სპეკულაციებს ბოლო მოეღო: ნ’ზონზიმ “სევილიასთან” გაახანგრძლივა

ესპანური “სევილიას” ფრანგმა ფეხბურთელმა, სტივენ ნ’ზონზიმ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც, ის “სანჩეს პისხუანზე” 2020 წლამდე უნდა დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ნახევარმცველი ბოლო დროს არაერთ ევროპულ კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის “ჩელსისა” და “ბარსელონასაც”, რაც მისი ბრწყინვალე ასპარეზობით იყო გამოწვეული.

“სტივენ ნ’ზონზიმ “სევილიასთან” არსებული კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა,” – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

“სევილია” სერხიო რამოსის დასჯას ითხოვს

ესპანეთის თასზე, “სევილიასა” და “რეალს” შორის გამართულ მატჩში, 83-ე წუთზე სერხიო რამოსმა თავის ყოფილ გუნდს პენალტი პანენკას სტილში გაუტანა. “სამეფო კლუბის” მცველს “სევილიას” ფანებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, ფეხბურთელმა კი გატანილი გოლი მათკენ მიმართული ჟესტით აღნიშნა.

სწორედ ამ ჟესტის გამო, “სევილიამ” ლა ლიგის ხელმძღვანებლობას მიმართა და რამოსის დასჯა მოითხოვა, ფეხბურთელს კი მეტოქე გუნდის ფანების პატივისცემისაკენ მოუწოდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტი.

“სევილიამ” “ლივერპულის” სახოს ტრანსფერის თაობაზე მიმართა

ესპანური “სევილიას” ხელმძღვანელებმა “ლივერპულის” უფროსებს მამადუ სახოს შესაძლო ტრანსფერის შესახებ მიმართეს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Daily Mail ადასტურებს.

როგორც იცით, უკვე კარგა ხანია, რაც ფრანგი მცველი იურგენ კლოპის ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა, რის მიზეზადაც გერმანელმა სპეციალისტმა დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა.

თუმცა, “დალაქებს” სახოს დისციპლინაზე მეტად ის თანხა ადარდებთ, რომლის გადახდაც 26 წლის ფეხბურთელის არენდის წესით აყვანის შემთხვევაში მოუწევთ – საუბარია დაახლოებით 80,000 ფუნტზე (კვირაში).

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ფრანგი ფეხბურთელი ბოლო დროს “სევილიას” გარდა, “გალათასარაის”, “ვესტ ბრომს”, “კრისტალ პალასს”, “საუთჰემპტონსა” და “ლილისაც” დაუკავშირეს.

იოვეტიჩი “სევილიაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

მილანური “ინტერის” ფორვარდი, სტევან იოვეტიჩი ესპანურ “სევილიაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

როგორც ესპანური გამოცემა, As La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, თავად ფეხბურთელი აღნიშნულ ტრანსფერს უკვე დათანხმდა.

თითქმის მოგვარებულია ის საკითხი, რომ “დალაქები” იოვეტიჩს არენდის წესით აიყვანენ. თუმცა, გუნდები ვერ თანხმდებიან იმაზე, უნდა იყოს თუ არა მის კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსყიდვის პუნქტი.

ამასთანავე, ამ ტრანსფერს კიდევ ერთი ფაქტორი უშლის ხელს, რომელსაც ჩინური ფული ჰქვია – როგორც ცნობილი ხდება, ერთ-ერთი ჩინური კლუბი მაქსიმალურად სცდილობს იოვეტიჩი “სანჩეს პისხუანის” ნაცვლად ჩინეთში გადაბარგდეს.

“რეალმა” “სევილიას” რამოსისა და რონალდუს გარეშეც მოუგო (ვიდეო)

ესპანეთის თასის, იგივე კოპა დელ რეის 1/8 ფინალური ეტაპის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი 5 იანვარს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა, სადაც “რეალს” სამპაოლის “სევილია” დაუპირისპირდა.

გამომდინარე იქიდან, რომ “თეთრებს” ორი ლიდერის, სერხიო რამოსისა და კრიშტიანუ რონალდუს გარეშე უწევდათ თამაში, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ “რეალს” ამ მატჩის მოგება უნდა გაჭირვებოდა. თუმცა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

რონალდუს არყოფნაში, ლიდერობა ხამეს როდრიგესმა იტვირთა. “რეალმა” მატჩის ბედი პირველივე ტაიმში, ხამესის დუბლისა და ვარანის გოლის წყალობით გადაწყვიტა. განმეორებითი მატჩი 13 იანვარს, “სანჩეს პისხუანზე” უნდა გაიმართოს.


“რეალი”: კასილია; მარსელო, ნაჩო, ვარანი, კარვახალი; კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი; ასენსიო (ისკო 68′), მორატა (დიასი 83′), როდრიგესი (დანილი 79′)

მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“სევილია”: რიკო; მარიანო, რამი, მერკადო, ესკუდერო; ნ’ზონზი, იბორა; ნასრი, განსო, ვიტოლო; კორეა (ბენ იედერი 82′)

მთავარი მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

გოლები: ხამეს როდრიგესი 11′, ვარანი 29′, ხამეს როდრიგესი


ხორხე სამპაოლი: “მესისთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი”

“სევილიას” ამჟამინდელმა და ჩილეს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, ხორხე სამპაოლიმ მესისთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

“მესისთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი, მისი ყოველდღიური ხილვა სასიამოვნო იქნება ჩემთვის. ეს უნიკალური შესაძლებლობაა, ახლოდან დააკვირდე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს.

ამ მომენტში მესი დიდებულ ფორმაში იმყოფება. ვინ იტყვის უარს მასთან თანამშრომლობაზე?

თუ ისეთ ფეხბურთელს, როგორიც მესია, ბედნიერს გახდი, 95 პროცენტით მატჩი მოგებულია.იგივე ხდებოდა დიეგო მარადონას შემთხვევაშიც. როდესაც ლეო ფორმაშია, მატჩის წაგება ძალიან რთულია.”

“რეალი” – “სევილია”: რამოსი მატჩს გამოტოვებს

5 იანვარს, მადრიდის “რეალსა” და ესპანურ “სევილიას” შორის გასამართ კოპა დელ რეის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩში “ბლანკოსის” დახმარებას მათი ესპანელი მცველი, სერხიო რამოსი ვერ შეძლებს.

ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS ავრცელებს, რომლის თანახმადაც 30 წლის მცველს თავი დეკემბრის თვეში მიღებულმა ტრავმამ შეახსენა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “დალაქებთან” გამართული მატჩიდან ორ დღეში “რეალს” “გრანადას” წინააღმდეგ უწევს თამაში. თუმცა, რამოსი ამ მატჩს ისედაც, დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა.

წყაროს ცნობით, რამოსი მოედანს 12 რიცხვისთვის უნდა დაუბრუნდეს. სავარაუდოდ, ის “სევილიასთან” განმეორებით მატჩში თამაშს შეძლებს.

სერხიო რამოსი 2017 წლის პირველ ორ შეხვედრას გამოტოვებს

2016 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მადრიდის “რეალი” და “კაშიმა ანთლერსი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩში “ბლანკოსის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა მარჯვენა ფეხის ერთ-ერთ კუნთზე ტრავმა მიიღო.

როგორც ირკვევა, ესპანელ მცველს ისევ აქვს მცირე ტკივილი დაზიანებულ ფეხზე. ზიდანის, რამოსისა და ექიმების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სერხიო 2017 წლის პირველ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამ მატჩში, რომელიც 5 იანვარს, 00:15 საათზე გაიმართება, “თეთრები” სამეფო თასზე “სევილიას” დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება წლის მეორე შეხვედრას (7 იანვარს) იგი პრიმერა დივიზიონის ეგიდით გაიმართება. “რეალი” აქ “გრანადას” დაუპირისპირდება. რამოსი ამ თამაშს 5 ყვითელი ბარათის ქონის გამო გამოტოვებს.

შესაბამისად, მადრიდელთა კაპიტანი გუნდს 13 იანვარს “კოპა დელ რეის” განმეორებით შეხვედრაში დაუბრუნდება.

მოურინიო: “მარსიალმა მე უნდა მომისმინოს და არა თავის აგენტს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გუნდის ფრანგ შემტევზე, ანტონი მარსიალზე საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ახალგაზრდა ფორვარდი მას მოუსმენს, ყველაფერი გამოუვა და არც კლუბის დატოვება მოუწევს.

“მარსიალს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ტოპ დონის მოთამაშე გახდეს. ის თამაშობს, ქმნის შანსებს, გოლები გააქვს, ბოლომდე იბრძვის. ყველაფერთან ერთად პოზიტიურიც არის.

მარსიალმა მე უნდა მომისმინოს და არა თავის აგენტს. ვარჯიშებზე უნდა დამიჯეროს, ჩემს მიერ მიცემული თითოეული შენიშვნა გაითვალისწინოს და გამოასწოროს.

გაზეთებში ყოველდღე ვხედავ სტატიებს სათაურებით: “მარსიალი “სევილიაში” მიდის”, “მარსიალს ანათხოვრებენ”, “ანტონი თავს ბედნიერად ვერ გრძნობს.” თუ ის მე დამიჯერებს, ყველაფერი გამოსწორდება.”

“სევილია” მარსიალის არენდით აყვანას აპირებს

ესპანური “სევილიას” ხელმძღვანელების რადარზე “მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი შემტევი, ანტონი მარსიალი გამოჩნდა.

RMC Sport-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “სანჩეს პისხუანის” ბინადრები მზად არიან, მარსიალი არენდით აიყვანონ და ხელფასი თავად გადაუხადონ.

წყაროს ცნობით, ბრიტანულ გრანდსა და ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდა ესპანური კლუბის სპორტული დირექტორი, მონჰი, მას შემდეგ რაც მან თანხმობა გუნდის თავკაცისაგან, ხორხე სამპაოლისაგან მიიღო.

თუმცა, ძალზედ საეჭვოა, “მანჩესტერ იუნაიტედმა” მარსიალს კლუბის დატოვების უფლება მისცეს, მიუხედავად იმისა,რომ 21 წლის ფეხბურთელს საკმარისი სათამაშო დრო ვერ ეძლევა.

ბუტრაგენიო: “სევილია” შესაძლო მეტოქეთა შორის ყველაზე არასასურველი ვარიანტი იყო”

მადრიდის “რეალისა” და “სევილიას” გზების კოპა დელ რეის 1/16 ფინალურ ეტაპზე გადაყრა განსაკუთრებით “რეალის” დირექტორს, ემილიო ბუტრაგენიოს არ ესიამოვნა, რომელსაც ერჩივნა, რომ ნაცვლად “სევილიისა”, მადრიდელებს ბარსელონელები შეხვედროდათ.

“სევილია” შესაძლო მეტოქეთა შორის ყველაზე არასასურველი ვარიანტი იყო. ორმატჩიან დუელში გამარჯვებისათვის მაქსიმალურად კონცენტრირება იქნება საჭირო.

ამ მატჩებისთვის ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ, განსაკუთრებით კი პირველი მატჩისათვის – ძალიან კარგად ვიცით, რა რთულა “რამონ სანჩეს პისხუანზე” თამაში.

მათი არენა ყოველთვის ენთუზიაზმით აღსავსე გულშემატკივრებით არის შევსებული, რომლებიც თავიანთი ფეხბურთელებისგან მაღალი დონის ჩვენებას ითხოვენ.”

“იუვენტუსის” ხელმძღვანელები ნ’ზონზის გადაბირებას აპირებენ

ესპანური “სევილიას” ნახევარმცველი, სტივენ ნ’ზონზი “იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში მოექცა. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული მადრიდული გამოცემა, Marca ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინელთა ხელმძღვანელების ყურადღბა 28 წლის ფრანგმა ჰავბეკმა ჩემპიონთა ლიგის მატჩებში კარგი ასპარეზობით მიიქცია.

ნ’ზონზის გადასაბირებლად “ბებერ ქალბატონს” ხაზინიდან დაახლოებით 30 მილიონი ევროს გატანა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ნ’ზონზის, რომელმაც ლა ლიგის წლევანდელი სეზონის 10 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა, ინგლისურ “სტოკ სიტიში” თამაშის გამოცდილებაც გააჩნია, სადაც მან 3 წელი გაატარა.