ქუთაისმა სოხუმი ბოლოს გატეხა და სერია მოიგო

სუპერლიგის მეოთხე ნახევარფინალისტი ცნობილია. მეოთხედფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში „ქუთაისმა“ საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში – 71:67 დაამარცხა „სოხუმი“ და ნახევარფინალში გავიდა.

მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდა, რომლის ბედიც ბოლო წამებზე გადაწყდა. სოხუმელებმა, რომლებმაც ჩემპიონატის მსვლელობისას ყველა ლეგიონერი დაკარგეს და თვეების განმავლობაში უხელფასოდ თამაშობენ, ქუთაისელებს უდიდესი წინააღმდეგობა გაუწიეს და საბოლოო წარმატებამდე მცირედი დააკლდათ.

სერიის გადამწყვეტი მატჩის ბოლო წუთზე ანგარიში თანაბარი იყო – 65:65. მატჩის დასრულებამდე 37 წამით ადრე საჯარიმოს ხაზიდან ორივე ზუსტი სროლით ანგარიში სოხუმელმა ბექა ბექაურმა გაათანაბრა. საპასუხოდ ქუთაისელთა აზერბაიჯანელმა გამთამაშებელმა, რომელიც საბოლოოდ მატჩის ბომბარდირი გახდა, ზუსტი გარღვევით მასპინძლები დააწინაურა – 67:65.

სოხუმელებმა გადამწყვეტ ეპიზოდში ორჯერ დაკარგეს ბურთი, რომელთა შორისაც ფაშაევმა ორქულიანი ააცილა. მატჩის დასრულებამდე 12 წამით ადრე აკაკი დვალიშვილმა ზუსტი სროლით „ქუთაისი“ 4 ქულით დააწინაურა და მატჩის ბედიც გაირკვა.

რაც შეეხება მატჩის მსვლელობას, ხან ერთი გუნდი ლიდერობდა, ხან – მეორე. ვერც ერთი მათგანი ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებდა. აღსანიშნავია, რომ უმეტეს წილად წინ ქუთაისელები იყვნენ, თუმცა მატჩის ბოლო წუთს გუნდები თანაბარი ანგარიშით შეხვდნენ.

გამარჯვებულებს 23 ქულით ფაშაევმა ულიდერა, აკაკი დვალიშვილმა ქუთაისელებს 13 ქულა და 11 მოხსნა მიაშველა. გოგა ცეკვავას ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა, რევაზ დიდიამ პირად ანგარიშზე 11 ქულა ჩაიწერა.

„სოხუმში“ 20 ქულით ბომბარდირი ვახტანგ ქადარია გახდა, 19 ქულა ირაკლი ჩლაიძის ანგარიშზეა, ბექა ბექაურმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 14 ქულა, 11 მოხსნა.

ნახევარფინალში გასული 4 გუნდი შემდეგნაირად დაწყვილდა: „დინამო“ – „ბათუმი“, „არმია“ – „ქუთაისი“. ნახევარფინალური სერიები 9 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყება.

9 მაისი, სპორტის სასახლე

„არმია“ – „ქუთაისი“  14:00

„დინამო“ – „ბათუმი“            16:00

მეოთხედფინალიდან ვერგასული გუნდები V-VIII ადგილებისთვის იბრძოლებენ. პლეი აუტის მატჩბიც 9 მაისს, სპორტის სასახლეში გაიმართება:

„შსს-აკადემია“ – „ოლიმპი“  11:45

„სოხუმი“ – „რუსთავი“          18:00

 

მატჩისშემდგომი კომენტარები

მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მწვრთნელი): დღევანდელ დღეს მივულოცავ სრულიად საქართველოს, ალბათ ამ დღის მადლით მოვიგეთ. ბოლო წუთზე გადაწყდა თამაშის ბედი  და როგორც მოსალოდნელი იყო, უაღრესად დაძაბული გამოდგა შეხვედრა. მატჩის დასაწყისში  თამაში არ წაგვივიდა და ისე გამოვიდა, რომ მთელი შეხვედრა მდევრის როლში აღმოვჩნდით. საბედნიეროდ,  სასურველ შედეგს მივაღწიეთ, რაც სწორი ტაქტიკის  წყალობით და ბიჭების უდიდესი მონდომებით მოხდა.  „სოხუმი“ ბრწყინვალე გუნდია და ვისურვებ მალე მოეგვარებინოს ფინანსური პრობლემები. იმედია, მომავალს წელს ეს ასეც იქნება და დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს.

ვაჟა კვარაცხელია(„სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): დიდი საკალათბურთო დღე იყო. სასიამოვნო იყო, რომ ქუთაისელი გულშემატკივარი დღეს ისევ გვიკრავდა ტაშს.  ამაყი ვარ ჩემი გუნდით და ბიჭებით.

superleague.ge

ქუთაისი-სოხუმის სერია გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა

“ქუთაისისა” და “სოხუმის” მეოთხედფინალური დაპირისპირება მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა. მალხაზ კოხრეიძის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა გუშინ წაგების შემდეგ დღეს თბილისის სპორტის სასახლეში “სოხუმი” 74:60 დაამარცხეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს – 2:2.

საბოლოო ანგარიშიდან შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ქუთაისელებმა იოლად მოიგეს, თუმცა ეს ასე არ ყოფილა. მატჩის ბოლოსწინა წუთზე ლევან ცეკვავამ 2, ხოლო ლევან გრძელიძემ 1 სამქულიანი ჩააგდეს და სოხუმელები საბოლოოდ გატეხეს. მანამდე კი, ბლო მეოთხედის პირველ წუთზე ანგარიში თანაბარი იყო – 49:49.

სოხუმელები მდევრის როლში პირველივე წუთზე აღმოჩდნენ და მთელი თამაშის მანძილზე ცდილობდნენ ქუთაისელთა წამოწევას. პირველი მეოთხედი სტუმრებმა 22:10 მოიგეს და მას მერე ლიდერობას ინარჩუნებდნენ. ირაკლი ჩლაიძის წინამძღოლობით სოხუმელებმა მესამე პერიოდში ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს და ბოლო ათწუთეულის ახალდაწყებულზე ანგარიში გაათანაბრეს კიდეც.

ანგარიში ორჯერ გათანაბრდა, თუმცა სოხუმელებმა დაწინაურება ვერ მოახერხეს და ბოლოსწინა წუთზე მიღებული 3 სამქულიანის შემდეგ წაგებას შეეგუვნენ. ქუთაისელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და ბოლო მეოთხედში მე-4 პერსონალურის მიღების მიუხედავად, მის თამაშს არც აგრესიულობა მოჰკლებია და არც შედეგიანობა.

დვალიშვილის დამსახურება იყო, რომ ქუთაისელებმა მეტოქეს ფარი მოუგეს. მთლიანობაში ქუთაისელებმა მეტოქეზე 24-ით მეტჯერ მოხსნეს ბურთი, რაც სოლიდური შეღავათი იყო საბოლოოდ გამარჯვებული მალხაზ კოხრეიძის გუნდისთვის. მატჩის საუკეთესო მოთამაშე აკაკი დვალიშვილი გახდა 26 ქულითა და 19 მოხსნით. 16-16 ქულა მიითვალეს ლევან ცეკვავამ და დათო ბარბაქაძემ. “სოხუმში” საუკეთესო შედეგი ირაკლი ჩლაიძემ დააფიქსირა 24 ქულით, ვახტანგ ქადარიას ანგარიშზე კი 15 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.

სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა 6 მაისს, 18:00 ქუთაისში გაიმართება.

 სტატისტიკა

 მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ  ჩვენს გუნდს და  გულშემატკივარს დღევანდელ გამარჯვებას. ეს თამაში ჩვენთვით ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული იყო. ბოლო პერიოდის შუაწელამდე არ იყო გადაწყვეტილი მატჩის ბედი და   სწორედ ამ მონაკვეთში, იღბლიანი სრულების ხარჯზე მოვიპოვეთ უპირატესობა. ქუთაისში ორმაგად დაძაბული თამაში იქნება  სერიის გადამყვეტი მატჩი. ჩვენს საკუთარ მოედანზე მეთამაშებით მეტოქეს,  ჩვენი გუნდისგან და მოთამაშეებისგან  გულშემატკივარი გარკვეულ შედეგს ელოდება და ამიტომ  წაგების უფლება არ გვაქვს. ეს ორმაგად საპასუხისმგებლოა და შეხვედრას უკვე მატებს დაძაბულობას.

მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს.  ზოგიერთ მოთამაშეს  გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ სასაიხარულოა, რომ დღეს  აკაკი დვალიშვილი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა და მადლობა ასევე ლევან გრძელიძეს, რომელიც მიუხედავად სერიოზული ტრავმისა, მაინც გამოვიდა მოედანზე და რაც შეეძლო გააკეთა.

ვაჟა კვარაცხელია(სოხუმის მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ „ქუთაისს“ გამარჯვებას.  ამას წინათ აღვნიშნე კიდეც რომ მეტოქე იოლად არაფერს დათმობდა. საინტრესო იქნება ის რომ ქუთაისის მაყურებელი ისევ დატკბება თამაშით. ქუთაისის მაყურებელი ტაშს ჩვენს გუნსაც კი უკრავდა და ახლა  6 მაისს, ისევ ისიამოვნებს სანახაობით. შანსები 60X40ზეა ქუთაისის სასარგებლოდ, მაგრამ ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს,  ყველაფერს გავიღებთ  და დიდი ბრძოლა გვექნება.

 გრიგოლ შვანგირაძე („სოხუმი“):  ჩვენი დღევანდელი თამაში გუშინდელისგან სრულიად განსხვავებული იყო.  წავაგეთ ფარი. ალბათეს ყველაფერი დაღლილობის ბრალი იყო. იგივე მოხდა ქუთაისში – პირველი დაცვის ხარჯზე მოვიგეთ, მეორეში ჩავარდნა გვქონდა . ვნახოთ ახლა რა მოხდება ქუთისში. წარმატებას ვუსურვებ ჩემს გუნდს.

superleague.ge

სოხუმი ქუთაისთან 2:1 დაწინაურდა

ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა “სოხუმმა” დაამტკიცა, რომ ქუთაისში მოგებული მატჩი შემთხვევითობა არ ყოფილა. მეოთხედფინალის მე-3 მატჩში სოხუმელებმა იმერული კლუბი დამაჯერებლად დაამარცხეს და სერიაში 2:1 დაწინაურდნენ. თუკი ხვალ, სერიის მორიგ მატჩშიც იმარჯვებენ, სოხუმელები ნახევარფინალში გავლენ.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისელებმა ძალიან ცუდად ითამაშეს და ამის მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, სოხუმელთა საიმედო დაცვაა. რატი ბააკაშვილმა, გამარჯვებული გუნდის გამთამაშებელმა, აღნიშნა კიდეც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, რომ წარმატება დაცვაში კარგმა თამაშმა განაპირობაო.

სწორედ დაცვის ხარჯზე იძალეს სოხუმელებმა პირველ მეოთხედში, რომელიც “ქუთაისს” 16:6 მოუგეს. 2-წუთიანი შესვენების შემდეგ ქუთაისელებმა თითქოს თამაში იპოვეს და ანგარიშიც გაათანაბრეს, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს ბექა ბექაურის, ირაკლი ჩლაიძის და რატი ბააკაშვილის შედეგიანობით სოხუმელებმა 5 ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს – 32:27.

დიდი შესვენების შემდეგ სოხუმელებმა დაცვის ხარჯზე უპირატესობა მოიპოვეს და კვარაცხელიას გუნდის უპირატესობამ კვლავ 10-ქულიან ნიშნულს მიაღწია. ბოლო პერიოდი სოხუმელთა 11-ქულიანი ლიდერობით დაიწყო და შეხვედრა ისე ჩამთავრდა, ქუთაისელები მასპინძლებს 7 ქულაზე ნაკლებით ვერ მიუახლოვდნენ.

გამარჯვებულებში საუკეთესო ბექა ბექაური გახლდათ, რომელმაც 19 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა. ირაკლი ჩლაიძემ 16 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ვახტანგ ქადარიას ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 18 ქულით საუკეთესო შედეგი გოგა ცეკვავამ აჩვენა.

სერიის მორგი, მე-4 შეხვედრა 4 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში, 14:00 საათზე გაიმართება.

 სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ვაჟა კვარაცხელი(სოხუმი მთავარი მწვრთნელი): როგორც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ვთქვი დაძაბული თამაში გამოვიდა, მაგრამ ხვალ კიდევ უფრო რთული მატჩი გვექნება. მაყურებელი კიდევ უფრო კარგ სანახაობას იხილავთ და მოვუწოდებ ყველა გულშემატკივარს მოვიდეს სპორტის სასახლეში და ისიამოვნოს თამაშით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფინიშამდე მივიდეთ. ქუთაისი ის გუნდია რომელც იოლად არაფერს თმობს.

მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მწვრთნელი): მივულოცავ „მეტოქეს“, ნამდვილად ღისრსეული გამარჯვება მოიპოვა და კიდევ ერთხელს დაამტკიცა რომ „სოხუმი“ გუნდურ კალათბურთს თამაშობს და ბოლო წუთამდე იბრძვის წარმატებული შედეგისთვის. სამწუხაროდ, ეს დღეს საერთოს ეს არ შეიმჩნეოდა ჩვენს გუნდში  და ეს ის „ქუთაისი“ არ იყო, რომელსაც ჩვენი მაყურებლები და გულშემატკივრები იცნობენ. საბედნიეროდ, ხვალ კიდევ გვაქვს იმის შანსი, რომ ჩვენი თამაში ვიპოვოთ და ადგილი დავიმკვიდროთ 4-ეულში.

 

რატი ბააკაშვილი(სოხუმი): დაცვაში კარგი თამაშის ხარჯზე მივაღწიეთ ამ გამარჯვებას და ყველანი ბოლომე დავიხარჯეთ. „ქუთაისის“ თამაშის შემდეგ მწვრთნელებმა ბევრი იმუშავეს რომ ჩვენი ხარვეზები გამოგვესწორებინა და შედეგიც სახეზეა. მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და მინდა აღვნიშნო რომ დღევანდელი  გამარჯვება გასახდელშივე დავიწყებას მივეცით. უკვე ხვალინდელ დღეზე ვფქირობთ და ვეცდებით გავინაღდოთ ნახევარფინალის საგზური.

IMG_2762IMG_2760IMG_2754IMG_2718IMG_2715IMG_2705IMG_2699IMG_2698IMG_2683IMG_2675IMG_2664

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

ქუთაისმა სერია გაათანაბრა, დინამო 2:0 დაწინაურდა

დასრულდა სუპერლიგის მეოთხედფინალის მეორე სათამაშო დღე. 18:00 საათზე დანიშნულ ორივე მატჩში მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა – თბილისში “დინამომ” “ოლიმპს” 89:49 სძლია, ხოლო ქუთაისში ადგილობრივმა გუნდმა “სოხუმს” 81:70 მოუგო.

თბილისის “დინამომ” მეორე მატჩშიც დამაჯერებლად მოუგო “ოლიმპს” და ნახევარფინალამდე 1 ნაბიჯი აკლია. წინა მატჩის მსგავსად, ირაკლი ხოშტარიას გუნდს პრობლემები არც დღევანდელ შეხვედრაში შექმნია. ფავორიტად მიჩნეულმა დინამოელებმა 40 ქულის სხვაობით იმარჯვეს, რითაც ყველაფერი ნათქვამია.

“ოლიმპმა” თამაში ცუდად არ დაიწყო და პირველ მეოთხედში მეტოქეს ტოლ-სწორად ებრძოლებოდა. ორწუთიან შესვენებაზე დავით თორთლაძის გუნდი მხოლოდ 5-ქულიანი დეფიციტით გავიდა, თუმცა მერე და მერე დინამოელები თამაშის ეშხში შევიდნენ და საბოლოოდ მეტოქეს გამანადგურებელი მარცხი აგემეს.

21 ქულითა და 15 მოხსნით დინამოელებს ქიან კარტერმა ულიდერა, ხოლო მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. 2 ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე სტევან მილოშევიჩს – 13 მოხსნა და 8 ქულა. ოლიმპელთაგან 10-10 ქულა სამმა კალათბურთელმა დააგროვა – მიხეილ ჩიტაშვილმა, რევაზ ათანელიშვილმა და ნოდარ თენიეშვილმა.

“დინამო” – “ოლიმპის” სერიაში მომდევნო მატჩი 3 მაისს, სპორტის სასახლეში გაიმართება.

რაც შეეხება ქუთაისში ჩატარებულ შეხვედრას, “სოხუმმა” სერიის პირველი მატჩის მოგებით პროგრამა მაქსიმუმი შეასრულა. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა დღესაც იბრძოლა და მესამე მეოთხედში 22 ქულით ჩამორჩენილმა ბოლო პერიოდის დასაწყისში დეფიციტი 7 ქულამდე შეამცირა, მაგრამ სერიაში ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა.

ქუთაისელებს 22 ქულითა და 9 პასით ზაურ ფაშაევმა ულიდერა, ხოლო გიორგი ბარბაქაძე თავისიანებს 17 ქულით შეეწია. მატჩის ბომბარდირი სოხუმელი ირაკლი ჩლაიძე გახდა, რომელმაც 34 ქულა მიითვალა.

“ქუთაისი” – “სოხუმის” მეოთხედფინალური სერიის მეორე და მესამე მატჩები თბილისის სპორტის სასახლეში, 3და 4 მაისს გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

 ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი): ის მიზანი, რაც გვქონდა შევასრულეთ და 2:0 გავედით წინ. შევეცდებით მესამე თამაშიც მოვიგოთ და  საქმე არ გავირთულოთ.

დავით თორთლაძე(„ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი): უმოტივაციოდ იყო გუნდი დღეს და  შესაძლოა მეც რაღაც დავაკელი, მაგრამ რაც არ უნდა ვუთხრა ბიჭებს, ალბათ არ აუმაღლდებათ გაწყობა, რადგან შინაგანად გრძნობენ რომ ჩვენსა და „დინამოს“ შორის დიდი სხვაობაა.  ამ სერიას  ვერ მოვიგებთ, მაგრამ 5-8ადგილებისთვის  ჩვენს უშუალო კონკურენტებთან აუცილებლად ვიბრძოლებთ და ვეცდებით სასურველი რეზულტატის ჩვენებას. მე პირადად, როგორც მწვრთნელი, არ ვარ შეჩვეული წაგებას  და არ ვეგუები ამ სიტუაციას, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ვიმედოვნებ, ეს  თამაშები ბიჭებს სამომავლოდ მნიშვნელოვნად გამოადგებათ.

დინამოს დაგეგმილი და სოხუმის მოულოდნელი გამარჯვება

მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩები მოულოდნელი შედეგით დასრულდა. თუკი “დინამოს” მიერ “ოლიმპის” ძლევა არავისთვის იყო გასაკვირი, ქუთაისში “სოხუმის” გამარჯვება თითქმის სენსაციის კატეგორიას განეკუთვნება.

ფინანსურ კრიზისში მყოფი “სოხუმი” პლეი ოფის წინ ბოლო ლეგიონერმა დატოვა. ვაჟა კვარაცხელიას გუნდის წამყვანმა მეფარემ, ჯერემი საიმონსმა აზიას მიაშურა და კარიერას საუდიის არაბეთში აგრძელებს. მის გარეშე დარჩენილმა სოხუმელებმა კი გმირობის ტოლფასი გამარჯვება მოიპოვეს ქუთაისში, გუნდთან, რომელმაც რეგუარულ ჩემპიონატში “დინამო” 2-ჯერ დაამარცხა და ცხრილში მე-3 ადგილი დაიკავა.

სოხუმელებმა თავიდანვე დაანახვეს მასპინძლებს, რომ ქუთაისში მოსაგებად იყვნენ ჩასულნი. პირველი მეოთხედის 2 ქულით მოგების შემდეგ სტუმრებმა კიდევ უფრო მძლავრი პერიოდი ჩაატარეს და დიდი შესვენებისთვის უკვე 12 ქულით იგებდნენ – 44:32.

მასპინძლებმა ვითარება ვერც მეორე ტაიმში გამოასწორეს. მესამე მეოთხედში ერთ მუშტად შეკრულმა სოხუმელებმა ლიდერობა კიდევ 2 ქულით გაზარდეს და გადამწყვეტ ათწუთეულს დამაჯერებელი ლიდერობით შეხვდნენ – 63:49.მასპინძლები ბოლოს გამოერკვნენ, მაგრამ გვიან იყო. შეუპოვრად მებრძოლმა სუხუმელებმა ქუთაისელებს მიახლოვების საშუალება აღარ მისცეს და გმირობის ტოლფასი გამარჯვება მოიპოვეს – 78:67.

ძნელია, “სოხუმის” რომელიმე კალათბურთელის გამორჩევა. ყველამ, ვინ მოედანზე გავიდა, გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გაიღო. 18 ქულით ბომბარდირი ირაკლი ჩლაიძე გახდა, ხოლო სამმა სოხუმელმა ორმაგი დუბლი მიითვალა: ბექა ბექაურმა 15 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა, რატო ბააკაშვილმა 10 ქულა და 10 პასი, ხოლო ვახტანგ ქადარიამ თავი 10 ქულას და 10 მოხსნას მოუყარა. ქუთაისელთაგან 20 ქულა და 9 პასი ზაურ ფაშაევის ანგარიშზეა, ლევან ცეკვავამ 14 ქულა დააგროვა, ხოლო რევაზ დიდიამ – 13.

მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი ხვალ ისევ ქუთაისში გაიმართება, რის შემდეგაც სერია თბილისში გამოინაცვლებს.

რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა “დინამომ” გამარჯვებით დაიწყო მეოთხედფინალური სერია “ოლიმპთან”. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან დინამოელები ჩემპიონობით ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტებად მიიჩნევიან, “ოლიმპი” კი შედარებით მოკრძალებული ამბიციისა. დავით თორთლაძის გუნდმა რეგულარული ჩემპიონატი მე-8 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში ბოლო გუნდად გავიდა.

დინამოელებმა თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მეორე ტაიმში მოედანზე სათადარიგოებს დაეთმოთ ასპარეზი. შესაბამისად, ეს მატჩი მიმდინარე სეზონში უნიკალური გამოდგა იმით, რომ მისმა მონაწილე 24-ვე კალათბურთლმა ქულა მოიპოვა. ყველაზე მეტი – 20 ქულა ქიენ კარტერმა დააგროვა, რომლის “დინამომაც” საბოლოოდ 38-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა – 103:65.

სერიაში “დინამოსა” და “ოლიმპის” მეორე დაპირისპირება ხვალ, თბილისის სპორტის სასახლეში, 18:00 საათზე გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): დავწინაურდით, თუმცა სერია 3 მოგებამდე გრძელდება. ამიტომ ვემზადებით ხვალისთვის. ვფიქრობ, ,,ოლიმპი’’ უკეთეს ადგილს იმსახურებდა ცხრილში. ჩვენ ვეცდებით, მეორე მატჩშიც მივაღწიოთ წარმატებას.

დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): ეს მატჩი მოულოდნელი შედეგით არ დამთავრებულა. ნამდვილად გამიხარდა, რომ ,,დინამოს’’ შევხვდით. უძლიერი გუნდია და მათთან მატჩები პლეი აუტის თამაშებისთვის მოსამზადებლად გამოგვადგება. ჩვენ შესწავლილი გვქონდა მათი კომბინაციები, მათ კი ჩვენი, თუმცა კლასით ჩვენზე მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ და ამიტომ დიდი ანგარიშით დავმარცხდით.

 

ბექა ნადირაძე(,,ოლიმპი’’): მივულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას. მართლაც უძლიერესი გუნდია. სამწუხაროდ, დღეს დიდი ანგარიშით დავმარცხდით, თუმცა მოვემზადებით მომდევნო შეხვედრისთვის.

 

superleague.ge

საქველმოქმედო აქცია ,,სოხუმის” კლუბთან ერთად

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ სუპერლიგის მონაწილე კლუბ ,,სოხუმთან’’ ერთად წინაასააღდგომო საქველმოქმედო აქცია გამართა.

სუპერლიგის ხელმძღვანელობა და ,,სოხუმის’’ მოთამაშეები ბავშვთა სახლ ,,მომავლის გზას’’ ესტუმრნენ და სახლის 25 აღსაზრდელს წინასააღდგომოდ ტკბილეული, კვერცხი, საკალათბურთო ბურთები და სხვა საჩუქრები გადასცეს. აღსაზრდელებმა ,,სოხუმის’’ ბიჭებთან ერთად კალათბურთიც ითამაშეს და სამახსოვროდ მოთამაშეებისგან გუნდის მაისურები და ხელმოწერებიც მიიღეს.

,,მომავლის გზის’’ ბავშვთა სახლისთვის სააღდგომო საჩუქრები კომპანია ,,ბორჯომმა“, კვერცხის კომპანია „თბილისი31-მა“, საკონდიტრო კომპანია „ბელამ“ დააწესეს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და სუპერლიგა მსგავს საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც განახორციელებს.

გიორგი ზაბახიძე (სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი):  დიდი მადლობა  საკალათბურთო კლუბ „სოხუმს“, რომელმაც გამონახა დრო და ფედერაციასთან ერთად სააღდგომოდ ბავშვებს  საჩუქრები გადასცა. სასიამოვნოა, რომ „სოხუმის“ ბიჭებმა დიდი  ყურადღება და სითბო გამოიჩინეს და საკუთარი მაისურები უსახსოვრეს პატარებს. „სოხუმმა“ დღეს კიდევე ერთხელ დაამტკიცა რომ ეს კლუბი კალათბურთის განვითარებაზე ფიქრობს.

დავით კინწურაშვილი  („მომავლის გზა“, დირექტორი): კალათბურთის ფედერაცია რამდენიმე  წელია ჩვენთან თანამშრომლობს, გვაქვს ძალიან მეგობრული  ურთიერთობა. ის  ეხმარება  „მომავლის გზას“ და ჩვენს ფონდს. დღევანდელი ღონიძიება  მამისასალმებელია, რადგან ეს ბავშვები არიან უზომოდ გახარებულნი და ბედნიერები.  დღეს მათ თვალები უბრწყინავთ. მათ უყვართ სპორტი და  სპორტსმენებთან  ურთიერთობა, თუმცა ამით ხშირად არ არიან განებივრებულნი და ვისურვებდი რომ მსგავსი აქციები და ღონისძიებები კიდევ უფრო ხშირად იმართებოდეს. იმედია,  სხვა სპორტსმენებიც მიბაძავენ კალათბურთელებს, რადგან ამ ბავშვებისთვის ეს არის სულიერი საზრდო , რომელიც უმნიშვნელოვანესია. დღეს ეს გააკეთა კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ და წინასააღდგომოდ  უდიდესი სიხარული აჩუქა პატარებს, შედგა ნამდვილი დღესასწაული,  რისთვისაც დიდი მადლობა ყველას.

ირაკლი ჩლაიძე: ძალიან კარგი დღე იყო, დიდი მადლობა ფედერაციას, იმისთვის რომ მოგვიწყო ეს დღე და შეგვახვედრა ბავშვებს, რომლებსაც   გადავეცით სხვადასხვა საჩუქრები. პატარებთან ერთად ჩვენც საკმაოდ ვიხალისეთ. ვპასუხობდით მათ შეკითხვებს და ჩვენც ვერთობოდით. მათგან ჩვენც ბევრი რამე ვისწავლეთ. მადლობა  ასეთი სასიხარულო დღისთვის და  და იმედია კიდევ არაერთ დღეს გავულამაზებთ ბავშვებს.

ბექა ბექაური: სასიხარულოა, რომ მცირედით მაინც დავეხმარეთ პატარებს და ეს ,,სოხუმის’’ გუნდმა გააკეთა. მადლობა ფედერაციას დახმარებისთვის და ორგანიზებისთვის. ბედნიერებაა, რომ ბავშვებს ერთი დღე მაინც გავუხალისეთ.

რატი ბააკაშვილი: სოხუმის გუნდმა და ფედერაციამ ერთობლივად  მოახერხა ამ ლამაზი დღის  ორგანიზება. ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან და გვიხარია, რომ ასეთი მხიარული დღე მოვუწყეთ ბავშვებს. იმედია, მომავალში კიდევ არაერთ მსგავს ღონისძიებას გავმართავთ.  კარგი იქნება, თუ  ნებისმიერი სხვა სპორტის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას მსგავს აქციებში.

superleague.ge

არმიამ და სოხუმმა რეგულარული ჩემპიონატი დახურეს

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო მატჩში ერთმანეთს “არმია” და “სოხუმი” შეხვდნენ. არც ერთი გუნდისთვის ამ თამაშის შედეგს სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონდა. კოტე ტუღუშის გუნდი ნებისმიერ შემთხვევაში რეგულარულს მე-2 ადგილზე ასრულებდა, ხოლო ვაჟა კვარაცხელიას გუნდი – მეექვსეზე.

სოხუმელებს, რომლებიც ფინანსურ კრიზისში არიან და უხელფასოდ თამაშობენ, ტრავმებმიც დაემატათ. “არმიასთან” მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს გუნდის წამყვანმა მოთამაშეებმა – ირაკლი ჩლაიძემ და რატი ბააკაშვილმა.

უმოტივაციო სოხუმელებმა პირველი მეოთხედის მოგება მოახერხეს (24:23), აი, მეორესა და მესამეში დიდი სხვაობით ჩამორჩნენ და წააგებად გაიწირნენ. საბოლოოდ “არმიამ” 100:79 მოიგო და მიმდინარე ჩემპიონატში მე-13 გამარჯვება მოიპოვა. ამდენივე მოგებით დაასრულა რეგულარული “დინამომ”, თუმცა ირაკლი ხოშტარიას გუნდმა არმიელებს პირადი შეხვედრების ხარჯზე აჯობა.

არმიელთაგან 17 ქულითა და 11 ქულით საუკეთესო შედეგი გიორგი შარაბიძემ დააფიქსირა, 16 ქულა დააგროვა იუბილარმა მიხეილ ბერიშვილმა, რომელიც დღეს 27 წლის გახდა. 16 ქულით დაასრულა შეხვედრა ლაშა ფარღალავამაც. “სოხუმში” 26 ქულით ჯერემი საიმონსი გამოირჩა, 20 ქულა და 15 მოხსნა იყო ბექა ბექაურის ანგარიშზე.

პლეი ოფის სერიები 29 აპრილიდან დაიწყება.

superleague.ge

ცენტრალურმა შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა

თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის მეორე წრის მეცხრე ტურის ცენტრალური შეხვედრა ნამდვიი სანახაბად იქცა. “სოხუმისა” და “შსს-აკადემიას” დაპირისპირებაში გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმი გახდა საჭირო.

შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. პირველივე წუთებიდან მცირე უპირატესობა “აკადემიამ” ბრაუნის, ილიჩის და ბოქოლიშვილის ძალისხმევით მოიპოვა. თუმცა, სოხუმელები მოწინააღმდეგეს გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ, რაც ჩლაიძის კარგმა თამაშმა განაპირობა. მეოთხედის ბოლოს ნომინალურმა სტუმრებმა მცირე უპირატესობა დაცვის კარგი თამაშის წყალობით მაინც მოიპოვეს. ფარზე მილე ილიჩი უკონკურენტო იყო. პერიოდი “აკადემიის” 9 ქულიანი ჰანდიკაპით დასრულდა – 20:29.

მეორე მეოთხედში “შსს”-მ უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდა. მაგრამ, “სოხუმი” არ დანებმდა და საიმონსის გააქტიურების ხარჯზე, რომელიც საკმაოდ შედეგიანიც იყო და მაყურებლეს სიამოვნებას ეფექტური თამაშითაც ანიჭებდა, სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა. დიდ შესვენებაზე ანგარიში 43-47 იყო “აკადემიალთა” სასარგებლოდ.

მესამე პერიოდში სოხუმელებმა აღებული ტემპი შეინარჩუნეს და წინაც კი გავიდნენ. ილიჩმა და ლონდარიძემ საკმაოდ ადრე მიიღეს ოთხი პერსონალური შენიშვნა, რის გამოც ჟღენტმა მეფარეები ბოლო წუთბისთვის შეინახა. ამით შესანიშნავად ისარგებლეს საიმონსმა და ბექაურმა.

“შსს” კი ქულების მოგროვებას ბრაუნის ჩინებული თამაშით ახერხებდა. ტანმორჩილმა ამერიკელმა პერიოდის ბოლო წუთზე შესანიშნავი სამიანი მოათავსა კალათში და თავისი გუნდი 5 ქულით დააწინაურა, თუმცა ჩლაიძემ ბოლო წამზე შესძლო შორეული ტყორცნის ზუსტად განხორციელება და ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა 65-67.

მეოთხე პერიოდი ანალოგიური სცენარით წარიმართა. მაგრამ, პერიოდის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ბრაუნის და ჩიკვილაძის ძალისხმევით “აკადემიამ” მცირე უპირატესობა მოიპოვა. მოვლენათა ასეთ განვითარებას კატეგორიულად არ დაეთანხმა ბექაური, რომელმაც შესანიშნავი სამქულიანებით შესძლო მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა.

პირვლე ოვერტაიმში კვარაცხელიას გუნდი ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა მეტოქეს და ლიდეროდა კიდეც, თუმცა გადამწყვეტ მომენტში “აკადემიელებმა” მობილიზება მოახერხეს და უმძიმეს შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვეს – 102:109.

სტატისტიკა

 

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

არჩილ ჟღენტი(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას და  მადლობას ვეტყვი მოწინააღმდეგეს. ყოველთვის ვამბობ, რომ იგებენ მოთამაშეები და არა მწვრთნელი. პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით, თუმცა ,,სოხუმმა’’ იბრძოლა, გაგვითანაბრა და თანაბარი თამაში დაიწყო, ეს ჩემი ბრალი იყო. ველოდით, რომ მძიმე თამაში იქნებოდა და შანსებიც ერთნაირი გვქონდა. ამ ბოლო ორ შეხვედრას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, დღეს გავიმარჯვეთ და მოვემზადებით ,,ბათუმის’’ წინააღმდეგ სათამაშოდ.

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,შსს აკადემიას’’ გამარჯვებას, ძალიან კარგი და პერსპექტიული მწვრთნელი ჰყავთ, ეს გუნდი პროგრესირებს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. საინტერესო და დაძაბული თამაში შედგა და მაყურებელმაც ისიამოვნა. ჩემმა ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს, მადლობას ვეტყვი მათ. რა თქმა უნდა, ფინანსური პრობლემები არ არის თავის გასამართლებელი მიზეზი და თამაშს მაინც მწვრთნელი აგებს. გავაანალიზებ ჩემს შეცდომებს და პლეი ოფებისთვის უკეთესად მოვემზადებით.

პერიშ ბრაუნი(,,შსს აკადემია’’): საინტერესო და კარგი შეხვედრა გამოვიდა და ვისიამოვნეთ თამაშით. ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. ,,სოხუმი’’ ძალიან კარგი გუნდია, არასდროს ნებდება. ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა.

გრიგოლ შვანგირაძე(,,სოხუმი’’): მივულოცავ ,,შსს აკადემიას’’ მოგებას. თავიდან 15 ქულას ვაგებდით, მაგრამ შევძელით სხვაობის გაბათილება. 2ოვერტაიმი იმის ნიშანია, რომ ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო, თუმცა დღეს ჩვენ ნაკლებად გაგვიმართლა. მინდა ჩემს გუნდს ვუთხრა მადლობა, ბიჭებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ,,სოხუმი’’ ყოველთვის ბოლომდე იბრძვის.

D-_Documents-and-Settings_77777_Desktop_IMG_8863

IMG_8888

IMG_8898IMG_8929

IMG_8932

IMG_8933

IMG_8934

IMG_8935

IMG_8941

IMG_8953

IMG_8985

IMG_9007

IMG_9026

IMG_9033

 

IMG_9081

 

IMG_8934

IMG_9104

IMG_9124

 

IMG_9183

IMG_9180

IMG_9179

IMG_9178

 

IMG_9187

 

IMG_9188

IMG_9156

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

საქართველოს თასის მფლობელი ქუთაისი გახდა

საქართველოს თასის ახალი მფლობელი “ქუთაისია”. სპორტის სასახლეში გამართული ფინალი “სოხუმსა” და “ქუთაისს” შორის იმერელთა გამარჯვებით დასრულდა. ფინალური მატჩი საკმაოდ სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა. ქვეყნის მთავარ არენაზე მოსულ მრავალრიცხოვან გულშემატკივარს იმედები ნამდვილად გაუმართლდა.

3 მეოთხედის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო ბრძოლა მიმდინარეობდა. მიუხედავად ყველასთვის ცნობილი პრობლემებისა, “სოხუმელები” ღირსეულად ებრძოდნენ ძლიერ მეტოქეს. თუმცა, სწორედ მესამე მეოთხედის ბოლოს ნომინალურ მასპინძლებს დაღლა დაეტყოთ. ფაშაებისა და ბარბაქაძის კარგი თამაშის წყალობით გადამყწვეტ მეოთხედამდე ქუთაისელები  58:49  დაწინაურდნენ.

აღნიშნული უპირატესობა ქუთათურებმა ბოლო მეოთხედში გაზარდეს საბოლოო გამაჯვებაც მოიპოვეს – 66:81.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა რიგებში 10-ქულიან ზღვარს ექვსმა მოთამაშებ გადააბიჯა. საუკეთესო ბომბარდირი 18 ქულით ზაურ ფაშაევი გახდა, ხოლო მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ბარბაქაძე იქნა დასახელებული.

სამწუხაროდ, ფინალს არც უსიამოვნო ინციდენტის გარეშე ჩაუვლია. მატჩის დასაწყისში ქუთაისელთა გულშემატკივრების ნაწილმა მოედანზე სცადა შეჭრა. სავარაუდოდ, ფანები მსაჯობით იყვნენ უკმაყოფილოები.

სტატისტიკა 

მატჩის შემდეგ

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, მთლიანად გუნდს, ჩვენს გულშემატკივრებს და ყველას, ვისაც ჩვენი წარმატება გაუხარდა. თავიდანვე ვიცოდით, რომ ფინალი ასეთი დაძაბული იქნებოდა. წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც აღვნიშნე, რომ ასეთი თამაშების წინ პროგნოზის გაკეთება რთულია, ეს გამართლდა კიდეც. ორივე გუნდს ჰქონდა თავისი პლიუსები და უპირატესობა, ,,სოხუმის’’ ბიჭები კარგად შეთამაშებული იყვნენ და პირველ ტაიმში გარედან საკმაოდ კარგად ესროდნენ, რასაც ჩვენს გუნდზე ვერ ვიტყვით. ამას ფინალის თანმდევი ნერვილობა და დაძაბულობა იწვევს, როგორი გამოცდილი და ძლიერი გუნდიც არ უნდა იყო, ფინალში მაინც დაძაბული ხარ. მეორე ნახევარში უფრო კარგად ვიასპარეზეთ, გუნდურად ვითამაშეთ, ფარქვეშაც და პერიმეტრზეც უკეთ წაგვივიდა თამაში. ,,სოხუმი’’ ემოციურად და ფიზიკურად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მოვიდა ფინალამდე და მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი შეხვედრისთვის. დარმწუნებული ვარ, ერთნაირ პირობებში რომ ვყოფილყავით, შეიძლებოდა სხვანაირი შედეგი დამდგარიყო.

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,ქუთაისს’’ გამარჯვებას, დამსახურებულად მოიგეს, ძლიერი ჯგუფი გაიარეს და ფინალშიც წარმატებულად იასპარეზეს. ,,ქუთაისი’’ ქართული კალათბურთის ბრენდია. ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის გვიჭირს. წინასწარ ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ბიჭებს, რომლებიც ფინალამდე დიდი ბრძოლის ხარჯზე მოვიდნენ. დღეს ვეღარ გავუძელით სტრესს, ფსიქოლოგიურად ვერ მოვამზადე ბიჭები სათანადოდ, სკამიც ვერ გამოვიყენეთ. ამ თამაშის წაგებას, პირველ რიგში, ჩემს თავზე ვიღებ. მეორე მხრივ, ჩვენმა ფინანსურმა პრობლემებმაც სერიოზული გავლენა იქონია. ლეგიონრები რომ არ წასულიყვნენ, ალბათ სხვანაირ შედეგს ვიხილავდით.

გიორგი ბარბაქაძე(,,ქუთაისი’’): უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც თბილისში ჩამოვიდა და ბოლომდე გვერდში დაგვიდგა. რაც შეეხება თამაშს, კარგი ფინალი შედგა, დაძაბული თამაში იყო, ფაქტობრივად, ბოლო პერიოდში გადაწყდა მატჩის ბედი. ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საწადელისთვის მიგვეღწია და შედეგიც სახეზეა. დიდ მადლობას ვეტყვი ,,სოხუმის’’ გუნდს, ბიჭებმა ყველაფერი ჩადეს ამ თამაშში და დაამტკიცეს, რომ არ იმსახურებენ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას. იმედია, მათი პრობლემები გადაწყდება და გუნდს უპატრონოდ აღარავინ დატოვებს.

გრიგოლ შვანგირაძე(,,სოხუმი’’): პირველ რიგში, ვულოცავ ,,ქუთაისის’’ გუნდს დამსახურებულ გამარჯვებას. ასეთი თამაშის წინ პროგნოზების გაკეთება ნამდილად რთულია. მესამე მეოთხედამდე დაძაბული შეხვედრა იყო, შემდეგ კი კონტრშეტევებში გაგვტეხა მეტოქემ და ბევრი შეცდომა დავუშვით. ბევრი ფაქტორი იყო, რამაც გავლენა იქონია ჩვენს თამაშზე, იმ პირობების და ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით, რომელშიც ,,სოხუმის’’ გუნდია, ფინალში გასვლაც დიდი წარმატება იყო. ვამაყობ ჩემი გუნდით. ,,ქუთაისს’’ კი კიდევ ერთხელ მივულოცავ თასის მოგებას.

IMG_8019

IMG_8066

IMG_8153

IMG_8280

IMG_8319

IMG_8368

IMG_8136

IMG_8377

IMG_8416

IMG_8421

IMG_8425

IMG_8439

 

IMG_8407

IMG_8470

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

საქართველოს თასს ახალი მფლობელი ეყოლება: სოხუმი VS ქუთაისი

29 მარტს, 14:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს თასის გათამაშების ფინალი გაიმართება. ერთმანეთს შეხვდებიან გუნდები, რომლებსაც აქამდე არასდროს არ მოუგიათ აღნიშნული ტიტული. ფინალში, სეზონის ერთ-ერთი პრესტიჟული ტიტულისთვის „სოხუმი“ და „ქუთაისი-2010“ დაუპირისპირდებიან.

„ქუთაისი“ გასულ წელს პირველად გავიდა თასის ფინალში, თუმცა „არმიასთან“ დამარცხდა, „სოხუმი“ კი სატიტულო მატჩშიც არასდროს ყოფილა. 2013 წლის თასის გათამაშებაში ამ გუნდებმა ფინალამდე რთული გზა გამოიარეს.

მეოთხედფინალურ სერიაში „სოხუმმა“ ორი მატჩის ჯამში (109:86, 73:80) „ბათუმი“ დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში გათამაშებიდან თბილისის „დინამო“ (70:64, 71:73) გამოთიშა. ქუთაისელებმა თასის გათამაშების პირველ საპლეიოფო სერიაში „შსს-აკადემიას“ აჯობეს (76:79, 102:91), ნახევარფინალში კი „არმია“ 2 მატჩის ჯამში (70:64, 78:74) დაამარცხეს.

თასის გათამაშება 2003 წლიდან იმართება. წლევანდელი გათამაშება რიგით მე-12-ა. ყველაზე მეტჯერ, 2-2-ჯერ, საქართველოს თასი „თბილავიამშენს“ და „არმიას“ მოუგია. დღეს თასს ახალი მფლობელი ეყოლება: „სოხუმი“ ან „ქუთაისი“.

gbf.ge

სოხუმმა ოლიმპი ოვერტაიმში ბოლო წამზე დაამარცხა

“სოხუმისა” და “ოლიმპის” მატჩი ძალიან საინტერესო და დრამატული გამოდგა. დავით თორთლაძის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა, რომლებსაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 გამარჯვება აქვთ მოპოვებული, დასანანი მატჩი წააგეს.

“ოლიმპი” გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ უხეში შეცდომების გამო მოგების მოპოვება ვერ შეძლო. მატჩის ბოლო წუთზე, როცა ანგარიში თანაბარი იყო, თორთლაძის გუნდი უტევდა. საფინალო სირენამდე 5 წამი რჩებოდა, ხოლო ოლიმპელებს შეტევისთვის განკუთვნილი 24 წამიდან 2 წამი ჰქონდათ დარჩენილი.

რიჩარდ მათიაშვილმა 3-ქულიანი ესროლა, ბურთი კალათის რკალს მოხვდა და სირენა გაისმა. “ოლიმპის” წევრებს ეს საფინალო სირენა ეგონათ და ბურთის მოსახსნელად არ იბრძოლეს. არადა, დასრულებამდე კიდევ რჩებოდა 3 წამი და ოლიმპელებს რომ ემარჯვათ, მათიაშვილის აცილებული ბურთის დამატება შეეძლოთ.

თამაში დამატებით დროში გადავიდა და კვლავ თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. გუნდებმა სამქულიანები, ორიანები გაცვალეს და ბოლო წუთზე ანგარიში კვლავ თანაბარი იყო. რიჩარდ მათიაშვილის 2 ქულიანს მოყოლილმა ზუსტმა საჯარიმომ “ოლიმპი” 2 ქულით დააწინაურა – 94:92.

“სოხუმს” შეტევისთვის 15 წამი ჰქონდა, ბურთი ჯერემი საიმონსმა მიიღო და მასზე დაჯარიმდნენ. დასრულებამდე 11 წამით ადრე ამერიკელმა ლეგიონერმა ანგარიში საჯარიმოებით გაათანაბრა, რის შემდეგაც ყველა მეორე ოვერტაიმის მოლოდინში იყო, მაგრამ ოლიმპელი გიორგი ხანიაშვილი დაუფიქრებლად შეტევაში წავიდა, რითაც შეცდომა დაუშვა. მისი გარღვევა არაზუსტი აღმოჩნდა და ბურთი სოხუმელებმა რომ მოხსნეს, შეტევისთვის 3 წამი დარჩათ. ამ მოკლე დროში რატი ბააკაშვილმა ირაკლი ჩლაიძეს გრძელი პასი მიაწოდა, ამ უკანასკნელმა კი სირენასთან ერთად გამარჯვების ბურთი ჩააგდო – 96:94.

სოხუმელებში ბომბარდირი ჩლაიძე გახდა 23 ქულით, ბააკაშვილმა 20 დააგროვა, ვახტანგ ქადარიასა და ჯერემი საიმონსის ანგარიშზე კი 19-19 ქულა დაგროვდა. ამ უკანასკნელმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 19 ქულას 15 მოხსნა მოაყოლა. “ოლიმპში” 22 ქულით და 13 მოხსნით საუკეთესო შედეგი მათიაშვილმა დააფიქსირა, ნოდარ თენიეშვილმა კი შეხვედრა 17 ქულით დაასრულა.

სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან კმაყოფილი ვარ თამაშით, ლამაზი და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ,,ოლიმპი’’ არაჩვეულებრივი გუნდია, პროგრესს განიცდიან და პლეი ოფში, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უკეთეს ფორმაში იქნებიან. ჩვენთვის ეს შეხვედრა თასისთვის მოსამზადებელი მატჩი იყო, მთელი ყურადღება საქართველოს თასის ფინალზე გვაქვს და ჩვენი მიზანი გამარჯვებაა.

 

დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,სოხუმს’’ გამარჯვება. იმ  მდგომარეობას, რომელშიც დღეს ,,სოხუმია’’, ჩვენთვის არ უნდა მოეცა მოდუნების საშუალება. ამ გუნდმა უძლიერესი ,,დინამო’’ გამოაგდო თასის გათამაშებიდან და დაამტკიცეს, რამდენად კარგი თამაში შეუძლიათ. რაც შეგვეხება ჩვენ, ბოლო რამდენიმე ტურია მოგების შანსები გამოგვიჩნდა, თუმცა გავმეორდები და ვიტყვი, რომ მოგებას ცოდნა უნდა, გამარჯვება ბოლომდე უნდა მიიყვანო და როცა მთელი სეზონი გუნდს არ გაუმარჯვია, ეს რა თქმა უნდა, რთული შესასრულებელია.  დღეს ამის გაკეთება ვერც მწვრთნელმა და ვერც მოთამაშეებმა ვერ მოვახერხეთ.

superleague.ge

გადავარჩინოთ “სოხუმი”

საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მხარდასაჭერად მობილურ სატელეფონო ქსელში გაიხსნა სპეციალური ნომერი –0 901 900 910. ფინანსურ კრიზისში, დაშლის ზღვარზე მყოფი „სოხუმის“ დახმარება აღნიშნულ ნომერზე დარეკვით  უკევ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 1 ზარის განხორციელების ღირებულება 1 ლარს შეადგენს.

დარეკეთ ნომერზე 0 901 900 910 და გადაარჩინეთ სოხუმის გუნდი დაშლას!