ლევან კობიაშვილი: “ფაჩულია საოცარი ერთიანობის მიზეზი იყო და არის ყველა ქართველისათვის”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა “გოლდენ სტეიტ უორიორსის” ქართველ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას NBA-ს საჩემპიონო ტიტულის მოგება მიულოცა.

“ზაზა ფაჩულია NBA-ის პირველი ქართველი ჩემპიონია! დღეს, ჩვენ, ყველა ერთად ჩვენი კაპიტნის უდიდეს წარმატებას ვზეიმობთ!

ამ უკანასკნელ პერიოდში ზაზა არამარტო საკალათბურთო ვარსკვლავი, გამორჩეული პროფესიონალი და კარგი ადამიანი, არამედ საოცარი ერთიანობის მიზეზი იყო და არის ყველა ქართველისათვის! თუკი შეიძლება, ვინმე გამორჩეულად იმსახურებდეს მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის ელჩის წოდებას, ეს ზაზაა და მე ამაყი და ბედნიერი ვარ, როდესაც ამ სიტყვებს ვამბობ!

გილოცავთ, საქართველოს NBA-ის ჩემპიონი ჰყავს!” – წერს სოციალურ ქსელში კობიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც NBA-ის საჩემპიონო ტიტული მოიპოვა.

სახალხო დამცველი ზაზა ფაჩულიას აკადემიას დისკრიმინაციაში ამხელს

საქართველოს სახალხო დამცველი ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და “გოლდენ-სტეიტ უორიორსის” წევრ ზაზა ფაჩულიას აკადემიას დისკრიმინაციაში ამხელს. კერძოდ, უჩა ნანუაშვილის უწყება შპს “ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის” PR სპეციალისტის პოზიციაზე პირის აყვანაზე უარის თქმის რეალურ მიზეზად მის განსხვავებულ მოსაზრებას მიიჩნევს.

ომბუდსმენმა მიიჩნია, რომ განმცხადებელს კალათბურთის აკადემიაში დასაქმებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან მან თავის ფეისბუქის გვერდზე კრიტიკული პოსტი დაწერა აკადემიის დამფუძნებლისა და დირექტორის ზაზა ფაჩულიას მეგობრის, ლევან კობიაშვილის შესახებ. განმცხადებლის განმარტებით, მას აკადემიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პოსტის წაშლა სთხოვა, რადგან ზაზა ფაჩულია ლევან კობიაშვილთან მეგობრობს და თავს უხერხულად გრძნობდა.

როგორც რეკომენდაციის დოკუმენტშია აღნიშნული, 2016 წლის 16 აგვისტოს განმცხადებელმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა პოსტი, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს, რომელიც გლდანის 21-ე ოლქში პარტია “ქართული ოცნების” მიერ მაჟორიტარობის კანდიდატად იყო წარდგენილი.

“ვინ ხართ თქვენ, ბიჭოოოო….. !!!!!!!
რევოლუცია იმიტომ მოაწყვეთ, რომ ბოლოს ეს გაგეკეთებინათ?! ადამიანი იმიტომ
დაიჭირეთ, რომ მანდ მოხვედრილიყავით და ვერ გავიგე, დეპუტატობა ფედერაციის შენობის
გავლითაა?! წესი ასეთია?! ამდენ ადამიანს იმიტომ დაამხეთ ცხოვრება, რომ ბოლოს აქამდე
მისულიყავით?! მანდ ხო დააწიწკნეთ ყველაფერი, ხო გამოტენეთ პროფესიონალებით და
ტალანტებით?!
ეს არის დამპალი პრაქტიკა, დამპალი იყო და იქნება – აკეთე ერთი საქმე, შენი საქმე და აკეთე
თუ შეგიძლია…. კანონმდებლობა რომ არ კრძალავს, ეგეც არის დიდი სისულელე და რა
პრეცედენტებიც ყოფილა, ყველა სისულელე იყო.
ჰო, ვერ ვიქნები ობიექტური და 8 თვე კი არა, 8 საუკუნე რომ გავიდეს, ამათ ვერ მოვინელებ…
იმათ ვერ მოვინელებ, ვინც პოლიტკორექტული სახეებით მოჰყვნენ, ადამიანის ცხოვრებაში,
საქმეში ხელები აფათურეს, თავზე დაამხეს ცხოვრება, მოწყვიტეს ცხოვრების საქმეს,
დატოვეს ღია ცის ქვეშ და მერე წავიდნენ : ))) ჰო, ასე! ხო გეკიდათ მაშინაც ბურთიც, ბალახიც,
მოედანიც და ახლაც ხო გკიდიათ?! აბა, რა ბებიათქვენის გინდოდათ?! ხო გამიჯნეთ სპორტი
და პოლიტიკა?! ხო სამართლიანები ხართ?! ხო გადარეცხეთ სისხლიანი 9 წლის ნარჩენები?!
კატების ქვეყანა…. ან კატებს რას ვერჩი :/
შიდა ბარდაგი დაალაგე, ოქრო, გლდანი დიდია, პილასოსი ვერ გაგიქაჩავს…
ფუი თქვენი…
P.S. ჰო, მისდექით ახლა დამლაიქებელ-დამკომენტარებლებს და სათითაოდ ურჩიეთ საქმე
:))) ამის პრაქტიკა ხომ გაქვთ?!”, – აღნიშნული იყო პოსტში.

რეკომენდაციით სახალხო დამცველმა შპს “ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას” მოუწოდა, მომავალში თავი შეიკავოს შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

იხილეთ რეკომენდაციის ელექტრონული ვერსია

დალასთან დაძაბულ მატჩში ზაზა ფაჩულია ორმაგ დუბლს მიუახლოვდა

ზაზა ფაჩულიას შედეგიანი თამაში და მორიგი დასანანი მარცხი. „მილუოკი ბაქსმა“ 2 დეკემბერს კლივლენდში 3 ქულით წაგების შემდეგ დღეს, გამთენიისას „დალას მავერიკსს“ უმასპინძლა და შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში – 105:107 დათმო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს ორმაგ დუბლამდე 2 ქულა და 1 მოხსნა დააკლდა. ზაზა ფაჩულიამ სტაბილურად ითამაშა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და მილუოკელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 8 ქულა დააგროვა და ამას 9 მოხსნა და 2 პასი მოაყოლა. ფაჩულიამ 2 ჯარიმა მიიღო და მოედანზე ყოფნის 26 წუთში ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.

მილუოკელთაგან ბომბარდირობა არავის დაუთმო ბრენდონ ნაითმა, რომელმაც 25 ქულა მიითვალა. 21 ქულა ჰქონდა კრის მიდლტონს, სასტარტო ხუთეულში გამოჩენილმა ოჯეი მაიომ კი პირად ანგარიშზე 12 ქულა ჩაიწერა.

მიუხედავად მარცხისა, ფაჩულიას გუნდი კონკურენტთა წაგებების ხარჯზე ცხრილში დაწინაურდა. 10-10 მოგებ-წაგებით „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე აღზევდა (გუშინ მე-7-ზე იყო). მომდევნო მატჩი „ხარირმებს“ ხვალ, გამთენიისას, შინ „მაიამისთან“ ელით.

GBF.GE

ზაზა ფაჩულიას 5 ქულა კლივლენდში და ბრძოლაში წაგებული მატჩი

2-მატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია თავის გუნდს დაუბრუნდა და „კლივლენდთან“ ითამაშა. მილუოკელებმა სტყუმრად დიდი ბრძოლა გაუმართეს ლებრონ ჯეიმსის გუნდს და დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წუთებზე 108:111 დამარცხდნენ.

ბებიის გარდაცვალების გამო ფაჩულია თბილისში იმყოფებოდა და როგორც ვთქვით, 2 მატჩი გაუცდა. კლივლენდში კი ქართველმა ცენტრმა 25 წუთი ითამაშა და თავი 5 ქულას, 4 მოხსნას და თოთო პასს, ჩაჭრას და დაფარებას მოუყარა. ფაჩულიამ 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 6-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში თანაბარი იყო და ასე ქულა-ქულაში გაგრძელდა თამაში ბოლო წუთებამდე, სადაც მასპინძლებმა გამარჯვების მიღწევა მოახერხეს. კლივლენდელებს კაირი ირვინმა (28 ქულა), კევინ ლავმა (26) და ლებრონ ჯეიმსმა (26) ულიდერეს. „მილუოკიში“ 27 ქულით ბრენდონ ნაითი გამოირჩა, ხოლო ახალბედა ჯაბარი პარკერმა თავი 22 ქულას მოუყარა.

10 მოგებითა და 9 მარცხით „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს ხვალ, გამთენიისას, შინ „დალასთან“ ელის.

GBF.GE

ზაზა ფაჩულია ტრავმის გამო 1 თვე ვერ ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და “მილუოკი ბაქსის” ცენტრი ზაზა ფაჩულია მინიმუმ 1 თვე ვერ ითამაშებს. ქართველი ცენტრის ტრავმის სტატუსზე განცხადება გუნდის გენერალურმა მენეჯერმა ჯონ ჰემონდმა გააკეთა.

ზაზამ 2 მატჩი უკვე გამოტოვა, იმის წინა მატჩში კი, “დეტროიტთან” 4 დეკემბერს, მხოლოდ 6 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა. შეგახსენებთ, რომ ფაჩულიამ გასულ აპრილს აქილევსის მყესზე ოპერაცია გაიკეთა და 6 თვე გაუცდა.

GBF.GE

ზაზა ფაჩულია ქართველი ბავშვებისთვის „ჰოუქსის“ ძველი პარკეტის შეძენას აპირებს

მოგეხსენებათ, არც ისე დიდი ხნის წინ „მილუოკი ბაქსმა“ ახალი პარკეტი შეიძინა.

სამწუხაროდ, აღნიშნული პარკეტის მდგომარეობა არც თუ ისე დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. მეტიც, ამის გამო „ბაქსსა“ და „ტორონტო რეპტორს“ შორის წინასასეზონო მატჩიც კი შეწყდა.

ახალ სეზონში გუნდი ჯერჯერობით კვლავ ძველ პარკეტზე თამაშობს.

ამის შესახებ კომენტარი „ირმების“ ცენტრმა, საქართველოს ნაკრების ლიდერმა ზაზა ფაჩულიამ გააკეთა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ თავისი ამჟამინდელი გუნდის ძველი პარკეტის შეძენაზე ფიქრობს, რათა შემდგომ მასზე პატარა ქართველმა კალათბურთელებმა ივარჯიშონ.

„ეს ჩემი ოცნებაა. მსურს, რომ იგი ასრულდეს. ამ პარკეტზე NBA-ს არაერთ ვარსკლავს აქვს ნათამაშები. შესანიშნავი იქნება, თუ ქართველ ბავშვებს ასეთი დონის პარკეტზე ვარჯიშის საშუალება მიეცემათ“, – განაცხადა ფაჩულიამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

მატჩის საუკეთესო ზაზა ფაჩულიამ მილუოკის ბოსტონში მოაგებინა

ზაზა ფაჩულია შეუჩერებელია. ზედიზედ მეორე მატჩში ის თავის გუნდში საუკეთესო ხდება და თუ ასე გააგრძელებს, სეზონის საუკეთესო მე-6 მოთამაშის (სათდარიგოს) პრიზსაც დაიმსახურებს. თუმცა ეს შეიძლება იმის გამო არ მოხდეს, რომ ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში აინაცვლოს, რადგან ამას ზაზა ნამდვილად იმსახურებს. უკვე მეორე მატჩია, ფაჩულია აშკარად ჩრდილავს “მილუოკის” სასტარტო ცენტრ ლარი სანდერსს.

ისე კი, რა აზრი აქვს, სასტარტო იქნება თუ სათადარიგო – ფაჩულია მოედანზე საკმაო დროით იმყოფება და შედეგიანობით ჯერჯერობით ყველა თანაგუნდელ სჯობნის. ზაზამ აღნიშნა კიდეც 1 თვის წინ თბილისში ყოფნისას, რომ მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს სათადარიგო ცენტრად ყოფნა. ჩემი საქმე მოედანზე გასვლა და გუნდის დახმარებააო.

სეზონის პირველ მატჩში ფაჩულიამ ორმაგი დუბლი (13 ქულა, 11მოხსნა) შეასრულა, დღეს გამთენიისას კი ამ შედეგის გამეორებამდე 1 მოხსნა დააკლდა, თუმცა მთლიანობაში ზაზა დღეს, “ბოსტონთან” უფრო შედეგიანი იყო. ქართველმა ცენტრმა 20 ქულა მოაგროვა, რაც ნბა-ში ქართველი კალათბურთელისთვის მართლაც გამორჩეული შედეგია.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, “მილუოკიმ” მოიგო და ამაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ ფაჩულიას მიუძღვის. მოგებაცაა და მოგებაც – “მილუოკი” მე-3 მეოთხედში 22 ქულით აგებდა, შემდეგ კი წარმოუდგენლად შედეგიანი თამაშით მოახერხა “ბოსტონ გარდენში” “სელტიკისთვის” გამარჯვების გამოგლეჯა. ფაჩულიას ზუსტი საჯარიმეობის შემდეგ  “მილუოკი” საფინალო სირენამდე 44 წამით ადრე დაწინაურდა, ხოლო დარჩენილ დროში დემორალიზებული ბოსტონელებს საბოლოოდ ჩასცა ლახვარი –105:98.

ფაჩულიამ პირადი რეკორდი დაამყარა საჯარიმო სროლებში. ქართველმა ცენტრმა 10-დან 10-ივე საჯარიმო ჩააგდო, რაც ნბა-ში დღესდღეობით ნებისმიერი ცენტრისთვის კი არა, კალათბურთელისთვის საოცნებო შედეგია. ზაზამ 29 წუთს ითამაშა და 10 საჯარიმოსთან ერთად 10-დან 5 ორქულიანი ჩააგდო. 20 ქულასა და 9 მოხსნასთან ერთად ფაჩულიამ 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა, ბურთი კი არც ერთხელ არ დაუკარგავს. რაცშეეხება სანდერსს, “მილუოკის” სასტარტო ცენტრმა 19 წუთში 4 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.

მილუოკელთაგან ზაზას შემდეგ საუკეთესო შედეგი გარი ნილსა და ჯონ ჰენსონს ჰქონდათ, რომლებმაც 14-14 ქულა ჩააგდეს.

თითო მოგებ-წაგების მქონე “მილუოკი” მორიგ მატჩში ხვალ “ტორონტოს” უმასპინძლებს.

ფაჩულიამ ნბა-ს სეზონი ორმაგი დუბლით გახსნა

ზაზა ფაჩულიამ სეზონი ორმაგი დუბლით გახსნა. ქართველი ცენტრი “მილუოკი ბაქსს”, სადაც 2003-2004 წლების სეზონი გაატარა, დიდებული თამაშით დაუბრუნდა. ნბა-ს ჩემპიონატის პირველ მატჩში მილუოკელები “მედისონ სკვერ გარდენში” “ნიუ იორკს” შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ 83:90 დამარცხდნენ, ქართველი გულშემატკივარი მაინც კმყოფილი იქნება.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა თავდაუზოგავი თამაშით მწვრთნელის სიმპათია დაიმსახურა და თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართული მოედანზე დიდი ხნით დარჩა.  სასტარტო ლარი სანდერსმა 12:21 წუთი ითამაშა, ხოლო მისმა ნომინალურმა შემცვლელმა ფაჩულიამ მოედანზე მთლიანობაში 33:52 წუთი გაატარა. ზაზა საბოლოოდ მილუოკელთაგან საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მისმა მონაგარმა 13 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა შეადგინა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

მილუოკელები მეორე მეოთხედში 25 ქულით აგებდნენ, თუმცა ანგარიშის შემცირება და გამარჯვების რბოლაში ჩართვა მოახერხეს. გადამწყვეტ მომენტში მასპინძლებმა მეტი მობილიზება გამოავლინეს და საბოლოოდ 7 ქულის სხვაობით იმარჯვეს.

მომდევნო მატჩს “მილუოკი” 2 ნოემბერს, ბოსტონში გამართავს.

ფაჩულიას ბრწყინვალე ჩაგდება

როგორც იცით, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას „მილუოკი ბაქსმა“ ეროვნული საკალთბურთ ასოციაციის ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი მატჩი „ტორონტო რეპტორზის“ წინაამღდეგ გაამრთა, რომელიც საბოლოო ჯამში ჩაიშალა. ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ლიდერმა თავის გამოჩენა მაინც მოასწრო და მეტოქის კალათში შესანიშნავი ბურთ ჩააგდო. წარმოგიდგენთ ამ მომენტის ამსახველ ვიდეოს:

ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა

ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა. ქართველმა ცენტრმა 6-თვიანი უქმობა დაასრულა და გუშინ, ნბა-ს წინასაზესონო მატჩში, “ჩიკაგო ბულსის” წინააღმდეგ ითამაშა. ამავდროულად, ქართველი ცენტრის “მილუოკიში” რედებიუტი შედგა. 2004 წლის შემდეგ ფაჩულიამ “ბაქსში” ისევ ითამაშა – 17 წუთში მან ჩიკაგოელებს 8 ქულა ჩაუგდო. შეხვედრა “ჩიკაგომ” 105:84 მოიგო.

ფაჩულიამ 6 თვის წინ აქილევსის მყესზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარა. ზაზა მთლი ზაფხულის განმავლობაში სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა და როგორც დაგეგმილი იყო, მოედანს 6 თვეში დაუბრუნდა. “ჩიკაგოსთან” მატჩში ფაჩულიამ 3-დან 2 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 8 ქულა მოაგროვა და პლუს ამას 2 ფარიდან ასხლეტილ ბურთს დაეუფლა.

ცენტრის პოზიციაზე “მილუოკის” ძირითად შემადგენლობაში ლარი სანდერსმა ითამაშა, რომელმაც 26 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.  მომდევნო საგამოფენო მატჩს მილუოკელები ამაღამ, “ნიუ იორკთან” გამართავენ.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი