„ცხინვალმა“ სომხეთში მოიგო

„ცხინვალი“ რამდენიმე დღის განმავლობაში სომხეთში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიანი დაპირისპირებსითვის ემზადებოდა. შეგახსენებთ, რომ კახა კაჭარავას გუნდის მეტოქე რუმინული „ბოტოშანი“ იქნება.

დღეს ცხინვალელებმა ერევნულ „პიუნიკთან“ ამხანაგური მატჩი გამართეს და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს. ერთადერთი გოლი შეხვედრის 51-ე წუთზე გიორგი ივანიშვილმა გაიტანა.

„პიუნიკი“ – „ცხინვალი“ 0:1
გოლი: ივანიშვილი 51′

გაფრთხილებები: აროიანი 31′, იუსპაშიანი 39′, პოგოსიანი 80′ – კაჭარავა 21′, კაკუბავა 44′

როგორც გუშინ „ცხინვალის“ თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავა გვიამბო, გუნდი თბილისში დღესვე დაბრუნდება და „ბოტოშანთან“ სათამაშოდ მომზადებას გააგრძელებს. 

ცნობისთვის, „ბოტოშანსა“ და „ცხინვალს“ შორის პირველი მატჩი რუმინეთში ორ ივლისს გაიმართება.

“ცხინვალი” სომხეთში გაემგზავრა

ცხინვალი სომხეთის დედაქალაქშია. კახა კაჭარავას გუნდი დღეს ერევანის საფეხბურთო აკადემიის სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს, ხვალ კი ამხანაგურ მატჩში სომხეთის ჩემპიონ ”პიუნიკს” დაუპირისპირდება.

”ცხინვალი” ერევანში 19 ფეხბურთელით გაემგზავრა.
მეკარეები : გიორგი ნადირაძე, სოსლან ნანიევი
მცველები : ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი, ვარლამ კილასონია, ვაკო ბაჩიაშვილი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, გიორგი ცერცვაძე
ნახევარმცველები : ბაქარ ქარდავა, რატი ცაცკრიალაშვილი, ირაკლი ლექვთაძე, უჩა ბურძენაძე, აკაკი შულაია, ლაშა ქოჩლაძე, ზვიად ლობჯანიძე, დავით ბოლქვაძე
თავდამსხმელები : გიორგი ივანიშვილი, ნიკა კაჭარავა

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ცხინვალელები რუმინულ “ბოტოშანის” დაუპირისპირდებიან.

ნადირაძე: “ჩვენი მიზანია, მსოფლიოს დავანახოთ, რომ ცხინვალი საქართველოა”

მოგეხსენებათ, გუშინ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა შედგა, რომლის შემდეგ ქართული კლუბების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა. „ცხინვალის“ მეტოქე რუმინული „ბოტოშანი“ აღმოჩნდა.

წილისყრის შემდეგ, Fanebi.Com-თან მეტოქეზე, გუნდის ახალწვეულებზე და “ცხინვალის” მიზნებზე, ქართული კლუბის კაპიტანმა, გიორგი ნადირაძემ ისაუბრა.

“პირველ რიგში, კენჭისყრით კმაყოფილი ვარ, იმიტომ, რომ სავარაუდო მეტოქეებიდან საშუალო სიძლიერის გუნდი შეგვხვდა. რაც შეეხება “ბოტოშანს”, ჩვენთვის ცნობილია, რომ მათ ჩემპიონატი მე-8 ადგილზე დაასრულეს და ამ გუნდის არცერთი ფეხბურთელი ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებში არ ირიცხება. “ცხინვალის” მიზანი, რაც შეიძლება მეტი ეტაპის გადალახვაა. გვსურს, მსოფლიოს დავანახოთ, რომ ცხინვალი საქართველოა. რაც შეეხება გუნდს, რამდენიმე ახალი ფეხბურთელით გავძლიერდით და პლეი-ოფისთვის ვემზადებით”.

კაჭარავა: „შეიძლებოდა, უკეთესი გუნდიც შეგვხვედროდა“

მოგეხსენებათ, გუშინ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა შედგა, რომლის შემდეგ ქართული კლუბების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა. „ცხინვალის“ მეტოქე რუმინული „ბოტოშანი“ აღმოჩნდა.

კენჭისყრის შედეგი Fanebi.com-თან საუბრისას ცხინვალელთა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ შეაფასა.

„კენჭისყრის შედეგით უკმაყოფილონი არ ვართ, შეიძლებოდა, უკეთესი კლუბიც შეგვხვედროდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ბოტოსანი“ ცუდი გუნდია. წინ ძალიან რთული თამაშები გველის. ვეცდებით, მეორე ეტაპზე გავიდეთ.

ვარჯიში ოთხ ივნისს დავიწყეთ. ამჟამად შეკრებას სომხეთში გავდივართ. ხვალ ადგილობრივ „პიუნიკთან“ ამხანაგური მატჩი გველის, რის შემდეგაც თბილისში დავბრუნდებით“, – გვიამბო კაჭარავამ.

შეგახსენებთ, რომ „ცხინვალი“ პირველ შეხვედრას გასვლაზე ორ ივლისს ჩაატარებს, საპასუხო მატჩი კი თბილისში ცხრა ივლისს შედგება.

ევროპის ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპის ლიგის 2015/16 წლების გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი და მეორე რაუნდების წილისყრა ჩატარდა.

როგორც მოგეხსენებათ, ამ ტურნირზე საქართველოს “დინამო თბილისი”, “დინამო ბათუმი” და “ცხინვალი” წარადგენენ. სამივე გუნდი გათამაშებაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

წილისყრამ ქართულ კლუბებს მეტოქეებად შემდეგი გუნდები არგუნა:

“დინამო თბილისი” — “გაბალა” (აზერბაიჯანი)
“დინამო ბათუმი” — “ომონია” (კვიპროსი)
“ბოტოშანი” (რუმინეთი) — “ცხინვალი”

პირველი მატჩები 2 ივლისს, საპასუხო კი 9 ივლისს ჩატარდება.

 

“ცხინვალმა” გამოცდილი მეკარე დაიმატა

ევროთასებზე გასულმა “ცხინვალმა” მნიშვნელოვანი ტრასნფერი განახორციელა. ამიერიდან კახა კაჭარავას გუნდის კარს 31 წლის ომარ მიგინეიშვილი დაიცავს, რომელიც დასრულებულ სეზონში გორის “დილასთან” ერთად ჩემპიონი გახდა, თუმცა გორული კლუბი დატოვა, რადგან ნუკრი რევიშვილის სახით ძლიერი კონკურენტი ეყოლებოდა და ძირითადში თამაშის შანსსაც ფაქტობრივად დაკარგავდა.

ცნობილია, რომ ცხინვალელთა შემადგენლობაში ითამაშებენ ლევან კაკუბავა, ზვიად ლობჟანიძე და აკაკი შულაიაც.

შეგახსენებთ, რომ “ცხინვალი” 2 ივლისიდან ევროპალიგაზე ითამაშებს. ქართული გუნდი მეტოქე 22 ივნისს გასამართ წილისყრაზე გახდება ცნობილი.

“ცხინვალმა” მზადება თბილისში დაიწყო

პირველი ქართული გუნდი, რომელმაც მომდევნო სეზონისთვის დაიწყო მზადება “ცხინვალია”. კახა კაჭარავას შეგირდებმა საქართველოს სახელით ევროპის ლიგაზე უნდა ითამაშონ და ამ ტურნირისთვის მოსამზადებელი ეტაპი გუნდმა დღეს, ტექნიკურ ცენტრ ბასაზე დაიწყო.

ცნობილია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი გიორგი ფანცულაიამ, ლაშა შინდაგორიძემ, თეიმურაზ მარკოზაშვილმა, დავით გელაშვილმა და ლაშა კემუხტაშვილმა დატოვეს.

ახალწვეულების შესახებ კი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ევროპის ლიგის გათამაშებას ცხინვალელები 2 ივლისს დაიწყებენ. მეთი მეტოქის ვინაობა კი ივნისის ბოლოს გაირკვევა.

ვინ გახდება საქართველოს საუკეთესო ბომბარდირი?

საქართველოს უმაღლესი ლიგის 2014/15 წლების სეზონი დასასრულს უახლოვდება. მთავარი კითხვაზე პასუხი ცნობილია – გორის „დილას“ სახით საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს. შიდა ქართლელებმა ჩემპიონობა 28-ე ტურში გაინაღდეს, როდესაც გასვლაზე ალექსანდრე კვახაძის გოლით მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვეს. ამჟამად გორელებს 61 ქულა აქვთ და მეორე და მესამე ადგილზე მყოფ ბათუმისა და თბილისის „დინამოელებს“ 6-6 ქულით უსწრებენ.

ამის მიუხედავად, ჩემპიონატში რამდენიმე ინტრიგა დარჩა. მაგალითად, უცნობია მეორეადგილოსანისა და იმ გუნდის ვინაობა, რომელიც უმაღლეს ლიგაში დასარჩენად პლეიოფში ითამაშებს. ცხრილის ქვედა ნაწილში გადარჩენისთვის ერთდროულად „სიონი“, „ვიტ ჯორჯია“ და „მეტალურგი“ იბრძვიან. ამ მხვრივ, ყველაზე კარგ მდგომარეობაში ბოლნისელები არიან, რომლებსაც 29 ქულა აქვთ და ამჟამად პლეიოფის ზონაში მყოფ „ვიტ ჯორჯიას“ 3 ქულით უსწრებენ. რაც შეეხება „მეტალურს“, ქვემო ქართლელები ბოლო ადგილზე იმყოფებიან და ქულით მოპოვების შემთხვევაში, „ზესტაფონს“ გაუთანაბრდებიან, რომელიც ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება და მეორე წრის მეორე ნახევრიდან ყველა შეხვედრაში ტექნიკური წაგება ეთვლება.

ასევე საინტერესოა, ვინ გახდება ჩემპიონატის საუკეთესო ბობმარდირი. ამჟამად ბომბარდირთა დავას 14 გოლით გორის „დილას“ თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე ლიდერობს, თუმცა „დინამოს“ ნახევარმცველი, 19 წლის გიორგი პაპუნაშვილი მას მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება. მესამე ადგილზე 11 გოლით „ცხინვალის“ თავდამსხმელი ნიკა კაჭარავაა.

ირაკლი მოდებაძე

მოდებაძე „დილაში“ 2012 წელს ჩაირიცხა, როდესაც გორელებს რუსთავის „მეტალურგიდან“ შეუერთდა. სადებიუტო სეზონში უმაღლეს ლიგაში ირაკლიმ 21 მატჩი ჩაატარა და თავი 11-ჯერ გამოიჩინა, შემდეგ სეზონში კი 17 შეხვედრაში9 გოლი გაიტანა. გასული სეზონის მეორე წრიდან მოდებაძე თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, თუმცა მაშინდელ მალხაზ ჟვანის გუნდში მხოლოდ 7 მატჩის ჩატარება მოუწია, რომელშიც თავის გამოჩენა ვერ შეძლო. ამ სეზონის დაწყების წინ 30 წლის მოთამაშე „დილაში“ დაბრუნდა და ჯერჯერობით მის შემადგენლობაში თავის საუკეთესო სეზონს ატარებს. აღსანიშნავია, რომ უმაღლეს ლიგაში და ზოგადად კარიერაში ირაკლისთვის საუკეთესო 2010/11 წლების სეზონი იყო, რომელშიც ის 34 შეხვედრაში 16 გოლით გამოირჩა, თუმცა სეზონის საუკეთესო ბობმარდირი ვერ გახდა – ორი გოლით მას მაშინდელი ჩემპიონის „ზესტაფონის“ ფორვარდმა ნიკა გელაშვილმა აჯობა.

ბოლო ტურში „დილა“ უმაღლეს ლიგაში გადასარჩენად მებრძოლ ნახსენებ „ვიტ ჯორჯიას“ მასპინძლობს, რაც მოდებაძეს ბომბარდირთა დავაში ლიდერობის შენარჩუნების შანსს აძლევს.

გიორგი პაპუნაშვილი

ნიჭიერი ნახევარმცველი თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში გასულ სეზონში გამოჩნდა. „ლურჯ-თეთრების“ რიგებში ცამეტ მატჩში გიორგიმ თავი სამჯერ გამოიჩინა. თითო გოლი მან რუსთავის „მეტალურგს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და საჩხერის „ჩიხურას“ გაუტანა.

ზაფხულში თბილისურ კლუბში ბევრი ცვლილება განხორციელდა. გუნდის შემადგენლობა თითქმის მთლიანად ახალგაზდა მოთამაშეებით დაკომპლექტდა, 2014 წლის ბოლოს კი „დინამო“ გამოცდილმა ჩისკომ და ირაკლი ძარიამაც დატოვეს. ესპანელი სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო ძარია გორის „დილას“ შეუერთდა. სეზონის დასაწყისში მომხდარი ცხლილებების წყალობით არაერთ ახალაგზრდა მოთამაშეს თავის გამოჩენის რეალური შანსი მიეცა. პაპუნაშვილი ის ფეხბურთელია, რომელმაც ამ შანსის ყველაზე კარგად გამოყენება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მან პირველ ადგილზე მყოფ მოდებაძეზე ერთით ნაკლები შეხვედრა ჩაატარა, შესაბამისად, პროცენტული მაჩვენებლით გორელთა ლიდერს არ ჩამოუვარდება.

გიორგი პაპუნაშვილი_07754

ყველაზე შედეგიანი გიორგისთვის ცხინვალის „სპარტაკთან“ პირველი წრის შეხვედრაა, რომელშიც მან ჰეთთრიკი შეასრულა, მისმა გუნდმა კი მეტოქე ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

ბოლო დროს 19 წლის ტალანტის „დინამოდან“ შესაძლო წასვლსთან დაკავშირებული საუბრები გავრცელდა. პაპუნაშვილის სახელს ქართველებისთვის ცნობილ კვიპროსულ „ანორთოსისს“ უკავშირებდნენ.

ბოლო ტურში „დინამო“ საჩხერის „ჩიხურას“ მასპინძლობს, რომელსაც მიმდინარე სეზონში მეხუთე ადგილი უკვე გარანტირებული აქვს. საჩხერლები ვერც მეოთხე ადგილისთვის ბრძოლას შეძლებენ და ვერც მეექვსე ადგილზე აღმოჩნდებიან.

ნიკა კაჭარავა

ასაკის მიუხედავად, 21 წლის თავდამსხმელს უცხოეთშიც იცნობენ. 2011/12 წლების სეზონში ნიკა „დინამო თბილისის“ ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა, რის შემდეგაც ყაზანის „რუბინში“ გადაბარგდა, რომლის ახალგაზრდულ გუნდში არც თუ ისე ცუდად თამაშობდა. 2014 წელს კაჭარავა საქართველოში დაბრუნდა. გასული სეზონის ბოლოს მხოლოდ ერთი შეხვედრის ჩატარება მოუწია, ამ სეზონში კი „ცხინვალის“ საუკეთესო ბობმარდირად ჩამოყალიბდა. თავისი სიმაღლის დახმარებით, ნიკა მეორე ასართულზე ორთაბძროლებს, ძირითადად, ადვილად იგებს.

ნიკა კაჭარავა_95434

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა პირველ ადგილზე მყოფ მოდებაძეს სამი გოლით ჩამორჩება, მას ბომბარდირობაზე ფიქრის მიზეზი მაინც უნდა ჰქონდეს. „მეტალურგთან“ 29-ე ტურის შეხვედრაში მან ჰეთთრიკი შეასრულა, მისმა გუნდმა კი ანგარიშით 7:2 მოიგო.

ბოლო ტურში ცხინვალელები, რომლებიც ვერც სამეულშ შევლენ და ვერც მეოთხე ადგილის ქვემოთ აღმოჩნდებიან, მეათე ადგილზე მყოფ ფოთის „კოლხეთს“ ხვდებიან.

იხილეთ კაჭარავას ინტერვიუ Fanebi.com-თან

„ცხინვალმა“ „მეტალურგი“ გაანადგურა

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბოლოსწინა ტურში „ცხინვალმა“ მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე რუსთავის „მეტალურგი“ მიიღო.

ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდებოდა – „ცხინვალი“ ჯერ კიდევ სამეულში შესვლის შანსს ინარჩუნებდა, „მეტალურგი“ კი უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის.

უკვე პირველივე წუთზე მასპინძლებმა მეტოქის კარს შეუტიეს და ანგარიშის გახსნა მოახერხეს – გოლი გიორგი ივანიშვილმა გაიტანა. ცოტა ხანში ქვემო ქართლელებმა მასპინძლებს ძლიერი დარტყმით უპასუხეს – გოლის გატანა შორეული დარტყმით ლევან ბერუაშვილმა სცადა, თუმცა მეკარე ნადირაძე დარტყმას გაუმკლავდა. მე-10 წუთზე ირაკლი ლექვთაძე ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შევიდა, საბოლოოდ კი მცველებს ვერ აჯობა. რვა წუთში მეკარესთან პირისპირ გასულ ირაკლის ბურთის უკან დაბრუნება მოუწია, ცერცვაძის დარტყმა კი რუსთაველთა კარს მცირე მანძილის ასცდა.

პირველ ნახევარში „მეტალურგი“ ვერაფრით გამორჩეულა – აღსანიშნავი მხოლოდ სტუმართა ერთი კომბინაციაა, რომლის ბოლოს კონსტანტინე გაბაშვილი ვალდებული იყო გოლი გაეტანა, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა კარს ბურთი დიდი მანძილით ააცილა. ტაიმის ბოლოს ნიკა კაჭარავამ ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, ირაკლი ლექვთაძემ კი მახვილი კუთხიდან დაარტყა – ნადირაძე დარტყმას გაუმკლავდა. ორ წუთში ლექვთაძეს ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდა – რუსთაველთა მცველი გიორგი ნარიმანიძე უწყინარ სიტუაციაში შეცდა, ირაკლი კი მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებას ცდილობდა, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ნახევრის პირველივე წუთზე ორივე გუნდის მწვრთნელმა ცვლილების უფლება გამოიყენა. „მეტალურგის“ შემადგენლობაში ბექა ოქროპირიძე ზაზა ციცქიშვილმა შეცვალა. „ცხინვალის“ რიგებიდან მოედანი ლექვთაძემ დატოვა, მისი ადგილი ლაშა ქოჩლაძემ დაიკავა.

როგორც პირველ ტაიმში, მეორე ნახევრის მე-5 წუთზე ბერუაშბილმა შორიდან დარტყმა სცადა, რასაც ამჯერად შედეგი მოჰყვა და „მეტალურგმა“ ლამაზი გოლით წონასწორობა აღადგინა. სამ წუთში „ცხინვალმა“ შეუტია – ფლანგიდან ჩაწოდებულს კაჭავა გამოეხმაურა, რომლის თავური ნადირაძის კარს ასცდა. 58-ე წუთზე შუშიაშვილი მეტოქის საჯარიმოში შევიდა და ზვიადაძე პასით მოამარაგა, ამ უკანასკნელს კი გოლის გატანა არ გაუჭირდა – 1:2 – „მეტალურგი“ დაწინაურდა. „ცხინვალმა“ მალევე არამხოლოდ წონასორობა აღადგინა, არამედ კვლავ დაწინაურდა კიდეც. 62-ე წუთზე ანგარიში ნიკა კაჭარავამ გაათანაბრა, ერთ წუთში კი თავი ლაშა შინდაგორიძემაც გამოიჩინა. 67-ე წუთზე გურამ მინდორაშვილმა გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა „მეტალურგის“ მოთამაშეზე თამაშგარე დააფიქსირა, ანგარიში უცვლელი დარჩა. 72-ე წუთზე შინდაგორიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა ძელს მოხვდა, თუმცა დამატებაზე გიორგი ცერცვაძემ ზუსტად დაარტყა – 4:2. ორ წუთში გოლი შეცვლაზე შესულმა ქოჩლაძემაც გაიტანა. დარჩენილ დროში „ცხინვალმა“ კიდევ ორი გოლი გაიტანა – ორივე შემთხვევაში თავი ნიკა კაჭარავამ გამოიჩინა, რომელმაც ამრიგად, ჰეთთრიკი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ პარალელურ შეხვედრებში „სიონმა“ სტუმრად „ზუგდიდი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო „ვიტ-ჯორჯიამ“ ფოთის „კოლხეთს“ მინიომალური სხვაობით – 1:0 სძლია. აქედან გამომდინარე, „მეტალურგი“ 25 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა.

ლანჩხუთში „გურიამ“ „დინამოსთან“ ფრედ 2:2 ითამაშა, რის შემდეგაც თბილისელებმა 55 ქულა დააგროვეს და „ცხინვალს“ 3 ქულით გაუსწრეს, რითაც კახა კაჭარავას გუნდს ბოლო ტურის წინ მესამე ადგილზე გასვლის თეორიული შანსიც აღარ დარჩა.

„ცხინვალი“ – „მეტალურგი“ 7:2
გოლები: ივანიშვილი 1′, კაჭარავა 62′, 79′, 90′, შინდაგორიძე 63′, ცერცვაძე 72′, ქოჩლაძე 74′

„ცხინვალი“: ნადირაძე, ბაჩიაშვილი, იმედაშვილი, მაისაშვილი, ივანიშვილი, თარხნიშვილი, ლექვთაძე, ცერცვაძე, ხაინდრავა, შინდაგორიძე, კაჭარავა

„მეტალურგი“: ნადირაძე, მინდორაშვილი, ნარიმანიძე, ხიზანეიშვილი, ზვიადაძე, ბერუაშვილი, მიქაუთაძე, შუშიაშვილი, ბარაბაძე, გაბაშვილი, ოქროპირიძე

“დინამო” საქართველოს თასის ფინალში გავიდა

მიხეილ მესხის სახელბოის სტადიონის სათადარიგო მოედანზე “ცხინვალსა” და “დინამოს” შორის საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი შედგა, რომელიც მასპინძელბმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა და ზედიზედ მესამედ გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება “დინამომ” მოიპოვა.

მატჩი საკმაოდ ნელ ტემპში დაიწყო. ჩანდა, რომ ორივე გუნდი ფრთხილ თამაშს ანიჭებდა უპირატესობას. პირველი დარტყმა მასპინძლებმა მე5 წუთზე განახორციელეს, როდესაც ივანიშვილის მცდელობა ჰრდლიჩკას კარს მცირე მანძილით ასცდა.

თბილისელებმა კი პირველი მომენტი მხოლოდ მე-19 წუთზე შექმნეს. მანუელ ონვუ დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, თუმცა მისი დარტყმული ნადირაძემ მოიგერია, ხოლო დამატებაზე სტუმრებმა თამაშის წესი დაარღვიეს. 3 წუთში ნადირაძის კარს უკვე ბუკორაცი დაემუქრა და ამჯერადაც ცხინვალელთა კიპერი დამაჯერებელი იყო.

ანგარიში კი 38-ე წუთზე “დინამოს” დაცვის უხეში შეცდომის შემდეგ გაიხსნა. უყურადღებო თამაში თბილისელებს ივანიშვილმა არ აპატია და თავისიანები დააწინაურა – 1:0.

მეორე ტაიმიც მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს. 51-ე წუთზე გატანა კილასონიას შეეძლო, თუმცა მის მიერ ძლიერად დარტყმული ჯარიმა ლიბორ ჰრდლიჩკამ კუთხურზე მოიგერია. ამის შემდეგ კარსი აღების შანსი მახარობლიძეს ორჯერ ჰქონდა, თუმცა ცხინვალელთა 13 ნომერს ორივე შემთხვევაში მიზანმა უმტყუნა.

მასპინძელთა გააქტიურებას “დინამომ” ლობჟანიძის და ჯიღაურის მცდელობებით უპასუხა. პირველ შემთხვევაში ბურთი ნადირაძის კარს მცირე მანძილით ასცდა, მეორე დარტყმა კი “ცხინვალის” კიპერის ნადავლი გახდა.

69-ე წუთზე მეორე ტაიმის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მომენტი ივანიშვილის აქტიურობას მოჰყვა, რომელიც ფლანგიდან „დინამოს“ საჯარიმოში შევიდა, პასიც გააკეთა, თუმცა მას მასპინძელთაგან ვერცერთი ფეხბურთელი ვერ გამოეხმაურა. ამ ეპიზოდიდან 5 წუთში კი უკვე “დინამოს” ჰქონდა რეალური მომენტი, თუმცა შეცვლაზე შემოსული კიტეიშვილის დარტყმა ნადირაძემ მოიგერია.

დარჩენილ წუთებში მასპნიძლები შტურმზე გადავიდნენ, თუმცა “დინამომ” თავი კარგად დაიცვა და მეტოქეს რეალური მომენტის შექმნის საშუალება არ მისცა.

 

ცხინვალი 1-0 დინამო თბილისი

გოლი: ივანიშვილი 38′ 

„ცხინვალი“: ნადირაძე, ლეკვთაძე(ცაცკრიალაშვილი ’78), მახარობლიძე, თარხნიშვილი, ქარდავა, ბაჩიაშვილი, კილასონია(კაჭკაჭიშვილი 88’), ივანიშვილი, ცერცვაძე, კაჭარავა(შინდაგორიძე ’72).

მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა

„დინამო“: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ფერეირა, თოთაძე, შერგელაშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, ბუკორაცი, ონვუ(ჩირგაძე 61’), ჯიღაური(კიტეიშვილი ’72), ლობჟანიძე(ჭანტურიშვილი 89’).

მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაშვილი

გაფრთხილება: კაჭარავა – შერგელაშვილი, ფერეირა

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

“დინამო” “ცხინვალთან” განადგურდა

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე უმაღლესი ლიგის 25-ე ტურის შეხვედრა შედგა. „ცხინვალმა“ გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს, თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და დიდი ანაგარიშით დაამარცხა.

მატჩი ნელ ტემპში დაიწყო და პირველი მომენტი მხოლოდ მე-15 წუთზე შეიქმნა, როდესაც კაჭარავას სუსტი დარტყმა ჰრდლიჩკამ მოიგერია.

ანგარიში კი 24-ე წუთზე გაიხსნა. მარცხენა ფლანგიდან ლობჟანიძის მოწოდებულ ჯარიმას ცინცაძე გამოეხმაურა და ბურთი თავით ნადირაძის კარში გადაგზავნა 0-1. მალევე ონვუს ჰქონდა გატანის შანსი, თუმცა მისი დარტყმა კარს დიდი მანძილით ასცდა.

27-ე წუთზე ლობჟანიძემ საჯარიმოს მისადმომებთან რამდენიიმე მეურვე ჩამოიშორა და ჯკარში დაარტყა, მაგრამ ნადირაძემ იოლად მოიგერია. ზუსტად ორ წუთშ  კაკაბაძის შესანიშნავი პასის შედმეგ გატანა პირისპირ გასულ ჭანტურიშვილს შეეძლო, რომელმაც კარს მცირე მანძილით ააცილა.

32-ე წუთზე სტუმართა მეკარის ჯერი დადგა. ლიბორ ჰრდლიჩკამ ივანიშვილის ლამაზი დარტყმის მოგერიება შეძლო. 36-ზე კი მარცხენა ფლანგიდან შერგელაშვილის ჩაწოდებას მანუელი გამოეხმაურა, თუმცა მისი თავური კარს მცირე მანძლით ასცდა

„დინამომ“ საკუთარი მომენტები ვერ გამოიყენა და ამის გამო დაისაჯა კიდეც. ბაჩიაშვილის კარგი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ივანიშვილმა ჰრდლიჩკაც მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგდო – 1:1.

ტაიმის უკანასკნელ წუთზე „დინამოს“ დაწინაურების კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, თუმცა ონვუს ძლიერი დარტყმა ხარიხამ მოიგერია და პირველი ნახევარიც ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმის დებიუტში ლობჟანიძის გამჭოლი გადაცემას ჭანტურშვილი ცარიელ კართან ვერ შეწვდა და დაწინაურების კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.

58-ზე შერგელაშვილის გადაცემის შემდეგ ონვუმ მორიგი მომენტის გამოყენება ვერ შეძლო. ესპანელმა თავით არაზუსტად დაარტყა. საპასუხო შეტევაში კი „ცხინვალი“ დაწინაურდა. ივანიშვილის წამოწყებული კომვინაცია მარჯვენა ფლანგზე ცერცვაძემ გააგრძელა და საჯარიმოში გამჭოლი გადაცემით კაჭარავა მონახა, რომელსაც ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია.

73-ე წუთზე „დინამოს“ კარში პენალტი დაინიშნა. თბილისელთა საჯარიმოში კაკაბაძემ ცაცკრიალაშვილი წააქცია და აბდულა ბასლეჰლომ 11-მეტრიანი უყოყმანოდ დანიშნა. პენალტის შესრულება კილასონიამ ითავა, თუმცა ლიბორ ჰრდლიჩკას ვერ აჯობა.

„დინამოს“ ანგარიშის გათანაბრების შანსი მალევე მიეცა, როდესაც მანუელ ოვნუს ძლიერი დარტყმა ნადირაძემ კუთხურზე მოიგერია. ესპანელს კიდევ ერთი მომენტი შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ჰქონდა, მაგრამ კვლავ უშედეგოდ.

დარჩენილ წუთებში „დინამო“ მთელი გუნდით უტევდა, „ცხინვალი“ კი თავს დამაჯერებლად იცავდა და ბოლოს საკუთარი შანსიც გამოიყენა. ულამაზესი დარტყმით „დინამოს“ მესამე გოლი მახარობლიძემ გაუტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე კი „ცხინვალმაც“ მეოთხედაც დალაშქრა მეტოქის კარი. სწრაფი კონტრშეტევის შედეგად დასარტყმელ პოზიციაზე დარჩენილ ლექვთაძეს ჰრდლიჩკამ აუღო, მაგრამ დამატებაზე ყველას ცაცკრიალაშვილმა დაასწრო და საბოლოო ანგარიში, 4:1 დააფიქსირა.

 

ცხინვალი 4-1 დინამო თბილისი

გოლები: ცინცაძე 24’ (0:1); ივანიშვილი 39’ (1:1); კაჭარავა 59’; მახარობლიძე 88’ (3:1); ცაცკრიალაშვილი 90’ (4:1);  

ცხინვალი: ნადიაძე, შინგადორიძე (ცაცკრიალშვილი 53’), ქარდავა, მახარობლიძე, თარხნიშვილი, კაჭარავა (კაჭკაჭიშვილი 88’) , კილასონია, ბაჩიაშვილი, ცერცვაძე, მაისაშვილი, ივანიშვილი (ლექვთაძე 75’)

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

დინამო თბილისი: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე (ჯიღაური 74’), რენე, თოთაძე, შერგელაშვილი, ცინცაძე, ლობჟანიძე, პარუნაშვილი (ჩირგაძე 61’), ონვუ, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი (ჯანელიძე 87’).

 

მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

„დინამომ“ ჩემპიონატში მე-2000 გოლი გაიტანა

„ცხინვალსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის საქართველოს უმაღლესი ლიგის 25-ე ტურის მიმდინარე მატჩში „დინამოელებმა“ საქართველოს ჩემპიონატში საიუბილეო, მე-2000 გოლი გაიტანეს.

პირველი ნახევრის შემდეგ მიხეილს მესხის სახელობის სარეზერვო მოედანზე ფრე 1:1 დაფიქსირდა. „დინამოს“ მხრიდან საიუბილეო გოლი 24-ე წუთზე საჯარიმოს შემდეგ თავური დარტყმით მათე ცინცაძემ გაიტანა. რაც შეეხება ცხინვალელებს, მათი მხრიდან 39-ე წუთზე თავი გიორგი ივანიშვილმა გამოიჩინა.

ჩვენი საიტი მატჩის ვრცელ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.