შოთა არველაძის „ქასიმფაშამ“ „ბეშიქთაშს“ სძლია

თურქეთის სუპერლიგის XV ტურში შოთა არველაძის „ქასიმფაშა“ თანაქალაქელ „ბეშიქთაშს“ დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. არადა, სტუმრები შეხვედრის მე-3 წუთზე დაწინაურდნენ – გოლი უგო ალმეიდამ გაიტანა. არველაძის გუნდმა მატჩში გარდატეხის შეტანა მეორე ტაიმში მოახერხა და 47-ე წუთზე ჯერ ჰალილ ჩოლაქმა გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი 71-ე წუთზე ესეკიელ სკარიონემ გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:1. აღსანიშნავია, რომ მატჩის 82-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან სტუმართა გუნდის ერთბაშად ორი ფეხბურთელი – რამონი და უგო ალმეიდა გააძევა. შეხვედრის 30-ე წუთზე საინტერესო ფაქტი მოხდა, როდესაც „ბეშიქთაშის“ შეტევა „ქასიმფაშას“ ჰოლანდიელმა მცველმა რაიან დონკმა მოედანზე არსებული მეორე ბურთით შეაჩერა. როგორ განვითარდა აღნიშნული ეპიზოდი, ეს ქვემოთ მოცემული ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ. მატჩის შემდეგ შოთა არველაძემ დონკს საქციელი დაუწუნა და აღნიშნა, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი არასწორად მოიქცა.

15 ტურის შემდეგ „ქასიმფაშა“, რომელსაც აქტივში 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა, ლიდერ „ფენერბაჰჩეს“ 8 ქულით ჩამორჩება. „ბეშიქთაში“ 26 ქულით მეოთხე ადგილზეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ არველაძის „ქასიმფაშა“ სუპერლიგაში უკანასკნელად 29 სექტემბერს, „ესკიშეჰირსპორთან“ დამარცხდა.

ბექა დოგრაშვილი

„გალათასარაის“ ტერი მოუნდა

ლონდონის „ჩელსის“ მცველი ჯონ ტერი თურქული „გალათასარაის“ სელექციონერთა ყურადღების არეალში მოექცა.

„დეილი მეილის“ ცნობით, თურქული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ „ჩელსის“ კაპიტანი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მთავარ სამიზნედ მონიშნა, თუმცა „გალათასარაის“ ხელმძღვანელობა პოტენციურ ტრანსფერთა სიას ჯერჯერობით არ აქვეყნებს.

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს დანიშვნის შემდეგ, ტერიმ ისევ დაიწყო რეგულარული თამაში, თუმცა „პენსიონერთა“ პოლიტიკის მიხედვით, 30 წელზე უფროსი ასაკის ფეხბურთელებს კონტრაქტები მხოლოდ ერთი წლით გაუხანგრძლივდებათ. ეს ტერის მომავალს ბუნდოვანს ხდის.

ტერის დასავლეთლონდონურ კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. სტამბულში გადასვლის შემთხვევაში, ინგლისელი მცველი კვლავ გახდება დიდიე დროგბას თანაგუნდელი.

ბექა დოგრაშვილი