ზესტაფონმა დინამო დაამარცხა

ზესტაფონში “დავით აბაშიძის” სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი “ზესტაფონსა” და თბილისის “დინამოს” შორის უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშების მშვენება გახდა. ზესტაფონელებმა “დინამოს” ჩემპიონობის გაფორმების საშუალება საკუთარ მოედანზე არ მისცეს.

მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა სწრაფი გოლიც იხილა. მე-14 წუთზე კვირკველიას ჩაწოდების შემდეგ ჩისკომ ვარდნაში შესძლო ულამაზესი გოლის გატანა და სტუმრები დააწინაურა. ამის შემდეგ მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს და მალევე გაათანაბრეს. 23-ე წუთზე დოლიძის პასი რევაზ გეწაძემ გამოიყენა და ბურთი სტუმართა კარში გადაგზავნა. სულ რაღაც 5 წუთში “ზესტაფონი” წინ გავიდა. საბანაძემ ლორიას უხეში შეცდომით ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

“დინამოელები” არ დანებდნენ და 34-ე წუთზე სახიფათო იერიში განახორციელეს. კარში დარტყმის შემდეგ პავლოვიჩმა ბურთის დაფიქსირება ვერ შესძლო. დამატებაზე ყველას ოთარ მარცვალაძემ დაასწრო და გუნდებიც შესვენებაზე შედეგიანი ფრით გავიდნენ.

უხვგოლიანი პირველი ტაიმიშ შემდეგ თამაშის ტემპი მეორე ნახევარში არ დაეცა. ცინცაძის და ძარიას შორეული დარტყმები მასპინძელთა კარის ხარიხამ მოიგერია. კარის ძელი ერთ ეპიზოდში “დინამოსაც” დაეხმარა.

გადამწყვეტი მომენტი 76-ე წუთზე მოხდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ოთარ ხეცაძემ მერებაშილზე წესების დარღვევის გამო “ზესტაფონის” კარში პენალტი დანიშნა, რომლის შესრულება ჩისკომ ითავა, თუმცა ესპანელმა ლეგიონერმა კვლავ ვერ გამოიყენა 11-მეტრიანი… მასპინძლებმა ამ მომენტის შემდეგ შეუტიეს, რაც დაუფასდათ კიდეც. 81-ე წუთზე მოედანზე ახლადშემოსულმა თორნიკე კაპანაძემ “ზესტაფონი” კიდევ ერთხელ დააწინაურა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

 

ზესტაფონი 3-2 დინამო

გოლები: ჩისკო 14′ (0:1); გეწაძე 23′ (1:1); საბანაძე 28′ (2:1); მარცვალაძე 34′ (2:2); კაპანაძე 81′ (3:2)

ზესტაფონი: პავლოვიჩი, ღონღაძე, რენე ფერეირა (გრიგალაშვილი 14′), ჭელიძე, გურული, შარიქაძე, კუხიანიძე (ჭანკოტაძე 65′), ჭანტურიშვილი, დოლიძე, გეწაძე (კაპანაძე 80′), საბანაძე.

სათადარიგოები: მეშველიანი, ფანცულაია, ტატანაშვილი, ენდელაძე. 

დინამო: ლორია, ხიდეშელი, ცინცაძე, გორგიაშვილი (მოდებაძ 84′), მერებაშვილი, ხურცილავა, კვირკველია, მარცვალაძე, რეხვიაშვილი, ჩისკო, ძარია.

სათადარიგოები: მიგინეიშვილი, პაპავა, გოგა, გველესიანი, გლიშიჩი. 

 

სიონმა ისევ მოიგო

დღეს გამართული უმაღლესი ლიგის ორი შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

“მიხეილ მესხზე” ბოლნისის “სიონმა” ლანჩხუთის “გურია” მიიღო და 2:0 გაიმარჯვა. ბოლნისელთა მხირდან გოლები კახელიშვილმა და უგულავამ გაიტანეს.

მეორე მატჩი ივანწმინდაში გაიმართა, სადაც “ჩიხურამ” რუსთავის “მეტალურგს” უმასპინძლა, 4:1 დაამარცხა მეტოქე და მეოთხე ადგილი ფაქტობრივად გაინაღდა.

 

სიონი (ბოლნისი) – გურია (ლანჩხუთი) 2:0

გოლი: 1:0 კახელიშვილი (16), 2:0 უგულავა  (90)

ჩიხურა (საჩხერე) – მეტალურგი (რუსთავი) 4:1

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 გაბედავა (11, 45, 52), 4:0 ჯიღაური (63), 4:1 მიქაბერიძე (90)

ტორპედომ და ვიტ ჯორჯიამ გამარჯვებები იზეიმეს

უმაღლეს ლიგაში ტური ორი შეხვედრით გაიხსნა. თბილისში ქუთაისის “ტორეპდო” ზუგდიდის “ზუგდიდს” უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა. დარსელიას შეგირდებმა ამ მარცხის უმაღლესში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაირთულეს.

მეორე შეხვედრაში “ვიტ ჯორჯიამ” მცხეთაში გორის “დილას” უმასპინძა და მინიმალური სხვაობით, 2-1 დაამარცხა.

 

 

ტორპედო 3-1 ზუგდიდი

გოლები: კირკიტაძე 6′ (0:1); ხურციძე 57′ (1:1); ბექა ტუღუში 71′ ; 90′ (3:1)

ვიტ ჯორჯია 2-1 დილა

გოლები: კორიფაძე 32′ (1:0); ლომიძე 55′ (1:1); ლობჟანიძე 86′ (2:1)

ტურის ცენტრი ზესტაფონშია

უმაღლესი ლიგის გათამაშება დასასრულს უახლოვდება. ჩემპიონის ვინაობა შესაძლოა უკვე დამდეგ ტურში გახდეს ცნობილი. მთავარი მატჩს ზესტაფონის სტადიონი უმასპინძლებს. 

 

სიონი – გურია

3 მაისი, “მიხეილ მესხი”, 16:00

მიხეილ მისხზე ერთმანეთის წინააღმდეგ განსხვავებული შედეგის მქონე გუნდები წარსდგებიან. “სიონის” ზედა ექვსეულში უდანაკარგოდ ასპარეზობს, “გურიას” კი ყველა მატჩი წაგებული აქვს.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით ლანჩხუთელებს კვლავ ფინანსური პრობლემები აქვთ, რაც “სიონის” ისედაც დიდ შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

 

ჩიხურა – მეტალურგი

3 მაისი, ივანწმინდა, 16:00

მეოთხე საფეხბურისთვის მებრძოლი გუნდების უშუალო შეხვედრას ივანწმინდა უმასპინძლება. “ჩიხურასა” და “მეტალურგს” შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა, ამიტომ მატჩიც საკმაოდ დაძაბული და საინტერესო უნდა გამოდგეს. თანაც, საჩხერელებს ექვსეულებად დაყოფის შემდეგ “მეტალურგთან” გამართულ პირველ მატჩი წაგების გამო რევანში აქვთ ასაღები.

 

ზესტაფონი – დინამო

3 მაისი, ზესტაფონი, 19:00 

ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპნიძებს. აღნიშნული მატჩი “დინამოსთვის” შესაძლოა ჩემპიონატში გადამწყვეტი აღმოჩნდეს. თბილისელები მოგების შემთხვევაში ოფიციალურად გაიფორმებენ მიმდინარე გათამაშების გამარჯვებულის ტიტულს.

თუმცა, ზესტაფონელები მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ უშალო კონკურენტმა მათ მოედანზე არ იზეიმოს წარმატება. ამიტომ, იმერეთში გასამართი შეხვედრა უდიდეს ინტერესს იწვევს ფეხბურთის გულშემატკივრებში. ორივე გუნდიმატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.

 

ტორპედო – ზუგდიდი

2 მაისი, მიხეილ მესხის სათადარიგო, 16:00, უმაყურებლოდ

უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი “ზუგდიდი” ქუთაისის “ტორპედოს” უკვე ტრადიციულად თბილისში ესტუმრება და საციცოცხოლდ მნიშვნელოვანი გამაჯრვების მოპოვებას შეეცდება.

ზუგდიდელები “სპარტაკს” ოთხი ქულით ჩამორჩებიან და თუ უმაღლესში ადგილის შენარჩუნება სურთს, შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვთ.

 

ვიტ ჯორჯია – დილა

2 მაისი, “მცხეთა პარკი”, 16:00

ქვედა ექვსეულის ყველაზე უმოტივაციო შეხვედრას “მცხეთა პარკი” უმაპსნიძებს. “ვიტ ჯორჯიას” და “დილას” უმაღლესიდან გავარდნა ბუნებრივია აღარ ემუქრებათ. დარჩენილ მატჩებს გუნდები უბრალოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ჩაატარებენ.

მიმდინარე სეზონში ეს “ვიტ ჯორჯიასა” და “დილას” შორის გამართულ შეხვერებში სრული თანაფარდობაა. ორივე გუნდმა თითო მატჩის მოგება მოახერხა. ერთი შეხვედრა კი, ფრედ დასრულდა.

 

სპარტაკი – მერანი

2 მაისი, “მიხეილ მესხი”, 19:00

აუტსაიდერების დაპირისპირებას დღეს “მიხეილ მესხი” უმასპინძლებს. “მერანი” მარცხის შემთხვევაში უმაღლესში დარჩენის თეორიულ შანსსაც კარგავს. “სპარტაკს” კი, გამარჯვების შემთხვევაში კონკურენტებთან შედარებით კომფორტული უპირატესობა ექნება.

აღსანიშანვია, რომ კაჭარავას შეგირდები მეორე ეტაპს საკამოდ კარგად ატარებენ და აუტსაიდერთა შორის სავსებით დამსახურებულად აქვთ “ფავორიტის” სტატუსი.

2014-2015წწ. სალიცენზიო გადაწყვეტილებები

25-27 აპრილს ჩატარდა ლიცენზირების კომიტეტის სხდომა შემდეგი შემადგენლობით: ნარგიზი ჩხიკვაძე (თავმჯდომარე), რევაზ შენგელია, დიმიტრი ბოკერია, თამარ ჭიჭინაძე. კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2014-2015წწ. სეზონის უეფას და ეროვნული ლიცენზიები გაიცა შემდეგ საფეხბურთო კლუბებზე:

–       „დინამო თბილისი“

–       „ზესტაფონი“

–       „სიონი“

–       „ჩიხურა“

ამას გარდა, 2014-2015წწ. სეზონის ეროვნული ლიცენზიები გაიცა საფეხბურთო კლუბებზე:

–       „ვიტ ჯორჯია“

–       „სპარტაკი“

–       „კოლხეთი 1913“

–       „შუქურა“

–       „გაგრა“

საფეხბურთო კლუბების მიერ სანქცირებადი კრიტერიუმების დარღვევის ფაქტები განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტს, 2014-2015წწ. ჩემპიონატის მონაწილეთა დაკომპლექტების შემდეგ.

კლუბები უკვე ინფორმირებულები არიან გადაწყვეტილებების შესახებ და უკმაყოფილო ლიცენზიის მაძიებლებს შეუძლიათ ა/წ 5 მაისამდე გაასაჩივრონ ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება ლიცენზირების სააპელაციო ორგანოში (თავმჯდომარე დავით კალანდაძე), ამ ორგანოსთვის პირდაპირი მიმართვის გზით, სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების მოქმედი დებულებების შესაბამისად (იხ.მე-6 მუხლი).

gff.ge

ინტრიგის გარეშე დარჩენილი ჩემპიონატი

უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. თუმცა, ჩემპიონატის გადამწყვეტი ნაწილი განსაკუთრებული დაძაბულობისა და ინტრიგის გარეშე ჩაივლის.

ფაქტობრივად ცნობილია ჩემპიონის და ევროტურნირებზე გამსვლელი გუნდების ვინაობა. გასაკრვევი მხოლოდ ერთი რამ დარჩა – ვინ დარჩება უმაღლეს ლიგაში “სპარტაკი” თუ “ზუგდიდი”… ამ კითხვაზე პასუხს, ალბათ ამ გუნდების ანაკლიაში გასამართი შეხვედრა გასცემს, რომელიც 6 მაისს შედგება. თუმცა, თუ ფედერაცია გუნდების რაოდენობის გაზრდის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას, არც აღნიშნული მატჩის შედეგს და საბოლოოდ დაკავებული პოზიციებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ქვედა ექვსეულის დარაჩენ გუნდებს რაც შეეხება.. ცხრილში უკანასკნელ პოზიციაზე მყოფ მარტვილის “მერანს” გადარჩენის ძალიან მცირე შანსი და საკმაოდ რთული შეხვედრებიც აქვს დარჩენილი.

“ტორპედო”, “ვიტ ჯორჯია” და “დილა” კი, თავს მშვიდად გრძნობენ და დარჩენილ შეხვედრებს უბრალოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ჩაატარებენ.

ზედა ექვსეულში ინტრიგა უფრო ნაკლებია. სათასო ბატალიების, “მეტალურგის” და განსაკუთრებით “გურიას” სუსტი თამაშის გამო ოთხეულიც და შესაბამისად ევროთასებზე გამსვლელი გუნდების ვინაობაც ფაქტობრივად უკვე ცნობილია.

გურულებს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ქულაც კი არ აქვთ მოპოვებული. “მეტალურგი” კი სეზონის გადამწყვეტ ნაწილს საკმაოდ არასტაბილურად ატარებს, რაც რუსთავულ გუნდში მომხდარი ცვლილებების შემდეგ გასაკვირი სულაც არ არის.

მართალია, “მეტალურგი” დამდეგ ტურში ივანწმინდაში  უშუალო კონკურენტ “ჩიხურას” ეწვევა, თუმცა ფრუიძის გუნდი დიდი ალბათობით მეოთხე პოზიციას არ დათმობს.

უახლოესი დღეების ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ზესტაფონში “დინამოს” სტუმრობა იქნება. თბილისელეს უკვე უახლოეს შაბათს აქვთ ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმების შანსი. მიუხედავად მცირე ჩავარდნებისა, “დინამომ” მიმდინარე სეზონი საკმაოდ კარგად განვლო და ფაქტია, რომ თბილისელებს მთელი გათამაშების მანძილზე სტაბილური კონკურენცია ვერავინ ვერ გაუწია. შესაბამისად, თბილისელთა ეს შედეგიც სავსებით ლოგიკურად უნდა მივიჩნიოთ.

“დინამოს” და ალბათ ევროთასებზე საქართველოს სახელით გასულ ყველა გუნდს საკმაოდ სერიოზული გაძლიერება დასჭირდება, თუმცა არა “რევოლუციური” ცვლილებები, რაც ხშირ შემთხვევაში ქართული საფეხბურთო მენეჯმენტისთვის დამახასიათებელი რამ არის.

ასეა თუ ისე, მორიგი ეროვნული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება… იყო ბევრი უსიამოვნო ფაქტი, სკანდალი და სახალისო მომენტებიც.. ტრადიციულად, ნეგატივის რაოდენობა სასიამოვნო მომენტებზე უფრო მეტი იყო. თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ დარჩენილი ტურები მშვიდ ატმოსფეროში ჩაივლის და უმაღლესი ლიგის მცირე რაოდენობის, მაგრამ ერთგულ გულშემატკივარს კიდევ რამდენიმე ლამაზ მატჩს აჩუქებს.

ტური სენსაციების გარეშე

დღეს, უმაღლესი ლიგის 28-ე ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა გაიმართა. მორიგი გამარჯვება მოიპოვა თბილისის “დინამომ”. ჟვანიას შეგირდებმა ლანჩუთში ადგილობრივი “გურია” მინიმალური სხვაობით 1:2 დაამარცხეს. მიხეილს მესხზე ბოლნისის “სიონმა” “ჩიხურას” უმაპსინძლა და 3:2 მოუგო. რუსთავში ადგილობრივ “მეტალურგს” “ზესტაფონი” ესტუმრა. დაძაბულ შეხვედრაში გეგუჩაძის შეგირდებმა ბოლო წუთებზე მოახერხეს გადამწყვეტი გოლის გატანა.

ერთი შეხვედრა ქვედა ექვსეულშიც გაიმართა. მარტვილის “მერანმა” გორის “დილას” ქუთაისში უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.

 

სიონი 3-2 ჩიხურა

გოლები: ლობჟანიძე 12′ (1:0); ჭელიძე 37′ (1:1); კვასხვაძე 38′ (1:2); უგულავა 75′ (2:2); ლობჟანიძე 87′ (3:2)

გურია 1-2 დინამო

გოლები: ჩისკო 29′ (0:1); ისიანი 54′ (1:1); მარცვალაძე 74′ (1:2);

მეტალურგი 0-1 ზესტაფონი

გოლი: ჭანკოტაძე 85′ 

მერანი 0-3 დილა

გოლები: ქვილითაია 18′ ; ბოლქვაძე 45′ ; ქვილითაია 70

 

შეგახსენებთ, რომ ტური გუშინ აუტსაიდერების შეხვედრებით გაიხსნა

ზუგდიდი 2-3 ვიტ ჯორჯია

სპარტაკი 1-2 ტორპედო

აუტსაიდერები აგებენ

დღეს, ეროვნული ჩემპიონატის 28-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა და ორივე შეხვედრა აუტსაიდერების მარცხის დასრულდა. ანაკლიაში “ზუგდიდმა” “ვიტ ჯორჯია” მიიღო და უხვგოლიან შეხვედრაში 2:3 წააგო. თბილისში გამართული “სპარტაკის” და “ტორპედოს” შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით, 1:2 დასრულდა.

ზუგდიდი 2-3 ვიტ ჯორჯია

გოლები:  0:1 მაისურაძე (26), 1:1 მირცხულავა (30), 1:2 ჯავაშვილი (38 საკუთარ კარში), 1:3 კორიფაძე (81), 2:3 კირკიტაძე (89, პენალტით)

 

სპარტაკი 1-2 ტორპედო

გოლები: 1:0 შონია (38), 1:1 ჩიკვილაძე (55), 1:2 ხურციძე (84)

 

ხვალ ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართება:

დინამო – გურია

მეტალურგი – ზესტაფონი

სიონი – ჩიხურა

მერანი – დილა

უმაღლესი ლიგა – პრევიუ

დღეს, უმაღლესი ლიგის 28-ე ტური აიღებს სტარატს. თუმცა, მისი ძირითადი ნაწილი ხვალ გაიმართება. 

 

გურია – დინამო

27 აპრილი, ლანჩხუთი, 16:00

ზედა ექვსეულის პირველი და ბოლო გუნდის დაპირისპირება “ევგრაფი შევარდნაძეზე” შედგება. ლანჩხუთელებმა ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ყველა შეხვედრა წააგეს და რთული წარმოსადგენია, რომ წარუამტებელი სერიის შეწყვეტა მახარაძის შეგირდებმა გათამაშების ლიდერთან შეძლონ.

გუნდები მოედანზე საბრძოლო შემადგენლობით გავლენ. “დინამოს” დისკვალიფიკაციის გამო მხოლოდ დავით კვირკველია დააკლდება.

 

მეტალურგი – ზესტაფონი

27 აპრილი, რუსთავი, 16:00

რუსთავში პრინციპული მეტოქეების შეხვედრა გაიმართება. ადგილობრივი “მეტალურგი” “ზესტაფონს” უმასპინძებს. გასულ ტურში იმერლები მნიშნველოვან შეხვედრაში დამარცხდნენ და უშუალო კონკურენტ ბოლნისის “სიონს” მიახლოების საშულება მისცეს. პრობლემები რუსთავშიც არის. “მეტალურგს” მეორე ეტაპზე სტაბილურობა აკლია.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გეგმავს.

 

სიონი – ჩიხურა

თბილისი, მ.მესხი, 16:00

ტურის ცენტრალურ მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

ბოლნისის “სიონი” შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ზედიზედ ხუთი მოგებული მატჩის შემდეგ, საიდანაც ორში ბურდულის შეგირდებმა ლიდერების დამარცხება მაოხერხეს, “სიონი” “ჩიხურას” დაუპირისპირდება.

ფრუიძის გუნდმა სეზონის მეორე ნახევარი მძიმად დაიწყო, თუმცა ბოლო დროს თამაშის ხარისხი გამოასწორა და საქართველოს თასის ფინალის საგზურიც მოიპოვა.

 

სპარტაკი – ტორპედო

26 აპრილი, მ. მესხის სათადარიგო, 16:00

ტური ქვედა ექვსეულის მატჩებით გაიხსნება. მიხელ მესხის სათადარიგო მოედანზე ცხინვალის “სპარტაკი” ქუთაისის “ტორპედოს” მიიღებს.

კაჭარავს გუნდი მეორე ეტაპზე საკმაოდ დამაჯერებლად ასპარეზობს და ქვედა ექვსეულში ერთადერთი წაუგებელი გუნდიც არის. გამარჯვების შემთხვევაში “სპარტაკი” მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგავმს უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად.

 

ზუგდიდი – ვიტ ჯორჯია

26 აპრილი, ანაკლია, 16:00

უმაღლესში ადგილის შესანარჩნებლად მებრძოლი კიდევ ერთი გუნდი საკუთარ მეოდანზე “ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლებს. ზუგდიდელები გასავარდნ ზონაში იმყოფებიან და აღნიშნულ შეხვედრაში ქულების მოპოვებას ძალიან დიდი მნიშნველობა ენიჭება.

დარასელიას გუნდი შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. “ვიტ ჯორჯიას” კი დისკვალიფიკაციის გამო გიორგი კალანდია დააკლდება.

 

მერანი – დილა 

27 აპრილი, ქუთაისი, 16:00

მარტვილის “მერანი” ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გორის “დილას” უმასპინძლებს.

იონანიძის გუნდი ბოლო პოზიციაზე, თუმცა უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად ბოლომდე იბრძვის. მარტვილელებმა მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება მოახერხეს და შანსს კი ინარჩნებენ, მაგრამგასულ ტურში “ტორპედოსთან” დიდი ანგარიშით მარცხმა “მერანის” მდგომარეობა გაართულა.

კარგი მდგომარეობა არც “დილას” აქვს. გორულმა კლუბმა ჩემპიონატში ზედიზედ სამი თამაში წააგო და ასე თუ გააგრძელდა, შესაძლოა “დილას” პრობლემები შეექმნას. არადა გუნდი შემადგენლობიდან გამომდინარე, “დილას” ასეთი პრობლემები არ უნდა ქონდეს.

“სიონმა” “ზესტაფონი” დაამარცხა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა დღეს უმაღლესი ლიგის ტურის ცენტრალურ შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთს ბოლნისის “სიონი” და “ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ.

მატჩი საკმაოდ მშვიდად დაიწყო. პირველი მომენტის შექმნა ნომინალურმა მასპინძლებმა მოახერხეს, თუმცა “ზესტაფონელთა” კიპერი ბოიან პავლოვიჩი ბურთს ადგილზე დახვდა. ამას კახელიშვილის ფლანგური გარღვევა მოჰყვა, რომელსაც გრიგალაშვილი ვერ გაუმკლავდა და სიონის შემტევი პავლოვიჩთან ფაქტობრივად პირისპირ დატოვა, თუმცა სტუმართა მეკარე კვლავ დამაჯერებელი იყო. “სიონის” იერიშებს “ზესტაფონი” შორეული, მაგრამ არაზუსტი დარტყმებით პასუხობდა.

ანგარიში შეხვედრაში 33-ე წუთზე გაიხსნა. “სიონის” შეტევის მარჯვენა ფლანგზე, აუტის ხაზთან ახლოს დანიშნული ჯარიმი შესრულება ბოლნისელთა კაპიტანმა. ალექსანდრე გოგობერიშვილმა ითავა და როგორც შემდეგ გაირკვა სწორადაც მოქცეულა. გოგობერიშვილის ჩაწოდებული ბურთი პავლოვიჩის კარში ისე შევარდა, რომ მას არც მასპინძელთა და არც სტუმართა გუნდის ფეხბურთელი არ შეხებია.

მასპინძელთა სიხარული ხანკომკლე აღმოჩნდა. სულ რაღაც 5 წუთში “სიონის” საჯარიმოსთან დაინიშნა სახიფათო სტანდარტი, რომელიც გეწაძემ გოლად აქცია და ანგარიშიც გაათანაბრა.

მეორე ნახევარში გუნდებმა ტემპს უმატეს. შეხვედრის განახლებიდან 2-3 წუთი იქნებოდა გასული, როდესაც გიორგი კახელიშვილს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ბურთს ვერ შეწვდა. ამ მომენტიდან ზუსტად ერთ წუთში კი, “ზესტაფონის” დაწინაურება დოლიძეს შეეძო, რომელიც მერლანთან პირისპირ აღმოჩნდა. ბოლნისელთა გოლკიპერმა ბურთის კუთხურზე მოგერიება შესძლო.

ტაიმი ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა. უნდა აღინიშნოს შარიქაძის კარგი თამაში, რომელიც “ზესტაფონის” ყველა შეტევას დირიჟორობდა. თუმცა, 75-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში სწორედ შარიქაძის მიერ თამაშის წესების დარღვევას “ზესტაფონის” კარში დანიშნული პენალტი მოჰყვა, რომელიც გოგობერიშვილმა ზუსტას შეასრულა და საკუთარი გუნდი შეხვედრაში მეორედ დააწინაურა.

დარჩენილ დროში “ზესტაფონი” სრული ძალებით უტევდა, მაგრამ უშედეგოდ. “სიონმა” კიდევ ერთი ლიდერის დამარცხება მოახერხა და ევროთასებს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

 

სიონი 2-1 ზესტაფონი

გოლები: გოგობერიშვილი 33′ (1:0): გეწაძე 38′ (1:1); გოგობერიშვილი 75′ (2:1)

სიონი: მერლანი, აბრამიძე, ფოფხაძე, სვანიძე, ცხადაია, გოგობერიშვილი, იმედაშვილი, ლობჟანიძე (კანდელაკი 90′), თოთაძე, სამხარაძე (განუგრავა 62′), კახელიშვილი (უგრეხელიძე 82′)

სათადარიგოები: ზუხბაია, ადამია, ქემოკლიძე, მამასახლისი

მწვრთნელი: ვლადიმერ ბურდული

ზესტაფონი: პავლოვიჩი, გრიგალაშვილი, რენე ფერეირა, ჭელიძე, გურული, შარიქაძე, ჭანკოტაძე (კაპანაძე 77′), ჭანტურიშვილი, დოლიძე (ფანცულაია 70′), გეწაძე, ტატანაშვილი (საბანაძე 64′)

სათადარიგოები: მეშველიანი, გრიგალაშვილი, სარდალიშვილი, გაგოშიძე.

მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე

IMG_0553IMG_0558IMG_0532IMG_0517IMG_0501IMG_0495IMG_0560IMG_0561IMG_0489IMG_0436IMG_0392IMG_0456IMG_0378IMG_0340IMG_0565

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

დინამომ მოგება გაიხსენა

უმაღლესი ლიგის მორიგი ტური ზედა ექვსეულში გამართული სამი მატჩით დასრულდა. ივანწმინდაში “ჩიხურამ” “გურიას” სამი უპასუხო გოლი გაუტანა და მოუგებელი სერიას შეწყვიტა. რუსთავში თბილისის “დინამომ” ადგილობრივი “მეტალურგის” დამარცხებით ორმატჩიანი წარუმატებელ პერიოდს წერტილი დაუსვა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა, ხოლო “მიხეილ მესხზე” ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში ბოლნისის “სიონმა” “ზესტაფონის” დამარცხება მინიმალური სხვაობით შესძლო.

ჩიხურა 3-0 გურია

გოლები: გაბედავა 28′ ; ჭელიძე 39′ ; კვასხვაძე 84′

სიონი 2-1 ზესტაფონი

გოლები: გოგობერიშვილი 33′ (1:0); გეწაძე 39′ (1:1); გოგობერიშვილი 75′ (2:1)

მეტალურგი 0-2 დინამო

გოლები: ჩისკო 18′ ; პაპუნაშვილი 89′ 

 

ქვედა ექვსეულის დღევანდელ მატჩში “ზუგდიდამ” გორის “დილას” უმაპსინძლა და მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა. ზუგდიდელები 25-ე წუთისთვის კიკიტაძის და სამუშიას გოლებით იგებდნენ. პირველი ტაიმის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე გორელებმა ლომიძის ძალისხმევით სხვაობა შეამცირეს. მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა.

უბრალო დამთხვევა თუ …

მეორე წრის წინ მოტივაციის გარეშე დარჩენილ გუნდებზე ბევრს ვწერდით. უმაღლესი ლიგის გათამაშების ფორმატიდან გამომდინარე, ლიგაში რამდენიმე ისეთი გუნდი აღმოჩნდა, რომელსაც სეზონის დასრულებამდე ორი თვით ადრე არანაირი მოტივაცია და მიზანი აღარ გააჩნიათ.

მაგალითად, ლანჩხუთის „გურია“. გურულებმა ექვსეულში მოხვედრა დაიბევეს და შესაბამისად უმაღლესშიც შეინარჩუნეს ადგილი, თუმცა ზედა ექვსეულში მახარაძის გუნდი გამოცდილ მეტოქეებს კონკურენციას ვერ უწევს და ეს ალბათ არც სჭირდება.

ანალოგიურ სიტუაციაშია ქვედა ექვსეულში მყოფი სამი გუნდი. ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად „სპარტაკი“, „მერანი“ და „ზუგდიდი“ იბრძვიან, ხოლო „ვიტ ჯორჯია“, „დილა“ და „ტორეპდო“ ფაქტობრივად ამხანაგური მატჩებს ატარებენ ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით. მათ ასპარეზობას თითქმის არანაირი სატურნირო ინტრიგა არ გააჩნია.

სამწუხაროდ, ჩვენთან დიდი მნიშვნელობა არ აქვს მეხუთეზე გახვალ თუ მეშვიდეზე… კლუბი ამით რაიმე განსაკუთრებელ სარგებელს ვერ ნახავს. მაგრამ, სარგებლის, თანაც საკმაოდ დიდის, ნახვა შეიძლება უცხოურ ტოტალიზატორებში, რასაც ფეხბურთის ფედერაციის კვირის დასაწყისში გახმაურებული გადაწყვეტილებაც ადასტურებს. საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგის ხუთი წარმომადგენელი უეფას მიერ საეჭვო მატჩებში იქნა შემჩნეული, რაც საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა.

ევროპული და აზიური ტოტალიზატორები კვლავაც აქტიურად იღებენ ფსონებს საქართველოს ნებისმიერი ლიგის მატჩზე. ეს ბუნებრივი პროცესია, რასაც ვერაფერი ვეღარ შეცვლის.. მთავარია, თვითონ ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და ფეხბურთში დასაქმებულმა ხალხმა სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვა ისწავლოს. ამის სურვილს კი, საქართველოში სამწუხაროდ ჯერ ვერ ვხედავთ…

მოტივაციის გარეშე დარჩენილი გუნდების თემას შევეხეთ და სწორედ ერთ-ერთ ასეთ გუნდზე გვინდა საინტერესო დაკვირვება გაგანდოთ. მოგეხსენებათ, ქუთაისის „ტორპედოს“ მეორე წრის წინ ფინანსური პრობლემები შეექმნა, რამაც საკმაოდ მასშტაბური საკადრო ცვლილებები გამოიწვია ქუთაისურ გუნდში. შეიცვალა კლუბის ხელმძღვაელობა და გუნდის შემადგენლობა. მთავარ მწვრთნელად კი, რევაზ ძოძუაშვილი დაინიშნა. „ტორპედომ“ ზედა ექვსეულში მოხვედრა ვეღარ შესძლო და ჩემპიონატის გაგრძელება მეორე ეშელონიშ გუნდებში მოუწია.

ამის ფონზე საინტერესოა, რომ „ტორპედოს“ უკანასკნელ ექვს შეხვედრაში ძოძუაშვილმა ყველა მატჩში პირველ ტაიმში ერთი ცვლილება მაინც განახორციელა. „ჩიხურასთან“, „სპარტაკთან“, „დილასთან“, „ზუგდიდთან“, „მერანთან“ და „ვიტ ჯორჯიასთან“ შეხვედრებში ძოძუაშვილმა თავის „ტრადიციას“. „ვიტ ჯორჯიასთან“ შეხვედრაში კი, სულაც ორი მოთამაშე გამოცვალა შეხვედრის პირველ ნახევარში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ აქედან ერთი ცვლილება იძულებითი ხასიათის იყო და მოთამაშის ტრავმით იყო გამოწვეული. სტატისტიკურად, ცვლილეებების ყველაზე დიდი პროცენტი მეორე ნახევრის შუაში ხდება, ძირითადად 70-ე წუთისთვის. ხოლო ყველაზე ნაკლებად მწვრთნელები ცვლილებებს სწორედ პირველ ნახევარში მიმართავენ.

ჩვენ ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებთ, მაგრამ ტოტალიზატორებში ფსონების მიღება რომ მატჩის შედეგის გამოცნობით არ შემოიფარგლება ახალი ამბავი ნამდვილად აღარ არის. ფსონების დადება ფაქტობრივად ნებისმიერ პოზიციაზეა შესაძლებელი. სწორედ ამის გამო, სოციალურ ქსელებში გულშემატკივრებს გარკვეული ეჭვებიც გაუჩნდა და სიტუაციაში უკეთესად გარკვევის მიზნით, „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელს, რევაზ ძოძუაშვილს დავუკავშირდით და აღნიშნულ კომენტარი ვთხოვეთ.

 

რევაზ ძოძუაშვილი: ასეთმა ხმებმა ჩვენამდეც მოაღწია, მაგრამ ამ თემაზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა. ვისაც ეჭვი ეპარება შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და ყველა თამაშს და ცვლილებას პროფესიონალურად გავარჩევთ. ვპირედები, რომ 100% დავარწმუნებ იმ ცვლილებების საჭიროებაში და სისწორეში. ეჭვი ნებისმიერ რამეზე შეგვიძლია მივიტანოთ, მაგრამ მას დასაბუთებაც უნდა. ამ შემთხვევაში საქმე უბრალოდ უცოდინარობასთან გვაქვს.

ჩევნი გუნდი ახალი შექმნილია და ასეთი ფაქტები ბუნებრივიც არის. სეზონის მსვლელობისას გუნდის შენება გრძლედება. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებების უმრავლესობამ გაამართლა და მატჩის შედეგზეც იქონია გავლენა. უმჯობესი იქნება,  რომ ასეთ აბსურდულ თემებს შევეშვათ და ერთად იმ საკითხებზე ვიზრუნოთ, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს.