„ვიტალი დარასელია 60“- წიგნის პრეზენტაცია

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნის – „ვიტალი დარასელია 60″ – პრეზენტაციას უმასპინძლა.

„ვიტალი დარასელია 60″ ფეხბურთელის შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილების, ინტერვიუების, ჩანახატების და მოგონებების კრებულია და მისი წიგნის შემდგენელი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ლაშა გოდუაძეა.

პრეზენტაციას ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრები, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი,ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური პირები, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრეზენტაციის დაწყებამდე, შეკრებილ საზოგადოებას ღონისძიების მასპინძელმა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა სიტყვით მიმართა: „ჩვენთვის პატივია ვუმასპინძლოთ წიგნის პრეზენტაციას, რომელიც ლეგენდარულ ფეხბურთელს, თბილისის დინამოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორს, ვიტალი დარასელიას ეძღვნება, წელს მისი 60 წლის იუბილეა. მომავალ თაობებს ეს წიგნი იმ ისტორიას და კვალს შემოუნახავს, რომელიც ვიტალი დარასელიამ, მისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ფეხბურთში დატოვა. და სწორედ ამიტომაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს წიგნი, რომლისთვისაც დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ პირველ რიგში წიგნის შემდგენელს და ყველა იმ ადამიანს თუ უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ იდეის განხორციელებაში.“ 
„საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წელს რამდენიმე კარგი წიგნი გამოსცა და სპორტული კუთხით ძალიან წარმატებული წლის მიწურულს კიდევ ერთი გამოცემით გაგვახარა – ეს წიგნი, რომელიც ყველას საჩუქრად გადმოგეცათ, ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს ვიტალი დარასელიას ეძღვნება. თუ როგორი ფეხბურთელი იყო დარასელია და რა ღვაწლი მიუძღვის თბილისის დინამოს და ზოგადად, ქართული ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციაში, ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან დარწმუნებული ვარ აქ შეკრებილი საზოგადოებიდან ყველამ ძალიან კარგად იცის ამის შესახებ. მას მხოლოდ ერთი სიტყვით მოვიხსენიებ – ლეგენდა! ვიტალი დარასელია სწორედ ასეთად შემორჩა ქართულ ფეხბურთს და ზოგადად, საქართველოს. ქართული ფეხბურთის ნათელი მომავალი სახელოვანი წარსულის ჯეროვანი დაფასების გარეშე წარმოუდგენელია, ეს ყველა ჩვენგანს უნდა გვახსოვდეს. ვფიქრობ, ასეთი გამოცემები საამისოდ მისწრებაა”, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
გამოცემაზე დეტალურად ისაუბრა წიგნის შემდგენელმა ლაშა გოდუაძემ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქრისტინე დარასელიამ,ლეგენდარული დინამოს კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა.

Gff.Ge

ვიტალი დარასელია რუსეთში დააპატიმრეს

რუსული პრესის ცნობით, თბილისის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას შვილი, 35 წლის ვიტალი დარასელია უმცროსი გაასამართლეს და 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

წყაროს ინფორმაციით, საქმე ბინის გაძარცვას ეხება, რომელშიც ორი ადამიანი ირაკლი გოლანძია და ვიტალი დარასელია იღებდნენ მონაწილეობას.

დაკითხვაზე გოლანძიამ განაცხადა, რომ ბინა თავად გაქურდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდა დარასელიას, რათა მისთვის ვალი დაებრუნებინა. თუმცა, ამ ვერსიას სამართალდამცავებმა არ დაუჯერეს და ორივე პიროვნება დააკავეს.

ვიტალი დარასელია უმცროსი საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელი იყო. საუკეთესო წლებში “დინამო თბილისის” ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე. 2004 წლის თანამეგობრობის თასზე დარასელია ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა…

ვიტალი დარასელიას გახსენება…

დღეს, 13 დეკემბერს, 32 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც ქართული ფეხბურთის გამორჩეული სახე – ვიტალი დარასელია ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ვიტალი დარასელია – ამ სახელის ხსენებაზე, ქართველ გულშემატკივარს, უპირველესად, ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გოლი ახსენდება. დიუსელდორფის სტადიონის ტაბლოზე ანთებული 87-ე წუთი – 2:1 და თბილისის „დინამოს“ დაუვიწყარი გამარჯვება.

ის მხოლოდ 25 წლის იყო, როცა ამქვეყნიდან წავიდა… თუმცა, თავისი გამორჩეულობით იმდენი მოასწრო, რომ მარადიულად დარჩა ქართველი გულშემატკივრების გულსა და გონებაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პატივს მიაგებს ვიტალი დარასელიას ხსოვნას და მის მარადიულ სახელს.

სფფ-ის პრესსამსახური

ვიტალი დარასელია – 56

დინამოს ლეგენდას ვიტალი დარასელიას დღეს 56 წელი შეუსრულდებოდა. ვიტალი დარასელია 17 წლის ასაკში ჩაირიცხა საქართველოს საუკეთესო კლუბში და მალე დაიმკვიდრა ადგილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში. დარასელია ჩვენი გუნდის და საბჭოთა კავშირის ნაკრების შეუცვლელ ფიგურად იქცა. დინამოში 1975 წლიდან 1982 წლამდე იასპარეზა და 273 შეხვედრაში გაიტანა 40 გოლი. მისი როლი ძალიან დიდია დინამოელთა მიერ მოპოვებულ დაუვიწყარ გამარჯვებებში. დარასელიას საფეხბურთო კარიერის გვირგვინად კი თასების თასის ფინალურ შეხვედრაში კარლ ცეისის კარში გატანილი გადამწყვეტი გოლი იქცა. გოლი, რომელიც დამსახურებულად არის მიჩნეული ჩვენი კლუბის უმდიდრეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან გოლად. სსრკ– ს ჩემპიონი 1978, ვერცხლისმედალოსანი 1977, სამგზის პრიზიორი 1976 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე და 1981 წელს. ბროლის თასის ორგზის მფლობელი 1976 და 1979 წლებში. უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი 1981 წელს. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში შედიოდა 5 ჯერ. ვიტალი დარასელია 1982 წლის 13 დეკემბერს, 25 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.

დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემია ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს.

FCDinamo.GE