რამოსი:”თუ გულშემატკივრები ზურგს გაგვიმაგრებენ, ლა ლიგას აუცილებლად მოვიგებთ”

“რეალ სოსიედადთან” გასამართ საშინაო მატჩამდე, მადრიდის “რეალის” ესპანელმა კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ლა ლიგის მოგების შანსებზე ისაუბრა.

“ახლა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფანების თანადგომაა. ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება, თუ გულშემატკივრები გვერდში დაგვიდგებიან, ლა ლიგას აუცილებლად მოვიგებთ.

წინ ძალიან რთული მატჩი გველის, ძლიერ მეტოქესთან, რომელიც ახალ სეზონში ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს და დამსახურებულად იმყოფება ცხრილის წინა პოზიციებზე.

საკუთარ კედლებში, გულშემატკივართა თვალწინ თამაში ყოველთვის დამატებით ძალას გვმატებს. თუ ერთად ვიქნებით, ბევრ წარმატებას მივაღწევთ.”

“სევილია” სერხიო რამოსის დასჯას ითხოვს

ესპანეთის თასზე, “სევილიასა” და “რეალს” შორის გამართულ მატჩში, 83-ე წუთზე სერხიო რამოსმა თავის ყოფილ გუნდს პენალტი პანენკას სტილში გაუტანა. “სამეფო კლუბის” მცველს “სევილიას” ფანებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, ფეხბურთელმა კი გატანილი გოლი მათკენ მიმართული ჟესტით აღნიშნა.

სწორედ ამ ჟესტის გამო, “სევილიამ” ლა ლიგის ხელმძღვანებლობას მიმართა და რამოსის დასჯა მოითხოვა, ფეხბურთელს კი მეტოქე გუნდის ფანების პატივისცემისაკენ მოუწოდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტი.

სერხიო რამოსი: “ალვეში და რაკიტიჩი სევილიაში ღმერთებად შერაცხეს, მე კი…”

13 იანვარს ესპანეთის სამეფო თასის 1/8 ფინალის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მატჩში ანდალუსიის “სევილიამ” მადრიდის “რეალი” მიიღო და მასთან ფრე (3:3) ითამაშა. საბოლოოდ – 6:3, “ბლანკოსის” სასარგებლოდ.

თამაშის 83-ე წუთზე “სევილიას” ყოფილმა ფეხბურთელმა და მადრიდელთა კაპიტანმა, სერხიო რამოსმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა და 3:2 გახადა ანგარიში. ესპანელმა გოლი ანდალუსიელი გულშემატკივრების წინ აღნიშნა, რომელთა ნაწილმაც რამოსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშურა.

რამოსმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ უკმაყოფილო და ნაწყენი იყო ყოფილი გუნდის ფანების ქცევით.

“მათ მიმართ უპატივცემულობა არცერთ მომენტში არ გამომიხატავს.”

“გოლის მომენტში მეკარე სორიას ვუთხარი, რომ ეპატიებინა და, რომ ნამდვილად არ ვიყავი დამნაშავე.”

“სევილია ყოველთვის იყო ჩემი სახლი. თუმცა, მე “რეალის” კაპიტანი ვარ და მუდამ დავიცავ ჩემს გუნდს, ვიბრძოლებ ამ კლუბის წარმატებისთვის.”

“ეს ფეხბურთია და ანდალუსიელმა ფანებმა უნდა გააცნობიერონ. აქ როცა ჩამოვალ, მინდა, სხვანაირად მიმიღონ. ეს პატივისცემაა, თუმცა მათ მიერ გამოხატული უპატივცემულობით მე არაფერი მაკლდება. უბრალოდ, გავიხსენებ, რომ, როცა ალვეში და რაკიტიჩი სევილიაში ჩავიდნენ, იქაურმა ფანებმა ისინი ღმერთებად შერაცხეს.”

“ეს ფეხბურთია და მე მუდამ გავაგრძელებ ჩემი გუნდის წარმატებისთვის ბრძოლას,” – განაცხადა ესპანელმა მცველმა.

იხილეთ რამოსის პენალტი

“რეალი” – “სევილია”: რამოსი მატჩს გამოტოვებს

5 იანვარს, მადრიდის “რეალსა” და ესპანურ “სევილიას” შორის გასამართ კოპა დელ რეის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩში “ბლანკოსის” დახმარებას მათი ესპანელი მცველი, სერხიო რამოსი ვერ შეძლებს.

ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS ავრცელებს, რომლის თანახმადაც 30 წლის მცველს თავი დეკემბრის თვეში მიღებულმა ტრავმამ შეახსენა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “დალაქებთან” გამართული მატჩიდან ორ დღეში “რეალს” “გრანადას” წინააღმდეგ უწევს თამაში. თუმცა, რამოსი ამ მატჩს ისედაც, დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა.

წყაროს ცნობით, რამოსი მოედანს 12 რიცხვისთვის უნდა დაუბრუნდეს. სავარაუდოდ, ის “სევილიასთან” განმეორებით მატჩში თამაშს შეძლებს.

რამოსმა და რონალდუმ ზამბიელ არბიტრს დასცინეს (ვიდეო)

როგორც უკვე იცით, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალური მატჩის მთავარი გმირის სტატუსი კრიშტიან რონალდუს, რომელმაც ჰეთ-ტრიკის მეშვეობით მოაგებინა “ბლანკოსს”, 37 წლის ზამბიელმა არბიტრმა, ჯანი სიკაზვემ ჩამოართვა.

როდესაც ანგარიში 2:2 გახლდათ, სერხიო რამოსმა მეტოქე გუნდის სწრაფი კონტრშეტევა აკრძალული ხერხით ჩაშალა და მსაჯი იძულებული იყო, უკვე გაფრთხილებული ესპანელი მცველისთვის მეორე ყვითელი ბარათი ეჩვენებინა და მოედნიდან გაეძევებინა. სიკაზვემ ბარათის ამოსაღებად ჯიბეში ხელი მართლაც ჩაიყო, მაგრამ შემდეგ გაახსენდა, რომ რამოსი უკვე გაფრთხილებული ჰყავდა და გადაწყვეტილება შეცვალა.

მატჩის დასრულების შემდეგ, აღნიშნული ეპიზოდი ძალზედ საინტერესოდ განიხილეს კრიშტიანო რონალდუმა და სერხიო რამოსმა, რომელსაც მოედანი ნაადრევად უნდა დაეტოვებინა. იხილეთ ვიდეო:

რამოსი: “არ ვიცი, რამდენად სამართლიანი იყო შედეგი”

დღეს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა. ცენტრალური შეხვედრა “კამპ ნოუზე” შედგა, სადაც “ბარსელონამ” და “რეალმა” თითო-თითო გოლი გაცვალა.

სუარესის გოლის შემდეგ, სერხიო რამოსმა 90-ე წუთზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება და მადრიდელებს ქულა მოუპოვა. მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“არ ვიცი, რამდენად სამართლიანი იყო შედეგი. მაგრამ მოდრიჩმა შესანიშნავი პასი გამიკეთა და მეც გატანა აღარ გამჭირვებია.”

“მნიშვნელოვანია, რომ ქულა მოვიპოვეთ. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ შედეგი მიგვეღო.”

“ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. ორივე გუნდს სურდა, რომ თამაშის სადავეები ხელთ ეგდო. თავიდან ჩვენ უფრო მეტი მომენტი შევქმენით, თუმცა ვერ გამოვიყენეთ.”

“ეს შედეგი იმ შრომის დამსახურებაა, რაც სეზონის დასაწყისიდან გავწიეთ,” – განაცხადა კაპიტანმა.

მადრიდის “რეალმა” სერხიო რამოსის ტრავმა დაადასტურა

მადრიდულმა “რეალმა” დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სერხიო რამოსს მუხლის მყესი აქვს დაჭიმული, რის გამოც ლოპოტეგიმ ალბანეთთან მატჩში ნაადრევად გაიყვანა ის მოედნიდან.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პირველადი შეფასების მიხედვით, მადრიდელთა კაპიტანს დაახლოებით ერთი თვის გატარება მოუწევს ლაზარეთში, თუმცა ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ჯერჯერობით არ ადასტურებს.

“დღეს ჩატარებულმა ტესტებმა ფეხბურთელ სერხიო რამოსს მეორე ხარისხის მუხლის მყესის დაჭიმვა დაუდგინა. მისი რეაბილიტაციის პროცესი უმალვე აიღებს სტარტს.” – ვკითხულობთ განცხადებაში.

თუ ნაადრევად გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება და სერხიო რამოსს 1 თვით მოუწევს უქმობა, მაშინ “რეალს” ის ლა ლიგის ეგიდით ბილბაოს “ატლეტიკთან” გასამართ მატჩში და “ლეგიასთან” გასამართ ზედიზედ ორ მატჩში ვერ დაეხმარება.

ბლოგი: შეცდომის მოლოდინში – რა ხდება სერხიო რამოსის თავს?

რთულია საუკეთესო ფორმაში მყოფ სერხიო რამოსს მსოფლიოს რომელიმე სხვა დამცველი შეადარო. თუმცა, ცუდ ფორმაში მყოფ ესპანელს გუნდისთვის საკმაოდ დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. მადრიდელთა საუბედუროდ, ბოლო დროს რამოსის სწორედ მეორე ვერსია იჩენს ხოლმე თავს.

რამოსი “რეალის” ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც 9-ვე მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და ერთი წუთითაც არ შეუცვლიათ. მაგრამ, გატარებულ 840 წუთში ნათლად გამოჩნდა, რომ ესპანელი ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე ვეღარ დგას.

როგორც იცით, უეფას სუპერ თასის მატჩში სერხიო რამოსი ნამდვილი გმირის როლში მოგვევლინა – მსგავსად 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისა, აქაც ბოლო წუთებზე გატანილი გოლის მეშვეობით თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც გამარჯვება “ბლანკოსს” დარჩა.

თუმცა ამ ყველაფერს მისივე შეცდომა სდევდა თავს. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში “დალაქებმა” სწორედ სერხიო რამოსის ჯარიმის შემდეგ დანიშნული პენალტის მეშვეობით მოახერხეს მეორე გოლის გატანა და წინ გასვლა. ახალ სეზონში ეს პირველი შემთხვევა იყო ,როდესაც პენალტი სერხიო რამოსის გამო დაინიშნა. შემდეგ კი იყო მატჩი “ოსასუნასთან” (5-2) და “ვილიარეალთან” (1-1).

ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ როგორი მეგობრული ურთიერთობა აქვთ სერხიო რამოსსა და წითელ ბარათებს. “რეალის” მაისურით თამაშისას ის 21-ჯერ იქნა გაძევებული მოედნიდან, მეტჯერ ვიდრე ამ კლუბის რომელიმე ფეხბურთელი.

დისციპლინარულ საკითხთან არც ახალ სეზონში აქვს კარგი ურთიერთობა მადრიდელთა კაპიტანს – გავიხსენოთ “კორნელიაზე” ფრედ დასრულებული მატჩი, რომელშიც უკვე გაფრთხილებულმა რამოსმა მსაჯს ბურთი გაარტყა და ძლივს გადაურჩა გაძევებას. შემდეგი კი “ლას პალმასთან” ასევე ფრედ დასრულებული მატჩი იყო, სადაც უკვე გაყვითლებულმა რამოსმა ხელით ითამაშა ბურთზე. ის ამჟამადაც გადაურჩა გაძევებას.

“ლას პალმასთან” მატჩში “რეალი” სიტუაციას აკონტროლებდა, თუმცა ბოლო 5 წუთში მაინც გაუშვა გოლი და მნიშვნელოვანი 2 ქულა დაკარგა. იგივე მოხდა “ბორუსიასთან” გამართულ მატჩშიც. მართალია “ბორუსიელთა” მეორე გოლში კეილორ ნავასსაც მიუძღვოდა გარკვეული ბრალი, თუმცა ჯარიმა ხომ სწორედ რამოსის შეცდომის შედეგად დაინიშნა.

რთულია იმის ახსნა, თუ რა ხდება რამოსის თავს, თუმცა ფაქტია, რომ რამოსისა და ვარანის დუეტი არც ისე კარგად მოქმედებს. ესპანელი აშკარად ამჯობინებდა პეპესთან თამაშს, რომელმაც 9-დან მხოლოდ ორ შემთხვევაში დაიწყო მატჩი სატარტოდან.

ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როდესაც “რეალს” ასე უჭირს – ზედიზედ სამი ფრე “ვილიარეალთან”, “ლას პალმასთან” და “ბორუსიასთან”. ამას ემატება ისიც, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, კაზემირო ტრავმირებულია.

ასე რომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ “ეიბართან” მატჩს სასტარტოდან რამოსის ნაცვლად პეპე დაიწყებს.

რამოსი: “დაუვიწყარი შეხვედრა იყო!”

სუპერ თასის მოგების შემდეგ, მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, რომელმაც დღეს გუნდი წაგებას გადაარჩინა, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ეს დაუვიწყარი შეხვედრა იყო. როდესაც ოცნებობ, რომ რამეს მიაღწიო, შენ ყველაფერს აკეთებ და ბოლო წამამდე ბრძოლობ მიზნის მისაღწევად. სწორედ ასეთ მომეტებში ჩნდება, თუ რა ძალა აქვს კოლექტივს… ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერები ვართ.”

“ტიტულის მოგება ყოველთვის დაუვიწყარია. რაც შეეხება მატჩს, თამაშში იყო რთული ფაზები, რომლებიდანაც, საბოლოოდ, თავის დაძვრენა შევძელით და გავიმარჯვეთ კიდეც. მუშაობა უნდა განვაგრძოთ და მალე შევიდეთ საუკეთესო ფორმაში,” – განაცხადა “ბლანკოსის” კაპიტანმა.

 

სერხიო რამოსმა თურქეთთან მატჩში რეკორდი დაამყარა

ახლახან დასრულდა მატჩი ესპანეთისა და თურქეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც “ფურია როხას” დამაჯერებელი გამარჯვებით, 3-0 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა მიიღო მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა. ეს მისთვის რიგით 134-ე მატჩი იყო საკუთარი ნაკრების მაისურით, რაც რეკორდული მაჩვენებელია – მინდვრის მოთამაშე ფეხბურთელებს შორის მას ყველაზე მეტჯერ აქვს ესპანეთის ნაკრების მაისურით ნათამაშები.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ეს გამარჯვება ესპანელებისთვის მიმდინარე ჩემპიონატზე მეორე იყო, რითიც დელ ბოსკეს გუნდმა მომდევნო ეტაპზე გასვლა გაინაღდა.

სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

28 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-15 წუთზე სერხიო რამოსმა გახსნა.

აღსანიშნავია, რომ რამოსი ჩემპიონთა ლიგის ერაში (იმის შემდეგ, რაც ტურნირს ჩემპიონთა ლიგა ჰქვია) პირველი მცველია, რომელმაც გოლის გატანა ტურნირის ორ ფინალში მოახერხა.

30 წლის ესპანელმა ორივე შემთხვევაში “ატლეტიკოს” კარი დალაშქრა.

რამოსი: “სიამოვნებას მგვრის ის ფაქტი, რომ “ბარსა” გასაჭირშია”

მადრიდის “რეალის” მცველმა, სერხიო რამოსმა აღიარა, რომ “ბარსელონას” გასაჭირში ყოფნა მას დიდ სიამოვნებას გვრის.

“რა თქმა უნდა მსიამოვნებს, როდესაც “ბარსას” საქმეები ცუდად მიდის. მე მომწონს ეს, რადგანაც ეს ჩვენს წინსვლას უწყობს ხელს.

ნამდვილად არ მინდა, რომ ვინმეს რამე ცუდი ვუსურვო. მათი გასაჭირი მხოლოდ სპორტული მიზეზებიდან გამომდინარე მგვრის სიამოვნებას. ყველაფერი, რაც “ბარსასთვის” ცუდია, “რეალისთვის” კარგი არის.

“კამპ ნოუზე” მათი დამარცხება მათთვის უდიდესი დარტყმა იყო. “კლასიკო” ყოველთვის 3 ქულაზე უფრო მნიშვნელოვანია. ეს სეზონის ცენტრალური მატჩია.

მათ შეეძლოთ ლა ლიგის განაღდება, თუმცა, ნაცვლად ამისა ჩვენ სხვაობა შევამცირეთ. ტიტული მათ ხელში იყო.” – განაცხადა რამოსმა, რომლის გუნდიც სულ რაღაც 1 ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერს, “ბარსელონას”.