იტალიის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩისთვის ემზადება, რომელსაც სომხეთის ნაკრებთან გამართავს. „სკუადრა აძურა“ ფლორენციიდან ნეაპოლში მატარებლით ჩავიდა.
ნეაპოლის სადგურში ჩეზარე პრანდელის გუნდს ასობით ქომაგი და რამდენიმე სატელევიზიო ჯგუფი დახვდა. აღსანიშნავია, რომ ამ თბილ სიტუაციაში იტალიის ნაკრებისა და „მილანის“ თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სიხისტე. მედიაჰოლდინგ „მედიასეტის“ წარმომადგენელთა ცნობით, ბალოტელიმ ერთ-ერთ ოპერატორს დაარტყა და კამერის დაზიანებაც სცადა. ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული კომპანია მილანური კლუბის პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის საკუთრებაა.
აქვე დავამატებთ, რომ გუშინ ბალოტელიმ სოციალური ქსელის მეშვეობით „ლა გაძეტა დელო სპორტის“ ერთ-ერთი პუბლიკაციის შესავალი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია:
„ბალოტელი ავად არის, თუმცა ნეაპოლში მაინც ჩავა, როგორც სიმბოლო კამორას (მსხვილი დანაშაულებრივი სინდიკატი) მოწინააღმდეგისა“.
ბალოტელიმ გაზეთში გამოქვეყნებულ ამ სიტყვებს ასეთი კომენტარი გაუკეთა:
„მე ჩავდივარ იმიტომ, რომ ფეხბურთი შესანიშნავი რამაა და თითოეულმა ადამიანმა იქ უნდა ითამაშოს, სადაც მას სურს. აი, ეს არის თამაში!“
სხვათა შორის, პრანდელის გუნდი ვარჯიშს იმ მოედანზე გამართავს, რომელიც თავის დროზე ნეაპოლიტანურ მაფიას ჩამოართვეს.
რაც შეეხება თავად მატჩს, იტალიისა და სომხეთის ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრა ხვალ, ჩვენი დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.
ბექა დოგრაშვილი