“ტორპედოს” ჭაბუკებმა მარტვილელებს სძლიეს, ჯერი პირველ გუნდზეა…

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი კლუბის სახელით გილოცავთ ათორმეტთაგან ერთ-ერთს – ბზობის დღესასწაულს. მრავალს დაესწარით!

სიმბოლურია დღევანდელ დღეს მიღწეული გამარჯვებები და სასიამოვნოა, რომ ეს ქუთაისელებმა შეძლეს – ჭაბუკთა ლიგის ორივე ასაკობრივი ტურნირის მორიგ ტურში. ქუთაისის „ტორპედოს“ საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე სტუმარი გუნდი მარტვილის „მერანი“ გახლდათ.

წესისამებრ, ჯერ უმცროსებმა 35-წუთიანი ტაიმები ითამაშეს. შეხვედრა რევაზ კვერნაძის გუნდმა მე-5 წუთზე გიორგი გურეშიძის მიერ გამოყენებული პენალტის წყალობით მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო.

შემადგენლობა: გიორგი სულაბერიძე, შოთა წიქარიშვილი, ბექა შეყრილაძე, გოჩა ჭანია(მურადი ქუთათელაძე 55), ლაშა სალუქვაძე, შალვა ბურჯანაძე, გურამ ჯავახაძე(დავით იონანიძე 35), გიორგი გურეშიძე(ბექა ანთიძე 65), ჯემიკო ზარნაძე(ნიკა თევზაძე 50), დავით მანჯგალაძე(გიგა თავაძე 60), რუბენ შველიძე(გიორგი გორდაძე 40).

ჭაბუკთა სატურნირო ცხრილი და კალენდარი

პრაქტიკულად, „მერანის“ დუბლშემადგენლობა შეხვდა „ტორპედოს“ U-18-ს, მიუხედავად ამისა, აკაკი კვერნაძის შეგირდებმა მეტოქეს არაფერი დაუთმეს და ანალოგიური ანგარიშით 1:0 იმარჯვეს. გოლიდავით ხეცურიანმა მე-60 წუთზე ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე გაიტანა.

შემადგენლობა: თორნიკე გეგუჩაძე, გიორგი ბერძენაძე(გიორგი მუშკუდიანი 75), ილია ჯოხაძე, მიხეილ კუჭუხიძე, ზურაბ ფანცხავა, მიხაილ ქველიძე, დავით ხვიჩია(ალექსანდრე შამათავა 85), ანრი ზაქარაშვილი(აშვეთია 87), დავით ხეცურიანი(გივი ჯიხვაძე 82), დავით ქუთათელაძე(ლაშა ბერაძე 75).

ჭაბუკთა სატურნირო ცხრილი და კალენდარი

მოგეხსენებათ, უმაღლესი ლიგის უახლოეს ტურში „ტორპედოს“ მეტოქე აუტსაიდერი მარტვილის „მერანი“ გახლავთ. ასე რომ, „მერანთან“ გამარჯვებას ჭაბუკებმა უკვე დაუდეს სათავე…

FCTorpedo.GE

“ტორპედოს” ფრე მცხეთაში

12 აპრილს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 26-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქვედა ექვსეულში ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ „მცხეთა პარკზე“ ესტუმრა.

შეხვედრის დასაწყისში ქუთაისელთა შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა, მეტოქის მეკარესთან შეჯახების გამო დაშავებული მამუკა ღონღაძე მოდნიდან საკაცით გაიყვანეს, მის ნაცვლად კიირაკლი ლექვთაძე ჩაერთო თამაშში, რომელმაც მოგვიანებით „ტორპედოს“ შემადგენლობაში მისი პირველი და მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა. თამაში ტაიმებს შორის შესვენებამდე ძირითადად თანაბარ შეტევებში მიმდინარეობდა. ასეთი სცენარის ფონზე ერთი საგოლე მომენტი იქნა რეალიზებული და ის ვიტელებმა „ითავეს“. 35-ე წუთზე, მათე კვირკვიამ დასწრებაზე ითამაშა კარგად და თანაგუნდელის გადაცემა გოლით დააბოლოვა – 1:0. მეორე ტაიმი კი ქუთაისელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა, ჩვენი გუნდის სასარგებლოდ განსაკუთრებით შესამჩნევი სხვაობა გახლდათ ფიზიკურ მომზადებაში. 59-ე წუთზე, მოედანზე კიდევ ერთი დებიუტანტი დავით ხურციძე შევიდა, რომლის ფეხი საკმაოდ იღბლიანი გამოდგა, რადგან აქედან წამებში მარკოზაშვილის პასით ლექვთაძემ წონასწორობა აღადგინა – 1:1. დარჩენილ ნახევარ საათში ტორპედოელებმა უფრო მეტი ხიფათი შექმნეს, რომელთაგან საჭიროა აღინიშნოს, ჩიკვილაძის საჯარიმო დარტყმა, რომელიც ოდნავ არაზუსტი იყო, დამთავრებამდე 5 წუთით ადრე კი ლექვთაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ძელს მოარტყა ბურთი და საბოლოო ანგარიშიც ასეთი იყო – 1:1.

გუნდების შემადგენლობები, მატჩის სტატისტიკა – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=240

მომდევნო შეხვედრას ქუთაისის “ტორპედო” 18 აპრილს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს, სადაც მასპინძლობას აუტსაიდერ მარტვილის “მერანს” გაუწევს.

FCTorpedo.GE

“ტორპედოს” მწვრთნელთა ტრიოს პირველი მოგება დუბლებში

ნლობათა ტურნირის 25-ე ტურის მატჩები გაიმართა. გათამაშების კალენდრის მიხედვით ქუთაისის „ტორპედოს“ მეორე გუნდს მარტვილის „მერანის“ რეზერვისტებთან(მწვრთნელი – პაატა ლურსმანაშვილი) საგარეო კედლებში უნდა ეთამაშა, თუმცა მეტოქის ინიციატივით მხარეებმა შეხვედრა ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე გადმოიტანეს.

მატჩი ქუთაისელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში მე-10 წუთზე თორნიკე ბანძელაძემ გახსნა, რომელმაც სტანდარტი შეასრულა და ბურთი ისე შევარდა მერანელთა კარში გზად არც ერთ ფეხბურთელს არ შეხებია – 0:1. 33-ე წუთზე, ტვილდიანის გადაცემით მეკარეს ლაშა ჩიხლაძემ დაასწრო და ვარდნაში გადაამისამართა ბურთი მეტოქის კარში – 0:2. 38-ე წუთზე, გოგუაძისა და ჩიხლაძის პასებით დასარტყმელ პოზიციაზე კობა თორთლაძე აღმოჩნდა, რომელმაც ახლოდან დარტყმით ბურთი კარის ვიწრო მონაკვეთში შეაძვრინა და სხვაობაც გაზარდა – 0:3. 59-ე წუთზე, ნომინალურმა მასპინძლებმა ერთი გოლი გაქვითეს, თავი გიორგი ჭეიშვილმა გამოიჩინა – 1:3. 74-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში მას შემდეგ დაფიქსირდა, როცა ბიწაძის პასით მეკარესთან პირისპირ ოთარ ბერეჩიკიძემ იმოქმედა შედეგიანად – 1:4. მაშასადამე, გიორგი სუხიაშვილის, გიორგი მეგრელაძისა და ვლადიმერ ჭყონიას გაწვრთნილმა „ტორპედოს“ დუბლიორებმა მიმდინარე წელს პირველად მოიგეს.

„მერანი-2“: დარციმელია, ჯიქიძე(ასათიანი 59), თაკვარელია, ღვინიანიძე, ო. ბერიშვილი(ლ. ქიქავა 46), ბარბაქაძე(ანდღულაძე 68), ჯღამაია, ბასილაია(რუხაია 70), ქაჯაია(გაზდელიანი 46), ჭეიშვილი, ფაილოძე

„ტორპედო-2“: მოდებაძე, დუდუჩავა(ლაღაძე 54), გ. გაგოშიძე, ნაცვლიშვილი, შ. გაბუნია(კოხრეიძე 67), ტვილდიანი(ხეცურიანი 63), ბიწაძე, თ. ბანძელაძე, გოგუაძე(ჯანაძე 56), ჩიხლაძე(ბერეჩიკიძე 73).

მსაჯი: თორნიკე ნაკაიძე(ლანჩხუთი)

FCTorpedo.GE

“ტორპედო” – “დილა” 0:4

4 აპრილს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 25-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქვედა ექვსეულში ქუთაისის „ტორპედო“ საშინაო თამაშში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გორის „დილას“ შეხვდა.

შეხვედრის დასაწყისი საშუალო ტემპში და გორელთა ბურთის ფლობით წარიმართა. მათ პირველივე სახიფათო იერიშს გოლი მოჰყვა, ბოლქვაძემ გაისწორა ბურთი ტორპედოელთა საჯარიმოს მისადგომებთან და გიორგი ბერიაშვილს უპასა, რომელსაც კარის აღება არ გასჭირვებია – 0:1. მე-10 წუთზე, ელიავამ დაახლოებით 35 მეტრიდან გაუშვა ძლიერი დარტყმით ბურთი მეტოქის კარისკენ, მაგრამ დარტყმული ოდნავ ვერ მოზომა. მე-16 წუთზე, გურეშიძის გასროლა ვიხილეთ, ბურთს კვასხვაძემ შეაგება მუშტი და მეორე ცდაზე დაიმორჩილა. აქედან ერთ წუთში ქუთაისელთა კარში პენალტი დაინიშნა, თანაც, შალამბერიძის წაქცევისთვის მსაჯმა სევასტი თოდუას პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა, თუმცაღა ჯენერი ხორავას ასეთი მკაცრი გადაწყვეტილების ადეკვატურობაში ეჭვის შეტანა არც თუ ისე უსაფუძვლო იქნება. საჯარიმო დარტყმის რეალიზება ლუკა რაზმაძემ ითავა – 0:2. მოვლენების ამგვარი განვითარებით ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი სცენარით გაგრძელდებოდა დღევანდელი მატჩი. 30-ე წუთზე, ბერიაშვილის პასით კობა შალამბერიძემ კიდევ უფრო განამტკიცა „დილას“ უპირატესობა – 0:3. ამით, ინტრიგა საბოლოოდ „მოკვდა“ და დარჩენილი ერთი საათიც სრულ ფორმალობად იქცა. ქუთაისელებს პრესტიჟის გოლის გატანის შანსები პირველი ტაიმის მიწურულს მიეცათ, მაგრამ გელაშვილს მეკარემ მოუგერია, ხარაბაძემ კი ბურთი კარს ზემოდან სანტიმეტრებით გადააცილა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, მასში სახიფათო მომენტები კანტიკუნტად და ისიც გორელთა აქტიურობითიქმნებოდა. გოლების ანგარიში კი მან დახურა, ვინაც გახსნა, 87-ე წუთზე, ექს-ტორპედოელმა გიორგი ბერიაშვილმა მეკარე ადამიას აუარა გვერდი და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი – 0:4.

გუნდების შემადგენლობები, მატჩის სტატისტიკა –http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=239

FCTorpedo.GE

“ტორპედოს” მეორე შემადგენლობა ისევ აგებს

31 მარტს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ რეზერვისტებმა(მწვრთნელები: გიორგი სუხიაშვილი, გიორგი მეგრელაძე, ვლადიმერ ჭყონია) ჩვენი გუნდის საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე საჩხერის „ჩიხურას“ შესაბამის გუნდს(მწვრთნელი – გიგლა იმნაძე) უმასპინძლეს.

მატჩის პირველი ტაიმი ქუთაისელთა გამოკვეთილი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ღვიტიძემ(სამჯერ), ზ. ხურციძემ და ლაღაძემ ბურთი მიზანში ვერ მოახვედრეს და თამაშის მეორე ნაწილი უგოლო ფრით დაიწყო და სტუმართა აქტიური თამაშით გაგრძელდა, ამან შედეგიც გამოიღო. საჩხერელებიდან ერთადერთი გოლი გიორგი ყიფიანმა 83-ე წუთზე, საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმით გაიტანა და მისიანებს სამი ქულაც მოუტანა – 0:1. დარჩენილ დროში მატჩის გადარჩენას ტორპედოელები ამაოდ ეცადნენ და მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მე-6-ედ დამარცხდნენ…

„ტორპედო-2“: ადამია, თვალავაძე, ნაცვლიშვილი, დუდუჩავა(გ. კოხრეიძე 46), დ ხურციძე(თედიაშვილი 64), ვალნერი(გოგუაძე 46), თ. ბანძელაძე, ლაღაძე, თორთლაძე(ბიწაძე 46), ზ. ხურციძე(ბერეჩიკიძე 76), ღვიტიძე.

„ჩიხურა-2“: მწყერაშვილი, ბ. ქორიძე, რ. მაჭავარიანი, ზ. ნადირაძე, დუშუაშვილი, ს. მაისურაძე, გ. ხვედელიძე, გ. ყიფიანი(ნ. სამხარაძე 87), იაკობაშვილი(ლ. ფოფხაძე 88), ივანიშვილი(ლურსმანაშვილი 90), გოგოლიძე(ი. კაპანაძე 90),

მსაჯი: კახაბერ მესხი(ზუგდიდი)

FCTorpedo.GE

“ტორპედოს” საჭირო ქულები ზუგდიდელებთან

30 მარტს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ქვედა ექვსეულს შორის 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო“ განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე ზუგდიდის „ზუგდიდმა“ მიიღო.

დღევანდელი თამაშის ტემპი საკმაოდ მაღალი იყო. ასე რომ არა, მოედანზე მოასპარეზე ფეხბურთელები ძნელად გაუძლებდნენ ზღვისპირას მდებარე სტადიონზე გაზაფხულისთვის შეუფერებელ სიცივეს. მატჩის პირველი ტაიმი ძირითადად ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა ტორპედოელთა შეტევები უფრო გააზრებული და მწვავე გახლდათ. საწყის ნახევარ საათში შექმნილი სახიფათო მომენტები მხოლოდ ქუთაისელთა აქტივში ჩაიწერა. მე-11 წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ჩიკვილაძის ჩაწოდებით ბურთს მარკოზაშვილი გამოეხმაურა ნახტომში, მახვილი კუთხიდან თავით დარტყმულ ბურთს ზარქუა დაეუფლა პირველივე ცდაზე. მე-17 წუთზე, „ტორპედოს“ ლატვიელი მცველის ჩაწოდებულს ჩიკვილაძის არაზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა. 27-ე წუთზე, შორი მანძილიდან ლექვთაძემ ვერ მოახვედრა „ჩარჩოში“. 31-ე და 33-ე წუთებზე, მარკოზაშვილი იყო ორჯერ ახლოს ანგარიშის გახსნასთან, მაგრამ ჯერ მცველები გადაეღობნენ მის თავურ დარტყმას, მეორედ კი მან მეკარე ზარქუას „დაუფარა“ ფეხი, როცა ეს უკანასკნელი ბურთს იგერიებდა საჯარიმოდან, “მარკიზიოს” ოდნავ არ გაუმართლა და მასპინძლები გაშვებულ გოლს გადაურჩნენ. 44-ე წუთზე, რეაქციის გამოვლენა მოუწია კვასხვაძესაც, „ტორპედოს“ საჯარიმოში შექმნილი არეულობის შემდეგ ერთ-ერთმა ზუგდიდელმა ფეხბურთელმა დაჰკრა ბურთს, რომელიც ტორპედოელმა მეკარემ არ გაუშვა. აქამდე იყო სამუშიას დარტყმა, ბურთმა კარს ზემოდან ჩაუარა. გუნდები უგოლოდ გავიდნენ შესვენებაზე – 0:0.

მეორე ტაიმში თამაში კიდევ უფრო „გამოცოცხლდა“ და საგოლე ეპიზოდებიც მეტად მოხშირდა. 47-ე წუთზე, ც. სამუშიას ჩაწოდებით „ზუგდიდის“ მაკედონიელი ლეგიონერის თავური დარტყმით ბურთი ხარიხამ აისხლიტა. 48-ე წუთზე, სამუშია გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, დაარტყა კიდეც, მაგრამ კვასხვაძემ იმოქმედა დამაჯერებლად. 53-ე წუთზე, მარჯვენა მხრიდან ჩიკვილაძემ ჩაჰკიდა კუთხურიდან საჯარიმოში, ბურთს ჰაერში ერთ-ერთმა ფეხბურთელმა შეუცვალა მიმართულება, რის შემდეგაც ფხიზლად იმოქმედა მამუკა ღონღაძემ, რომელმაც ყველას დაასწრო და მიწაზე დაუშვებლად გადაგზავნა იგი მეტოქის კარში – 0:1. 59-ე წუთზე, „კანუს“ შეეძლო მისი გუნდი აღარ ენერვიულებინა დარჩენილ დროში, მაგრამ მარკოზაშვილის პასით მან მეკარესთან პირისპირ გასვლით ვერ ისარგებლა. მდევრის რანგში მყოფებმა ერთ წუთში „მწარე“ პასუხის გასაცემად ცოტა დააკლდათ, კრკელიჩის მიერ თავით გადაგზავნილმა ბურთმა, სტუმართა კარს მცირე მანძილით ჩაუარა „გარედან“. შემდგომმა 20-წუთიანმა მონაკვეთმა ასევე დაძაბულად ჩაიარა. 85-ე წუთზე, კვერნაძემ დაჰკრა სახიფათოდ ზუგდიდელთა საჯარიმოში შესვლის შემდეგ, ბურთი ზარქუამ მოიგერია კუთხურზე, რომლის მოწოდებას მოჰყვა ღონღაძის მიერ მარცხენა ფეხით ოდნავ არაზუსტად შესრულებული დარტყმა. საბოლოოდ, ქუთათურებმა მატჩის გამარჯვებამდე მიიყვანეს(1:0) და საჭირო ქულებიც მოიპოვეს.

შემადგენლობები, სტატისტიკა, ფოტოგალერეა – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=238

FCTorpedo.GE

რეკორდსმენი მეკარე 17 წელი და მეტი „ტორპედოს“ სამსახურში

გელა სერგოს-ძე კიკალეიშვილი ქუთაისის „ტორპედოში“ 1997 წლიდან წვრთნის მეკარეებს. ამ ხნის განმავლობაში იგი უმეტესად მთავარ კოლექტივს ემსახურება. ქუთაისის მკვიდრს მშობლიური ქალაქის გუნდის კარიც დაუცვია 2 სეზონის განმავლობაში, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მწვრთნელობა. მის პროფესიულ კარიერაში მხოლოდ იმერული კლუბები დომინირებს. მწვრთნელის ხელმძღვანელობით არაერთ ისეთ მეკარეს გაუვლია სასწავლო კურსები, რომლებსაც სხვადასხვა დროს საქართველოს ნაკრებში უასპარეზიათ. რაც ყველაზე საინტერესოა, შევიტყვეთ, რომ საკავშირო და ეროვნული ჩემპიონატების ოფიციალურ მატჩებში მეტოქეთა კარში გატანილი 30 გოლით(!) ვეტერან მეკარეს რეკორდი აქვს დამყარებული. „ტორპედოს“ დამსახურებულ მუშაკი, რომელიც ყველასთვის დადებით პიროვნებად ხასიათდება, ჩვენი კლუბის მეკარეებს დღესაც წვრთნის და ამ რგოლის გაძლიერებაში კვლავ შეაქვს თავისი მოკრძალებული წვლილი.

54 წლის სპეციალისტთან არამარტო ზემოთ მოყვანილ თემებზე ვისაუბრეთ.

„მეკარის კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი ვანის „სულორში“ მაქვს გატარებული, სადაც 600 თამაშამდე ჩავატარე. ასევე, ვიყავი სამტრედიის „ლოკომოტივში“, მაშინ მეორე ლიგაში გამოვდიოდით და 1978-79 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ვერცხლის მედლები ავიღეთ, პირველ ადგილზე ლანჩხუთელები გავიდნენ. შემდეგი 3 წელი დავყავი წყალტუბოს „სამგურალში“, იმ დროს უკვე დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატი გვქონდა. იქედან ჩავირიცხე ქუთაისის „ტორპედოში“ და 2-წლიანი მეკარეობის შემდეგ სერგო კუტივაძემ მეკარეების გაწვრთნა დამავალა, რასაც დღემდე მხოლოდ „ტორპედოში“ ვაკეთებ. ქუთაისში ყოფნისას კუტივაძის გარდა ისეთ მწვრთნელებთან ერთად მიმუშავია, როგორებიცაა: სოსო ფრუიძე, დავით ყიფიანი, ოთარ გაბელია, ალექსანდრ შტელინი(უკრაინა), რევაზ ბურკაძე, ჯემალ ხერხაძე. 1999 წლის თასის ფინალის(წყალტუბოსთან) მოგებიდან, „ტორპედოს“ ყველა ტიტული ჩემთვის ძალიან სამახსოვროა, რადგან ჩემი აქ მუშაობის დროს მიაღწია გუნდმა იმ დიდ წარმატებებს“.

– თქვენი მწვრთნელობის დროს „ტორპედოს“ მეკარეებით საკმაოდ ხშირად მარაგდებოდა საქართველოს ნაკრები…

– დიახ, ნაკრებში ძირითადად სწორედ „ტორპედოს“ მეკარეებს იძახებდნენ, ესენი იყვნენ: ნიკა ტოგონიძე, გრიგოლ ჭანტურია, ნუკრი რევიშვილი, რომელიც 4 წელი ჩემთან ვარჯიშობდა, ასევე, დავით გვარამაძე, ირაკლი ზოიძე, ზვიად სტურუა და სხვები. ყველა ჩამოთვლილს ჩვენთან აქვს გავლილი კარიერა.

– მთლიანად კარიერაში თქვენს ანგარიშზე 30 გოლია, რაც ჩვენს ქვეყანაში მეკარისთვის სარეკორდო მაჩვენებელია…

– აქედან 8 გოლი მაქვს ეროვნულ ჩემპიონატებში გატანილი, მათ შორის „ტორპედოს“ რიგებში ყოფნისასაც, ხოლო დანარჩენი საბჭოთა კავშირის პირველობებზე. სულ 32-დან ზუსტად 30 პენალტი შევასრულე.

– როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა თქვენი პერიოდისა და ახლანდელ თაობებს შორის?

– ქართველებს ყოველთვის ჰქონდათ საფეხბურთო ნიჭი. მაშინ ჩვენ სხვა გასართობი საშუალებები საერთოდ არ გვქონდა და ბურთის გარდა სხვა არაფერი არ გვაინტერესებდა, ამდენად, 100-დან 99-ს სურდა ბურთის გორება. ახლა კი უამრავი სახის გართობაა, ამიტომ, ასე მგონია, მაშინ უფრო გვინდოდა ფეხბურთის თამაში, ვიდრე დღეს უნდათ. ასევე, ცალსახად ვერ შევადარებ იმას, ძველად უფრო რთული იყო თამაში თუ ახლა უფრო მეტი სიძნელეებია, რადგან, ზოგი რამ განვითარდა, ზოგიც კი ძველი ჯობდა. მაგალითად: მაშინდელ ფეხბურთში ძალისმიერი თამაში უფრო ჭრიდა, დღეს კი ტექნიკაა წინა პლანზე.

– დღევანდელ „ტორპედოში“ მეკარის რგოლს როგორ შეაფასებთ?

– ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარის პრობლემა არასდროს არ ჰქონია, თუმცა იყვნენ სხვადასხვა სტილის მეკარეები, როგორც მინდვრის მოთამაშეები, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, იყო განსხვავება. ძალიან კარგია, რომ დღეს როინ კვასხვაძეს სახით ტექნიკური მეკარე გვყავს. არიან ძლიერი მეკარეები, რომელთაც არ აქვთ ტექნიკა და სხვა პლუსები გააჩნიათ. ვფიქრობ, დღევანდელ „ტორპედოში“ ყველაზე ნათელი წერტილი მეკარეა. ასევე, მეორე მეკარე ალექსანდრე ადამიაც, რომელსაც ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ნიჭიერი და პერსპექტიული ბიჭია, თუ იმუშავებს საკუთარ თავზე მასაც შეუძლია კარგ დონეზე ითამაშოს.

– ამჟამად, მსოფლიოში საუკეთესო მეკარედ ვინ მიგაჩნიათ?

– ვთვლი, რომ დღევანდელ თაობაში საერთო დონის მიხედვით მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი უპირველესია. მეკარეობის ტექნიკა არ აკლია, თან ახალგაზრდაა, კიდევ უფრო მომატების შანსიც აქვს და თითქმის ყველა მატჩს სტაბილურად თამაშობს. საზოგადოდ, მეკარემ 10-დან 8 თამაში ისე უნდა ჩაატაროს, რომ შეცდომა არ დაუშვას. ეს 20 პროცენტი ადამიანია და შეიძლება შეცდეს, მაგრამ რაც უფრო ნაკლები იქნება ხარვეზი, მით უკეთესი.

– მოგეხსენებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი მოედანზე კარებია და მისი დარაჯის გარჯას რამდენ პროცენტს მიანიჭებდით გუნდის გამარჯვებასა თუ მარცხის დროს?

– ბუნებრივია, მეკარემ ყველაზე ცოტა შეცდომა უნდა დაუშვას, 100-დან 5 პროცენტი თუ შეცდება ეს ყველაზე კარგია, მაგრამ ურთულესი. კარგი მეკარე, როცა გყავს გუნდში, იგი გაცილებით უფრო მაღალპროცენტულს ხდის გუნდის გამარჯვების შანსებს, ფსიქოლოგიურადაც ბევრს ნიშნავს, როცა იცი, რომ გუნდში ძლიერი მეკარე გყავს. ტყუილად კი არ ამბობენ, მეკარე ნახევარი გუნდიაო. ვიტყოდი, რომ კარგი მეკარე ნახევარზე მეტიცაა.

– ქართული ფეხბურთის დღევანდელ ყოფაზე რას იტყვით?

– პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალაქში გაკეთდეს ნორმალური მოედნები, რომ ბავშვები გაიზარდონ. მარტო თბილისსა და ქუთაისიდან წამოსული ბავშვებით ქვეყანა ვერ იხეირებს. ადრე რაიონებიდან და პატარა ქალაქებიდანაც მოდიოდნენ ბავშვები და ასეც ივსებოდა ნაკრები. დღეს კი უმეტესად ასეა, როცა მოწვიმს თუ ხელოვნური არ აქვთ ბავშვები საერთოდ ვერ ვარჯიშობენ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, საერთოდ, ნაკრებისთვის საჭიროა, რომ გუნდს რამდენიმე ვარსკვლავი ან თუნდაც ლიდერი ჰყავდეს, როგორც ეს ძველად იყო, სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან ასე არ არის. შეიძლება, საკლუბო გუნდი გააკეთო რაღაც მიზნისთვის და ფეხბურთელებიც ჩამოიყვანო სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ნაკრებში ამას ვერ გააკეთებ. ამიტომ, ეროვნული ჩემპიონატი რომ გაძლიერდება და უფრო დაძაბული გახდება, მერე შეიძლება ნაკრების სიძლიერეზეც საუბარი.

– რა უნდა გაითვალისწინონ მომავალმა მეკარეებმა?

– უპირველეს ყოვლისა, როცა მეკარე მოდის ჩვენთან, მას არ აქვს ელემენტარული ცოდნა მიღებული, ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა სპორტსკოლას ჰყავდეს მეკარის მწვრთნელი, რომელიც ასწავლის ახალგაზრდა მეკარეებს ბურთთან მუშაობას, როგორ აიღოს, მიიღოს და ასე შემდეგ. 15-16 წლის ბავშვს რომ არ აქვს თავიდანვე სწორად ნასწავლი, მერე ძნელია გადაჩვევა. ჩვენთან მოსულს ცოდნა უნდა გავუღრმავოთ და არა 0-დან დავაწყებინოთ. სხვათა შორის, მეკარე გვიან „იხსნება“. თუ წარმატება გინდა, ამ საქმისთვის უნდა გადადო ყველაფერი, დღე და ღამე უნდა იფიქრო, იმუშავო, ივარჯიშო, აკეთო რასაც გეტყვიან, ასეთი მიდგომით გამართლების შანსიც დიდია და გჯეროდეს, დაგიფასდება ეს ყველაფერი.

– დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

FCTorpedo.GE

დინამოს დუბლებმა ტორპედოს 1:0 აჯობეს

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის XXI ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. დინამო თბილისის დუბლები ქუთაისის ტორპედოს დუბლებს დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს მეტოქე.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ძლიერი ქარის თანხლებით მიმდინარეობდა, რამაც გარკვეული დაღი დაასვა მატჩის სანახაობრივ მხარეს. პირველმა ტაიმმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა და საგოლე მომენტები ორივე კართან შეიქმნა. შეხვედრის მეორე ნახევარში კახი გოგიჩაიშვილის შეგირდების უპირატესობა გამოიკვეთა და თბილისელებმა 77– ე წუთზე გოლის გატანაც მოახერხეს. ზუსტი შორეული დარტყმით ქუთაისელთა კარში გოლი ვაჟა ქიქავამ გაიტანა. დინამოელებს კიდევ არაერთხელ შეეძლოთ ანგარიშის შეცვლა, თუმცა მრავალი მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა. დინამომ 1:0 იმარჯვა და 49 ქულით გათამაშების ცხრილის მეორე საფეხურზე იმყოფება.

დინამო დუბლები 1:0 ტორპედო დუბლები

გოლი: ქიქავა 77’

დინამო (დუბლები): შოვნაძე, კაპანაძე, თევზაძე, ნემსაძე, მარაქველიძე, ქიქავა, ვეკუა, კვარაცხელია, კვერნაძე, მათიაშვილი, ა. მესხი

შეცვლაზე შევიდნენ: კობახიძე, ლაშხია, მაჭავარიანი, კახნიაშვილი

fcdinamo.ge

“ტორპედოს” სათადარიგოების მორიგი გამოსვლა

17 მარტს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის 22-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ სათადარიგო გუნდი(მწვრთნელები: გიორგი სუხიაშვილი, გიორგი მეგრელაძე, ვლადიმერ ჭყონია) სტუმრად საჩხერის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ამავე ქალაქის სახელით მოასპარეზე „ჩიხურას“ რეზერვისტებს შეხვდა.

ზემო იმერეთში სტუმრად ჩასულ ქუთაისელებს გუშინდელისგან რადიკალურად განსხვავებული ამინდი დახვდათ. წვიმიანი თოვლი გუნდებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა. მიუხედავად ამისა, თამაშს ღიმღამი არ ჰქონდა დაკარგული. მე-12 წუთზე, ტორპედოელებმა კონტრშეტევა განავითარეს, ხარაბაძის გადაცემით საშუალო დისტანციიდან შედეგიანად გია ღვიტიძემ დაარტყა და ანგარიშიც გახსნა – 0:1. თამაში ორმხრივ იერიშებსა და გარდამავალ უპირატესობაში გაგრძელდა, მხარეები საგოლე მომენტებსაც ცვლიდნენ. მატჩის ბედი კი ბოლო 15-მა წუთმა გადაწყვიტა, რომელიც სტუმრებმა სუსტად ჩაატარეს და 2 უპასუხოდ მიღებული გოლით ამჯერადაც დამარცხდნენ(1:2). აღსანიშნავია, რომ საჩხერელებს სხვაობის გაზრდა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით შეეძლოთ, მაგრამ მეკარე ადამიამ მის გუნდს ანგარიშში მინიმალური ჩამორჩენა საბოლოოდ შეუნარჩუნა.

აქვე გაუწყებთ, რომ დუბლშემადგენლობათა ტურნირის 21-ე ტურის გადადებული მატჩი „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის 21 მარტს, თბილისელთა საწვრთნელ ბაზაზე შედგება.

დღევანდელ შეხვედრაში კი „ტორპედო-2“-ის შემადგენლობა ასეთი იყო: ადამია, დუდუჩავა, ნ. ხარაბაძე, ნაცვლიშვილი, ლაღაძე(ჯანაძე 70), ბანძელაძე(გაბელაშვილი 60), ვალნერი, დ. ხურციძე(გაგოშიძე 75), გოგუაძე(ბიწაძე 55), ბერეჩიკიძე(ზ. ხურციძე 46), ღვიტიძე.

FCTorpedo.GE

“ჩიხურა” – “ტორპედო” 1:2

16 მარტს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 22-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრად ივანწმინდის განახლებულ სტადიონზე საპრიზო ადგილებზე მყოფ საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდა.

შეხვედრა მასპინძელთა დომინირებით დაიწყო, თუმცა ქუთაისელთა პირველივე სახიფათო იერიშს გოლი მოჰყვა, რომელიც ბევრ წამყვან ჩემპიონატსაც კი მოუხდებოდა იმიტომ, რომ ეს შეტევა ტორპედოელთა საჯარიმოდან დაიწყო და კომბინაციური თამაშის შემდეგ ისე დაგვირგვინდა შედეგიანად, ბურთს ვერცერთი მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ვერ შეეხო. ამ საგოლე შეტევის(მე-7 წუთზე) ბოლო ფაზა ასეთი იყო – ელიავამ გონივრული პასით ადამაძე მონახა, რომლის გადაცემით მამუკა ღონღაძემ „ტორპედოში“ დაბრუნებიდან თავისი მე-3 გოლი გაიტანა – 0:1. დაწინაურებამ სტუმრები ოდნავ მოადუნა, ამით „ჩიხურამ“ ისარგებლა და სათამაშო უპირატესობა იგდო ხელთ. აქედან გამომდინარე ლოგიკური იყო საპასუხო გოლი, იქამდე კი კვასხვაძემ არაერთ დარტყმულ ბურთზე ითამაშა დამაჯერებლად. 23-ე წუთზე, დეკანოიძის ჩაწოდებით ბურთი ჰაერში ერთ-ერთ ტორპედოელს მოხვდა და ტრაექტორია ოდნავ იცვალა, რის შემდეგაც ზუსტ ადგილზე გიორგი გაბედავა დახვდა და ასევე ზუსტად დაარტყა – 1:1. 26-ე წუთზე, თამაშში ქუთაისელი ოლეგ მამასახლისი ჩაერთო, ეს აღსანიშნავი იმით იყო, რომ დღეს, უმაღლეს ლიგაში მისი დებიუტი შედგა, თანაც საკმაოდ კარგი. მოვლენების ასეთი განვითარებით თითქოს ლოგიკური იყო, რომ ფსიქოლოგიური უპირატესობაც მასპინძელთა მხარეს უნდა გადასულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა, ტორპედოელები გამოფხიზლდნენ და კოლექტიური თამაშის ხარჯზე ხელახლა დაიწყეს სასურველი შედეგისკენ სწრაფვა. 32-ე წუთზე, ჩიკვილაძის ჩაწოდებით მარკოზაშვილმა 6-7 მეტრიდან მცველთან ჭიდილში ბურთი კარის მიმართულებით გაგზავნა, სომხიშვილმა ძლივსძლივობით შეძლო დარტყმულის მოგერიება. „ჩიხურადან“ თავით ჯიღაურის, ხოლო ფეხით გაბედავასა და გრიგალაშვილს სახიფათო დარტყმებმა ვერაფერი ვერ დააკლო „ტორპედოს“. გუნდებიც ასეთი ანგარიშით გავიდნენ შესვენებაზე.

მეორე ტაიმში კი ქუთაისელებმა მოსაგებად შემართულ მეტოქეს არაფერი არ დაუთმეს. 47-ე წუთზე, ჩიკვილაძემ შეასრულა საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ, მეკარემ ნახტომში მოიგერია ბურთი. 54-ე წუთზე, ღონღაძემ კვარაცხელიას წაართვა ბურთი და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მან კიპერს გაარტყა ბურთი და ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა. ამის გამო 62-წუთზე საჩხერელებს შეეძლოთ დავესაჯეთ, თუმცა გრიგალაშვილის გაკეთებული გადაცემით გაბედავას ოდნავ დააკლდა სიზუსტე. 65-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან კვერნაძის დარტყმისა და მეკარის მიერ ბურთის გადაგდების შედეგად დანიშნული კუთხური ჩიკვილაძემ ჩააწოდა შორეულ ძელთან, სადაც ტანმაღალმა ლატვიელმა მცველმაიგორ სავჩენკოვსიმ დაასწრო ყველას და თავით მისი პირველი და თანაც „ტორპედოსთვის“ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა ქართულ უმაღლეს ლიგაში – 1:2. „ჩიხურა“ გააქტიურებას ცდილობდა, მაგრამ „ტორპედოს“ დალაგებულმა თამაშმა მათ მეტწილად ამის საშუალება არ მისცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ორჯერ მაინც მოუწია კვასხვაძეს თავისი ოსტატობის გამოვლენა, კაპიტანმა ჯერ გაბედავას დარტყმული არ გაუშვა სტანდარტიდან, შემდეგ კი გრიგალაშვილის დარტყმის შედეგად რიკოშეტიც მოიგერია. სხვაობის გაზრდაც არავის არ გაუკვირდებოდა, მას შემდეგ, რაც კვერნაძემ მეკარესთან პირისპირ ორჯერ გასვლის შემდეგ ვერ იხეირა. საბოლოოდ, „ტორპედომ“ „ჩიხურასთან“ ქუთაისში განცდილი მარცხისთვის(1:2) დამსახურებული რევანში აიღო(2:1) და ამ გამარჯვებით რევაზ ძოძუაშვილის შეგირდები ჩემპიონატის ახალ ეტაპს იმედიანად ხვდებიან…

შემადგენლობები, სტატისტიკა, ფოტოგალერეა – http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=235

FCTorpedo.GE

სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილება 21-ე ტურის ინციდენტებზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. განსახილველ თემებს შორის  ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურში მომხდარი ინციდენტები იყო.
აღმასკომის გადაწყვეტილებით, 9 მარტს, “ტორპედო” – “დინამოს” შეხვედრაზე მომხდარი არეულობის გამო, ქუთაისური კლუბი მომდევნო ხუთ საშინაო შეხვედრას ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებს. “ტორპედოს” მატჩების მასპინძელი, გულშემატკივრების გარეშე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი იქნება.
 “დილასა” და ” ვიტ ჯორჯიას” შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტის გამო, გორელები მომდევნო შეხვედრას დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე მაყურებლის გარეშე გამართავენ.
 აღმასკომმა დღევანდელ სხდომაზე  სადისციპლინო კოდექსში ცვლილება შეიტანა. ამიერიდან მკაცრდება სტადიონზე ღირსების შეურაცხმყოფელი სკანდირება. სასჯელი ათასი ლარის ნაცვლად, ხუთი ათასი ლარით განისაზღვრა. ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი საჯარიმო სანქცია ათი ათასი ლარი იქნება.
სფფ-ს პრესსამსახური

წინათქმა ივანწმინდაში გასამართ მატჩამდე

16 მარტს, მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 22-ე ტურის მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ მეორეადგილოსან საჩხერის „ჩიხურას“ სოფელ ივანწმინდის(საჩხერიდან 6 კილომეტრი) სტადიონზე ეწვევა. აღსანიშნავია, რომ ამ არენის რეაბილიტაციის შემდეგ ეს უკანასკნელი გუნდი პირველად გამართავს საშინაო მატჩს, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება.
მოგეხსენებათ, „ტორპედოს“ წინა თამაშმა მთელი საქართველოს ყურადღება არასასიამოვნო მოვლენების გამო მიიპყრო. თბილისის „დინამოსთან“ შეხვედრის დღეს ჩავლილმა ბატალიებმა გარდა იმისა, რომ მატერიალურად გვაზარალა, ასევე, ჩემპიონატში ჩვენ კლუბს ქვედა ექვსეულში საბოლოოდ დაუმკვიდრა ადგილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ქუთაისელებს „უმაღლესში“ ადგილის შენარჩუნებაც არ აქვთ გარანტირებული, უფრო უარესიც, ამისთვის დიდი ენერგიის გაღებაც მოუწევთ. თავის მხრივ, ბოლო მატჩების მიხედვით, არც საჩხერული გუნდია მოწოდების სიმაღლეზე. სოსო ფრუიძის ფეხბურთელებმა ლიდერ „დინამოსთან“ ჩამორჩენა 10 ქულამდე გაზარდეს და უახლოეს მდევარ „ზესტაფონს“ კი მხოლოდ ქულითღა უსწრებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ დამდეგი ტური განსაზღვრავს თუ რომელ ადგილებზე შეხვდებიან უმაღლესლიგელები გათამაშების ახალ ეტაპს.

„ჩიხურამ“ 2013 წელი მას შემდეგ გააცილა, როცა თბილისის „დინამოს“ სუპერ თასი არ დაუთმო(1:0) და საკუთარ ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა. ეს წელი კი ჩვენი მეტოქე გუნდისთვის, უდავოა, რომ წარმატებულად არ დაწყებულა. აღნიშნულის პირველი დასტურია, ზამთრის შეკრების საქართველოში გავლა, რამაც ნაკლებად ნაყოფიერად ჩაიარა. მეორე „მოწმობა“ კი არადამაჯერებელი გამოსვლებია. მიუხედავად ეროვნულ ჩემპიონატში რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელის დამატებისა: ხმალაძე, ე. გრიგალაშვილი, გაბედავა, გ. კვარაცხელია, სეზონის განახლების შემდგომ მათ ასეთი შედეგები აჩვენეს: ფრე მეოთხედფინალის პირველ მატჩში სტუმრად ბოლნისის „სიონთან“(1:1), მოგება გასვლაზე ცხინვალის „სპარტაკთან“ (3:2) და მარცხი ბოლო ორივე მატჩში – ზესტაფონში თბილისის „დინამოსთან“(1:5) და ლანჩხუთში „გურიასთან“(0:2).

მიმდინარე ჩემპიონატში გუნდების პირველი ურთიერთშეხვედრა ქუთაისში „ჩიხურას“ გამარჯვებით დასრულდა(2:1), იხილეთ პროტოკოლი – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=214, აქვე მოგახსენებთ, რომ დამდეგ შეხვედრას დისკვალიფიკაციის(ზედმეტი ყვითელი ბარათების) გამო ორივე გუნდიდან ეყოლება დანაკლისი: მასპინძელთაგან დავით ოდიკაძე, ხოლო სტუმართაგან ბექა ტუღუში ვერ ითამაშებს.

„ჩიხურასთან“ „ტორპედომ“ სულ 6-ჯერ გამართა იმერული დერბი. სტატისტიკა ასეთია: 3 „მშრალი“ მატჩი, 2 მოგება და 1 მარცხი ტორპედოელთა უპირატესობას გვიჩვენებს. ბურთების უკეთესი ბალანსშიც ქუთაისელებს აქვთ – 7:4. პირველად ტორპედოელებმა 2007 წელს გრიგოლ იმედაძის დუბლით იმარჯვეს(2:0). 2012-13 წლების სეზონში გუნდების პირველი ურთიერთშეხვედრა ქუთაისში „ტორპედოს“ გამარჯვებით დასრულდა 3:1(გოლები: გიორგი ბერიაშვილი და ნიკა საბანაძე(2)). ამავე სეზონში ორმა მატჩმა უგოლოდ ჩაიარა, რასაც მოჰყვა ივანწმინდაში დაფიქსირებული 1:1 და ბოლოს, „ჩიხურასთან“ ისტორიაში პირველად განცდილი მარცხი(1:2), რომელზეც უკვე ვახსენეთ.

FCTorpedo.GE