ნიჭი და არაპროფესიონალიზმი – ქართველი ფეხბურთელების „ევროტური“

ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, როცა ქვეყნის ეროვნული ნაკრები წარმატებას ვერ აღწევს. ჩვენთვის ეს თემა უცხო არასდროს ყოფილა, ყოველთვის გვქონდა იმის იმედი, რომ საქართველოს ნაკრები წარმატებას მიაღწევდა, გავიდოდა რომელიმე დიდ ტურნირზე ან ყველა მატჩს ღირსეულად მაინც ჩაატარებდა.

დასანანია, როცა გუნდს გაცილებით დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ამა თუ იმ მიზეზების გამო მას ვერ იყენებს, რაც საბოლოოდ, კრახით სრულდება. გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებმაც კარიერის დასაწყისში თავისი შესაძლებლობები საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინეს. მათი უმეტესობა კი  ევროპის ძლიერ ლიგებში გამოდის.

მაგალითად, რამდენიმე წლის განმავლობაში ამჟამად მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველ ჯანო ანანიძეზე ქართველი გულშემატკივარი დიდ იმედებს ამყარებს. გასაკვირი ამაში არაფერია, 2009-2010 წლების პერიოდში ჯანო მართლაც გამორჩეულ ფეხბურთს აჩვენებდა. ბევრს ეგონა, რომ გამოჩნდა სწორედ ის მოთამაშე, რომელზეც მრავალი წლის განმავლობაში ნაკრებში ფსონი გაკეთდებოდა. რა თქმა უნდა, მიღწეულს ჯანოს ვერ დავუკარგავთ, ბოლო წლებში რუსეთის პრემიერლიგის განვითარებაზე საუბრით თავს არ მოგაწყენთ და აღვნიშნავ, რომ იმ კლუბის მაისურით თამაში, რომელსაც ჩემპიონატის მაღალი ადგილებისთვის ბრძოლის პრეტენზია ყოველთვის ჰქონდა, პატარა საქმე არაა. თანაც, ჯანო „სპარტაკის“ ერთი რიგითი მოთამაშე ნამდვილად არ არის. ვინც ამ გუნდის ან პირადად ჯანოს სტატისტიკას ადევნებს თვალყურს, ამაში დაგვეთანხმება. მიმდინარე სეზონი მოსკოველთა ქართველი ლეგიონერისთვის კარგად დაიწყო, მურატ იაკინმა იგი რამდენიმე მატჩში ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და რამდენიმეჯერაც ჯანო შეცვლაზე გავიდა.

გასული სეზონი ანანიძემ იჯარით „როსტოვში“ ჩაატარა და თანაგუნდელ არტიომ დიუბასთან ერთად იმდენად კარგი ტანდემი შექმნა, რომ ორივე წელს მოსკოველთა რიგებში გამოჩნდა. რასაკვირველია, ანანიძის ასეთმა თამაშმა მისი და გულშემატკვირების დიდი ხნის სურვილის რეალურად ქცევის წინაპირობა შექმნა. სამწუხაროდ, ვერც ეს იმედი გამართლებულა – სექტემბერში ჯანო სმოლენსკში არ გაფრინდა, სადაც „სპარტაკს“ რუსეთის თასის მეთექვსმეტედფინალური მატჩი უნდა ჩაეტარებინა. თავისი ეს ქმედება ქართველმა ლეგიონერმა იმით ახსნა, რომ იგი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა და ასეთი უმნიშვნელო შეხვედრისთვის დამღლელი ფრენა არ სურდა. თავის მხვრივ, „სპარტაკის“ ხელმძღვანელობამ ჯანოს ეს საქციელი არ აპატია, შედეგად, ანანიძე ახალგაზრდულ გუნდში გადაიყვანეს და, როგორც რუსული პრესა წერს, ხელფასიც დაუკავეს. აი, უკვე მეორე თვეა, რაც ქართველი ტალანტი მოსკოვური კლუბის მეორე შემადგენლობაში თამაშობს. სხვათაშორის, ახალგაზრდულ გუნდში მისი სტატისტიკა შთამბეჭდავია – ოთხ მატჩში ანანიძემ სამი გოლი გაიტანა, თუმცა, რა თქმა უნდა, ფეხბურთელისთვის, რომელზეც, როგორც ნაკრების, ასევე კლუბის გულშემატკივრები წლების განმავლობაში დიდ იმედებს ამყარებენ, ეს საკმარისი არ უნდა იყოს.

Ananidze

როგორც აღნიშნეთ, ჯანოსთვის მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და ვინ იცის, როგორ გააგრძელებდა იგი, რომ არა მისი უპასუხისმგებლო საქციელი.

თორნიკე ოქრიაშვილი კიდევ ერთი ის მოთამაშეა, რომლის ქართველ გულშემატკივარს ეიმედება. 2012 წელს ბელორუსის კარში გატანილი ბრწყინვალე გოლი, შემდგომ საიმედო თამაში უცხოურმა კლუბებმა უყურადღებოდ არ დატოვეს. უკვე მაშინ თორნიკე დონეცკის „შახტარში“ ირიცხებოდა. 2010 წელს დონეცკელთა მეორე გუნდის რიგებში ქართველმა 13 მატჩი ჩაატარა და 3 გოლიც გაიტანა. 2011 წელს იგი ძირითად გუნდში გადაიყვანეს, თუმცა მალევე იჯარით მარიუპოლის „ილიჩევეცში“ გაუშვეს, რომელშიც მან ორი წლის განმავლობაში ითამაშა. 2014 წლის იანვარში ოქრიაშვილი ასევე იჯარით ოდესის „ჩერნომორეცში“ გადავიდა, ჩაატარა 10 შეხვედრა და თავი სამჯერ გამოიჩინა.

ზაფხულში თორნიკე დონეცკის „შახტარში“ დაბრუნდა. ამ დროს მისით რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, რომელთა შორისაც ყველაზე აქტიური ბელგიური „გენკი“ აღმოჩნდა. მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარეს – ოქრიაშვილი კლუბში მალევე ჩაირიცხა და მალევე დიდ სკანდალში გაეხვა. აგვისტოს ბოლოს ოქრიაშვილი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ტარებისთვის დააკავა, ამის გამო ღამის გატარება ფეხბურთელს განყოფილებაში მოუწია. თუმცა, საქმე მხოლოდ ამაში არ ყოფილა. თურმე, ოქრიაშვილი „კორტრაიკთან“ მატჩში მოგებას თანაგუნდელ ანელე ნგკონგკას სახლში ზეიმობდა, სადაც მისი კიდევ ორი თანაგუნდელი იმყოფებოდა. ნასვამმა ფეხბურთელებმა ზეიმის დროს რაღაცის გაყოფა ვერ შეძლეს, რაც ჩხუბშიც გადაიზარდა. რასაკვირველია, „გენკის“ ხელმძღვანელობამ ამისთვის ორივე ფეხბურთელი დასაჯა, ოქრიაშვილმა კი, თანაგუნდელს ოფიციალურ ვიდეოშიც მოუბოდიშა. შემდეგივე ტურის შეხვედრაში თორნიკემ გოლის გატანა მოახერხა და თითქოს, ეს სკანდალი ყველას უნდა დაევიწყებინა. თანაც, ამის ალბათობას სექტემბერში ირლანდიის ნაკრებთან მატჩში გატანილი გოლი ზრდიდა. ლოგიკურად, კარგი თამაშისა და უსიამოვნო ინციდენტების მოგვარების შემდეგ ქართველ ფეხბურთელს თავისი საქმის კეთება უნდა გაეგრძელებინა. ცოტა ხნის განმავლობაში ასეც იყო, რამდენჯერმე მოთამაშე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. სამწუხაროდ, მალევე ოქრიაშვილმა თანამემამულის, ჯანო ანანიძის ბედი გაიზიარა. ოქტომბრის შუა პერიოდში თორნიკე „გენკის“ მეორე გუნდში გადაიყვანეს, რისი მიზეზის ამოცნობა მკითხველისათვის ადვილი უნდა იყოს… დიახ, ოქრიაშვილმა დისციპლინა დაარღვია. თუმცა, ანანიძესგან განსხვავებით, მან არა მატჩი, არამედ ვარჯიში გამოტოვა. ამასთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელობამაც ისიც აღნიშნა, რომ შემდგომ მოთამაშის აყვანისას ყურადღებას არამხოლოდ მის თამაშს, არამედ მისი პასუხისმგებლობის უნარსაც მიაქცევდა.

Okriashvili

ქართველი ფეხბურთელების მონაწილეობით კიდევ რამდენიმე მსგავსი მაგალითის გახსენება შეგვიძლია, თუმცა მოყვანილი მაგალითები, ვფიქრობ, საკმარისია.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს კარგი შესაძლებლობები რომ გააჩნიათ, ამაში მათ გულშემატკივრები მოყვანილ მაგალითებზეც დაარწმუნეს, თუმცა, როგორც გაირკვა, წარმატების მისაღწევად საკმარისი არც ეს ყოფილა… იმისთვის, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს, მისმა თითოეულმა წევრმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ მათი მხრიდან პროფესიონალურად მოქცევის იმედად ვიყოთ…

“გენკი” ოქრიაშვილის შესახებ ახალ განცხადებას ავრცელებს

“გენკის” სპორტულმა დირექტორმა გიუნტერ ჯეიკობმა თორნიკე ოქრიაშვილთან და მის ოჯახთან ისაუბა. გადაწყვეტილია, რომ უახლოეს დღეებში ქართველი შემტევი თავის კლუბს დაუბრუნდება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით “გენკმა” ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ფეხბურთელს ბელგიაში გადაბარგების შემდეგ მენტალური ხასიათის პრობლემები ჰქონდა და ის თავს მარტოსულად და დათრგუნულად გრძნობდა, რაც ძირითადად კომუნიკაციის არქონას უკავშირდებოდა.

ოქრიაშვილი ვარჯიშს ინდივიდუალურად აგრძელებს და კლუბში დაბრუნების შემდეგ მეორე გუნდს შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ ბელგიაში თორნიკე დედასთან და ძმასთან ერთად ჩავა. უახლოეს მომავალში კი მათ მისი მეუღლე და შვილიც შეუერთდებიან.

კლუბი და ფეხბურთელი შეთანხმდნენ, რომ ოჯახის დახმარებით და ენის შესწავლის ინტენსიური კურსის წყალობით თორნიკე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება და “გენკის” იმედებს გაამართლებს. მანამდე კი მოთამაშე მეორე გუნდში დარჩება. მისი კლუბში დაბრუნების შემდეგ გადაწყდება საჭიროა თუ არა რაიმე დამატებითი ზომების მიღება.

ფეხბურთელი და კლუბი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ოქრიაშვილს პრესასთან არანაირი ურთიერთობა არ ექნება. კლუბი ყველა ღონეს იხმარეს, რათა ოქრიაშვილი მის ჩვეულ დონეს დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ სანაკრებო შეკრების შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილი კლუბში არ გამოცხადდა და თბილისში დაბრუნდა, რის შემდეგაც “გენკის” ხელმძღვანელობამ ფეხბურთელი მეორე გუნდში გადაიყვანა.

ოქრიაშვილი გენკში კვლავ არ გამოჩენილა

Voetbalnieuws.be-ს ცნობით, თორნიკე ოქრიაშვილი “გენკის” რიგებში კვლავ არ გამოჩენილა. შეგახსენებთ, სანაკრებო პაუზის შემდეგ ქართველი ფეხბრთელი საკუთარი კლუბის ვარჯიშზე არ გამოცხადდა, რის გამოც ის მეორე გუნდში გადაიყვანეს. თუმცა, ოქრიაშვილი არც მეორე გუნდის ვარჯიშზე მისულა.

ფეხბურთელის მენეჯერის, მამე ამიროვის თქმით ოქრიაშვილი ოჯახური პრობლემების გამო თბილისში შეყოვნდა და ბელგიაში ჩასვლის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობას ყველაფერს აუხსნიდა. თუმცა, ქართველი ფეხბურთელი არც უქმეებზე გამოჩენილა “გენკში” და ამიროვიც თბილისში მოფრინავს, რათა ვითარებაში ადგილზე გაერკვეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი “გენკის” მენეჯერმა, პატრიკ იანსენმაც გააკეთა.

“ამ ეტაპზე ახალ ინფორმაციას არ ვფლობთ. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ შემდგომი განცხადებებისა და ქმედებებისგან თავს შევიკავებთ” – ამბობს იანსენი.

ოქრიაშვილი მეორე გუნდში გადაიყვანეს

ბელგიური პრესის ცნობით თორნიკე ოქრიაშვილმა სანაკრებო შეკრებიდან კლუბში ჩასვლა დააგვიანა, რის გამოც ვარჯიში გააცდინა.

“გენკის” მწვრთნლის, ალექს მაკლიშის და მენეჯერის, პატრიკ იანსენის მცირე თათბირის შემდეგ გადაწყდა, რომ ქართველი ფეხბურთელი დაისჯება და დროებით მეორე გუნდში გადავა.

შეგახსენებთ, “გენკში” გადასვლის შემდეგ ოქრიაშვილმა სანაკრებო პაუზის შემდეგ უკვე მეორედ დააგვიანა კლუბში ჩასვლა. ერთხელაც ქართველი ფეხბურთელი თანაგუნდელთან ჩხუბის გამო გაეხვა სკანდალში.

ოქრიაშვილი შოტლანდიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს?

რამდენიმე საათში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები “აიბროქსის” სტადიონზე შოტლანდიას დაუპირისპირდება. ეროვნულმა გუნდმა მატჩის მასპინძელ სტადიონზე ბოლო ვარჯიში ჩაატარა.

საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. “აიბროქსის” სტადიონზე თორნიკე ოქრიაშვილს არ უვარჯიშია. მიზეზი ფეხბურთელის ბელგიაში მიღებული ტრავმა გახდა. შეძლებს თუ არა “გენკის” ლეგიონერი და მიმდინარე საკვალიფიკაცო ეტაპზე პირველი ქართული გოლის ავტორი მოედანზე გასვლას უშუალოდ თამაშის დაწყებამდე გაირკვევა.

ბოლო ვარჯიშამდე თემურ ქეცბაიამ მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა. პრესკონფერენციაზე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, არნემის “ვიტესის” წევრ ვაკო ყაზაიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

თემურ ქეცბაია: “უკვე ხუთი წელია საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ, ჩვენ თამაშებს თუ ადევნებთ თვალს ნახავდით,რომ შეიძლება ბევრი შეხვედრა ვერ მოვიგეთ, მაგრამ არც ადვილი დასამარცხებელია საქართველოს ნაკრები. შოტლანდიაზე გაცილებით ძლიერ გუნდებსაც ვეთამაშეთ და კარგი შედეგიც გვქონდა, თუ ვინმე სათანადოდ არ აფასებს ჩვენ ნაკრებს ეს მხოლოდ მათი პრობლემაა. კენჭისყრის შემდეგ შოტლანდიაში ითქვა,რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი გიბრალტარს და საქართველოს არ ექნებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ კონკრეტული ადამიანების აზრია. ჩვენ, ჩვენი საქმე კარგად უნდა გავაკეთოთ და დავამტკიცოთ,რომ შეგვიძლია მიზნისთვის წარმატებით ბრძოლა. შოტლანდიას ნამდვილად კარგი ფეხბურთელები ჰყავს, კარგ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ შოტლანდია ნამდვილად არ არის ბრაზილია. ისინი უმაღლეს დონეზე თამაშობენ და მათთან დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა. შეიძლება ჩვენი მოწინააღმდეგე ზედმეტად თავდაჯერებულია, თუმცა დიდი ტრადიციების მქონე შოტლანდიამ ბოლოს ევროპის ჩემპიონატზე 16 წლის წინ ითამაშა. რაც შეეხება ჩემს მომავალს ეროვნულ ნაკრებში, ირლანდიასთან ბოლო წუთზე წაგებული თამაშის მერე აღვნიშნე, რომ შოტლანდიასთან და გიბრალტართან შეხვედრების შემდეგ მივიღებდი გადაწყვეტილებას.”

ვაკო ყაზაიშვილი: “ძალიან სამწუხაროა,როდესაც შეხვედრას ბოლო წუთზე აგებ, მაგრამ ეს იყო ერთი თვის წინ და ჩვენ ეს მატჩი უკვე დავივიწყეთ. ხუთი დღეა შოტლანდიაში ვიმყოფებით და საკმაოდ კარგად მოვემზადეთ, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის არ ყოფნის მიუხედავად ჩვენი მიზანია, რომ შეხვედრაში მინიმუმ ქულის აღება მოვახერხოთ”.
შოტლანდიასა და საქართველოს შორის მატჩი “აიბროქსის” სტადიონზე თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. შეხვედრას ჩეხ მსაჯთა ჯგუფი მოემსახურება. თამაშის ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სფფ-ის პრესსამსახური, გლაზგო, შოტლანდია

მაკლიში ოქრიაშვილს დაემუქრა

Scotsman-ისთვი მიცემულ ინტერვიუში ბელგიური “გენკის” შოტლანდიელთა თავკაცმა შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა და თორნიკე ოქრიაშვილის ფაქტორსაც გაუსვა ხაზი.

“მე და ჩემი თანაშემწე ალექს რეი ოქრიაშვილის ცემით დავემუქრეთ იმ შემთხვევაში თუ ის შოტლანდიას გოლს გაუტანს. თუმცა, ოქრის შანსიც დავუტოვეთ და გოლის გატანის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მივეცით, თუ საქართველოს ნაკრები დამარცხებული წავა გლაზგოდან.

ხუმრობის გარეშე კი შემიძლია ვთქვა, რომ ოქრიაშვილი ტალანტია. მან ირლანდიას შესანიშნავი გოლი გაუტანა და ჩვენთანაც იგივეს ეცდება. მთავარია მას მოედნის ცენტრში არ მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების დამარცხებას შევძლებთ.” – განაცხადა მაკლიშმა.

აგეტნმა ოქრიაშვილი რიბერის შეადარა

ბელგიური Voetbalmagazine საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, თორნიკე ოქრიაშვილის აგენტს, მამე ამიროვს ესაუბრა.

“ძალიან მინდოდა, რომ ბელგიის ჩემპიონატში ნამდვილი ვარსკვლავი ჩამომეყვანა, რაც გამომივიდა კიდეც. სკაუტები ოქრიაშვილის უკრაინაში ჩატარებული მატჩებით მოხიბლულები იყვნენ. მაგრამ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თორნიკე ამჟამად მისი შესაძლებლობების მხოლოდ 50 % აჩვენებს.

ოქრიაშვილის შესანიშნავი ტექნიკის პატრონია. მას “გენკში” იგივე როლის შესრულება შეუძლია, რაც “ბაიერნში” რიბერის აქვს.

როგორ ერთობიან ზარანდია და ოქრიაშვილი

ბელგიურმა “გენკმა”, რომლის ღირსებას თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია იცავენ ფოტოსესია გამართა. კლუბის ტელევიზიამ აღნიშნულ ფაქტს სიუჟეტი მიუძღვნა, რომელშიც გუნდის ქართველი ლეგიონერებიც მოხვდნენ.

იხილეთ 2:37-დან

ოქრიაშვილმა ვარჯიში გააცდინა

ბელგიური პრესის ცნობით სანაკრებო პაუზის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილი “გენკს” დაგვიანებით დაუბრუნდა. ქართველმა ფეხბურთელმა ამის გამო ვარჯიში გააცდინა, რამაც ბელგიური კლუბის მწვრთნელის, ალექს მაკლიშის, უკმაყოფილება გამოიწვია.

“ოქრიაშვილის საკითხზე გადაწყვეტილებას ფიზმომზადების ტესტის და მასთან საუბრის შემდეგ მივიღებ.

იმედგაცრუებული ვარ. კლუბი მოთამაშეებს ხელფასს უხდის და მათ გარკვეული პასუხისმგებლობა აქვთ თანაგუნდელებისა და გულშემატკივრების წინაშე” – განაცხადა მაკლიშმა.

დღეს, “გენკი” ჩემპიონატის მნიშვნელოვან შეხვედრაში “ბრიუგეს” უმასპინძლებს. გავრცელებული ინფორმაციით მაკლიშმა ოქრიაშვილი განაცხადში შეიყვანა.

ოქრიაშვილი ჰალ სიტიში? ინფორმაცია არ დასტურდება

გუშინ, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თორნიკე ოქრიაშვილის მიმართ ინტერესს ინგლისური პრემიერლიგის კლუბი იჩენს. კერძოდნ, საუბარი “ჰალ სიტის” დაინტერესების შესახებ იყო.

აღნიშნულ ინფორმაციას არცერთი ბრიტანული, თუ სხვა უცხოური სააგენტო არ ადასტურებს. ასე რომ, ოქრიაშვილის პრემიერლიგაში გადასვლის ამბავი ჯერჯერობით მხოლოდ ჭორად შეიძლება ჩაითვალოს.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ირლანდიის მატჩის 38-ე წუთზე “გენკის” ფეხბურთელმა ულამაზესი გოლით შესძლო ანგარიშის გათანაბრება.

თორნიკე ოქრიაშვილი რობი კინის წინააღმდეგ

7 სექტემბერს, საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში ქართველების მხრიდან გამორჩეულმა თორნიკე ოქრიაშვილმა მეტოქე გუნდის კაპიტანი რობი კინი მშვენიერი ფინტით მოატყუა.

ოქრიაშვილის ლამაზი გოლი

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ირლანდიის ეროვნული გუნდი მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ქართველთაგან გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. ახალგაზრდა ფეხბურთელს საკმაოდ ლამაზი გოლი გამოუვიდა, რის ამსახველ ვიდეომასალასაც აქვე გთავაზობთ.