“მანჩესტერ იუნაიტედმა” ესპანური “სევილიასგან” საკუთარ მოედანზე ძალიან დასანანი მარცხი იწვნია და შედეგად ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონსაც გამოემშვიდობა. გთავაზობთ ჟოზე მოურინიოს მატჩისშემდგომ ინტერვიუს.
“თავიდანვე ვიცოდით, რომ პირველ გოლს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებოდა – არა მხოლოდ პირველი მატჩის შედეგის, არამედ ორმატჩიანი დაპირისპირების თავისებური ხასიათის გამო.
ვცდილობდით აგრესიულები ვყოფილიყავით და პირველივე წუთებიდან ინტენსიურად შეგვეტია მეტოქისათვის. ჩვენი მცდელობები ამაო აღმოჩნდა და ბურთს “სევილია” დაეუფლა, თამაშს ძალიან კარგად აკონტროლებდნენ.
ძალიან კარგი შანსები გვქონდა გოლის გასატანად, თუმცა ამის მაგივრად, ჩვენს კარში მივიღეთ გოლი. ამის შემდეგ ემოციური ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა, მეორე გოლმა კი ჩვენი მისიის შესრულება შეუძლებელი გახადა.
ვერ ვიტყვი, რომ პრობლემა ჩემს ფეხბურთელებში, ან მათი მოტივაციის ნაკლებობაში იყო. ეს ფეხბურთია, წავაგეთ, მაგრამ ხვალ ახალი დღე გველის.
სასიამოვნოა, რომ ფეხბურთელები თავიანთ მწუხარებას არ მალავენ, მაგრამ დრამა არ გვჭირდება, ამისთვის დრო არ გვაქვს,” – აცხადებს ჟოზე მოურინიო.