კაჭარავა: „საქართველოში არსებულ პირობებზე საუბარი არც კი მსურს“

ცხინვალის „სპარტაკმა“, რომელმაც ცოტა ხნის წინ სახელი შეიცვალა და სეზონის მეორე ნახევრიდან „ცხინვალის“ სახელით ითამაშებს, საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველ წრეში მე-4 ადგილი დაიკავა. ამჟამად გუნდი პირველ ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩება. Fanebi.com-ი ცხინვალელთა თავდამსხმელ ნიკა კაჭარავას დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

– საქართველოს ჩემპიონატში ახლა პაუზაა. მოგვიყევი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე

„ამჟამად თურქეთში შეკრებაზე ვართ და ოთხი საკონტროლო მატჩის ჩატარებას ვგეგმავთ“

– ნიკა, პირველ წრეში 2 გოლი გაიტანე, გუნდმა კი მისაღებ შედეგს მიაღწია. შეაფასე სეზონის პირველი ნახევარი

„მეტ-ნაკლებად წარმატებული წრე იყო. სამწუხაროდ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა დავკარგეთ. იმედია, მეორე წრეს უკეთესად ჩავატარებთ“

ნიკა_კაჭარავა

– სატურნირო ცხრილი საკმაოდ მჭიდროა. ამჟამად პირველ ადგილზე მყოფ „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩებით. რა მიზანი აქვს დასახული კლუბს? ფიქრობთ თუ არა ჩემპიონობაზე?

„რა თქმა უნდა, ჩემპიონობის ამბიცია გაგვაჩნია. მითუმეტეს, ზამთარში გავძლიერდით, თუმცა მთავარი მიზანი ევროთასებზე მოხვედრაა“.

– ჩემპიონატში კონკურენტებს შორის ყველაზე მეტად ვის გამოარჩევდი?

„საკმაოდ ბევრი გუნდია, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ყველა მეტოქეს ერთნაირად ვაფასებთ“

– ცოტა ხნის წინ კლუბმა სახელი და ლოგო შეიცვალა, ახლა მას „ცხინვალი“ ჰქვია. ამ გადაწყვეტილების მიღებისას კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს შეუთანხმდა თუ ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთა?

„სახელი დამოუკიდებლად შეიცვალა, მაგრამ ფეხბურთელების მხრიდან არანაირი პრობლემა არ ყოფილა. პირიქით, ეს ქმედება ყველამ მოიწონა“

– ასაკის მიუხედავად, შენ უცხოეთში თამაშის გამოცდილებაც გაქვს, კერძოდ, ყაზანის „რუბინში“ ირიცხებოდი. საქართველოსთან შედარებით იქ რამდენად განსხვავებული სიტუაციაა?

„რა თქმა უნდა, საქართველოსთან შედარებით, იქ ბევრად მაღალი დონეა. განსხვავება იმდენად დიდია, რომ აქაურ პირობებზე საუბარი არც კი მსურს. თანაც, იქ ფეხბურთელებს უფრო აფასებენ“

Katcharava Rubin

– დაფასებაში კერძოდ რას გულისხმობ?

„მაგალითად, სტადიონზე ხალხის რაოდენობას. გარდა ამისა, იქ მედიის ყურადღებაც უფრო მეტია. თუ არ ვცდები, მიმდინარე სეზონში ჩვენი მატჩის რეპორტაჟი არც ყოფილა“

– რუბინის მატჩებს თვალყურს დღესაც ადევნებ?

„იშვიათად, მაგრამ, ვცდილობ, ვუყურო“

– კარიერის გაგრძელებას რომელ ქვეყანაში ისურვებდი? კონკრეტულად რომელი ქვეყნის თამაშის სტილი მოგწონს?

„ამაზე არ მიფიქრია. თავს სადაც საჭიროდ ვიგრძნობ, იქ ვითამაშებ“

– სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უცხოეთიდან წინადადება არ გქონია?

„ჯერ არა“

– ცოტახნის წინ გაირკვა, რომ საქართველო 2017 წელს 19-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. შენი აზრით, როგორ დაეხმარება ეს წარმატება ზოგადად ქართულ ფეხბურთს?

„რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებს. სხვას თავი რომ დავანებოდ, სტადიონებიც აშენდება, რაც დღეს საქართველოში დიდ პრობლემას წარმოადგენს“

– საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში იყავი გამოძახებული. რა პერპექტივა აქვს ამ გუნდს და როგორ შეაფასებდი მის მომავალს? კონკრეტულად რომელიმე ფეხბურელს თუ აღნიშნადი?

„ახლა თამაში უკვე 94 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს უწევთ და ახალი გუნდიც შენდება. იმედიანად ვარ, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ეს ნაკრები ჯერ არ შეკრებულა, ვერავის გამოვარჩევ“

პირველი წრის შეჯამება – ცხინვალის „სპარტაკი“

Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, ცხინვალის „სპარტაკზე“ ვისაუბრებთ.

გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატი გორში „დილასთან“ მარცხით დაიწყო, თუმცა ყველაფერი მალევე გამოასწორა – შემდგომ ორ ტურში „სპარტაკმა“ „მერანი“ და „ვიტ-ჯორჯია“ დაამარცხა. ორივე შემთხვევაში ცხინვალელებმა მინიმალური სხვაობით 1:0 იმარჯვეს. შემდეგ იყო ნულოვანი ფრე ქუთაისის „ტორპედოსთან“. ზედიზედ სამ მატჩში კარის მშრალად შენახვის შემდეგ „სპარტაკი“ გასვლაზე „სამტრედიასთან“ ანგარიშით 3:1 დამარცხდა.

საერთოდ, ანგარიში 1:0 „სპარტაკისთვის“ ყველაზე პოპულარული და წარმატებული გამოდგა – „მერანისა“ და „ვიტ-ჯორჯიას“ გარდა, ამ ანგარიშით კახა კაჭარავას ფეხბურთელებმა ბათუმის „დინამო“ და „შუქურა“ დაამარცხეს.

„სამტრედიასთან“ ხსენებული მარცხის შემდეგ გუნდს ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც თბილისის „დინამოსთან“ გამანადგურებელი ანგარიშით – 6:1 მარცხით დასრულდა. ხსენებულ შეხვედრაში „სპარტაკმა“ გოლი უკვე მე-12 წუთზე გაუშვა, თუმცა ცამეტ წუთში მერაბ გიგაურმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. 30-ე და 38-ე წუთებზე პარუნაშვილისა და ძარიას გოლებით „დინამომ“ პირველი 45 წუთი ანგარიშით 3:1 მოიგო, რის შემდეგაც კაჭარავას გუნდმა მეტოქეს ვერაფერი შესთავაზა და მეორე ნახევარში კიდევ 3 გოლი მიიღო.

დიდი ანგარიშით „სპარტაკმა“ „დინამოსთან“ მარცხის შემდეგ ორ კვირაშიც წააგო. ამჯერად კაჭარავას გუნდს „ზესტაფონმა“ მოუგო, რომელმაც ანგარიშით 3:0 იმარჯვა.

ასეთი ანგარიშებით მარცხის მიუხედავად, გუნდმა, უმაღლესი ლიგის პირველი წრის შედეგების მიხედვით, მეოთხე ადგილი დაიკავა. ამჟამად „სპარტაკს“ 24 ქულა აქვს და პირველ ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება. სხვათაშორის, ქულების იგივე რაოდენობა ბათუმის „დინამოსაც“ აქვს, თუმცა ამ გუნდების ურთიერთშეხვედრაში, როგორც უკვე მოგახსენეთ, გამარჯვებული სწორედ ცხინვალური კლუბი აღმოჩნდა.

დინამო – სპარტაკს გიორგი ვადაჭკორია განსჯის

საქართველოს ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამო 24 ოქტომბერს თბილისში, დინამო არენაზე ცხინვალის სპარტაკის წინააღმდეგ გამართავს – გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ბ.ჭიჭინაძე და ლ. ვარამიშვილი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ა. კრიჭაშვილი და ჯ. ხორავა. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი გ. ყრუაშვილი შეასრულებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 5 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის მერვე ტურში იმსაჯა. დინამო თბილისი მარტვილის მერანს ფრედ 0:0 დასცილდა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ სამჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, 20 ოქტომბერს მეორე ლიგაში გამართული – მარკ სტარსი 4:0 ჰერეთი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიას ფეხბურთელები არ გაუფრთხილებია.
თბილისის დინამოს ოფიციალური საიტის მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
გიორგი ვადაჭკორია (8.06.1977)
===========================================
უმაღლესი ლიგა – 123 თამაში / 520 ყვითელი / 24 წითელი / 35 პენალტი
პირველი ლიგა – 8 თამაში / 27 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი
მეორე ლიგა – 20 თამაში / 52 ყვითელი / 2 წითელი / 8 პენალტი
საქართველოს თასი – 9 თამაში / 34 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 2 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

fcdinamo.ge

სოსლან ნანიევი – ცხინვალის “სპარტაკის” მომღერალი მეკარე

სოსლან ნანიევი “სპარტაკში” მიმდინარე სეზონის წინ ჩაირიცხა და ჩემპიონატის პირველ ეტაპზე რამდენიმე მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროდ, რუსეთის პასპორტის მქონე მეკარეს მეორე წრეში ტრავმის გამო პრობლემები შეექმნა და თამაშების დიდი ნაწილი გაუცდა. სოსლანს სახლში ვესტუმრეთ და მის შესახებ ბევრი საინტერესო დეტალიც გავიგეთ. საუბარი 24 წლის მეკარის ბიოგრაფიული დეტალების გარკვევით დავიწყეთ. 

– გურჯაანში დავიბადე, თუმცა ომის დროს ვლადიკავკაზში გადავსახლდით ოჯახთან ერთად. მაშინ ორი თვის ვიყავი. ამის შემდეგ 9 წლამდე ყოველ ზაფხულს საქართველოში ვატარებდი. დედაჩემი წარმოშობით სამხრეთ ოსეთიდან არის, მამაჩემი კი კახეთიდან. ამიტომ, საქართველოსადმი სიყვარული ყოველთვის მქონდა.

ვლადიკავკაზიდან საცხოვრებლად მოსკოვში წავედით, სადაც “სპარტაკის” სკოლაში ვთამაშობდი ფეხბურთს. 

– პროფესიონალური კარიერა სად დაიწყე?

– პირველი კონტრაქტი “ალანიასთან” 17 წლის ასაკში გავაფორმე, სადაც ორ წელიწადზე მეტი გავატარე. თუმცა, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ შევძელი და ძირითადად დუბლშემადგენლობაში მიწევდა თამაში. 

“ალანიას” შემდეგ იყო პიატიგორსკის “მაშუკი” და სტავროპოლის “დინამო”. საქართველოში ჩამოსვლამდე კი, ნოვოროსისკის “ჩერნომორეცის” ღირსებას ვიცავდი ერთი სეზონის განმავლობაში. 

– “სპარტაკში” როგორ მოხვდი? 

– საქართველოში უბრალოდ დასასვენებლად ჩამოვედი, აქ 1999 წლიდან არ ვყოფილვარ. ჩემი ნათესავი ამ დროს “სპარტაკში” თამაშობდა და ისე მოხდა, რომ კლუბს მეკარე სჭირდებოდა და რამდენიმე ვარჯიშის და ერთი ამხანაგური მატჩის შემდეგ “სპარტაკში” კონტრაქტი შემომთავაზეს. 

– სიმბოლურია, რომ “სპარტაკის” ფეხბურთელი ხარ. რას ნიშნავს შენთვის ცხინვალის კლუბის ღირსების დაცვა? 

– საქართველო საფეხბურთო თვალსაზრისით თბილისის “დინამოსთან” ასოცირდება და ეს კლუბი ისტორიით, ტრადიციებით და ტიტულებით ყველა ქართულ გუნდზე დომინირებს.

თუმცა, “სპარტაკში” თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ გუნდის სახელით ასპარეზობა. ვამაყობ, რომ ცხინვალის “სპარტაკის” ფეხბურთელი ვარ. 

– უმაღლესი ლიგის დონეზე რას იტყოდი? 

– ჩემპიონატი მომეწონა. ფეხბურთისადმი აქ სწორი მიდგომაა. რუსეთში ყველაფერს ფული წყვეტს და აქცენტი ძალისმიერ ფეხბურთზეა, რაც ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. 

– “სპარტაკის” ასპარეზობას როგორ შეაფასებდი? ჩემი აზრით, თქვენს გუნდში არსებული კონტინგენტით გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლებოდა… 

– გეთანხმები. ჩემპიონატი ძალიან ცუდად დავიწყეთ. შეიძლება ითქვას, რომ გუნდში დისციპლინასთან დაკავშირებით პრობლემები იყო. თუმცა, კახი კაჭარავას მოსვლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. მასთან მუშაობით კმაყოფილი ვარ. გარდა კარგი საფეხბურთო ცოდნისა, მას შესანიშნავი პიროვნული თვისებებიც ახასიათებს. “სპარტაკისთვის” მიმდინარე სეზონში გადამწყვეტი მომენტი სწორედ სამწვრთნელო შტაბში მომხდარი ცვლილება იყო, რომლის შემდეგ გუნდი უკეთ ათამაშდა. ჩემს პარტნიორ ნადირაძეზეც მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ადამიანი და მეკარეა. 

IMG_4014

– უმაღლესში მოასპარეზე სხვა გუნდებიდან რომელს გამოარჩევდი? 

– ტრავმის გამო მეორე ეტაპზე საერთოდ არ მითამაშია, ამიტომ უფრო ნათელი შთაბეჭდილება პირველი წრის მიხედვით შემექმნა. 

ძალიან მომეწონა “დინამოსთან” გამართული მატჩი. რა თქმა უდნა, საშემსრულებლო ოსტატობით ისინი ჩვენზე გაცილებით ძლიერები არიან, თუმცა “დინამო” მეტოქესაც აძლევს თამაშის საშუალებას. ასევე გამოვარჩევდი “ტორპედოს” და “ზესტაფონს”. 

თუმცა, ნეგატივზეც უნდა ვთქვა. პირველ რიგში ეს სტადიონების მდგომარეობას ეხება, რომელიც უკეთესის სურვილს ტოვებენ. 

– ახლა როგორია შენი ჯამრთელობის მდგომრეობა?

– საბედნიეროდ ახლა უკვე ყველაფერი კარგად არის. ტრავმა აღარ მაწუხებს და დიდი ალბათობით ბოლო ტურის მატჩში თამაშს მოვახერხებ. 

– თბილისურ ცხოვრებაზე რას იტყოდი? 

თბილისი ძალიან თბილი და ევროპული ტიპის ქალაქია. რა თქმა უდნა, პრობლემებიც არის, თუმცა საერთო ჯამში აქ ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. 

– სამწუხაროდ უმაღლესი ლიგის თამაშებზე ბევრი მაყურებელი არ დადის. როგორ ფიქრობ, იმსახურებს თუ არა ჩვენი ჩემპიონატი მეტ გულშემატკივარს? 

– ჩემი აზრით ყველაფერი თამაშის დონეზეა დამოკიდებული. თუ ფეხბურთის ხარისხი აიწევს, შესაბამისად გულშემატკივრების რაოდენობაც იმატებს სტადიონებზე. 

– სეზონი დასასრულს უახლოვდება. სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი? 

– “სპარტაკთან” კონტრაქტი მიმათავრდება, თუმცა მის გახანგრძლივებაზე უკვე არის საუბრები. ძალიან მინდა საქართველოში დარჩენა და მოქალაქეობის მიღება. იმასაც გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზე ვფიქრობ. ვხვდები, რომ რთული ამოცანაა, პირველ რიგში ენობრივი ბარიერის გამო, ქართული ჯერ ცუდად ვიცი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამომივა. 

 

საუბრის ბოლოს ისიც გავიგეთ, რომ სოსლანი სპორტის გარდა მუსიკით არის გატაცებული და მეუღლესთან ერთად სიმღერაც კი აქვს ჩაწერილი.

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

“სპარტაკი” შეკრებას თურქეთში გაივლის

ცხინვალის “სპარტაკი” 30 იანვარს თურქეთში ანთალიაში გაემგზავრა, საიდანაც სამშობლოში 12 თებერვალს დაბრუნდებიან. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
შიდაქართლელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თურქეთის შეკრებისთვის 24 ფეხბურთელი შეარჩია.

ჩამონათვალი ასეთია:
მეკარეები: გიორგი ნადირაძე, სოსლან ნანიევი, შოთა გოგიაშვილი;

მცველები: ლევან ჭაფოძე, ნიკა მგელაძე, ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი, ლევან ქურდაძე, კონსტანტინე ხიზანეიშვილი, ბაჩანა მოსაშვილი;

ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია, გიორგი თექთურმანიძე, ლაშა პარუნაშვილი, გივი იოსელიანი, გიორგი გაგნიძე, გიორგი ცერცვაძე, უჩა ბურძენაძე, ვაკო ტყემალაძე, ლაშა კემუხტაშვილი;

თავდამსხმელები: ზვიად მეტრეველი, ირაკლი ეხვაია, თორნიკე თუხარელი, ლაშა ჩაფიძე, თამაზ მაქაცარია.

 

შეგახსენებთ, რომ “სპარტაკი” ჩემპიონატის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით სატურნირო ცხრილში 14 ქულით მეათე ადგილს იკავებს.

თორნიკე კაპანაძის ქუსლით გატანილი ბრწყინვალე გოლი ცხინვალის “სპარტაკის” კარში

5 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ქუთაისის “ტორპედომ” საკუთარ მოედანზე ცხინვალის “სპარტაკი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ერთადერთი გოლი თორნიკე კაპანაძემ ქუსლით, “ტორპედოელთა” კარგი კომბინაციის შემდეგ გაიტანა.

FCTorpedo.GE-ს ფოტო

“ტორპედო” – “სპარტაკი” 2:2 და საბანაძის სუპერგოლი

25 სექტემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ სტადიონზე ცხინვალის „სპარტაკი“ მიიღო.

დღევანდელ მატჩში ჟერარდ სარაგოსა მულეტმა „ტორპედო“ ოდნავ გადახალისებული შემადგენლობით გაიყვანა მოედანზე.

თამაშის დაწყებისთანავე „ტორპედო“ შეტევაზე იყო ორიენტირებული, „სპარტაკი“ კი კონტრიერიშებით გვპასუხობდა, რაც საკმაოდ სახიფათო გამოდიოდა. მე-18 წუთზე, მეტრეველი დარჩა პირისპირ ქვილითაიასთან, მაგრამ ჩვენმა კაპიტანმა ოპონენტს აჯობა. იქამდე კი ტორპედოელთაგან საბანაძე, მზევაშვილი და სულთანიშვილი ცდილობდნენ ბურთის მიზანში გარტყმას, მაგრამ არცერთ მათგანს არ გამოუვიდა. მე-19 წუთზე, ტორპედოელთა დაცვით ხაზს ვახტანგ ფანცხავა გამოეპარა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 0:1. 25-ე წუთზე, საშუალო დისტანციიდან მზევაშვილი დარტყმული ბურთი მეკარეს მიუვიდა ხელებში. 30-ე წუთზე, „სპარტაკი“ სამჯერ გადაურჩა გათანაბრებას, ჯერ საბანაძეს მოუგერია მეკარემ, მერე კუთხურის შემდეგ ცინცაძეს, ბოლოს კი ჩამატებაზე ჭელიძემ იმოქმედა არაზუსტად. „ტორპედო“ შესვენებაზე მდევრის რანგში გავიდა.

მეორე ტაიმში „ტორპედო“ უფრო მეტად გააქტიურდა, რამაც მალევე გამოიღო შედეგი, 47-ე წუთზე, ნიკა საბანაძემ დაახლოებით 30 მეტრიდან ელეგანტური დარტყმით ბურთი ნანიევის კარში „ჩაჭედა“ და ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 50-ე წუთზე, საბანაძის მორიგი სახიფათო დარტყმა მეკარემ გააუვნებელყო. 53-ე წუთზე, სტუმართა იშვიათი შეტევა გოლით დასრულდა, მარცხენა მხრიდან ჩაწოდებული ბურთი ქვილითაიამ ვერ შეიმაგრა ხელებში, რითაც ვახტანგ ფანცხავამ ისარგებლა და მეორედ გაიტანა – 1:2. 55-ე წუთზე, ნანიევმა ამჯერად კუხიანიძეს მოუგერია ბურთი. 73-ე წუთზე, უბილავამ ბურთი კარგად ჩააწოდა კარის გასწვრივ, სადაც მას ნიკა საბანაძე გამოეხმაურა და ეფექტური თავური დარტყმით მანაც მიითვალა დუბლი – 2:2. დარჩენილი ოც წუთშიც, „სპარტაკმა“ დროის გაყვანის არაერთ ხერხს მიმართა და წარმატებით გამოუვიდა კიდეც და რომ არა, ქვილითაიას მოსაწონი თამაში მათ, 87-ე წუთზე, კიდევ ერთხელ დაწინაურებაც შეეძლოთ.. იქამდე, მე-80 წუთზე, სტუმრებს ხარიხამ „უშველა“, მოკლედ, ანგარიში აღარ შეცვლილა და ამ წყვილს შორის გამარჯვებული საპასუხო მატჩით ოქტომბრის ბოლოს გამოვლინდება.

FCTorpedo.GE

მერანი 2-1 სპარტაკი

მარტვილის “მერანმა” საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში ცხინვალის “სპარტაკს” სამტრედიაში უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა.

მერანი 2-1 სპარტაკი

მერანი: შეროზია, გეგეჭკორი, ქარქუზაშვილი, ფარულავა, ხუბუა, ლობჟანიძე, შულაია (მელიავა 55′), ბაბუნაშვილი, მელქაძე, ფონიავა (კვანტალიანი 68′), კუჭუხიძე (კრისი 89′).

სპარტაკი: ნადირაძე, შონია, მგელაძე, ვ.კილასონია, კ.ხიზანეიშვილი, კვეკვესკირი, თუხარელი (ქემუხტაშვილი 79′), ჩაფიძე (ქურდაძე 59′), ბურძენაძე, თეთქურმანიძე (ფანცხავა 58′), მეტრეველი.

გოლები: შულაია 45+1 (1-0), ფონიავა 53 (2-0), ფონიავა 63 ს.კ (2-1).