რონალდინიო: “ჩემი მიზანი ისაა, რომ ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ვიყო”

2013 წლის, 25 ივლისს, ბრაზილიურმა “ატლეტიკო მინეირომ” ლიბერტადორესის თასის ფინალში პარაგვაული “ოლიმპია” დაამარცხა და სამხრეთ ამერიკის საუკეთესო კლუბის წოდება მოიპოვა.

ბრაზილიური გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი გამოცდილმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ დაიდო. სამწუხაროდ, გაუჩომ 27 სექტემბერს მძიმე ტრავმა მიიღო. თავდაპირველი პროგნოზის მიხედვით, “ბარსელონასა” და “მილანის” ყოფილ მოთამაშეს სამი თვე უნდა გასცდენოდა. შესაბამისად, ის დეკემბერში, ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებდა. თუმცა, არსებობს იმის შანსი, რომ ყველასათვის გამორჩეულმა ფეხბურთელმა და ადამიანმა დეკემბერში თამაში შეძლოს.

FIFA.com-მა რონალდინიოს ინტერვიუ ჩამოართვა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

– მას შემდეგ, რაც “ატლეტიკო მინეიროში” გადახვედით, ძირითადად, ცენტრიდან, შემტევ ნახევარმცველად თამაშობთ. ადრე კი, მარცხენა თავდამსხმელად გიყენებდნენ. რა შეიცვალა თქვენს თამაშში?
– როდესაც პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დავიწყე, მაშინ სწორედ ცენტრიდან ვუტევდი. შემდეგ, “პარი სენ-ჟერმენში” გადავედი, სადაც მარცხენა თავდამსხმელად მიყენებდნენ, ასე ხდებოდა “ბარსელონაშიც”. საბოლოოდ, როცა “ატლეტიკო მინეიროში” მოვედი, მწვრთნელმა მკითხრა, რომელ პოზიციაზე მოვიაზრებდი ჩემს თავს. მე კი ვუპასუხე, რომ ყველაზე მეტად გუნდისათვის სარგებელის მოტანა შემტევი ნახევარმცველის პოზიციიდან შემეძლო. მიყვარს, როდესაც მთავარი შემქმნელი მე ვარ.

– “ატლეტიკო მინეირომ” ლიბერტადორესის თასის მოგება მოახერხა. არის თუ არა ეს გუნდის მთავარი მწვრთნელის, კუკას დამსახურება?
– რა თქმა უნდა. კუკა ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს. მან ყველაფერი კარგად დაგეგმა, ხოლო ჩვენ ისე ვითამაშეთ, როგორც საჭირო იყო.

– დაგეხმარებათ თუ არა ევროპულ ფეხბურთში მიღებული გამოცდილება იმაში, რომ მაროკოში ჩასატარებელ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გუნდს დიდი დახმარება გაუწიოთ?
– ამ თემაზე ხშირად ვსაუბრობ. ჩემს გარდა, გუნდში სხვა გამოცდილი ფეხბურთელებიც არიან. მაგალითად: ჟოზუე, ჟო, ჯილბერტო სილვა. მათ ინგლისისა და გერმანიის ჩემპიონატებში უთამაშიათ. ყველა ქვეყანაში განსხვავებული სათამაშო სტილია ჩამოყალიბებული, ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი გამოცდილება გუნდს აუცილებლად წაადგება.

– გვარდიოლას კარგად იცნობთ. როგორ ფიქრობთ, მან “ბაიერნის” სათამაშო სტილი შეცვალა?
– სიამრთლე გითხრათ, დიდი ანალიზი არ გამიკეთებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ “ბაიერნის” სტილში რაღაც ცვლილებები შეინიშნება. ნათელია, რომ გვარდიოლას მისვლის შემდეგ, მიუნხენელები ბურთის ფლობაზე უფრო მეტ აქცენტს აკეთებენ და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს სივრცეებს არ უტოვებენ.

– როდესაც “ბარსელონაში” თამაშობდით, მაშინ გვარდიოლა “ბარსელონა B-ს” თავკაცობდა. გეგონათ, რომ გვარდიოლა ასეთი წარმატებული მწვრთნელი იქნებოდა?
– დიახ, მეგონა. “ბარსელონას” იდეოლოგია ასეთი იყო: ყველა ასაკობრივ გუნდს პირველი გუნდის მსგავსად უნდა ეთამაშა. როდესაც ფეხბურთელი წამოიზრდებოდა, ის პირველ გუნდში სათამაშოდ მზად იყო. ასეთი სიტუაცია იყო მწვრთნელთან დაკავშირებითაც.

– “ატლეტიკო მინეიროში” გადმოსვლის შემდეგ, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი მოგეცათ…
– ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებამ ძალიან გამახარა. მე და ლუიშ ფელიპე სკოლარის ერთმანეთთან მშვენიერი ურთიერთობა გვაკავშირებს. ის ძალიან პირდაპირი ადამიანია. ვიცი, რომ კიდევ არსებობს ჩემი ნაკრებში დაბრუნების შანსი. სკოლარი დიდებული მწვრთნელია, ამიტომ ის სიტუაციას ყველაზე კარგად შეაფასებს.

– როგორც უკვე ავღნიშნეთ, კლუბში ცენტრიდან უტევთ. ხედავთ თუ არა თქვენს თავს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში?
– ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მე ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შემიძლია.

– ფიქრობთ თუ არა იმაზე, რომ 2014 წლის მუნდიალზე მოხვდეთ?
– რა თქმა უნდა. ჩემი მიზანი ისაა, რომ ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ვიყო. დანარჩენი კი, მწვრთნელის გადასაწყვეტია.

დიტო ჭიჭინაძე

სკოლარი: “ჩილეს ნაკრების დამარცხება საჭიროა”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუიშ ფელიპე სკოლარი აცხადებს, რომ “სელესაოს” ჩილეს ნაკრების დამარცხება ესაჭიროება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიისა და ჩილეს ეროვნული ნაკრებები ამხანაგურ შეხვედრაში 20 ნოემბერს, ტორონტოში დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

“ჩილეს ძალიან კარგი ნაკრები ყავს. მათ ინგლისის ნაკრებს 2:0 მოუგეს, რაც ყველაფერზე მეტყველებს. რაც შეგვეხება ჩვენ, საჭიროა, რომ მეტოქე დავამარცხოთ”, – ამბობს სკოლარი.

სკოლარი: “ნეიმარი რონალდუსა და მესის დონისაა”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუიშ ფელიპე სკოლარი აცხადებს, რომ ნეიმარი მესისა და რონალდუს დონის მოთამაშეა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ბრაზილიელი კატალონიის “ბარსელონაში” გასულ ზაფხულს ბრაზილიური “სანტოსიდან” გადავიდა.

“ნეიმარი? ვფიქრობ, მართლაც ბრწყინვალე ფეხბურთელია. ის ძალიან სწრაფი და ტექნიკურია, რომელიც გუნდს დიდ დახმარებას უწევს. მე თუ მკითხავთ, ნეიმარი რონალდუსა და მესის დონის მოთამაშეა”, – ამბობს სკოლარი.

სკოლარი: “ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდება”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუიშ ფელიპე სკოლარი აცხადებს, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს “სელესაო” მოიგებს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებმა ჰონდურასის ნაკრები გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა და ბოლო 12 მატჩში, მე-11 გამარჯვება იზეიმა.

“რა თქმა უნდა, ის, რომ ტურნირი ბრაზილიაში იმართება, ჩვენთვის კარგია. ცხადია, ჩვენი გულშემატკივრები ჩვენგან ბევრს მოითხოვენ. გვინდა, მსოფლიოს ჩემპიონები გავხდეთ და ეს მოხდება კიდეც”, – ამბობს სკოლარი.