ბუქარესტის “დინამო” ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელით დაინტერესდა

უკრაინული ვებ-გვერდი footballtransfer.com.ua იუწყება, რომ ბუქარესტის “დინამო” ქუთაისის “ტორპედოს” ახალგაზრდა მცველით ვალერი ბონდარენკოთი დაინტერესდა.

20 წლის უკრაინელი ფეხბურთელი “ტორპედოში” სეზონის დასაწყისში ჩაირიცხა, იქამდე კი ის კიევის “არსენალის” ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა.

ბონდარენკომ ქუთაისური კლუბის მაისურით საქართველოს ჩემპიონატში ცხრა მატჩი ჩაატარა. 16 სექტემბერს, “ვიტ ჯორჯიას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, მან 88-ე წუთზე ერთადერთი გოლი გაიტანა და რევაზ ძოძუაშვილის გუნდს სამი ქულა მოუპოვა.

რაც შეეხება ბუქარესტის “დინამოს”, რუმინეთის ჩემპიონატში ჩატარებული 14 ტურის შემდეგ, ეს გუნდი სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციას იკავებს.

მორიგი იმერული დერბის წინ სათქმელი

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მორიგი მატჩისთვის ემზადება. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურში მორიგი იმერული დერბი გაიმართება – 22 ნოემბერს ქუთაისის ცენტრალური სტადიონი ადგილობრივი “ტორპედოსა” და ”ზესტაფონის” რიგით ოცდამესამე საჩემპიონატო დუელს უმასპინძლებს.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და ქუთაისის “ტორპედოს” შორის დღემდე გამართულ 22 საჩემპიონატო მატჩში 10-ში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 5 დასრულდა ფრედ, 7 კი მოიგეს ქუთაისელებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში კი მინიმალურ უპირატესობას მარგველები ფლობენ – 21:20.

ფეხბურთის გულშემატკივარს კარგად ახსოვს იმერული დაპირისპირებები დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც. აქაც მცირე უპირატესობა ზესტაფონელების მხარესაა – სადღეისოდ გამართულ 5 სათასო შეხვედრაში მარგველებმა იმარჯვეს 2-ში, ასევე 2 მატჩი დასრულდა ფრედ, ქუთათურებმა კი მხოლოდ 1-ხელ გაიმარჯვეს; ბურთების სხვაობა 5:3 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ.

აღნიშვნის ღირსია ის, რომ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე 2011-2013 წლებში სწორედ “ტორპედოს” ხელმძღვანელობდა და ქუთათურებს ბრინჯაოს მედლების ორი კომპლექტიც მოაპოვებინა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ზესტაფონელთაგან ქუთაისელთა კარში სხვაზე ხშირად ზურაბ იონანიძეს გაუტანია – იონას ანგარიშზე 6 გოლია.

ქუთაისის “ტორპედოსთან” შაბათს, 22 ნოემბერს გასამართი შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ინტერნეტ-საიტზე გადაიცემა.

ჩვენ კი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დღეს გამართული ზესტაფონელთა ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ.

DSC03656

DSC03664

DSC03671

DSC03681

DSC03699

DSC03716

DSC03727

DSC03734

DSC03742

DSC03751

FCZestafoni.GE

“ტორპედოს” ასაკობრივმა გუნდებმა ლანჩხუთში იმარჯვეს

დღეს, ჭაბუკთა ლიგის გათამაშების მე-11 ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ ასაკობრივი გუნდები ლანჩხუთში იქაურ ს.კ. „გურიას“ თანატოლებს შეხვდნენ.

რევაზ კვერნაძის გაწვრთნილმა 16-წლამდელმა ტორპედოელებმა მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხეს. გამარჯვებულთაგან გოლები პირველივე ტაიმში ჯემიკო ზარნაძემ და ივიკო ძოძუაშვილმა(2) მიითვალეს. ამ გამარჯვებით ჭაბუკებმა ბოლო 18 შესაძლებლობიდან 16 ქულა მოიპოვეს და მე-4 ადგილიც გაიმყარეს.

„ტორპედო U-16”: კიკნაძე(მუკბანიანი 50), ჯინჭარაძე(შარვაშიძე 40), გოგიაშვილი, ხინჯაკაძე, გულბიანი(აბულაძე 50), დავითულიანი, მაღლაკელიძე(კალანდია 50), ზარნაძე, წულაია, ძოძუაშვილი(ბაქრაძე 45), კუხიანიძე(ბზიკაძე 55).

მორიგი მატჩი მოიგეს აკაკი კვერნაძის შეგირდებმაც, რითაც გუნდმა ამ ასაკობრივი ტურნირის პირველ ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა უახლოეს მდევარ „საბურთალოს“ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. დღევანდელ მატჩს დავუბრუნდეთ, რომელიც საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. თავიდან ორბურთიანი უპირატესობა ქუთაისელებმა შეიქმნეს, ომარ ჭიჭინაძისა და ზაურ ჟღენტის გოლებით, მაგრამ მასპინძლებმა ეს სხვაობა მეორე ტაიმში ნულამდე დაიყვანეს 2:2. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა უკან არ დაიხიეს და ჯერ ზაურ გოგუაძემ გამოიჩინა თავი, რომელმაც გაცუდებული პენალტის(1:2-ზე, მეკარემ მოუგერია) გამო შეცდომა გამოასწორა, შემდეგ კი ზაურ ჟღენტმა შეასრულა დუბლი და საბოლოო ანგარიშიც 4:2 დაფიქსირდა.

„ტორპედო U-18”: გეგუჩაძე(სულაბერიძე 88), წიქარიშვილი, ბურჯანაძე, ჯოხაძე, ზაქარიაძე(მელაძე 27, ჭანია 46), ხვიჩია, საღრიშვილი, გოგუაძე(ღარწკია 86), ო. ჭიჭინაძე(ჭოხონელიძე 86), იონანიძე(ჯავახაძე 70), ჟღენტი(სილაგაძე 86).

FCTorpedo.GE

“სიონი-2” – “ტორპედო-2” 3:1

7 ნოემბერს, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის მე-12 ტურის მატჩები გაიმართა. ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ერთმანეთს „სიონისა“ და „ტორპედოს“(მწვრთნელები: გიორგი სუხიაშვილი, ვლადიმერ ჭყონია) მეორე გუნდები შეხვდნენ.

მატჩის პირველ ტაიმში გოლები მხოლოდ მასპინძლებმა გაიტანეს. კუთხურების შემდეგ მათ ორი შედეგიანი დარტყმა განახორციელეს. ამ ანგარიშისას სტუმრებს პასუხის გაცემა პენალტით შეეძლოთ, მაგრამ ჟღენტს მეკარემ მოუგერია ბურთი. მეორე ტაიმის დებიუტში სხვაობა უფრო გაიზარდა, თუმცა 77-ე წუთზე ისევ შემცირდა, ტორპედოელი გრიგოლ კუხიანიძის თავურით. საბოლოოდ, „სიონმა“ ანგარიშით 3:1 მოიგო.

„ტორპედო-2“: გეგუჩაძე(სულაბერიძე 80), ფანცხავა, წიქარიშვილი(კუჭუხიძე 55), ბერძენაძე, გაბუნია, ბერიშვილი, ხეცურიანი(თევზაძე 78), ზაქარაშვილი, ხვიჩია, ბურჯანაძე(საღრიშვილი 46), ჟღენტი(გრ. კუხიანიძე 60).

FCTorpedo.GE

ამხანაგური მატჩი „როსტოვის“ აკადემიასთან

7 ნოემბერს, ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ 18-წლამდე გუნდმა(მწვრთნელი – აკაკი კვერნაძე) რუსეთის პრემიერლიგის წარმომადგენლის, საფეხბურთო კლუბ „როსტოვის“ ვიქტორ პანედელნიკის სახელობის აკადემიის 1997 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკოპლექტებულ გუნდს(მწვრთნელი – სერგეი ზელიკოვი) უმასპინძლა.

როგორც „როსტოვის“ აკადემიის კოორდინატორმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა გოჩა მიქაძემ გვითხრა, ჩვენი დღევანდელი სტუმრები საქართველოში იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით ერთი კვირის წინ ჩამოვიდნენ. რუსებმა აქამდე „ზესტაფონისა“ და „სამტრედიის“ ასაკობრივი გუნდები დაამარცხეს, შესაბამისად, 3:0 და 1:0.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, რომელსაც ქუთაისის „ტორპედოსა“ და რუსული „როსტოვის“ ყოფილი თავდამსხმელი მიხეილ აშვეთიაც ესწრებოდა, პირველი ტაიმი ტანმაღალმა როსტოველებმა, მათ შორის იყო ერთი ქართველი ფეხბურთელი კირილე მჭედლიშვილი, მაღალ დონეზე ჩაატარეს და ტორპედოელებს ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობეს. ანგარიშით მათ სასარგებლოდ იყო 2:0. მეორე ტაიმში კი ქუთაისელებმა ხარისხობრივი თვალსაზრისით თამაში გაცილებით გამოასწორეს და მეტოქეს ბევრი პრობლემაც შეუქმნეს, მაგრამ საბოლოო ანგარიშიც პირველი ტაიმის დარჩა. მიუხედავად მარცხისა, ახალგაზრდა ტორპედოელებისთვის ეს სპარინგი უდავოდ ნაყოფიერად უნდა ჩაითვალოს. დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულს იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვალერი მანაგაძემ სპეციალური თასი გადასცა. მეგობრულ ატმოსფეროში ორივე გუნდმა საერთო ფოტოც გადაიღო. “როსტოვის” ქართული ვოიაჟი უკვე დასრულდა.

„ტორპედო U-18“-მა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: კვერნაძე, ვარდოსანიძე(ზაქარიაძე 46), ნიშნიანიძე(მ. ქუთათელაძე 55), შეყრილაძე(ზირაქაძე 46), ჯოხაძე(ჭოხონელიძე 70), მარდალეიშვილი(გორდაძე 80), ა. ჭიჭინაძე(ღარწკია 75), გოგუაძე(ო. ქუთათელაძე 82), ო. ჭიჭინაძე(სილაგაძე 80), გოგლიჩიძე(ლომიძე 65), თავაძე(ჯავახაძე 46).

FCTORPEDO.GE

“სიონი” – “ტორპედო” 1:0

6 ნოემბერს საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-12 ტურის 4 მატჩი გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო“ ბოლნისის „სიონმა“ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ისტუმრა.

შეხვედრას ქუთაისელები დიდი დანაკლისით ხვდებოდნენ, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებიდან: ბექა ტუღუში და ოთარ კვერნაძე ტრავმების, ხოლო ნიკო კვასხვაძე კი მამის გარდაცვალების გამო ვერ იღებდნენ მონაწილეობას. დისკვალიფიკაცია ჰქონდა თენგიზ ჩიკვილაძეს, რომლის არყოფნაში „ტორპედოს“ კაპიტნის სამკლავურით წინ ვაჟა ტაბატაძე გაუძღვა.

თამაშის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. „ტორპედომ“ პირველი ზუსტი დარტყმა მეტოქის კარში მე-8 წუთზე განახორციელა, კერძოდ, ეს გოგი ფიფიამ გააკეთა, რომელსაც მეკარემ მოუგერია. როგორც შემდეგში აღმოჩნდა, ეს ზუსტი დარტყმა ამ მატჩში უკანასკნელიც იყო სტუმართა მხრიდან. შემდეგი ეპიზოდი კი ყველაზე რეალური მათ შორის, რაც კი ქუთაისელებმა დღეს შექმნეს: მე-20 წუთზე, პირობითი მასპინძლები გოლს აშკარად გადაურჩნენ, ფიფიამ მარკოზაშვილისგან მიიღო ბურთი და ათიოდე მეტრიდან „მარცხენათი“ დაარტყა, მაგრამ დღესაც აქტიური ტორპედოელისთვის სასურველი ტრაექტორიით ბურთი არ წასულა. „სიონმა“, სულ ორჯერ დაარტყა კარისკენ, აქედან ერთხელ თებიძე ჩაერთო თამაშში. არც ერთ შემთხვევაში ეპიზოდს ხიფათი არ მოჰყოლია. საგოლე მომენტებს რომ თავი დავანებოთ, იშვიათად იყო გამწვავებებიც კი, როგორც ერთ, ისე მეორე კართან და შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ – 0:0.

მეორე ტაიმში თამაში უფრო საინტერესო გახდა. რევაზ ძოძუაშვილმა ქებურიას ნაცვლად მოედანზე თოდუა შეიყვანა, რომელიც მარჯვენა მცველად გაამწესა, ტაბატაძე კი შუა ნახევარმცველად გადაიყვანა. 49-ე წუთზე, მეტოქის ნახევარზე ბურთი აბრამიძემ მოიპოვა, ცოტაოდენი მანძილი ბურთიანად გაირბინა და მარცხნივ ფიფია მონახა, ამ უკანასკნელმა კი მის გვერდით – ბაბუნაშვილი, რომელმაც ბადეში გაახვია ბურთი, თუმცა გვერდით მსაჯს უკვე თამაშგარის მანიშნებელი ალამი ჰქონდა აწეული. გამეორებაზე ჩანს, რომ ზაალ ბერულავას გადაწყვეტილება ამ დინამიურ ეპიზოდში ძალზედ საკამათო იყო(იხილეთ ვიდეო), თუმცა, აქ ქრონოლიგიას დავარღვევთ და მოგახსენებთ, რომ „ტორპედოს“ დღევანდელი მარცხის მსაჯზე დაბრალება უპრიანი არ იქნება. ბოლნისელებმა სწორედ ამის შემდეგ გააუმჯობესეს თამაშის ხარისხი. მათი ორი უშედეგო თავურის შემდეგ, მესამე ცდაზე სხეულის იგივე ნაწილით შესრულებული შედეგიანი დარტყმაც ვიხილეთ, 55-ე წუთზე, შორ მანძილზე დანიშნული „სტანდარტიდან“ კარისკენ ბურთის ჩაწოდებით გივი კვარაცხელიამ გახსნა ანგარიში – 1:0. დარჩენილ დროში გააქტიურებული „ტორპედო“ მეტოქეს კი ავიწროებდა, მაგრამ ღირებულს ვერაფერს ქმნიდა, პირიქით, წინ წასულებს რამდენიმე კონტშეტევა გამოეპარათ, რითაც „სიონმა“, რომელიც ამ ტურამდე ბოლო ადგილზე იყო, ორჯერ ძელს მოარტყა ბურთი, სამჯერ კი თებიძემ ითამაშა დამაჯერებლად. ეს იყო და ეს, „ტორპედომ“ ჩემპიონატში მესამე მარცხი განიცადა(0:1) და სატურნირო მდგომარეობაც მკვეთრად გაიუარესა.

FCTorpedo.GE

სიონმა ნავსი გატეხა

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე უმაღლესი ლიგის მე-12 ტურის ფარგლებში ბოლნისის „სიონმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა.

ბოლნისელებმა ტერიტორიული უპირატესობა სასტარტო წუთებიდან მოიპოვეს, თუმცა პირველი მომენტი „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა შექმნეს. მე-20 წუთზე ხელსაყრელ პოზიციაში ფიფია აღმოჩნდა, რომლის დარტყმულიც „სიონის“ კარს მცირე მანიძლის აცდა. აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ „ტორეპდომ“ თამაშის გათანაბრება მოახერხეს, თუმცა მატჩი იმდენად დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, რომ შესვენებამდე საგოლე მომენტები ფაქტობრივად არ შექმნილა. ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა.

გაცილებით საინტერესო გამოდგა მატჩის მეორე ტაიმი, რომლიც „ტორპედოს“ მიერ გატანილი გოლით დაიწყო, მაგრამ მისი ავტორი, შოთა ბაბუნაშვილი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც ტაბლოზე დაფიქსირებული ნულები არ შეცვლილა. მალევე ბოლნისელება კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს. საჯარიმოში ყველას კვარაცხელიამ  დაასწრო და თავით ძლიერად დაარტყა, თუმცა მიზნის მისაღწევად მცირედი დააკლდა. მომდევნო შეტევაში კი „სიონის“ გამოცდილმა მცველმა ზუსტად იმოქმედა. მორიგი სტანდარტის დროს შეტევაში ჩართულმა კვარაცხელიამ 55-ე წუთზე გახსნა ანგარიში.

გატანილი გოლის შემდეგ ბოლნისელები კიდევ რამდენიმე ძალიან სახიფათო მომენტი ჰქონდათ, რის შემდეგაც ბურდულმა აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთა. ტერიტორიულ უპირატესობას „ტორეპდო“ დაეუფლა. ძოძუაშვილმა კორექტივების შეტანა ცვლილებებით და ტაქტიკური გადაადგილებებით სცადა, მაგრამ შეხვედრის მსვლელობაზე ამას განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია. გოლის გატანასთან მატჩის ბოლოს ბოლნისელები უფრო ახლოს იყვნენ, თუმცა კვარაცხელიას ზუსტი დარტყმა დღევანდელ მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა.

სიონი 1-0 ტორეპდო

გოლი: კვარაცხელია 55’

სიონი: ბათიაშვილი, ფოფხაძე (ინწკირველი 80’),  სვანაძე, კვარაცხელია, დ. ფოფხაძე, კანდელაკი, გოგობერიშვილი, გაფრინდაშვილი (განუდგრავა 21’), ლობჯანიძე, სირაძე (ცხადაია 75’), ისიანი.

ტორპედო: თებიძე, ტაბატაძე, აბრამიძე, ბონდარენკო, ჩაკვეტაძე, ბაბუნაშვილი, ფიფია, მახვილაძე, მარკოზაშვილი, მამასახლისი (ბელაშვილი 63’), ქებურია (თოდუა 46’). 

ტორპედო vs დინამო – მატჩამდე

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის, უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ქუთაისში, ადგილობრივ ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს. ქართულ კლასიკოდ წოდებული დინამოსა და ტორპედოს დაპირისპირება ქუთაისის ცენტრალურ არენაზე 18.00 საათზე დაიწყება. დაპირისპირების პირდაპირ ეთერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს .

ჩვენი მეტოქე

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ტორპედო 1946 წელს დაარსდა. ტორპედო საშინაო შეხვედრებს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელიც 19 400 მაყურებელს იტევს. ქუთაისურ კლუბში მომხდარი რებრენდინგის შემდეგ, გუნდის სიმბოლიკა ძირითადად ყვითელ და მწვანე ფერებში არის გადაწყვეტილი. ტორპედომ პირველ სერიოზულ წარმატებას დაარსებიდან სამი წლის თავზე მიაღწია, ტორპედო იმჟამინდელი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩვენი მომავალი მეტოქე 1960 წლიდან – 1962 წლამდე სსრკ ჩემპიონატის ბ ლიგაში ასპარეზობდნენ. სსრკ პირველობის უმაღლეს ლიგაში ტორპედომ პირველი ოფიციალური მატჩი 1962 წლის 2 მაისს საკუთარ მოედანზე გამართა. სადებიუტო შეხვედრაში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოსკოველი თანაკლუბელები ანგარიშით – 5:1 დაამარცხეს. 1963 წლის 15 აპრილი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის ისტორიული თარიღია, ამ დღეს ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. აღნიშნულ მატჩს 40 000 მაყურებელი დაესწრო და ეს მაჩვენებელი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად ითვლება. 1970 წლის სეზონი ქუთაისის ტორპედოსთვის წარუმატებელი გამოდგა, გუნდი სსრკ პირველობის უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და შესაბამისად მომდევნო სეზონი I ლიგაში დაიწყო. 1988 წელს სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთხელ დაბრუნდა ტორპედო, თუმცა ამ პერიოდში საქართველო სსრკ–ს ოფიციალურად გამოეყო და გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში განაგრძო ასპარეზობა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქუთაისის ტორპედო დინამო თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ქუთაისურმა გუნდმა 1999-00, 2000-01, 2001-02 წლებში ზედიზედ სამჯერ იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამავე პერიოდს უკავშირდება ტორპედოს წარმატებული ასპარეზობა საქართველოს თასზეც, გუნდმა 1998–99, 2000–01 წლების სეზონში ოქროს მედლების მოპოვება შეძლო.

მწვრთნელი და ტორპედო

მიმდინარე წლის იანვარში, დასრულებული ჩემპიონატის მეორე ეტაპის სტარტზე ქუთაისურ კლუბის მთავარი მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილი დაინიშნა. ქუთაისელებმა გასული ჩემპიონატი 48 ქულით მე- 7 ადგილზე დაასრულეს. მიმდინარე პირველობაზე კი ჩატარებული 10 შეხვედრიდან დაგროვებული 15 ქულით ტორპედო მე- 6 ადგილზე იმყოფება.

დინამომდე

სეზონი ტორპედომ ფოთთან გამარჯვებით 3:0 გახსნა, რასაც დილასთან უგოლო ფრე მოჰყვა. თასის 1/16 ფინალში ქუთაისელები ჩხერიმელას შეხვდნენ და პირველ მატჩში 1:0 აჯობეს. შემდეგ მოდის მარცხი მერანთან 1:3, ფრე სპარტაკთან 0:0 და ორი გამარჯვება ვიტ ჯორჯიასთან და სამტრედიასთან. ორივე მინიმალური ანგარიშით 1:0. ტორპედომ ფრედ 2:2 ითამაშა ბათუმის დინამოსთან, რასაც მოჰყვა თასის განმეორებითი შეხვედრა. ქუთაისელებმა ხარაგაულის გუნდი 5:2 დაამარცხეს და მერვედფინალში გავიდნენ. ამას ზედიზედ სამი ფრე მოჰყვა ეროვნულ ჩემპიონატში. 0:0 ზუგდიდთან, 2:2 გურიასთან და იმავე საყაიმო ანგარიშით დამთავრდა მატჩი ჩიხურასთან.

დინამო VS ტორპედო – ურთიერთშეხვედრები

შეხვედრა, რომელსაც საქართველოში “ქართულ კლასიკოს” უწოდებენ, ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობს. ყოველი მატჩი უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება, მომავალი მატჩი კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში 58– ე იქნება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 57 მატჩიდან,  28- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 15 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 99/55 თბილისელთა სასარგებლოდ არის.

ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის პირველ აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე გასულ სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეოარე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4:0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ფლაგმანმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4:0 აჯობეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს.

დინამო – ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ ცამეტ თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4-ჯერ ტორპედომ მოიგო. ბურთების შეფარდება 38:21. თბილისელებმა სამჯერ გაიმარჯვეს ანგარიშით 3:1, აქედან ერთხელ სტუმრად. შესაბამისად 1966 წლის 26 აპრილს, 1969 წლის 26 მაისსა და 1962 წლის 25 მაისს. მეტოქემ ანგარიშით 4:2 მიაღწია წარმატებას 1968 წლის 31 ივლისს. აღნიშვნის ღირსია უხვგოლიანი ფრე 3:3 რომელიც დაფიქსირდა ქუთაისში 1966 წლის 30 ნოემბერს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრა, რომელიც ამა წლის 9 მარტს ქუთაისში გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მატჩის მიმდინარეობისას თბილისელები 2:0 იგებდნენ, თუმცა შეხვედრა ჩაიშალა და დინამოს ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრა, რომელიც თბილისში 26 ოქტომბერს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. გოლები ქუთათურთა კარში ლევან ხმალაძემ (პენალტით) და გიორგი გველესიანმა (ბოლო წუთზე) გაიტანეს.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩში ჩვენი გუნდის ნახევარმცველი- გიორგი პაპუნაშვილი ვერ იასპარეზებს. გიორგიმ ყვითელი ბარათების ლიმიტს გადააჭარბა.

ტორპედო VS დინამო – მსაჯი

საქართველოს ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 2 ნოემბერს ქუთაისში, ცენტრალურ სტადიონზე ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს– დავით ხარიტონაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას ლ. თოდრია და დ. გაბისონია გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ა. კრიჭაშვილიდა ჯ. ხორავა. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ა. ბასლეჰლო შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით დავით ხარიტონაშვილმა ბოლოს 2013 წლის 2 მარტს საქართველოს თასის მერვედფინალში იმსაჯა. დინამო თბილისმა ფოთის კოლხეთს 3:0 აჯობა. იმ შეხვედრაში დავით ხარიტონაშვილმა ორჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც დავით ხარიტონაშვილმა იმსაჯა, 30 ოქტომბერს მეორე ლიგაში გამართული- გარეჯი 2:0 სართი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში დავით ხარიტონაშვილმა სამჯერ უჩვენა ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი.

 

ტორპედოს სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ქუთაისელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

თებიძე – აბრამიძე, თოდუა, ჩაკვეტაძე, ტაბატაძე – ბაბუნაშვილი, ჩიკვილაძე, ბონდარენკო, კვერნაძე –ტუღუში, ფიფია

FCDinamo.GE

“ტორპედოს” დუბლიორთა გამარჯვება დიდი ანგარიშით

20 ოქტომბერს, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირზე მე-9 ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ სათადარიგო გუნდმა(მწვრთნელები: გიორგი სუხიაშვილი, ვლადიმერ ჭყონია) ჩვენი გუნდის საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ლანჩხუთის „გურიას“ დუბლიორები მიიღო.

დღევანდელ შეხვედრასაც წინ წუთიერი დუმილი უძღვოდა, „გურიას“ ფეხბურთელ ნიკა კილაძის გარდაცვალების გამო. ტორპედოელებმა დღეს გუნდური თამაშით ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენეს და შთამბეჭდავი გამარჯვებაც მოიპოვეს. თამაშის ბედი, ფაქტობრივად, საწყის ოც წუთში გადაწყდა, ამ დროისთვის ანგარიში უკვე 3:0 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ. გოლები: ოლეგ მამასახლისმა(2) და ბაქარ ლაღაძემ გაიტანეს. 35-ე წუთზე, ოლეგ მამასახლისმა მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტით(ამ ეპიზოდში სტუმართა მეკარე გააძევეს) ჰეთ თრიქი შეასრულა. 43-ე წუთზე კი ახალგაზრდა ტორპედოელთა კაპიტანმა ზაურ გოგუაძემ კიდევ უფრო გაზარდა სხვაობა და მეორე ტაიმს ფორმალური ხასიათი დაუტოვა. ლანჩხუთელებმა პრესტიჟის გოლის გატანა 65-ე წუთზე შეძლეს, თუმცა 5-ბურთიანი სტატუს-კვო მე-80 წუთზე ლაშა ჩიხლაძემ აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც მან დააფიქსირა – 6:1.

„ტორპედო-2“: გეგუჩაძე, ფანცხავა(წიქარიშვილი 70), გელაშვილი, კუჭუხიძე, ბერიშვილი, ზაქარაშვილი, ხვიჩია(თევზაძე 65), მარკოზაშვილი(ხეცურიანი 55), ლაღაძე, გოგუაძე(ჩიხლაძე 60), მამასახლისი(იონანიძე 55).

FCTorpedo.Ge

“ტორპედოს” ზედიზედ მესამე ფრე ჩემპიონატში

19 ოქტომბერს, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-9 ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ სტადიონზე ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლა.

თამაში მას შემდეგ დაიწყო, რაც „ცენტრალურზე“ მყოფმა პუბლიკამ წუთიერი დუმილით სტუმარი გუნდის აწ უკვე განსვენებული ფეხბურთელის, ნიკა კილაძის ხსოვნას მიაგო პატივი. რევაზ ძოძუაშვილმა 5-4-1 სათამაშო სქემა აირჩია და წინა ხაზში გამოკვეთილად კვერნაძე გაამწესა, რომელმაც მასზე დაკისრებული ამოცანა დღეს პირნათლად შეასრულა. საწყის წუთებში ფეხბურთელები ნელ ტემპში გადაადგილდებოდნენ მოედანზე. „ტორპედოს“ სითამამე მე-16 წუთზე ჩიკვილაძის ყუმბარისებული დარტყმით გამოჩნდა, ამ, მართლაც, ლამაზ ეპიზოდში მეკარე ზუხბაია ადგილზე დახვდა ბურთს. შეტევაზე ფიქრობდნენ გურულებიც, მათ პირველ ნახევარ საათში ქუთაისელთა კარის მიმართულებით რამდენიმეჯერ არაზუსტად დაარტყეს. 34-ე წუთზე, თებიძე მოექცა ყურადღების ცენტრში, მან გაბრიჭიძეს მოუგერია მეტად რთული ბურთი. ამ სიგნალზე „ტორპედომ“ უმალვე მოახდინა რეაგირება, საპასუხო იერიში წამოიწყო და დასკვნით ფაზაში ტაბატაძის პასით მცველების გარემოცვაში მყოფმა ოთარ კვერნაძემ გახსნა ანგარიში, ბურთის მიღებითა და მასზე მეორე შეხებით – 1:0. ძირითადად წვიმის ფონზე მიმდინარე ტაიმის დასრულებამდე ფიფიას მიეცა გოლის გატანის შანსი, მაგრამ კარში დარტყმულ ბურთს მცველმა ოდნავ შეუცვალა მიმართულება. შედეგი არ გამოუღია, კოშკაძისა და კვერნაძის ეფექტურ დარტყმებსაც, ამ უკანასკნელმა ჩიკვილაძის გენიალური გადაცემით ბურთს ჰაერშივე დაუხვედრა ფეხი.

მეორე ტაიმში დაძაბულობამ იმატა და თამაშიც უფრო სანახაობრივი გახდა. მიუხედავად ერთბურთიანი უპირატესობისა, ტორპედოელები ანგარიშის შენარჩუნებაზე მაინც არ ზრუნავდნენ, ამასთან, მეტოქესაც ეძლეოდა გათანაბრების შანსები: ერთწუთიან მონაკვეთში შალამბერიძემ ჯერ „მართკუთხედში“ ვერ მოახვედრა, მერე კი თებიძეს ვერ აჯობა. აქედან წამებში, 61-ე წუთზე, ბრწყინვალე კონტშეტევით ფიფიამ უზადო გადაცემა გაუკეთა ოთარ კვერნაძეს, რომელმაც დროულად დაარტყა და მარცხენა ფეხით „ცხრიანში“ გატანით დუბლი გაიფორმა – 2:0. სტუმრებმა ცენტრიდან განაახლეს თამაში თუ არა მათი პირველივე შეტევით საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ბონდარენკომ ჩაჭრა საკუთარ კარში და სხვაობაც შემცირდა – 2:1. მე-80 წუთზე კი კიდევ ერთი უხეში შეცდომა ქუთაისელებს ძვირად დაუჯდათ, „ტორპედოს“ კართან მყოფ ჩადუნელს ბურთი ხელზე მოხვდა, არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც კობა შალამბერიძემ გამოიყენა – 2:2. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში „ტორპედო“ არაერთხელ აპელირებდა თერთმეტმეტრიანის დანიშვნას, მაგრამ არც ერთი მათგანი დაკმაყოფილდა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ „ტორპედომ“ რეალური მომენტი „სტანდარტით“ შექმნა, სტუმართა მეკარემ ბონდარენკოს მოუგერია თავური დარტყმით ბურთი. სამწუხაროდ, როგორც ჩემპიონატში წინა საშინაო მატჩში(ბათუმის „დინამოსთან“ 2:2), ისე დღესაც, ტორპედოელებმა ობურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუეს და ეს მატჩიც ფრედ დაასრულეს.

FCTorpedo.GE

“ზუგდიდი-2” – “ტორპედო-2” 2:3

7 ოქტომბერს, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათთთა ტურნირის მე-8 ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ სარეზერვო გუნდი ს. კ. „ბაიას“ საწვრთნელ ბაზაზე მასპინძელ „ზუგდიდს“ დაუპირისპირდა.

შეხვედრა საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. ახალგაზრდა ტორპედოელებმა ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე აჯობეს მათზე საკმაოდ უფროს ზუგდიდელებს. მე-20 წუთზე, გოგუაძის ჩიხლაძის პირველი გოლიოლეგ მამასახლისმა გაიტანა, რომელიც დღეს მეტწილად თავდამსხმელად მოქმედებდა. 43-ე წუთზე, მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს, თუმცა აქედან ორ წუთში ქუთაისელთა კომბინაცია ისევ ჩიხლაძის საგოლე გადაცემით ამჯერად ბაქარ ლაღაძემ დააბოლოვა ლამაზი გოლით – 1:2. ამ უკანასკნელმა მე-80 წუთზე დუბლი მიითვალა და „ტორპედოს“ უპირატესობაც მას შემდეგ განამტკიცა, რაც მეკარესთან პირისპირ დარჩა – 1:3. 87-ე წუთზე, ანგარიშის სხვაობა მინიმალური კი გახდა, თუმცა ამან შედეგზე გავლენა არ იქონია – 2:3. ტორპედოელთაგან ასევე თავი გამოიჩინა მეკარე გეგუჩაძემაც, რამდენიმე რთული ბურთის მოგერიებით. გამარჯვებულთა შორის გოლის გატანის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა კიდევ მამასახლისსა და კუხიანიძეს ჰქონდათ. ამგვარად, გიორგი სუხიაშვილისა და ვლადიმერ ჭყონიასგაწვრთნილებმა „ზუგდიდთან“, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში დღემდე შინ წაგება არ ჰქონდა, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს და 4-მატჩიანი მოუგებელი სერიაც შეწყვიტეს – 3:2.

„ტორპედო-2“: გეგუჩაძე, ბერძენაძე, კუჭუხიძე, გაგოშიძე(კუხიანიძე 55), წიქარიშვილი(ხვიჩია 46), გოგუაძე(ფანცხავა 46), ლაღაძე, გოგიჩაიშვილი, ზაქარაშვილი(ბურჯანაძე 60), ჩიხლაძე(ხეცურიანი 50), მამასახლისი.

FCTorpedo.Ge

ზუგდიდელებთან მე-20 ურთიერთშეხვედრის მოსაგებად

5 ოქტომბერს, ქუთაისის „ტორპედო“ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტურის საგარეო მატჩში საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდს“ დაუპირისპირდება. 15:00 საათზე დასაწყისი შეხვედრა ზუგდიდის „ბაიას“ საწვრთნელ ბაზაზე შედგება.

ჩვენმა მომდევნო მოწინააღმდეგემ ამ ჩემპიონატის დაწყებიდან ყველა საშინაო თამაში ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ჩაატარა, ამჯერად კი, ზუგდიდელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარ ქალაქში თამაშის უფლება მისცა. იმ სტადიონზე, სადაც უმაღლესი ლიგის მატჩი ორ წელზე მეტია არ ყოფილა. აუტსაიდერი „ზუგდიდი“ ამჟამად 3 ფრის შედეგად აღებული 3 ქულით(„მეტალურგთან“ 0:0, „კოლხეთთან“ 1:1 და „მერანთან“ 0:0) სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება. რამაზ მუმლაძის გაწვრთნილებმა თავიანთი მატჩები შემდეგ გუნდებთან წააგეს: „შუქურა“(1:2), „დილა“(0:3), „ვიტ ჯორჯია“(1:3), „სპარტაკი“(1:2). აღსანიშნავია, რომ დისკვალიფიკაციის გამო მასპინძელთაგან დამდეგ მატჩს ლაშა კუკავა დააკლდება.

სტატისტიკაზეც უნდა ვთქვათ – ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან, ქუთაისური გუნდები(„ქუთაისი“ და „ტორპედო“) ზუგდიდელებთან („ოდიში“, „დინამო“, „ბაია“, „ზუგდიდი“) სულ 36 მატჩში არიან შენახვედრი. აქედან 35-ჯერ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობისას, ერთხელ კი – ეროვნულ თასზე. ამ მატჩების საერთო ბალანსი ასეთია: ჩვენმა გუნდმა 19 შეხვედრა მოიგო, 9 წააგო, ფრედ კი 8-ჯერ ითამაშა. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდებაც ქუთათურთა სასარგებლოდაა – 69:49.

ურთიერთშეხვედრების ისტორიაში ყველაზე სოლიდური ანგარიშით ქუთაისელებმა ზუგდიდური გუნდი ორჯერ დაამარცხეს – 4:1, რაც შეეხება უდიდესი ანგარიშით წაგებას, ასეთი მარცხი 1996 წელს დაფიქსირდა მაშინდელ ს/კ „ოდიშთან“ – 0:5.

ბოლოს კი, გთავაზობთ ზუგდიდელთა წინააღმდეგ თავის გამომჩენ ტორპედოელებს, რომლებსაც სხვადასხვა დროს აუღიათ მეტოქის კარი.8 გოლი – მიხეილ აშვეთია

6 გოლი – დავით ჯანაშია

5 გოლი – მამუკა ხუნდაძე

4 გოლი – ზურაბ იონანიძე, ნიკა საბანაძე

3 გოლი – ზაზა ვაჩიბერაძე, გიორგი მეგრელაძე, ბექა ტუღუში

2 გოლი – კახა კვეტენაძე, მერაბ მეგრელაძე, ლევან ქებაძე, რევაზ გოცირიძე

1 გოლი – ვასილ შენგელია, მამუკა მანაგაძე, თემურ ფაიქიძე, გოჩა ბრეგვაძე, ემზარ ხურცილავა, ოთარ თუთბერიძე(საკ. კარში), დავით ჩხეტია, გიორგი დარასელია, ხვიჩა ხართიშვილი, დავით ნოზაძე, გიორგი სუხიაშვილი, ირაკლი გიორგობიანი, გიორგი შენგელია, კონსტანტინე მეტრეველი, ვახტანგ კვარაცხელია, თორნიკე თარხნიშვილი, დავით გამეზარდაშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი, ნიკა ფირცხალავა, მამია გავაშელიშვილი, გრიგოლ დოლიძე, რევაზ ბარაბაძე, მამუკა ღონღაძე, დავით ხურციძე.

FCTorpedo.GE