2017 წელს მოგებული ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ სერენა უილიამსის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, სამწუხაროდ, უარყოფითი გაგებით. მას შემდეგ ამერიკელმა ჩოგბურთელმა დეკრეტული შვებულება აიღო და დაბრუნდა კიდეც, თუმცა, საშინელ მდგომარეობაში.
გუშინ ჟურნალ Vogue-ში საკმაოდ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, სადაც სერენას მთავარ პრობლემებზეა საუბარი, რის გამოც ის ავსტრალიის ღია პირველობის 2018 წლის გათამაშებაში არ იღებს მონაწილეობას.
● ფეხმძიმობის პერიოდმა ბრწყინვალედ ჩაიარა, მშობიარობის დროს კი პრობლემებმა იჩინეს თავი. ბოლო წამებში სერენას ქალიშვილის, ალექსის ოლიმპიის გულის ცემა სახიფათოდ შემცირდა, რის გამოც საკეისრო კვეთის ჩატარება გახდა აუცილებელი. საბედნიეროდ, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და აცრემლებულ ახალშობილს დედის მკერდზე დასვენების უფლება მიეცა.
● მომდევნო დღეებში სიტუაცია უფრო გართულდა. სერენა თავს საშინლად გრძნობდა და დერეფანში შემხვედრ პირველივე ექიმს მიმართა და მას კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება მოსთხოვა. ამერიკელი ჩოგბურთელი დარწმუნებული იყო, რომ სისხლჩაქცევა ჰქონდა და მართალიც აღმოჩნდა – თრომბი ფილტვებში.
● ეს დასასრული არ არის. ფილტვების პრობლემების გამო, უილიამსს სუნთქვა უჭირდა და ხშირად ახველებდა. შედეგად, მუცელზე არსებული ნაკერები გაიხსნა და სისხლდენა დაიწყო. ამის გამო, სერენა იძულებული გახდა კიდევ ერთი ოპერაცია ჩაეტარებინა. მის სისხლძარღვებში სპეციალური ფილტრი მოათავსეს, რაც თრომბის საშიშროებას გამორიცხავდა.
ასე რომ, მშობიარობის შემდეგი ექვსი კვირა ამერიკელმა ჩოგბურთელმა წოლით რეჟიმში გაატარა. სავარჯიშო კორტს გასულ ნოემბრის თვეში დაუბრუნდა და როგორც მისმა ფიზიოთერაპერტმა განაცხადა, “ცოტათი ფორმაშიც ჩადგა”.
სერენას სანახავად მისი მწვრთნელი, პატრიკ მურატოღლუ დეკემბრის დასაწყისში ჩაფრინდა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ თავისი მოწაფე “დიდი სლემისათვის” მზად არ იყო. ამაში დასარწმუნებლად უილიამსი “როლან გაროსის” ჩემპიონს, ელენა ოსტაპენკოს შეხვდა და დამარცხდა (2:6, 6:3, 5:10).
ასე რომ, ჩემპიონი ტიტულის დაცვას ვერ შეძლებს და ნაცვლად კორტზე გამოსვლისა, ტელევიზორიდან მოუწევს თვალის დევნება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირისთვის.