ლუის სუარესი: “ბარსელონამ “რეალს” საპატიო კორიდორი არ უნდა გაუკეთოს”

მადრიდის “რეალი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია. აღნიშნული თასის მოგების შემდეგ, “ბლანკოსი” პირველ შეხვედრას კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ 23 დეკემბერს გამართავს. ბევრი თვლის, რომ ამ დაპირისპირების დაწყებამდე “ბლაგურნამ” “თეთრებს” საპატიო კორიდორი უნდა მოუწყოს.

ზემოთ ნახსენებს არ ეთანხმება კატალონიელთა თავდამსხმელი, ლუის სუარესი.

“საპატიო კორიდორი ჩემთვის ახალი რამეა. ასეთი რამე, რაც ესპანეთში ჩამოვედი, პირველად მესმის. ვიცი, წესებში წერია, რომ თუ შენთან ერთად რომელიმე ტურნირზე მოასპარეზე მეტოქე მოიგებს თასს, მაშინ მას, პატივისცემის ნიშნად, საპატიო კორიდორი უნდა გაუკეთო. თუმცა, ამ სიტუაციაში მსოფლიოს ჩემპიონატთან არაფერი გვაკავშირებს. ამიტომ, ამის გაკეთებას არ ვაპირებთ,” – აცხადებს სუარესი.

დიბალა: “მესი სათადარიგოზე? ამან კონცენტრაცია ცოტათი დაგვაკარგინა”

ტურინის იუვენტუსის შემტევმა, პაულო დიბალამ კატალონიის “ბარსელონასთან” ნათამაშები ფრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ბოლო წუთამდე ვცდილობდით, გაგვეტანა. შეგვეძლო, სამი ქულა მოგვეპოვებინა. თუმცა, ტერ შტეგენი მოწოდების სიმაღლეზე იყო. ასევე, როცა “ბარსელონას” მსგავს გუნდს ხვდები, შენ თავის კარგად დაცვა გიწევს. ვფიქრობ, ამ ასპექტშიც მშვენივრად გამოვიყურებოდით. მესი სათადარიგოზე? ეს იყო ძალიან ცუდი, რადგან ამ დროს შეგიძლია მოეშვა, დაისვენო, მაშინაც კი, როცა ეს არ გინდა.”

“საბოლოო ჯამში, უკმაყოფილოები ნამდვილად არ ვართ. ჩვენ დიდ გუნდს ვეთამაშეთ,” – აცხადებს დიბალა.

შეგახსენებთ, რომ იტალიელები ბოლო ტურში “სპორტინგს” შეერკინებიან.

ზინედინ ზიდანის პრესკონფერენცია “აპოელთან” შეხვედრამდე

ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრები შედგება. ერთ-ერთ მატჩში მადრიდის “რეალი” ნოქოზიის “აპოელს” დაუპირისპირდება.

თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა.

“მადრიდული დერბი რთული გამოდგა. გასაგებია, რომ ბენზემამ ცუდი შეფასება მიიღო, თუმცა, დამიჯერეთ, ის გუნდში პირველია, რომელსაც გაცილებით მეტის ჩვენება და გაკეთება უნდა, ვიდრე ამას ახლა ახერხებს. აქ ვარ, რათა დავეხმარო ყველა მოთამაშეს, არა მხოლოდ კარიმს.”

“გუნდში ახალაგზრდა ფეხბურთელები გვყავს. ერთ-ერთი ასეთი ასენსიოა, რომელსაც სათამაშო დრო ნამდვილად მოემატა. ის ყოველ დღე ვითარდება. ასევე, აღვნიშნავ დანი სებალოსის პროგრესს, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. ამ გუნდში ყველას შეუძლია, რომ მაღალ დონეზე, სტაბილურად ითამაშოს.”

“ვიცით, ჩვენი სამუშაოს სირთულე. მადრიდის “რეალს” წარმოვადგენთ და გაცილებით მეტი ძალისხმევის გამოჩნეა გვმართებს, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ; ის დიდი შედეგი, რომელსაც ხალხი ელოდება. ყველას უნდა, რომ მეტი ითამაშოს. ჩემი გუნდის წევრები შანსებს ელიან. სწორედ მე გადავწყვეტ, ვინ რამდენ ხანს გავა მოედნაზე. ესაა ჩემი საქმე. ერთადერთს, რასაც სპორტსმენებს ვთხოვ, ისაა, რომ, როცა ვეტყვი, მოემზადონ და მაქსიმალურად კონცენტრირდნენ.”

“აპოელი” მშვენიერი გუნდია. მათ დაამტკიცეს, რა შეუძლიათ. მათ ჩემპიონატს არ ვუყურებ და კლუბის შესაძლებობებზე, იქიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე ყოფნას ისინი ნამდვილად იმსახურებენ. “ბერნაბეუზე” მათ კარგად ითამაშეს. ხვალ რთული მატჩი გველის და მას მომზადებულები უნდა შევხვდეთ,” – ამბობს “ზიზუ”.

 

გვარდიოლა: “არავინ თამაშობს ისე კარგად, როგორც…”

რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საბოლოოდ, საკმაოდ საინტერესო ჯგუფები გამოვიდა, სადაც სანახაობრივი შეხვედრები უნდა ვიხილოთ. ერთ-ერთი გამორჩეული წყვილი “ბარსელონა” და “მანჩესტერ სიტია”, რომელთა დაპირისპირებაც, წესით, უმაღლესი დონის უნდა გამოვიდეს.

“ბლაგურნას” ყოფილმა და “ქალაქელების” ახლანდელმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ნახსენებ დაპირისპირებაზე ისაუბრა…

“იმაზე ადრე შევხვდი ჩემს ყოფილ გუნდს, ვიდრე ველოდი? ალბათ, ასეა. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ყველა შეხვედრაში გამარჯვება გვინდა და ამას შევეცდებით ესპანელების წინააღმდეგაც.”

“ბარსელონასთან” წარმატების მიღწევა ურთულესია. ეს გუნდი საოცრად თამაშობს. ამის უმთავრესი მიზეზი კი ის ყველაფერია, რასაც ლუის ენრიკე აკეთებს კოლექტივისთვის. რა თქმა უნდა, მოთამაშეებიც უმაღლესი დონის არიან. მიმაჩნია, რომ ამ დონის კლუბი თანამედროვე ფეხბურთში არაა.”

“ვახსენე “ბარსა”, მაგრამ მიუნხენგლადბახის “ბორუსიაც” ნუ დაგვავიწყდება. არც მათთან მოგვიწევს იოლი შეხვედრების ჩატარება,” – განაცხადა კატალონიელმა სპეციალისტმა.

ოთარ კაკაბაძე: “ავსტრია ძლიერი გუნდია, მაგრამ მისი დამარცხება შეგვიძლია”

სექტემბერში სტარტს აიღებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის  საკვალიფიკაციო ეტაპი. ჩვენი ნაკრები პირველ შეხვედრას 5 რიცხვში ავსტრიის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.

ზემოთ აღნიშნული თამაშისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა გაფართოებული სია უკვე დაასახელა. ამ ჩამონათვალში ესპანური “ხიმნასტიკის” ქართველი ლეგიონერი, ოთარ კაკაბაძეც მოხვდა. Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ახალგაზრდა სპორტსმენს და კომენტარის გაკეთება სთხოვა.

“ავსტრია ძლიერი გუნდია, თუმცა მათი დამარცხება სრულიად შესაძლებელია. მით უმეტეს, ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ეს ნამდვილად დიდი უპირატესობაა.”

“ნაკრების წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა ძალიან რთული იქნება, რა თქმა უნდა. მთავარია, ყველა თამაშისთვის სერიოზულად და პასუხისმგებლიანად მოვემზადოთ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.”

ოთარს მის ესპანურ კარიერაზეც ვკითხეთ: “ხიმნასტიკში” ყველაფერი კარგად მიდის. ადაპტაცია საერთოდ არ გამჭირვებია. თავს კომფორტულად ვგრძნობ და განვაგრძობ შრომასა და ბრძოლას, რათა ძირითად თერთმეტეულში ადგილი მყარად დავიმკვიდრო,” – განგვიცხადა ქართველმა სპორტსმენმა.

შესარჩევის ბოლო მატჩი და საფეხბურთო ზეიმი ალბასეტეში

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული გუნდების წინასამატჩო ვარჯიშები ალბასეტეს კარლოს ბელმონტეს სახელობის სტადიონზე გაიმართა. საქართველოს ნაკრები მატჩის მასპინძელ ქალაქში უკვე 6 დღეა იმყოფება. დელ ბოსკეს გუნდი კი, როგორც გუშინ გამცნეთ, ბელორუსთან მატჩის შემდეგ, მალიორკადან მადრიდში ჩავიდა.

შესარჩევის ბოლო შეხვედრას, საქართველოს ნაკრები მიმდინარე ციკლში ყველაზე გადახალისებული შემადგენლობით ატარებს. ფეხბურთელები, რომლებიც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ (კანკავა, თარგამაძე, ამისულაშვილი, გრიგალავა, ოქრიაშვილი, ანანიძე), სხვადასხვა მიზეზების გამო, ნაკრებს ესპანეთთან ვერ დაეხმარებიან. ის ფეხბურთელები კი, რომლებიც ნაკრებში პირველად მოხვდნენ ან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ქვეყნის პირველ გუნდში დაბრუნდნენ, ოპტიმალურ ფორმაში არიან.

მატჩისწინა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე, თემურ ქეცბაიამ მედიასთან ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა: „დიდი დანაკლისია იმ ფეხბურთელების არყოფნა, რომლებიც ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ისინი კი, ვინც ახლა ჩვენთან არიან, კარგად მოემზადნენ. ვეცდებით, ახლაც ისე ვითამაშოთ ესპანეთთან, როგორც ეს თბილისში, პირველ შეხვედრაში იყო. რა თქმა უნდა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ეს რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ჩვენი შანსის გამოყენებას აუცილებლად ვეცდებით. ყველამ კარგად იცის, რომ ესპანეთი დღეს საუკეთესოა და ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზეც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება“, – განაცხადა ქეცბაიამ.

როგორც ვთქვით, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან მატჩით, საქართველო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ასრულებს. ჩვენი მეტოქე – ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი კი, ხვალიდან უკვე მსოფლიო თასისთვის მოემზადება.

ესპანელებმა შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩის მასპინძელ ქალაქად ალბასეტე შეარჩიეს, სადაც მსოფლიო გრანდმა ბოლოს 2008 წელს ითამაშა. 5 წლის წინ, ესპანეთმა აქ სომხეთი დაამარცხა – 4:0 და ამის შემდეგ, მათ მსოფლიო თასი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგეს. 2012 წელს კი, ევროპის საუკეთესო გუნდის ტიტული კიდევ ერთხელ მიიღეს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოგებული თასებით ალბასეტეს ცენტრალურ სკვერში სპეციალური ღონისძიება მოაწყო, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება. თითოეულ გულშემატკივარს თასებთან ფოტოების გადაღება და ფავორიტი ნაკრების ატრიბუტიკის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია.

მთელი დღის განმავლობაში, ეს ღონისძიება ალბასეტეში ყველაზე ხალხმრავალი და პოპულარული იყო. საღამოს კი, როცა საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ოფიციალურ ვარჯიშს ასრულებდა, ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივრები სტადიონზე შეუშვეს. ესპანელებმა მოედანი ჩვენი ვარჯიშის დამთავრების შემდეგ დაიკავეს და სტადიონი ზუსტად 15 წუთში შეივსო.

საფეხბურთო არენაზე შესვლა, დაახლოებით, 18 ათასმა გულშემატკივარმა შეძლო. 10 ათასამდე ქომაგი კი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩა. მათი ერთადერთი იმედი მატჩზე დასწრებაა. ბილეთების უმეტესი ნაწილის ფასი კი, 50 ევროა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგ გასვლით მატჩზე დასწრების შესაძლებლობა, კვლავ არ აქვს ქართული მედიის არც ერთ წარმომადგენელს. ალბასეტეში არსებული საფეხბურთო გარემო კი, მედიის ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს – ჩვენი ქვეყნის პირველი ნაკრები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო თასები, სწორედ, ესპანეთის ერთ პატარა ქალაქშია თავმოყრილი.

ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სფფ-ის პრესსამსახური
ალბასეტე, ესპანეთი