U17 – ტესტ-მატჩი მინსკის საერთაშორისო ტურნირამდე

13 იანვარს, საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსთან“, სადაც ნაკრების არაერთი წევრი და კანდიდატი თამაშობს.

დღევანდელ მატჩში, საბურთალოელმა ნაკრების ფეხბურთელებმა, საკუთარი კლუბის შემადგენლობაში ითამაშეს და ნაკრების შეკრებას საღამოს შეუერთდებიან.

საბურთალო – 17-წლამდე ნაკრები 3:3 (1:2)

საბურთალო: კუპატაძე, ბარამიძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, გოშთელიანი, წივილაშვილი, გოცირიძე, ლარკი

შეცვლაზე შევიდნენ: გოშაძე, ბეროშვილი, ჩომახიძე, ბიძინაშვილი, გვარაძე, ჩაბრაძე, ხორხელი

17-წლამდე ნაკრები: კულუა, კაპანაძე, კაციტაძე, კომახიძე, კევლიშვილი, კიკნაძე, მიქელთაძე, ჯობავა, ლაშხია, ქობულაძე, კამლაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ქურდაძე, ართმელაძე, ალთუნაშვილი, ლებანიძე

გოლები: 1:0 ხარაიშვილი (13), 1:1 მიქელთაძე (25), 1:2 ჯობავა (45 პენ), 2:2 მამუჩაშვილი (55), 2:3 ალთუნაშვილი (61), 3:3 ხორხელი (78)
17-წლამდე ნაკრები საწვრთნელ შეკრებას სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გადის. ნოდარ აკობიას გუნდი 17 იანვარს, ღამე მინსკში გაემგზავრება, სადაც ყოველწლიურ, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბელორუსში წამსვლელ ფეხბურთელთა საბოლოო სიას ხვალ დაასახელებს და ტურნირთან დაკავშირებულ სხვა ოფიციალურ ინფორმაციასთან ერთად, მას სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაეცნობით.

სფფ-ის პრესსამსახური

U17 – ელიტრაუნდი უკვე არის. წინ შესარჩევის დასკვნითი ტურია

შაბათს გამართული, უეფას 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩების შემდეგ, ჰოლანდიისა და საქართველოს ნაკრებებმა ელიტრაუნდის საგზურები უკვე გაინაღდეს.

გორში, „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე, ჰოლანდიელებმა საოცარი შედეგით დაასრულეს სან მარინოსთან შეხვედრა. მაარტენ სტეკელენბურგის ფეხბურთელებმა მეტოქის კარში 12 (!) უპასუხო ბურთი გაიტანეს. შესაბამისად, საკვალიფიკაციო ტურნირის საუკეთესო მეგოლეების სიაში, სწორედ, ჰოლანდიელები ლიდერობენ:

ეზრა ვალიანი – 5 გოლი

დენი ვან დერ მუტი – 3 გოლი

2-2 გოლი აქვთ გატანილი მარლონ სლაბეკუმს, ოლუვასეგუნ ობოვალესა და აბდელჰაკ ნურის.

საქართველოს ნაკრებმა კი, მიუხედავად დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობისა, მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზეღა შეძლეს ფარერების კუნძულების ნაკრების კარში მეორე გოლის გატანა და დასკვნითი მატჩების წინ, ჰოლანდიას ბურთების შეფარდებით ჩამორჩებიან.

ხვალინდელ, 22 ოქტომბრის მატჩებში კი, მხოლოდ ისღა გაირკვევა, ვინ დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს და მოიპოვებენ თუ არა პირველ ქულებს სან მარინო და ფარერები.

22 ოქტომბერი

15:30 – ჰოლანდია vs საქართველო (სტადიონი „მიხეილ მესხი“)

15:30 – ფარერები vs სან მარინო (სტადიონი „თენგიზ ბურჯანაძე“, გორი)

ელიტრაუნდის წილისყრა კი, ნოემბრის ბოლოს, შვეიცარიაში გაიმართება. თუმცა, ამაზე დაწვრილებით შესარჩევის დასრულების შემდეგ ვისაუბრებთ.

სფფ-ის პრესსამსახური

17-წლამდელთა 18-კაციანი განაცხადი – ხვალ შესარჩევი იწყება

17 ოქტომბერს, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩს ჩაატარებს და ნოდარ აკობიას გუნდისთვის, ეს უეფას ეგიდით გამართულ ოფიციალურ ტურნირებში დებიუტი იქნება.

ჩვენმა გუნდმა დასკვნითი საწვრთნელი შეკრება ზუგდიდში გაიარა და თბილისში გუშინ საღამოს დაბრუნდა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უკვე გააკეთა არჩევანი იმ 18 ფეხბურთელზე, რომლებიც ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე, 17-წლამდე ასაკში ქვეყნის ღირსებას დაიცავენ და ელიტრაუნდში გასვლისთვის იბრძოლებენ.

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე „საბურთალო“)

მცველები: ნიკოლოზ კევლიშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ვასილ კაციტაძე („დინამო“ თბილისი), რატი კაკიაშვილი, ცოტნე ნადარაია (ორივე „საბურთალო“), გიორგი ქობულაძე (35-ე სკოლა)

ნახევარმცველები: ირაკლი კომახიძე, შერმადინ ართმელაძე („შუქურა“, ქობულეთი), ნიკა ქორიძე („რეჯანა“, იტალია), ვლადიმერ მამუჩაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი (ორივე „საბურთალო“), ნიკა ლაშხია („ზესტაფონი“), გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი“, თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი ბერიძე („დილა 2“, გორი), გიორგი ჯობავა („ოსერი“, საფრანგეთი), ბექა მიქელთაძე („ზესტაფონი“), საბა ცინცქილაძე („შუქურა“, ქობულეთი)

დღეს, საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გამართა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში მყოფი ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა და ახალგაზრდა ფეხბურთელები მოუთმენლად ელიან 17 ოქტომბერს და პირველ მატჩს, სადაც ისინი სან მარინოს ნაკრებს შეხვდებიან. 19 ოქტომბერს, მათი მომდევნო მეტოქე ფარერების კუნძულების 17-წლამდე ნაკრები იქნება. 22 ოქტომბერს კი, შესარჩევის ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი ჰოლანდიელ თანატოლებთან გამართავს.

დღეს საღამოს 19:15 წუთზე, სასტუმრო „Holiday Inn“ – ში, სადაც ჩვენი სტუმარი გუნდები ცხოვრობენ, ოთხივე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. აქვე, მედიის წარმომადგენლები ტურნირზე დასასწრებ აკრედიტაციებსაც მიიღებენ.

სფფ-ის პრესსამსახური

U17: ქართველი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ

ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდის მესამე ჯგუფის ბოლო დღის მატჩები დღეს გაიმართა. “მიხეილ მესხზე” უკრაინელი და ქართველი ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ. როგორც მოგეხსენებოდათ, ჩვენი შანსი ჩვენს ხელთ იყო, ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად უკრაინელები უნდა დაგვემარცხებინა და დავამარცხეთ კიდეც! მატჩის სწრაფმა და ერთადერთმა გოლმა ქართველ ახალგაზრდებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოუტანა. შეხვედრის ის ერთადერთი გოლი მე-6 წუთზე გავიდა. მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მყოფმა ვანო წილოსანმა ორი უკრაინელი ტექნიკურად ჩამოიშორა, საჯარიმოში ბრწყინვალედ შეიჭრა და ბურთი კარის წინ მდგარ, უყურადღებოდ დარჩენილ ალეკო მზევაშვილს გადააწოდა, რომელსაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.

გაშვებული გოლის შემდეგ მცირე უპირატესობა უკრაინელებმა მოიპოვეს, თუმც ჩვენი გუნდის სწრაფი კონტრშეტევები გაცილებით მწვავედ ხასიათდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა დღეს გაცილებით უკეთ ითამაშეს, ვიდრე წინა ორ შეხვედრაში. მინიმუმამდე იყო დაყვანილი შეცდომები, გუნდი უფრო რაციონალურად თამაშობდა, რაშიც დიდია მთავარი მწვრთნელის, ვასილ მაისურაძის დამსახურება.

რაც შეეხება მატჩის მეორე ტაიმს, გუნდები გარდამავალი უპირატესობით თამაშობდნენ. ორივე ნაკრებს ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა მატჩი დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო: მაისურაძის გუნდმა დასახული ამოცანა შეასრულა, ჩვენ მოვიგეთ, “სიკვდილის ჯგუფში” პირველ ადგილზე დავრჩით და მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის საგზური. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩვენი გუნდის თავდამსხმელი დათო ჯიქია, რომელმაც გოლის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა ყველა ეპიზოდში მაქსიმუმი გაიღო, ფეხბურთელმა ბოლომდე იბრძოლა, დახარჯა მთელი ენერგია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მატჩის შემდეგ, როცა კომენტარი ვთხოვეთ, მას უბრალოდ მეტყველების უნარი წართმეული ჰქონდა. მადლობის ღირსია გუნდის თითოეული ფეხბურთელი, სამწვრთნელო შტაბი და პერსონალი. მათ ევროპის საუკეთესო რვა გუნდს შორის ადგილი დამსახურებულად მოიპოვეს, რითაც საქართველოს უდიდესი სიხარული მიანიჭეს.

ვასილ მაისურაძე: “ეს წარმატება უდიდესი შრომის შედეგად მოვიპოვეთ. ბევრი ვერც კი იფიქრებდა, რომ ამ ჯგუფიდან გავიდოდით, თუმცა ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ. სლოვენიაში კი ვეცდებით, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი ახალი ფურცელი ჩავწეროთ”.

ნიკა ჭანტურია (გუნდის კაპიტანი): “მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს. ძალიან დაძაბული მატჩი გამოდგა და დღეს ჩვენ გაგვიმართლა. სწრაფი გოლის გატანა მოვახერხეთ, რითაც უპირატესობა განვიმტკიცეთ”.

ალეკო მზევაშვილი: “ამ გოლის ავტორი მარტო მე არ ვარ, დღეს ყველამ ყველაფერი დავდეთ ისევე, როგორც წინა თამაშებში და ამიტომაც მოვიპოვეთ შემდეგი ეტაპის საგზური. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, ფეხბურთი გავაცოცხლეთ და ხალხი სტადიონს დავაბრუნეთ”.

ალექსანდრე ადამია: “ამ გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო ქართული ფეხბურთისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. მადლობას ყველას!”

ცნობისთვის, 17-წლამდე ფეხბურთელებს შორის ევროპის ჩემპიონატი სლოვენიაში 4-დან 16 მაისამდე გაიმართება.

უკრაინა-საქართველო 0:1

უკრაინა: სარნავსკი, კაჩარაბა, ბურდა, ხარატინი, ტანკოვსკი (გაბელოკი 52′), ტიშენკო (რადჩენკო 54′), ვეტროვი (მირანიანი 61′), სობოლი, პოლეენკო, ბილონოგი, ლაზაროვიჩი.
მთავარი მწვრთნელი: ოლექსანდრ პეტრაკოვი.

საქართველო: ადამია, კაკაბაძე, ჭანტურია, სამხარაძე, პაპუნაშვილი, წილოსანი (მესხი 61′), ახვლედიანი (დარციმელია 41′), ცინცაძე (აბურჯანია 70′), ჯიქია, მზევაშვილი, გურეშიძე.
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.
გოლი: მზევაშვილი 6′.
გაფრთხილებები: ბურდა 8′, ხარატინი 47′ – ჭანტურია 14′, დარციმელია 57′, სამხარაძე 73′.

მთავარი მსაჯი: მარკუს ჰამეტერი (ავსტრია).

“ბორის პაიჭაძის” სტადიონზე კი ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრები ესპანელებმა ანგარიშით 4:0 გაანადგურეს. პირენეელებმა ოთხივე გოლი მატჩის მეორე ტაიმში გაიტანეს: ანგარიში 45-ე წუთზე ივან კალერომ გახსნა. ორ წუთში ესპანელთა უპირატესობა ალეხანდრო გრიმალდომ გაზარდა. 57-ე წუთზე სერხი სამპერმა შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი გოლად აქცია. უკვე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ხოსე გაიამ ინგლისელთა განადგურებას წერტილი დაუსვა – 0:4.

ესპანეთი-ინგლისი 4:0

ესპანეთი: ბლანკო, ბელერინი, საესი, რუისი, გრიმალდო (გაია 76′), ხაიმე სანჩესი, ხოაკინი, სამპერი (კოტანი 80+1′), ბორხა, ბუსტოსი (კასტილიეხო 68′), კალერო.
მთავარი მწვრთნელი: სანტიაგო დენია.

ინგლისი: უილისი, გორდონი, ლეო ჩამბერსი, ჰეიდენი, შოუ, კალუმ ჩამბერსი (გრემი 51′), სვიფტი (უოლასი 52′), ვუდლენდი, რობინსონი (ბენეტი 64′), ჰიუზი, აკპომი.
მთავარი მწვრთნელი: ჯონ პიკოკი.

გოლები: კალერო 44′, გრიმალდო 47′, სამპერი 57′, გაია 80+3′.
გაფრთხილებები: რუისი 63′, კასტილიეხო 71′, – ლეო ჩამბერსი 53′, შოუ 80′.
მთავარი მსაჯი: ნიკოლაი იორდანოვი (ბულგარეთი).

ჯგუფის საბოლოო ცხრილი:
1. საქართველო  3 2 1 0 3:1 7
2. ესპანეთი          3 1 2 0 7:3 5
3. ინგლისი           3 1 0 2 1:5 3
4. უკრაინა             3 0 1 2 2:4 1

 

ელიტრაუნდი (მე-3 ჯგუფი): დღე მეორე

დღეს, უეფას 2012 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მე-3 ჯგუფის მეორე ტურის მატჩები გაიმართა და საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართა. ქართველმა ახალგაზრდებმა “მიხეილ მესხზე” ინგლისელი თანატოლები მიიღეს. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ფიზიკურად ძლიერ ბრიტანელებთან მეტად გაგვიჭირდებოდა, თუმც ჩვენმა ბიჭებმა მრისხანე მეტოქეს არაფერი დაუთმეს და დაძაბულ პაექრობაში მათი დამარცხებაც მოახერხეს. გუნდებმა 80 წუთის განმავლობაში ბურთი უგოლოდ აგორავეს, მატჩს ისეთი პირიც უჩანდა, რომ მხარეები ერთმანეთს საყაიმო ანგარიშით დაშორდებოდნენ, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ქართველი ახალგაზრდების ლამაზი კომბინაცია გოლით გიორგი პაპუნაშვილმა დააგვირგვინა. დღევანდელ შეხვედრაში ჩვენს გუნდს მწვრთნელის ხელი აშკარად ეტყობოდა. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თამაშში წინა მატჩისგან გასხვავებით გაცილებით ნაკლები შეცდომა შეინიშნებოდა, ფეხბურთელები მოქმედებდნენ უფრო გუნდურად. დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი უარყოფითი ფაქტი ის გახლდათ, რომ მატჩის შემდეგ გახარებული გულშემატკივრები მოედანზე შეცვივდნენ, რის გამოც შესაძლოა, უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მკაცრად დასაჯოს.

“მინდა დიდი მადლობა გადავიხადო გულშემატკივარს. დღეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ და ვიმედოვნებ, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს მივიღებთ”, – ეს სიტყვები გოლის ავტორს ეკუთვნის.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების დამრიგებელმა ვასილ მაისურაძემ ინგლისთან გამარჯვება იმ გმირების ხსოვნას მიუძღვნა, რომლებიც სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ინგლისელების დამარცხებით მართლაც დიდი ნაბიჯი გადადგეს დასახული მიზნისკენ და იმედია, ჩვენი ბიჭები ბოლო ტურში უკრაინასთან ღირსეული თამაშით ჯგუფის პირველ ადგილს არავის დაუთმობენ.

საქართველო – ინგლისი 1:0

საქართველო: ადამია, კაკაბაძე, დვალი, ჭანტურია, სამხარაძე, ჭეჭელაშვილი (ცინცაძე 77′), პაპუნაშვილი, წილოსანი, ჯიქია (დარციმელია 51′), გოროზია, მზევაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.

ინგლისი: უილისი, უები, ინისი (ლეო ჩემბერსი 75′), ჰეიდენი, გრემი (ბენეტი 41′), სვიფტი, კალუმ ჩემბერსი, შოუ, კალუმ რობინსონი, ჯები (ჰიუზი 73′), აკპომი.
მთავარი მწვრთნელი: ჯონ პიკოკი.

გოლი: პაპუნაშვილი 80+3′.
გაფრთხილებები: გოროზია 35′, დვალი 37′, წილოსანი 39′, ჭეჭელაშვილი 80+3′ -კალუმ ჩემბერსი 51′, ბენეტი 52′, ჰეიდენი 59′, სვიფტი 71′.
მთავარი მსაჯი: კრის რაიხი (ლუქსემბურგი).

დღევანდელი დღის მეორე მატჩი “ბორის პაიჭაძის დინამო არენაზე” ესპანეთისა და უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრებებს შორის შედგა. შეხვედრა მეტად დრამატულ ვითარებაში წარიმართა და სტადიონზე მისულ მაყურებელს მოწყენის საშუალება არ მიეცა. მატჩში უკრაინელები დაწინაურდნენ, პირინეელებმა ამჯერადაც სწრაფი გოლი გაუშვეს, გოლით მე-8 წუთზე მაქსიმ ტიშენკო გამოირჩა. მატჩის მე-16 წუთზე უკრაინის ნაკრების კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანის რეალიზება სერგი სამპერმა ვერ მოახერხა, თუმცა სამიოდ წუთში ივან კალერომ მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. შეხვედრის 34-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ამჯერად ესპანეთის კარის მიმართულებით დაინიშნა, თუმცა მისი გოლად ქცევა ვერც ამჯერად მოახერხეს. პენალტი გუნდის თავ იგორ ხარატინს გაუცუდდა. გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მაყურებელი მატჩის მეორე ნახევარშიც შემტევი ფეხბურთის მომსწრე გახდა, სახიფათო მომენტი ხან ერთ კართან იქმნებოდა, ხანაც მეორე კართან. საბოლოოდ, გოლი 71-ე წუთზე გავიდა, უკრაინელები დაწინაურდნენ, თავი დმიტრო ბილონოგმა გამოიჩინა, თუმცა სლავებს დიდი ხანი სიხარული არ ეწერათ. ზუსტად ერთ წუთში ალვარო ბასტოსმა ლამაზი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და მატჩის წერტილიც დასვა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე პირველები უკრაინელები გამოცხადდნენ.

მათი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლექსანდრ პეტრაკოვმა შემდეგი განაცხადა: “ძალიან კარგი მატჩი გამოდგა. გუნდებმა თანაბარი თამაში აჩვენეს. დღეს მიღწეული რეზულტატით კმაყოფილი ვარ. მობრძანდით ჩვენი ნაკრების მომავალ შეხვედრაზეც. კარგ თამაშს გპირდებით. ალბათ, იცით ჩვენი ხასიათის შესახებ”.

ესპანელთა დამრიგებელმა სანტიაგო დენიამ კი აღნიშნა: “რთული მატჩი გამოდგა. მეტად მძიმე ჯგუფში მოვხვდით. აქ ყველა გამარჯვებისთვის იბრძვის”.

დენიამ მცირე კომენტარი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებზეც გააკეთა: “ძალიან ბრძოლისუნარიანი გუნდი გყავთ, საქართველოს კარგი ფეხბურთელები ჰყავს და საერთოდ, თქვენს გუნდში პოტენციალი შეინიშნება”.

ბოლოს კი ესპანელთა თავკაცმა მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაც გადაუხადა: “ტურნირი კარგად ორგანიზებულია, რისთვისაც ქართველებს მადლობას გიხდით”.

 

ესპანეთი-უკრაინა 2:2

ესპანეთი: ბლანკო, ბელერინი, საესი, ხაიმე სანჩესი, გაია (გრიმალდო 41′), სამპერი, კასტილიეხო (იგლესიასი 55′), კოტანი, არგუესი (სერანო 68′), ბუსტოსი, კალერო.
მთავარი მწვრთნელი: სანტი დენია.

უკრაინა: სარნავსკი, ბურდა, ხარატინი, ტკაჩუკი, ტანკოვსკი (ლაზაროვიჩი 38′), ტიშჩენკო (ვეტროვი 75′), გაბელიუკი, მირანიანი (რადჩენკო 58′), ლუხტანოვი, პოლეჩენკო, ბილონოგი.
მთავარი მწვრთნელი: ოლექსანდრ პეტრაკოვი.

გოლები: ტიშჩენკო 8′, კალერო 19′, ბილონოგი 72′, ბუსტოსი 73′.
მე-17 წუთზე სამპერმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე).
33-ე წუთზე ხარატინმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე).
გაფრთხილება: კასტილიეხო 50′, სერანო 77′ – ტკაჩუკი 48′, ხარატინი 62′.
მთავარი მსაჯი: ნიკოლაი იორდანოვი (ბულგარეთი).

ამრიგად, ჯგუფს სათავეში საქართველოს ნაკრები 4 ქულით ჩაუდგა, 3 ქულა აქვს ინგლისის ნაკრებს, მესამე პოზიციას 2 ქულით ესპანელები იკავებენ, უკრაინელებმა კი აქტივში პირველი ქულა დღეს ჩაიწერეს.

ჯგუფის დასკვნითი ტური შაბათს გაიმართება და ორივე მატჩი თანადროულად, 14:00 საათზე დაიწყება. “მიხეილ მესხზე” ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის 17-წლამდელთა გუნდები დაუპირისპირდებიან, “ბორის პაიჭაძეზე” კი ინგლისელები ესპანელებთან გაარკვევენ ურთიერთობას.

 

ელიტრაუნდი (მე-3 ჯგუფი): დღე პირველი

დღეს, თბილისში უეფას 2012 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მე-3 ჯგუფის მატჩებმა აიღო სტარტი. პირველი შეხვედრა “მიხეილ მესხზე” საქართველოსა და ესპანეთის 17-წლამდე ფეხბურთელთა შორის შედგა.

ქართველ ახალგაზრდებს მატჩის დებიუტშივე შეეტყოთ, რომ ჯგუფის ფავორიტად წოდებული მეტოქის სიძლიერის შიში არ ჰქონდათ და ეს სწრაფ გატანილ გოლშიც აისახა. მე-2 წუთზე საკუთარ საჯარიმოში ივან საესის ხელით თამაშისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა გოლად აქცია.

გაშვებულმა გოლმა “ფურია როხა” გამოაფხიზლა, ესპანელები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ და ალექსანდრე ადამიას კარს რამდენჯერმე დაემუქრნენ, მატჩის დებიუტში ბურთი ერთხელ ძელსაც გაარტყეს, თუმცა პირენეელთა აქტიურობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მატჩის 32-ე წუთზე ჩვენი გუნდის კაპიტანი გიორგი აბურჯანია დაშავდა და მისი შეცვლა გახდა საჭირო: მოედანზე გიორგი გოროზია გამოვიდა, რომელსაც, სხვათაშორის, დღეს იუბილე აქვს. აქვე გეტყვით, რომ აბურჯანიას ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. ტაიმის შუაწელს ქართველმა ახალგაზრდებმა გარკვეული უპირატესობის დაუფლება მოახერხეს და შეხვედრის ნახევრის მათ სასარგებლოდ დასრულება შეძლეს.

მეორე ტაიმი ესპანელმა ფეხბურთელებმა გაცილებით აქტიურად დაიწყეს და ჩვენი ნაკრების მეკარისა და მცველების რამდენიმე შეცდომის წყალობით სახიფათო მომენტების შექმნაც მოახერხეს. ქართველი ახალგაზრდები ყრუ დაცვაში არ ჩადგნენ და რამდენიმე “ჩხვლეტაც” განახორციელეს, თუმცა უშედეგოდ, პირინეელებმა კი გოლის გატანა მაინც შეძლეს: მათი შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი ივან საესმა დაუხვედრა და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა 1:1.

შეხვედრის დასკვნით ეტაპზე ქართველ ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ, დიდი იყო წუნი გადაცემების დროს, ესპანელები ფიზიკურად უკეთ გამოიყურებოდნენ და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს პირინეელებს მეტი ენერგია ჰქონდათ შერჩენილი. ტაიმის ბოლოს ესპანელები გააქტიურდნენ და მოსაგებად გაიბრძოლეს, თუმცა ქართველებმა ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს და მეტად მნიშვნელოვანი პირველი ქულა ჩაიწერეს.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ქართველთაგან გოლის ავტორმა ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა:

“გუნდმა იბრძოლა, მოედანზე ყველაფერი დავდეთ. მომენტები მეტოქე გუნდსაც ჰქონდა და ჩვენც გვქონდა, კარგი თამაში გამოდგა და გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის”.

მეორე მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ინგლისისა და უკრაინის 17-წლამდელთა შორის გაიმართა. ბრიტანელებმა გამარჯვება კინკილა გოლის წყალობით მოახერხეს: თავი 56-ე წუთზე კალუმ ჩამბერსმა გამოიჩინა.

ამრიგად, ჯგუფს სათავეში ინგლისის ნაკრები სამი ქულით ჩაუდგა, თითო-თითო ქულით მეორე-მესამე ადგილებს ქართველი და ესპანელი ფეხბურთელები ინაწილებენ, მეოთხე პოზიციაზე უკრაინის ნაკრები ქულის გარეშეა მოთავსებული.

მე-3 ჯგუფის მეორე ტური ოთხშაბათს გაიმართება. “მიხეილ მესხზე” 14:00 საათზე საქართველოსა და ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებები დაუპირისპირდებიან, “დინამო არენაზე” 16:00 საათზე კი, ურთიერთობას ესპანელები და უკრაინელები გაარკვევენ.