„ჩელსიმ“ კურტუა 30 მილიონად შეაფასა

ლონდონის „ჩელსი“ მზად არის, ტიბო კურტუა, რომელიც იჯარის წესით მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშობს, გაყიდოს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა „ასი“ ავრცელებს.

„პენსიონერები“ 21 წლის ბელგიელი კიპერის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ. თუ რომელიმე კლუბი ამ თანხას გაიღებს, არ არის გამორიცხული, ტრანსფერი დამდეგ ზაფხულს განხორციელდეს.

როგორც ცნობილია, „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პეტრ ჩეხს ენდობა და კურტუას ძირითად მეკარედ გამოცხადებას არ აპირებს.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ბელგიელმა კიპერმა 19 გოლი გაუშვა, 13 შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.

ბექა დოგრაშვილი

კურტუა: „მინიოლემ ჩემს მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინოს“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარე ტიბო კურტუა „ლივერპულის“ კარის დარაჯ სიმონ მინიოლეს განცხადებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, მერსისაიდული გუნდის კიპერმა განაცხადა, რომ სურს, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყოს.

„არ გამიგონია, ესპანელ მეკარეებს ეთქვათ, რომ მათ იკერ კასილასის ადგილის დაკავება სურთ. ასეთი რამ არც დავიდ დე ხეას, არც ვიქტორ ვალდესს და არც პეპე რეინას არ უთქვამს. პირიქით, ისინი მხარს უჭერენ კასილასს.

სიმონს ყველაფრის თქმა შეუძლია, რაც სურს, მაგრამ ვთვლი, რომ ბელგიის ნაკრები უკვე რამდენიმე ქულის დაკარგვას გადავარჩინე. გარდა ამისა, „ატლეტიკოს“ რიგებშიც მშვენივრად ვთამაშობ. მინიოლემ ჩემს მიმართ პატივისცემა და თავმდაბლობა უნდა გამოიჩინოს“, – კურტუას სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

კურტუას მამამ შვილის „ჩელსიში“ დაბრუნება გამორიცხა

მადრიდის „ატლეტიკოს“ კიპერ ტიბო კურტუას მამამ განაცხადა, რომ მისი შვილი ლონდონის „ჩელსიში“ დაბრუნებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ეროვნული ნაკრების მეკარე ამ დრომდე ლონდონურ კლუბს ეკუთვნის, ხოლო „ატლეტიკოში“ იჯარის წესით თამაშობს.

„ჩელსის“ პეტრ ჩეხის სახით დიდებული მეკარე ჰყავს. მისი და ჩემი შვილის ერთ გუნდში თამაში შეუძლებელია. თეორიულად მათ რიგრიგობით თამაში შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ ეს არ გვინდა. „ჩელსის“ ხელმძღვანელობასთან არსებული ვითარების განხილვას ვაპირებთ. კურტუას არ სურს იმ გუნდში დაბრუნება, რომელშიც ის მეორე მეკარე იქნება“, – ციტირებს ბელგიელი მეკარის მამის სიტყვებს Express.co.uk.

ბექა დოგრაშვილი

“ბარსელონა” – ვალდესის შემცვლელი ტიბო კურტუა?

როგორც იცით, “ბარსელონა” ვიქტორ ვალდესის შემცვლელს ეძებს.
ესპანური პრესა გაჭრელებულია იმ ინფორმაციით, რომ “ბლაუგრანა” მოლაპარაკებებს მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” აწარმოებს. გერმანელები ახალგაზრდა მეკარის მარკ ანდრე ტერ შტეგენის სანაცვლოდ ბევრ ფულს ითხოვენ. ტერ შტეგენის ნაცვლად კატალონიური კლუბი ფიქრობს, რომ გადაერთოს ლონდონის “ჩელსის” გოლკიპერზე, ბელგიელ ტიბო კურტუაზე.

“მარკა” იტყობინება, რომ კატალონიურმა კლუბმა ლონდონიდან მალე მიიღო თანხმობა ტიბო კურტუას ტრანსფერის თაობაზე. მოსალოდნელია, რომ “ბარსელონა” და “ჩელსი” რამდენიმე კვირაში საბოლოოდ შეთანხმდებიან ტიბო კურტუას გამოსასყიდ თანხაზე. სავარაუდოდ, ეს ტრანსფერი მომავალი წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ ტიბო კურტუა უკვე მესამე სეზონს ატარებს მადრიდის “ატლეტიკოში” ლონდონის “ჩელსიდან” იჯარის წესით. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბელგიელი მეკარე ლონდონის “ჩელსიში” 2011 წელს “გენკიდან” გადაბარგდა და მან რომან აბრამოვიჩის კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

 

„ბარსელონას“ კურტუას შეძენა სურს

კატალონიის „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა მომავალ ზაფხულს მადრიდის „ატლეტიკოში“ იჯარით მოასპარეზე მეკარის ტიბო კურტუას შეძენას შეეცდება.

კატალონიური კლუბი იმედოვნებს, რომ ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელები მომავალში ბელგიელი გოლკიპერის გაყიდვაზე დათანხმდებიან, რადგან, მათი აზრით, ამ ეტაპზე, ტიბოს დამატება მათთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს

იმ შემთხვევაში, თუ კურტუა „ბლაუგრანასში“ გადავა, „ბარსას“ მენეჯერები მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ კარის დარაჯთან მარკ-ანდრე ტერ შტეგეთთან შეთანხმების გაფორმებაზე უარს იტყვიან.

ალექსანდრე მატევოსოვი