ცენტრალურმა შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა
თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის მეორე წრის მეცხრე ტურის ცენტრალური შეხვედრა ნამდვიი სანახაბად იქცა. “სოხუმისა” და “შსს-აკადემიას” დაპირისპირებაში გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმი გახდა საჭირო.
შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. პირველივე წუთებიდან მცირე უპირატესობა “აკადემიამ” ბრაუნის, ილიჩის და ბოქოლიშვილის ძალისხმევით მოიპოვა. თუმცა, სოხუმელები მოწინააღმდეგეს გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ, რაც ჩლაიძის კარგმა თამაშმა განაპირობა. მეოთხედის ბოლოს ნომინალურმა სტუმრებმა მცირე უპირატესობა დაცვის კარგი თამაშის წყალობით მაინც მოიპოვეს. ფარზე მილე ილიჩი უკონკურენტო იყო. პერიოდი “აკადემიის” 9 ქულიანი ჰანდიკაპით დასრულდა – 20:29.
მეორე მეოთხედში “შსს”-მ უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდა. მაგრამ, “სოხუმი” არ დანებმდა და საიმონსის გააქტიურების ხარჯზე, რომელიც საკმაოდ შედეგიანიც იყო და მაყურებლეს სიამოვნებას ეფექტური თამაშითაც ანიჭებდა, სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა. დიდ შესვენებაზე ანგარიში 43-47 იყო “აკადემიალთა” სასარგებლოდ.
მესამე პერიოდში სოხუმელებმა აღებული ტემპი შეინარჩუნეს და წინაც კი გავიდნენ. ილიჩმა და ლონდარიძემ საკმაოდ ადრე მიიღეს ოთხი პერსონალური შენიშვნა, რის გამოც ჟღენტმა მეფარეები ბოლო წუთბისთვის შეინახა. ამით შესანიშნავად ისარგებლეს საიმონსმა და ბექაურმა.
“შსს” კი ქულების მოგროვებას ბრაუნის ჩინებული თამაშით ახერხებდა. ტანმორჩილმა ამერიკელმა პერიოდის ბოლო წუთზე შესანიშნავი სამიანი მოათავსა კალათში და თავისი გუნდი 5 ქულით დააწინაურა, თუმცა ჩლაიძემ ბოლო წამზე შესძლო შორეული ტყორცნის ზუსტად განხორციელება და ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა 65-67.
მეოთხე პერიოდი ანალოგიური სცენარით წარიმართა. მაგრამ, პერიოდის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ბრაუნის და ჩიკვილაძის ძალისხმევით “აკადემიამ” მცირე უპირატესობა მოიპოვა. მოვლენათა ასეთ განვითარებას კატეგორიულად არ დაეთანხმა ბექაური, რომელმაც შესანიშნავი სამქულიანებით შესძლო მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა.
პირვლე ოვერტაიმში კვარაცხელიას გუნდი ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა მეტოქეს და ლიდეროდა კიდეც, თუმცა გადამწყვეტ მომენტში “აკადემიელებმა” მობილიზება მოახერხეს და უმძიმეს შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვეს – 102:109.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
არჩილ ჟღენტი(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას და მადლობას ვეტყვი მოწინააღმდეგეს. ყოველთვის ვამბობ, რომ იგებენ მოთამაშეები და არა მწვრთნელი. პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით, თუმცა ,,სოხუმმა’’ იბრძოლა, გაგვითანაბრა და თანაბარი თამაში დაიწყო, ეს ჩემი ბრალი იყო. ველოდით, რომ მძიმე თამაში იქნებოდა და შანსებიც ერთნაირი გვქონდა. ამ ბოლო ორ შეხვედრას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, დღეს გავიმარჯვეთ და მოვემზადებით ,,ბათუმის’’ წინააღმდეგ სათამაშოდ.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,შსს აკადემიას’’ გამარჯვებას, ძალიან კარგი და პერსპექტიული მწვრთნელი ჰყავთ, ეს გუნდი პროგრესირებს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. საინტერესო და დაძაბული თამაში შედგა და მაყურებელმაც ისიამოვნა. ჩემმა ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს, მადლობას ვეტყვი მათ. რა თქმა უნდა, ფინანსური პრობლემები არ არის თავის გასამართლებელი მიზეზი და თამაშს მაინც მწვრთნელი აგებს. გავაანალიზებ ჩემს შეცდომებს და პლეი ოფებისთვის უკეთესად მოვემზადებით.
პერიშ ბრაუნი(,,შსს აკადემია’’): საინტერესო და კარგი შეხვედრა გამოვიდა და ვისიამოვნეთ თამაშით. ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. ,,სოხუმი’’ ძალიან კარგი გუნდია, არასდროს ნებდება. ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა.
გრიგოლ შვანგირაძე(,,სოხუმი’’): მივულოცავ ,,შსს აკადემიას’’ მოგებას. თავიდან 15 ქულას ვაგებდით, მაგრამ შევძელით სხვაობის გაბათილება. 2ოვერტაიმი იმის ნიშანია, რომ ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო, თუმცა დღეს ჩვენ ნაკლებად გაგვიმართლა. მინდა ჩემს გუნდს ვუთხრა მადლობა, ბიჭებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ,,სოხუმი’’ ყოველთვის ბოლომდე იბრძვის.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები