდება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ბათუმი -სოხუმი  80:73

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მთავარი მწვრთნელი): დიდი მადლობა მინდია გულუას, რომელმაც ფინანსური პრობლემები გადაგვიჭრა. რაც შეეხება თამაშს, ველოდით რომ უაღრესად დაძაბული იქნებოდა და ასეც მოხდა. ჩვენი ბათუმში გამგზავრება გვიან გადაწყდა, ბიჭებს მთელი ღამე არ უძინიათ და გადაღლილები იყვნენ. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ საბედნიეროდ შევძელით და გავიმარჯვეთ. 23-ქულიანი უპირატესობა ადვილად დასათმობი არ იყო და მან დიდი დამაჯერებლობა შეგვძინა.

ლაშა ოჩხიკიძე (ბათუმის მწვრთნელი): რთული თამაში იყო, 20 ქულას ვიგებდით თუმცა მარცხი განვიცადეთ. არადა სულ ცოტა დაგვაკლდა გამარჯვებამდე. მადლობა ბიჭებს ჩინებული თამაშისთვის და თავდადებისთვის.

 ქუთაისი -შსს აკადემია  102:91

არჩილ ჟღენტი (შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): ძალიან ცუდად  ვითამაშეთ დაცვაში, ნამდვილი კატასტროფა იყო.  უნდა აღვნიშნო ზაზა მაჩალაძის არაობიქტური მსაჯობა, რომელიც აშკარად მოწინააღმდეგე გუნდს ემხრობოდა. ვფიქრობ ქუთაისში მისი მსაჯობა ყოვლად დაუშვებელია, მით უმეტეს რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის მისი მხრიდან. ტრავმირებულია მილე ილიჩი, რომელსაც წინა შეხვედრაზე ტრავმა გაუმიზეზდა და ჯერჯერობით სათანადო ფორმაში არ იმყოფება. სამწუხაროა რომ თასის გათამაშებას გამოვეთიშეთ, თუმცა სუპერლიგისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით და ჩემპიონატს უფრო შეთამაშებულნი და გაძლიერებულნი შევხდებით.

მალხაზ კოხრეიძე (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): კარგად გავისარჯეთ,  მადლობა  ბიჭებს გუნდური თამაშისთვის, რომელმაც შედეგი გამოიღო. შსს აკადემიას წარმატებას ვუსურვებ, წინ სუპერლიგაა და ვფიქრობ ეს გუნდი სერიოზულ შედეგს აუცილებლად აჩვენებს. მადლობა “ქუთათურ”გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის მხურვალედ გვქომაგობს და მხარს გვიჭერს.

superleague.ge

“რუსთავმა” თასის მეოთხედფინალში “არმიასთან” 17-ქულიანი ფორა მოიპოვა

თასის გათამაშების თბილისურ მატჩებში დაფიქსირებული გვარიანად მოულოდნელი შედეგების შემდეგ რუსთავში მცირე სენსაცია მოხდა. სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე მყოფმა “რუსთავმა” მეორეადგილოსანი “არმია” დაამარცხა. ამ შედეგს იმდენად არ ექნებოდა სენსაციის ელფერი, რომ არა 17-ქულიანი სხვობა. რუსთაველებმა, რომლებიც მიმდინარე სეზონში აუტსაიდერთა კატეგორიას განეკუთვნებიან, სუპერლიგის ერთ-ერთი წამყვანი გუნდი დიდი ანგარიშით – 81:64 დაამარცხეს.

რუსთაველებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. არმიელთა მწვრთნელი, კოტე ტუღუში მატჩის წინ აცხადებდა, რომ რთული მატჩი ელოდა და ამის მიზეზად იმას ასახელებდა, რომ რუსთავის დარბაზში შორიდან ბურთი რთულად ვარდება, ფარქვეშ კი მასპინძლებს უპირატესობა ჰქონდათ ტანმაღალი სერგო ათუაშვილის სახით. “არმიის” თავკაცის ვარაუდი ზუსტად გამართლდა – მასპინძლებმა ფარქვეშ ათუაშვილის წყალობით უპირატესობა მოიპოვეს, შორ სროლებში კი მასპინძლებმა 5 ჩაგდებული 3-ქულიანით იძალეს.

მართალია, “არმიამ” მოხსნებში 11 ერთეულით აჯობა “რუსთავს”, თუმცა ეს უპირატესობა პრაგმატულად ვერ გამოიყენა. თბილისელებმა ვერც თამაშიდან ჩააგდეს მაღალი პროცენტულობით და ვერც საჯარიმოს ხაზიდან. ყველაფერი სწორედ სროლათა სიზუსტემ გადაწყვიტა. “არმია” იმდენად კარგად ვერ თამაშობდა დაცვაში, რომ მასპინძლებისთვის სროლებში ხელი შეეშალათ.

ტანმაღალ ათუაშვილს შესანიშნავად აუბეს მხარი რუსთაველთა უკანახაზელებმა – ქაქუცა აბაიშვილმა, ლევან ხმელიძემ და ზურაბ მაჭავარიანმა. კარგად გაისარჯა დავით გუგავაც, რომელმაც 5-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, შეხვედრა კი 12 ქულით დაასრულა. ბომბარდირი ხმელიძე გახდა 17 ქულით, აბაიშვილმა კი 14 ქულა (4 სამიანი) და 5 შედეგიანი გადაცემა გაიღო. არმიელთაგან 16 ქულით მიხეილ ბერიშვილი გამოირჩა, ბექა წივწივაძის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა.

ამ გუნდების სერიის მეორე შეხვედრა 23 იანვარს, თბილისში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება.

 მატჩისშემდგომი კომენტარები:

რუსთავი – არმია   81:64

კოტე ტუღუში, “არმიას” მთავარი მწვრთნელი:

დღეს არაფერი გადაწყვეტილა. მეოთხედფინალური სერია ორმატჩიანია, ბრძოლა გრძელდება და ყველაფერს პასუხი 2 დღის შემდეგ, თბილისში გაეცემა. ჩვენ ცუდად ვითამაშეთ, ბევრი შეცდომები დავუშვით, რომლებსაც გავაანალიზებთ და ვეცდებით, საპასუხო მატჩში აღარ გავიმეოროთ.

 ოთარ ხმელიძე, “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:

ყოველთვის ვეუბნებოდი ჩვენი გუნდის წევრებს, რომ არავისზე ნაკლები კალათბურთელები არ არიან და რომ მთავარი მონდომებაა. დღეს ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად და დაუფასდათ კიდეც. წინა დღეებში მე შეუძლოდ ვიყავი და გუნდი, რომელიც დღეს ასე კარგად გამოიყურებოდა, ბადრი კიკვიძემ და რამაზ გოგობერიშვილმა მოამზადეს. წინ მეორე მატჩია, რომელშიც არმიელები სასურველი ანგარიშით მოგებას ეცდებიან. მათი დღევანდელი წაგება ალბათ იმის ბრალიცაა, რომ სათანადოდ ვერ შეგვაფასეს.

თასის გათამაშების მეოთხედფინალები საინტერესოდ დაიწყო

საქართველოს თასის გათამაშების ძირითადი ტურნირი დღეს, თბილისსა და რუსთავში დაიწყო. დებულების თანახმად, ტურნირი მეოთხედფინალიდან დაიწყო, მანამდე კი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართა, რომლის მიზანიც თასის გათამაშების მე-8 მონაწილის გამოვლენა იყო. მეოთხედფინალის ბოლო საგზური სუპერლიგის ცხრილის ბოლო 2 ადგილზე მყოფმა გუნდებმა – “ოლიმპმა” და “მაკაბიმ” გაითამაშეს. 2-მატჩიანი დაპირისპირება ოლიმპელებმა მოიგეს, რომლებმაც მეოთხედფინალში “დინამოსთან” დაპირისპირების უფლება მოიპოვეს.

მეოთხედფინალური სერია 2-მატჩიანია, დღეს კი პირველი შეხვედრები გაიმართა. თბილისში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ერთმანეთს თავდაპირველად “სოხუმი” და “ბათუმი” დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ წყვილში მოედნის უპირატესობა აჭარელებს აქვთ, რომლებიც სერიაში პირველ მატჩს სოხუმელთა მოედანზე, ამ შემთხვევაში, თბილისში ატარებენ, საპასუხო მატჩს კი 2 დღეში ბათუმში უმასპინძლებენ.

შეხვედრა ბევრისთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა. სოხუმელებმა მთავარი მწვრთნელის გარეშე მყოფი “ბათუმი” 23 ქულის სხვაობით – 109:86 დაამარცხეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საპასუხო, ბათუმში გასამართი მატჩის წინ სოლიდური მარაგი მოიპოვეს. აჭარული გუნდი რომ მომდევნო ეტაპზე, ნახევარფინალში გავიდეს, 22 იანვარს, ბათუმში, 23 ქულაზე მეტით უნდა იმარჯვოს.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, როგორც ანგარიშიდან ჩანს, სოხუმელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა პირველივე ტაიმში გაარკვია გამარჯვებულის ვინაობა. მასპინძლებმა საწყისი მეოთხედი 29:14 მოიგეს, მეორე ათწუთეულში კიდევ უფრო დიდი სხვაობით იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის 31 ქულით – 63:32 დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმი ფორმალობად იქცა. სოხუმელები გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ, ბათუმელებმა კი ის მოახერხეს, რომ თამაშის ბოლოსთვის ჩამორჩენა 23 ქულამდე შეამცირეს. მასპინძელთა გამარჯვებაში ლომის წილი ვახტანგ ქადარიამ დაიდო, რომელმაც 29 ქულა მოაგროვა. 23 ქულით შეეწია სოხუმელებს ირაკლი ჩლაიძე, გრიგოლ შვანგირაძემ 16 ჩააგდო, ფარზე კი ამერიკელმა ჯერემი საიმონსმა იმუშავა – 15 მოხსნა, 8 ქულა.

ბათუმელთა 86 ქულიდან მხოლოდ 10 მოდის ქართველებზე, დანარჩენი ოკეანგაღმელმა ლეგიონერებმა მიითვალეს – ჯერემი სეფოლდმა 31 ქულა დააგროვა, ჯუნიორ ქადუგინმა – 27, ხოლო ჯეიმი ჯექსონმა – 18.

მეორე შეხვედრაში ერთმანეთს სუპერლიგის ცხრილში პირველ ადგილზე მყოფი “დინამო” და თასის გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასული “ოლიმპი” შეხვდნენ. მატჩი საინტერესოდ წარიმართა. დავით თორთლაძის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა “დინამოს” ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. პირველი მეოთხედის 4:17 წაგების შემდეგ “ოლიმპმა” მოახერხა თამაშის დალაგება და მეორე ათწუთეულის 22:11 მოგებით ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა – 26:28 დიდი შესვენებისთვის.

მესამე მეოთხედში ჩერნოგორიელი სტევან მილოშევიჩის აქტიურობით დინამოელებმა დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვეს და მათმა უპირატესობამ ორნიშნა რიცხვს მიაღწია – 50:40 მესამე მეოთხედის შემდეგ. ბოლო მეოთხედში ოლიმპელები ეცადნენ, მაგრამ ძლიერი მეტოქის დამარცხება ვერ მოახერხეს.

“დინამომ” საბოლოოდ 64:54 იმარჯვა და საპასუხო შეხვედრის წინ 10-ქულიანი უპირატესობა დაიბევა. ირაკლი ხოშტარიას გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო სტევან მილოშევიჩმა – რომელმაც 20 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა. “ოლიმპში” ორმაგი დუბლით რიჩარდ მათიაშვილი გამოირჩა – 15 ქულა, 11 მოხსნა. ამ წყვილში სერიის საპასუხო შეხვედრა 22 იანვარს, ისევ საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება.

თბილისში გამართული მესამე შეხვედრა ყველაზე დაძაბული და საინტერესო გამოდგა. “შშს-აკადემიამ” 79:76 დაამარცხა წყვილში ფავორიტად მიჩნეული “ქუთაისი” და საპასუხო მატჩის წინ 3-ქულიანი უპირატესობა დაიბევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდმა 2 ლეგიონერი დაიმატა, რის ხარჯზეც იმდენად გაძლიერდა, რომ სუპერლიგის ცხრილში მე-3 ადგილზე მყოფ “ქუთაისს” მოუგო. სერბმა მილე ილიჩმა და ამერიკელმა პერიშ ბრაუნმა შსს-ელთა გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდეს. ილიჩმა 24 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა, ბრაუნმა კი აკადემიელებს 17 ქულა შესძინა.

თუ რომელი გუნდი განა ნახევარფინალში, 22 იანვარს, ქუთაისში გადაწყდება, სადაც მეოთხედფინალური სერიის საპასუხო შეხვედრა გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

სოხუმი – ბათუმი   109:86

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): ღმერთის წყალობით, დღეს დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ. მართლაც სერიოზული გუნდი გვყავს, მაგრამ ამჟამად ფინანსური პრობლემების გამო ძალიან გაგვიჭირდა. იმედია, გუნდის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს სიტუაცია დალაგდეს. ჯერ გაურკვეველია, ბათუმში წავალთ თუ არა. თუმცა ვიმედოვნებ, ეს პრობლემები მოგვარდება.

ლაშა ოჩხიკიძე(,,ბათუმის” მწვრთნელი): დაცვაში ძალიან დაულაგებელი თამაშის გამო დავმარცხდით. საერთოდ არ გვქონდა მომზადებული არანაირი კომბინაცია და დღევანდელ შეხვედრას მოუმზადებლები შევხვდით.  შევეცდებით, ბათუმში გამარჯება მოვიპოვოთ.

 

ოლიმპი – დინამო  54:64

დავით თორთლაძე(,,ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი):  ,,დინამოსთან” ჩვენი მარცხი ალბათ არავისთვის იყო მოულოდნელი. უფრო მოულოდნელი ის იყო, რომ სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიეთ. ეს ჩვენი ბიჭების დამსახურებაა, რომლებმაც მოინდომეს და რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. მარცხი მაინც მარცხია. ვეცდებით, მომდევნო შეხვედრაში ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინოთ.

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს” მთავარი მწვრთნელი): კარგია, რომ გავიმარჯვეთ, თუმცა ეს არ იყო ის თამაში, რომელიც უნდა გვეჩვენებინა.  მოწინააღმდეგემ კარგად ითამაშა და მივულოცავ. პირადად ჩემთვის, ახლა მთავარია გავიდეთ შემდეგ ეტაპზე და ყველას მიეცეს თამაშის საშუალება, რათა შევხედოთ, რა დონეზე ვართ, ვის რა შეუძლია და ვისგან რას უნდა მოველოდეთ მეორე წრის დაწყებისთვის.

 

შსს აკადემია – ქუთაისი  79:73

არჩილ ჟღენტი(,,შსს აკადემიის” მთავარი მწვრთნელი): ქუთაისი ძალიან სერიოზული მეტოქეა და თავიდანვე ცხადი იყო, რომ ყველაფერი ქუთაისში გადაწყდებოდა. მართალია გავიმარჯვეთ, თუმცა სერიოზული ბრძოლა გველის წინ. დაგვემატა ორი ახალი ლეგიონერი და ჯერ გუნდს შეთამაშება აკლია, მითუმეტეს, ილიჩი ტრავმით თამაშობდა. პირველივე ვარჯიშზე დაიზიანა ხელი და პირდაპირ თამაშზე გამოვიდა. მოწინააღმდეგეს მადლობას ვეტყვი კარგი თამაშისთვის და ქუთაისში საბრძოლველად მივდივართ.

მალხაზ კოხრეიძე(,,ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი): კარგი თამაში იყო, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. პირობები არ გვქონდა მაინცდამაინც კარგი და შეძლებისდაგვარად მოვემზადეთ. შესვენების შემდეგ მაქსიმალურად მოვინდომეთ, ბიჭებმა თავიანთი გასაკეთებელი გააკეთეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეტი შესაძლებლობები გვაქვს. რაც შეეხება მეტოქეს, ,,შსს აკადემია” გაძლიერდა და სერიოზული ამბიციებიც აქვს. ველოდებით შემდეგ შეხვედრას ქუთაისსში, საქართველოს თასზე გეზი ფინალისკენ გვაქვს.

ოლიმპი თასის მეოთხედფინალში გავიდა

თბილისის “ოლიმპი” თასის გამათამაშების ძირითად, მეოთხედფინალურ ბადეშია. დავით თორთლაძის გაწვრთნილმა გუნდმა საკვალიფიკციო ეტაპის მეორე მატჩშიც დაამარცხა “მაკაბი” და სერიაში ჯამში 54-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა.

ოლიმპელებმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩში გუშინ “მაკაბი” 81:60 დაამარცხეს, დღეს კი კიდევ უფრო იოლი გამარჯვება მოიპოვეს. თორთლაძის გუნდმა პირველივე მეოთხედში მოიპოვა ხელჩასაჭიდი უპირატესობა და გამარჯვებამდეც იოლად მივიდა.

პირველი მეოთხედი “ოლიმპმა” 20:9 მოიგო, დიდ შესვენებამდე კი უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდა. მაკაბელთა წინააღმდეგ შეუჩერებელი იყო ნოდარ თენიეშვილი, რომელმაც საბოლოოდ 26 ულა დააგროვა. მასთან ერთად ოლიმპელთა შორის რიჩარდ მათიაშვილი, დავით ხიზანიშვილი  და ირაკლი ალხანაიძე გამოირჩეოდნენ, რომლებმაც შესაბამისად 15, 12 და 11 ქულა დააგროვეს. “მაკაბიში” წინა მატჩის მსგავსად ლევან რევაზაშვილი გამოირჩა, რომელიც 27 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა, გიორგი ფერიაშვილის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა.

“ოლიმპი” მეოთხედფინალში “დინამოს” შეუწყვილდა. დანარჩენი წყვილები კი ასე გამოიყურება: “არმია” – “რუსთავი”, “ქუთაისი” – “შსს-აკადემია”, “ბათუმი” – “სოხუმი”. პირველი მატჩები 20 იანვარს, საპასუხო კი 22 და 23 იანვარს გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

დავით თორთლაძე: ვფიქრობ,  მოულოდნელი არ ყოფილა მე-8 ადგილოსნის ვინაობა. ისევ და ისევ გავმეორდები და ვიტყვი, რომ საქართველოს თასის გათამაშება ჩვენთვის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იქნება მეორე წრისთვის და აქ ჩვენი გუნდის შესაძლებლობებიდან გამომდინარე სერიოზული შედეგისთვის ვერ ვიბრძოლებთ.

ნოდარ თენიეშვილი: საკვალიფიკაციო ეტაპი შედარებით მარტივად დავძლიეთ, იქიდან გამომდინარე, რომ დაგვიბრუნდა მათიაშვილი და დაგვემატნენ ახალი მოთამაშეები. ამან თავისთავად ჩვენი გუნდი გააძლიერა.  წინ სერიოზული მატჩები გველის “დინამოსთან” და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომა დაგვიფასდეს და გავამართლოთ ჩვენი მწვრთნელების და გულშემატკივრების იმედები.

superleague.ge

საქართველოს თასი 2014 იწყება

პირველად, თასის გათამაშებების ისტორიაში, აღნიშნული ტურნირი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. საპლეიოფო რაუნდის დაძლევა 2 მატჩის ჯამში იქნება შესაძლებელი. აქამდე მეოთხედფინალები და ნახევარფინალები ერთი მატჩისგან შედგებოდა, 2014 წლიდან კი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გუნდმა 2 მატჩის ჯამში უნდა იმარჯვოს.

სუპერლიგის პირველი წრის ცხრილის საუკეთესო 7 გუნდი მეოთხედფინალში პირდაპირ დაიშვება, ბოლო 2 ადგილზე მყოფები კი მეოთხედფინალის ბოლო, მე-8 საგზურისთვის ერთმანეთს საკვალიფიკაციო ეტაპში დაუპირისპირდებიან. შესაბამისად, თასზე მონაწილეობას მიიღებენ – დინამო, არმია, ქუთაისი, ბათუმი, სოხუმი, შსს-აკადემია და რუსთავი. მეოთხედფინალის ბოლო მონაწილე “ოლიმპისა” და “მაკაბის” ორმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 17 და 18 იანვარს გაიმართბა. გამომდინარე იქიდან, რომ “ოლიმპიც” და “მაკაბიც” თბილისის გუნდები არიან, ორივე შეხვედრა დედაქალაქში, კონკრეტულად კი საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება. მეოთხედფინალის საგზურს ის გუნდი მოიპოვებს, რომელიც 2 მატჩის ჯამში უკეთეს შედეგს აჩვენებს. თუკი გუნდებმა მოგებები გაიყვეს, უპირატესობა ბურთების შეფარდებას მიენიჭება.

მეოთხედფინალური მატჩები 20 და 22 იანვარს, მიმოსვლით გაიმართება. რეგიონის გუნდები 2-დან 1 შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ. წყვილში მოედნის უპირატესობა სუპერლიგის ცხრილში დაწინაურებულ გუნდს მიენიჭება, რომელიც პირველ მატჩს სტუმრად, ხოლო მეორეს – შინ გამართავს.

მეოთხედფინალში გუნდები სუპერლიგის ცხრილის ადგილების შესაბამისად, შემდეგნაირად დაწყვილდნენ: არმია (2)- რუსთავი (7), ქუთაისი (3) – შსს აკადემია (6), ბათუმი (4) – სოხუმი (5), დინამო (1)- ოლიმპი (8)/მაკაბი (9).

superleague.ge

საქართველოს თასზე 1/4 ფინალისტები დაწყვილდნენ

დღეს, საქართველოს დავით ყიფიანის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა ის გუნდები, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

“ტორპედო” – “დილა”
“სიონი” – “ჩიხურა”
“შუქურა” – “მერანი”
“მეტალურგი” – თბილისის “დინამო”

მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 22 თებერვალს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები – 20 მარტს.

საქართველოს თასის მეოთხედფინალისტები ცნობილია

დღეს, საქართველოს შვიდ სხვადასხვა ქალაქში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების განმეორებითი მერვედფინალური მატჩები გაიმართა.

თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, ქუთაისის „ტორპედომ“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა ცხინვალის „სპარტაკი“. არადა, ვლადიმერ ხაჩიძის გაწვრთნილი გუნდი ორჯერ იგებდა და ქუთაისელებმა ორჯერვე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. საბოლოოდ, საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა, სადაც უფრო ზუსტები „ტორპედოს“ ფეხბურთელები აღმოჩნდნენ და შესაბამისად, მეოთხედფინალის საგზურიც მოიპოვეს.

დანარჩენი მატჩები კი, ასეთი ანგარიშებით დასრულდა:

ჩიხურა – ლოკომოტივი 4:0 (პირველი მატჩი 3:0)
გოლები: წინამძღვრიშვილი (27, 37), რეხვიაშვილი (64), ჯიღაური (89)

დინამო თბილისი – კოლხეთი (ხობი) 6:0 (პირველი მატჩი 9:0)
გოლები: გველესიანი (15), მიქაბერიძე (32), ვუო (42, 52, 82), გოგა (90)

კოლხეთი (ფოთი) – მეტალურგი 1:3 (პირველი მატჩი 0:2)
გოლები: გოგონაია (9 პენ), კირკიტაძე (31), სიხარულიძე (36), ბერიაშვილი (73)

დინამო (ბათუმი) – დილა 2:1 (პირველი მატჩი 0:1)
გოლები: აფხაზავა (9), ბერიძე (70), მუჯირი (93)

მერანი – გურია 1:1 (პირველი მატჩი 2:1)
გოლები: ჩიკვილაძე (55), მელიავა (69)

ვიტ ჯორჯია – შუქურა 2:1 (პირველი მატჩი 0:1)
გოლები: ღიბრაძე (45), ლობჟანიძე (93), ბაჯელიძე (94)

ზესტაფონი – სიონი 0:1 (პირველი მატჩი 0:1)
გოლი: ბიბილეიშვილი (49)

სპარტაკი – ტორპედო 2:2; 5:6 პენ (პირველი მატჩი 2:2)
გოლები: თუხარელი (4), კვეკვესკირი (20 საკ.კარში), შონია (66), ახვლედიანი (79)

ასე რომ, მეოთხედფინალში ითამაშებენ – „ჩიხურა“, „დინამო“ თბილისი, „მეტალურგი“, „დილა“, „მერანი“, „შუქურა“, „სიონი“ და „ტორპედო“.

სფფ-ის პრესსამსახური