თბილისს მსოფლიო ჩემპიონატის თასი ესტუმრა

8 თებერვალს, კოკა-კოლას ორგანიზებით, თბილისს მსოფლიო თასი ეწვია. საფეხბურთო სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა, ფეხბურთელმა და 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, კრისტიან კარამბემ ჩამოიტანა. თასის დახვედრის საზეიმო ღონისძიებას ორგანიზატორებთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

ტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა ალექსანდრა აკიმანმა, კოკა-კოლას საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის მენეჯერმა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში: „FIFA-ს მსოფლიო თასის ტური, რომლის ორგანიზატორი კოკა-კოლაა, მილიონობით ადამიანს უნიკალურ შანსს აძლევს მსოფლიოს უდიდესი სპორტული ღონისძიების მონაწილე გახდეს. კოკა-კოლა და FIFA გულშემატკივარებს იწვევს რათა საკუთარი თვალით იხილონ მსოფლიო ჩემპიოტანის თასი. ეს გახლავთ შესაძლებლობა, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მიეცეს ადამიანს. ჩვენ კოკა-კოლაში მხარს ვუჭერთ მსოფლიოს მილიონობით ადამიანის გატაცებას ყველაზე პოპულარული სპორტით. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მხარდაჭერის გარდა, კოკა-კოლას პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს ფეხბურთის ფედერაციასთან, რითაც ეხმარება ათასობით მოზარდს.”

საზოგადოებას სიტყვით მიმართა დავით მუჯირმა. მან მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს საქართველოში სტუმრობისთვის და ფიფას და კოკა-კოლას თასის ტურის ორგანიზებისათვის, რომელიც ქართველ გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს საფეხბურთო სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო იხილონ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მსოფლიო თასის ტურის ფარგლებში, ჯილდო „თბილისი მოლში“ გადაინაცვლებს და 13:00 საათიდან 18:00 საათამდე ქართველ გულშემატკივარს მისი ხილვა შეეძლება. მსოფლიო თასის ტური 9 თებერვალს თბილისიდან ბაქოში გაგრძელდება. საბოლოოდ კი, თასის მოგზაურობა 30 აპრილს იაპონიის ქალაქ ოსაკაში დასრულდება.

Gff.Ge

თბილისის “დინამომ” რუსეთის ჩემპიონატის მერვეადგილოსანს მოუგო

დინამოელებმა პირველი თურქული შეკრების ბოლო მატჩი რუსეთის პრემიერლიგის მერვეადგილოსანთან – არსენალ ტულასთან ჩაატარეს და დაძაბულ შეხვედრაში 1:0 იმარჯვეს.

მატჩი თბილისელეთა უპირატესობით დაიწყო და უკვე მეექვსე წუთზე პირველი სახიფათო მომენტიც შეიქმნა. ბუდუ ზივზივაძემ ითამაშა კარგად, ძლიერადაც დაარტყმა, მაგრამ მეკარემ ბოლო წამს ივარგა. დასწრებაზე ბაქარ ქარდავა ურტყავდა, თუმცა არაზუსტად. ტაიმის შუაში ზივზივაძე შეტევის მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში, ზუსტი პასიც გააკეთა, ლევან ხარაბაძეს კი არსენალის მცველმა წამის მეასედში დაასწრო და ბურთი კუთხურზე მოიგერია. მომდევნო შეტევაში დედაქალაქელებს კიდევ ერთხელ მართებდათ გოლის გატანა. ჩამოწოდებულ ბურთზე დავით კობოურმა მაღალ ნახტომში ითამაშა, მისი თავური სანტიმეტრებში აცდა მეთოფეთა კარს. საბოლოოდ პირველმა ტაიმმა დინამოს უპირატესობით ჩაიარა.

გოლის გატანა თბილისელებმა მეორე ნახევარში მოახერხეს. 63- ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის პასით ოთარ კიტეიშვილი გავიდა მეკარესთან პირისპირ, ჩვენი გუნდის კაპიტანმა კი ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. თამაშის ბოლოსკენ არსენალის ფეხბურთელებს ჰქონდათ ორი სახიფათო მომენტი, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

დინამომ დაასრულა პირველი შეკრება. ფეხბურთელები ხვალ თბილისში დაბრუნდებიან, ხოლო 11 თებერვლიდან ისევ თურქეთს ესტუმრებიან მეორე შეკრების გასავლელად.

Fcdinamo.Ge

“საბურთალო” “მარიუპოლს” შეხვდება

დედაქალაქური “საბურთალო” ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს.

გუნდი თურქულ შეკრებაზე მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 8 თებერვალს, უკრაინის უმაღლესი ლიგის მეშვიდე ადგილოსან “მარიუპოლთან” გამართავს. მეორე დღეს კი სერბეთის პირველი ლიგის პირველ ადგილოსან ვრანის “დინამოს” დაუპირისპირდება. 13 თებერვალს გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები პოლონეთის პირველი ლიგის მესამე ადგილოსან “რაკუვთან” მოსინჯავენ ძალებს.

აქვე გეტყვით, რომ გუშინ “საბურთალო” “სტალს” გაეჯიბრა და მეტოქესთან ფრე, 3:3 ითამაშა.

თბილისის “დინამო”: თურქული შეკრება დასასრულს უახლოვდება

დინამოელთა პირველი თურქული შეკრება დასასრულს უახლოვდება.

ორი დღეა გუნდი განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვის ქვეშ ვარჯიშობს, ხვალ კი თბილისელები რუსული პრემიერლიგის არსენალ ტულას დაუპირისპირდებიან. გუნდს სინჯებზე უკრაინელი 24 წლის მცველი – სერჰი პეტკო შეუერთდა, რომელიც მანამდე ვერესში, ჩერნომორეცსა და ოდესის ჟემჩუჟინაში გამოდიოდა. პეტკოს ასევე უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში უასპარეზია.

ხვალინდელი სპარინგი თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება, მისი ვიდეო სტრიმი კი ტრადიციულად გუნდის ოფიციალურ გვერდზე იგეგმება.

ოფიციალურად: რომან ჭანტურია “ლოკომოტივში” იჯარით ითამაშებს

საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ფორვარდი, რომან ჭანტურია თბილისის ლოკომოტივში, იჯარის წესით ითამაშებს. კონტრაქტის ხანგრძლივობა 6 თვიანია. 21 წლის თავდამსხმელი, ლოკოში, 23 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ჭანტურია იტალიური ემპოლის საკუთრებაა. უკანასკნელად, იგი ასევე განათხოვრების წესით, იტალიურ პრატოში თამაშობდა.

2013 წელს, ჭანტურია იტალიაში სწორედ ლოკომოტივიდან გადავიდა. მან, 4 წლის მანძილზე ემპოლის 17 და 19 წლამდე გუნდის შემადგენლობაში ითამაშა. იყო მთავარი გუნდის წევრიც, მაგრამ ემპოლის მაისურით ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

2016 წელს, რომანი ემპოლიდან, იჯარით, პორტუგალიურ ოლიანენსეში გადავიდა.

საქართველოს 21 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში, 7 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. სხვადასხვა დროს, იყო 19 და 17 წლამდე ნაკრების წევრიც.

fcloco.ge

თბილისის “საბურთალომ” მეორე შეკრება დაიწყო

ქართული გუნდები აგრძელებენ ახალი სეზონისთვის მზადებას. მათ შორის, ერთ-ერთი არის თბილისის “საბურთალო”, რომელიც გუშინ თურქეთში გაემგზავრა.

საგულისხმოა, რომ საღამოსვე დედალაქელებმა პირველი ვარჯიში გამართეს.

გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები მეორე შეკრებაზე ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან, ამ ხნის განმავლობაში ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

17 წლამდე ლიგის ბომბარდირი კარიერას თბილისის “ლოკომოტივში” გააგრძელებს

თბილისის ლოკომოტივისა და საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 17 წლის ფორვარდი, შოთა შეყილაძე კარიერას ჩვენს კლუბში გააგრძელებს. საქართველოს 19 წლამდე ნაკრების წევრსა და ლოკომოტივს შორის 3 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

შეყილაძე საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის აღზრდილია. 2017 წელს, მან საქართველოს 17 წლამდე ლიგაში 44 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

გასულ სეზონში, ზესტაფონმა, 17 წლამდე ლიგის გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა.

უკვე რამდენიმე დღეა, შოთა ლოკომოტივში ვარჯიშობს. მან მონაწილეობა, 1 თებერვალს, შევარდენი 1906-ის წინააღმდეგ, ამხანაგურ მატჩშიც მიიღო.

თბილისის “დინამო” ამხანაგურ შეხვედრაში “ვორსკლასთან” დამარცხდა (ვიდეო)

დინამოელებმა თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური მატჩი ჩაატარეს.

თბილისელები უკრაინის პრემიერლიგის მესამეადგილოსან ვორსკლას დაუპირისპირდნენ. დედაქალაქელებმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარეს. პირველ ნახევარში მეათე წუთზე ბუდუ ზივზივაძის გატანილი გოლით დაწინაურდნენ კიდეც და შედეგიანი დარტყმის გარდა არაერთი სახიფათო მომენტიც შექმნეს ბოჰდან შუსტის კართან. ტაიმის ბოლოს დინამოს კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა და ვიაჩესლავ შარპარმა ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში კახი კაჭარავამ დემეტრე ბულისკერიას და სინჯებზე მყოფი ტერენტი ლუცევიჩის გარდა მთელი გუნდი შეცვალა და ახალგაზრდებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. პოლტაველთა გამოცდილ შემადგენლობასთან ჩვენს ახალგაზრდებს გაუჭირდათ და სამი გოლიც გაუშვეს თავიანთ კარში.

მომდევნო და პირველი თურქული შეკრების ბოლო მატჩს დინამო 6 თებერვალს არსენალ ტულასთან გამართავს.

დინამო 1:4 ვორსკლა

გოლი: 1:0 ზივზივაძე 10’  1:1 შარპარი 31’  1:2 ჩესნაკოვი 65’  1:3 კულაკი 69’  1:4 გიორგაძე 81’

დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, ლუცევიჩი, ხარაბაძე, ქარდავა, ივანისენია, შულაია, ო. კიტეიშვილი, ივანიშვილი, ზივზივაძე

მეორე ტაიმში შევიდნენ: გაბიტაშვილი, უგრეხელიძე, ბ. ხარშილაძე, ძოწენიძე, გადრანი, კუცია, დარცმელია, პ. კიტეიშვილი, ბაბუნაძე, ნინუა, ერგემლიძე, გ. ხარშილაძე, გაბუნია

ვორსკლა: შუსტი, დალკუ, ჩიჟოვი, პერდუტა, საპაი, კრავჩენკო, შარპარი, კობახიძე, რებენოკი, კოლომოეცი, ვასინი

“ლოკომოტივმა” ამხანაგურ შეხვედრაში “შევარდენი 1906” დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა, ამხანაგურ მატჩში, შევარდენი 1906 დაამარცხა. 1 თებერვალს, საგურამოს ბაზაზე, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მეტოქეს 2:0 მოუგო.

ლოკომ პირველი ნახევარი, დავით ჯიქიას გოლით მოიგო. 23 წლის ფორვარდმა თავი მე-7 წუთზე გამოიჩინა. მეორე გოლი თეიმურაზ ღონღაძის ანგარიშზეა. ლოკოს მცველმა, მატჩის საბოლოო შედეგი 75-ე წუთზე დააფიქსირა.

ლოკომოტივის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ზურიკო დავითაშვილს, რომელიც გუნდს 31 იანვარს, საქართველოს 17 წლამდე ნაკრებიდან შეუერთდა.

ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ძებნიაური, ქურდაძე, გაბაძე, შონია, სამურკასოვი, კიკნაძე, დავითაშვილი, კობახიძე, ჯიქია

მეორე ტაიმი: შეროზია, ხიდეშელი, ჭანტურია (კაპ), ღონღაძე, ანდრონიკაშვილი, გვალია, შეწირული, კობახიძე (წულეისკირი), დავითაშვილი (შეყილაძე), კიკაბიძე, ოზბეთელაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

“საბურთალო”: გიორგი ჭიაბრიშვილმა პირველი შეკრება შეაჯამა

“საბურთალომ” პირველი შეკრება ბულგარეთის “ბოტევთან” 2:0 გამარჯვებით დაასრულა. კლუბი 31 იანვარს სამშობლოში იქნება, რამდენიმე დღეში კი კვლავ თურქეთში გაემგზავრება, სადაც დასკვნით შეკრებას გაივლის.
“საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კლუბის ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა.

– თურქეთის ქალაქ სიდეში ყველანაირი პირობა იყო საფუძვლიანად მომზადების. როგორც სამწვრთნელო შტაბმა, ასევე ფეხბურთელებმა დიდი მოცულობის სამუშაო გაწიეს. საწვრთნელი პროცესი ორჯერადი ვარჯიშებისგან შედგებოდა, პარალელურად კი ამხანაგურ მატჩებს ვთამაშობდით. მახარებს ის, რომ დატვირთვებს ღირსეულად გაუძლეს და ყველა მაქსიმალურად იხარჯებოდა. ასევე, სასიამოვნო და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შეკრება სერიოზული ტრავმების გარეშე ჩავატარეთ.

– მეორე შეკრებაზე რამდენიმე დღეში გაემგზავრებით. აქცენტი რაზე გაკეთდება?

– მეორე შეკრება ძირითადად, ტექნიკა-ტაქტიკას დაეთმობა. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ოთხი ამხანაგური შეხვედრა, საბოლოოდ მეტოქეების ვინაობა კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

– წლეულს გონსალეს ვაგნერი დაუბრუნდა კლუბს. რამდენად ელოდით?

– ვაგნერის დაბრუნების დიდი სურვილი მქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ბელგიური კარიერა ვერ აეწყო. ჩვენთვის ეს ფეხბურთელი დიდ ძალას წარმოადგენს და სარგებლობის მოტანა შეუძლია. მოხარული ვარ, რომ ჩვენი კლუბის ხელმძღვანელებმა შეძლეს, როგორც ფეხბურთელთან, ასევე მის აგენტთან წარმატებით მოლაპარაკება. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელს ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ნახევარი წელი აკავშირებდა, მხარეებმა მოილაპარაკეს და ვაგნერი დღეს ჩვენთანაა. ისიც უნდა ითქვას, რომ თავად ფეხბურთელის დიდი სურვილიც იყო “საბურთალოში” დაბრუნების.

– ყოველთვის აქტუალურია გიორგი ხარაიშვილის საკითხი. რა ხდება მასთან დაკავშირებით, რჩება “საბურთალოში”?

– ხარაიშვილი “საბურთალოს” კაპიტანი, გუნდის სული და გულია, ჩვენი აკადემიის აღზრდილია. იგი ჯერჯერობით ჩვენს კლუბში ირიცხება. რა თქმა უნდა, ინტერესი არის მის მიმართ, მაგრამ როდესაც კონკრეტული და ჩვენთვის მისაღები შემოთავაზება იქნება, ამას ყველა გაიგებს.

– გასული წლისგან განსხვავებით, “საბურთალოს” თამასა ბევრად აწეულია. ხშირად მოისმენს ადამიანი, რომ წლეულს გუნდი მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ამის თქმის საფუძველს რა აძლევთ?

– ყველაზე დიდი შემფასებელი გულშემატკივარია. თუ ასე ფიქრობენ და ხედავენ, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მახარებს. ესე იგი, ამ წლების განმავლობაში “საბურთალომ” გულშემატკივარსა და ამ სფეროში ჩახედულ ადამიანებს დაანახა გარკვეული ძალა.
ვცდილობთ, ყოველთვის საინტერესო და კონკურენტუნარიანი კლუბი გვყავდეს, ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის ბრძოლობდეს. ჩვენ სისტემატურად ამისთვის ვმუშაობთ.

– “საბურთალო” ტრადიციას არ ღალატობს და მეორედან პირველ გუნდში ყოველწლიურად აწინაურებს ფეხბურთელებს. წლეულს ვის მიეცა მსგავსი შანსი?

– 2018 წელს ერთი ფეხბურთელი დავაწინაურეთ – გიორგი ჯინჯოლავა. მან, “საბურთალო:-2-ში კარგი სეზონი ჩაატარა, ასევე მაღალ დონეზე წარმოაჩინა თავი ასაკობრივ ნაკრებში. ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს პროცესი დამეჩქარებინა. ვფიქრობ, ჯინჯოლავა ახლოსაა პირველ გუნდში მოსახვედრად. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი 17 წლისაა, საერთოდ არ ეტყობა, რომ იგი დებიუტანტია. თურქულ შეკრებაზე სამივე ამხანაგურ შეხვედრაში მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ყველა მატჩში კარგად წარმოაჩინა თავი.

ვისარგებლებ შემთხვევით და “საბურთალო-2”-ის სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს, გაწეული სამუშაოსთვის მადლობას გადავუხდი.

– ახალი სეზონიდან ეროვნული ლიგის მთავარი მწვრთნელები PRO ლიცენზიას უნდა ფლობდნენ. სემინარები თებერვალში დაიწყება. რას იტყვით ამის შესახებ, როგორ ემზადებით მოახლოებული კურსებისთვის?

– როგორც კლუბის მთავარი მწვრთნელი, აუცილებელია, რომ მქონდეს PRO ლიცენზია. აღნიშნული პროცესი დიდი გამოწვევაა ჩემთვის, სასიახარულოა, რომ მეძლევა შესაძლებლობა ცოდნა კიდევ უფრო გავიღრმავო და უფრო მეტი გამოცდილება მივიღო. ამ კუთხით და არა მარტო ამ მიმართულებით, ძალიან ბევრს მუშაობს ფეხბურთის ფედერაცია.

ბოლოს, ვისარგებლებ შემთხვევით და “საბურთალოს” კლუბის ხელმძღვანელებს, განსაკუთრებით პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილსა და აღმასრულებელ დირექტორ კახა კაშიას მადლობას გადავუხდი გვერდში დგომისთვის. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეგვიწყონ და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ის ტრანსფერები, რომელიც წლეულს “საბურთალომ” განახორციელა (დიმიტრი ტატანაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი სომხიშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, გეგა დიასამიძე) ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო. ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება.

საგურამოში “ლოკომოტივის” ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფინური სკოლის აშენება იგეგმება

საგურამოში, თბილისის ლოკომოტივის საფეხბურთო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფინური სკოლის აშენება იგეგმება.

27 იანვარს, საგურამოში, ლოკომოტივის ბაზაზე, ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის დამფუძნებელი, აიეტ კუკავა ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარადგინა.

შეხვედრა ლოკომოტივის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა გახსნა, რომელმაც საგურამოში, ფინური სკოლის აშენების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ჩვენი კლუბი 10 წელზე მეტია, რაც საგურამოში ინფრასტრუქტურას ანვითარებს. ვფიქრობთ, ლოკომოტივის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფინური სკოლის აშენება საგურამოს დიდ სარგებელს მოუტანს.

აქ, პროექტის განსახორციელებლად შესანიშნავი გარემოა. საგურამოში, განათლების მიმართულებით განსახორციელებელი ინვესტიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ლოკომოტივის ბაზაზე, სასკოლო ასაკის 10-ზე მეტი ასაკობრივი გუნდი ვარჯიშობს”. – ამბობს ყიფიანი.

ალიანს ჯგუფი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ახორციელებს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო – ფინური სასკოლო განათლების სისტემის დანერგვას საქართველოში.

ფინური სკოლა საგურამოში, 7 ჰექტარ მიწის ფართობზე აშენდება. პროექტი 15-20 მილონი ევროს ინვესტირებას ითვალისწინებს. საერთაშორისო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალპროფილიანი ინფრასტრუქტურის შექმნაც იგეგმება.

სკოლიდან 5-10 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობისთვის, სამედიცინო-სადიაგნოსტიკო, სხვადასხვა პროფილის მომსახურების კლინიკები, ასევე ბავშვებისთვის, გასართობი ცენტრები და სკვერები აშენდება.

ფინური სკოლა 2019 წლის სექტემბერში გაიხსნება.

წლის პირველი ამხანაგური მატჩი – ლოკომ საბურთალო 2 დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა, წლის პირველ ამხანაგურ მატჩში, საბურთალო 2 დაამარცხა. 25 იანვარს, ბენდელას სტადიონზე გამართული დაპირისპირება, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 0:3 მოიგო.

ლოკოს შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარეს ახალწვეულებმა; ოთარ კობახიძემდავით ჯიქიამდა თეიმურაზ შონიამ.

პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში, ანგარიში შეცვლაზე შესულმა ლაშა ოზბეთელაშვილმა გახსნა.

76-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ, ლოკომოტივის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. სამ წუთში, მატჩის საბოლოო ანგარიში დავით სამურკასოვმა დაფიქსირა.