გურამ კაშია: “ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი უდიდებულესი მომენტია”

ჰოლანდიის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე არნემის “ვიტესმა” სტუმრად როტერდამის “სპარტა” ლუის ბეიკერის დუბლის წყალობით ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალურ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა არნემელთა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ.

“როგორც იქნა, თასის მოგების შანსი გაგვიჩნდა. ამ კლუბს დიდი ისტორია აქვს, მაგრამ – არა ტიტულები. ჰოლანდიაში უკვე შვიდი წელია ვთამაშობ და ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი უდიდებულესი მომენტია. ვაცნობიერებთ, რამდენად ახლოს ვართ თასის მოგებასთან. მადლობას ვუხდი ლუის ბეიკერს. იგი ტექნიკურად შესრულებული დარტყმებით მთელი სეზონის განმავლობაში გვეხმარება”, – კაშიას სიტყვები “ტელეგრააფმა” გამოაქვეყნა.

ტურნირის მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს “ალკმაარი” და “კამბიური” დაუპირისპირდებიან. მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ჰოლანდიის თასის ფინალური შეხვედრა 30 აპრილს არის დაგეგმილი.

“ვიტესის” ფეხბურთელი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ჰოლანდიური გამოცემა De Telegraaf-ის ცნობით, არნემის “ვიტესის” მცველი უოლას ოლივეირა დოს სანტოსი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ინციდენტის დეტალები არ ხმაურდება. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ფაქტი არნემის ერტ-ერთ რესტორანში მოხდა. 20 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ლ;ონდონის “ჩელსის” ეკუთვნის, “ვიტესში” კი იჯარის წესით თამაშობს.

ჰოლანდიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში უოლასმა 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

 

ყაზაიშვილმა საგოლე პასი გააკეთა

ჰოლანდიის ერედივიზიონის VIII ტურის გახსნით შეხვედრაში არნემის “ვიტესმა” საკუთარ მოედანზე “დენ ჰააგი” მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რაშიც არნემელთა ქართველმა ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმაც დაიდო საკუთარი წვლილი. როგორც მოგეხსენებათ, დევი პრიოპერს ტრავმა აწუხებს და მის ნაცვლად უკვე მეორე მატჩია, “ვიტესის” თავკაცი პეტერ ბოში სასტარტო შემადგენლობაში ყაზაიშვილს აყენებს, მიცემულ შანსს კი ახალგაზრდა ქართველი შემტევი მშვენივრად იყენებს. წინა მატჩში ჩვენებურმა ჰეთ-თრიკიც კი შეასრულა.

რაც შეეხება “ვიტესსა” და “დენ ჰააგს” შორის გამართულ შეხვედრას, ანგარიში მე-5 წუთზე კელვინ ლერდამმა გახსნა, რომელსაც საგოლე პასი სწორედ ყაზაიშვილმა მიაწოდა. იმავე ლერდამმა მე-14 წუთზე დუბლი შეასრულა, ყაზაიშვილმა ამ საგოლე ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა, მან ხელსაყრელ პოზიციაზე აბიოლა დაუდა გაიყვანა, რომელმაც თავის მხრივ, ლერდამს საგოლე პასი გაუკეთა. 21-ე წუთზე მიხილ კრამერმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა არნემელებმა პირველი ტაიმის მიმდინარეობისას კიდევ სამი გოლი გაიტანეს: 31-ე წუთზე ტიმოტი დერეიკმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 37-ე წუთზე მარკო ვეინოვიჩმა საჯარმო დარტყმით გაიტანა, იმავე ვეინოვიჩმა მე-40 წუთზე პენალტი გამოიყენა.

62-ე წუთზე დაუდას წაქცევისთვს დანიშნული თერთმეტმერიანი დარტყმა კვლავ ვეინოვიჩმა შეასრულა და ჰეთ-თრიკიც ჩაიწერა.

საბოლოო ჯამში, “ვტესმა” “დენჰააგი” ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

ყაზაიშვლმა მატჩი სრულად ჩაამთავრა. რაც შეეხება გურამ კაშიას, მას, როგორც მოგეხსენებათ, ფეხის თითი აქვს მოტეხილი და განაცხადში არ ყოფილა.

ჰოლანდიის ერედივიზიონის სატურნირო მდგომარეობის სანახავად გადადით ბმულზე: ცხრილები


ყაზაიშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა

ჰოლანდიის ერედივიზიონის VII ტურში არნემის “ვიტესი” “დორდრეხტს” ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 6:2 გაანადგურა. არნემელთა მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ბოშმა გადაწყვიტა, რომ ტრავმირებული დევი პრიოპერის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ვაკო ყაზაიშვილი დაეყენებინა და ამ იძულებითმა ცვლილებამ სასარგებლო შედეგიც გამოიღო. ექვსი გატანილი ბურთიდან სამი ყაზაიშვილის ანგარიშზეა. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა მასპინძელ გუნდს 55-ე, 65-ე და 93-ე წუთებზე გაუტანა. ყაზაიშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა.

რაც შეეხება გურამ კაშიას, მას, როგორც მოგეხსენებათ, ფეხის თითი აქვს მოტეხილი და დღეს განაცხადში არ ყოფილა.

 

ყაზაიშვილი „ვიტესთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს

არნემის „ვიტესის“ შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი კლუბთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს. ქართველ ფეხბურთელს ხელშეკრულება 2014 წლის ივნისამდე ჰქონდა გაფორმებული, ახალი კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

ვაკო ყაზაიშვილმა ჰოლანდიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 22 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ჰოლანდიური კლუბის ღირსებას 2011 წლიდან იცავს.

გარდა ამისა, „ვიტესი“ ორი წლის ვადით კონტრაქტს უხანგრძლივებს კლუბის ეკვადორელ თავდამსხმელ რენატო იბარას.

„რენატოც და ვაკოც ნიჭირი ფეხბურთელები არიან“, – აღნიშნა „ვიტესის“ ტექნიკურმა დირექტორმა მოჰამედ ალახმა.

ბექა დოგრაშვილი

გურამ კაშია: „მოხარული ვარ, რომ „ვიტესს“ ჩემი გოლით დავეხმარე“

როგორც მოგეხსენებათ, ჰოლანდიის ერედივიზიონის 21-ე ტურში როტერდამის „ფეინოორდსა“ და არნემის „ვიტესს“ შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მასპინძლები 39-ე წუთიდან იგებდნენ, თუმცა შეხვედრის 57-ე წუთზე გურამ კაშიამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და „ვიტესს“ ქულა მოუტანა.

ჰოლანდიური კლუბის ქართველმა კაპიტანმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„იმედგაცრუებული არ ვარ, თუმცა არც კმაყოფილი არ გახლავართ. აქ ქულის მოპოვება ყველა გუნდს უჭირს. ჩვენი საუკეთესო თვისებები გამომავლინეთ, განსაკუთრებით ეს მეორე ტაიმში მოვახერხეთ. დიდი მუშაობა გავწიეთ და ვფიქრობ, რომ არც ერთი ქულაა ურიგო შედეგი.

მშვენიერი გოლი გავიტანე. ვცდილობდი, რომ გამეტანა და მოხარული ვარ, რომ გუნდს ჩემი გოლით დავეხმარე.

ვამაყობ, რომ ჩემს გუნდს ჩემპიონატის ბოლო 12 მატჩში არცერთი მარცხი არ აქვს. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ვამაყობ ჩემი გუნდით, ეს ჩვენი მუშაობის შედეგია“, – აღნიშნა გურამ კაშიამ.

21 ტურის შემდეგ მეორეადგილოსან „ვიტესს“ აქტივში 42 ქულა აქვს და და ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ ამსტერდამის „აიაქსს“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ბექა დოგრაშვილი

„ვიტესმა“ „აიაქსი“ ყაზაიშვილის გოლით დაამარცხა

ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-12 ტურში ამსტერდამის „აიაქსსა“ და არნემის „ვიტესს“ შორის გამართული მატჩის ბედი ახალგაზრდა ქართველმა თავდამსხმელმა ვაკო ყაზაიშვილმა გადაწყვიტა. მთელი 90 წუთის განმავლობაში ანგარიში არ გახსნილა. ყაზაიშვილი მოედანზე შეხვედრის 73-ე წუთზე შევიდა და 90-ე წუთზე ერთადერთი გოლი გაიტანა. სწორედ ამ ბურთის წყალობით „ვიტესმა“ მრისხანე მეტოქე სტუმრად მინიმალური უპირატესობით დაამარცხა.

ჩვეულებისამებრ, მატჩი სრულად ჩაატარა გურამ კაშიამ. გიორგი ჭანტურია კი სათადარიგოთა შორის იყო.

გთავაზობთ ყაზაიშვილის მიერ გატანილი გოლის ამსახველ ვიდეომასალას.

 

ჟორდანიამ „ვიტესი“ გაყიდა

არნემის „ვიტესის“ მფლობელმა მერაბ ჟორდანიამ კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუს ბიზნესმენ ალექსანდრ ჩიგრინსკის მიჰყიდა. ჩიგრინსკი 2010 წლიდან  ჟორდანიას ფინანსურ პარტნიორად ითვლებოდა, რუსი ბიზნესმენი ლონდონის „ჩელსის“ მფლობელ რომან აბრამოვიჩთან დაახლოებული პირია.

„უკვე ვთქვი, რომ ჩიგრინსკი გვერდში მიდგას „ვიტესის“ აქციათა ყიდვის დღიდან. ახალ დონეზე გადასასვლელად „ვიტესმა“ ნაბიჯი უნდა გადადგას. ვფიქრობ, დადგა დრო, კლუბის აქციათა პაკეტი გავყიდო“, – ციტირებს ჟორდანიას სიტყვებს ჰოლანდიური გამოცემა „დე ტელეგრააფი“.

„ვიტესს“ ჰოლანდიის ჩემპიონატში მე-6 პოზიცია აქვს დაკავებული და ლიდერ „ტვენტეს“ 2 ქულით ჩამორჩება.