ოფიციალურად: უჩა ლობჟანიძე “სამტრედიაში” ითამაშებს!

უჩა ლობჟანიძე ახალ სეზონში სამტრედიის “სამტრედიას” ღირსებას დიაცავს. ამის შესახებ იმერული კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

ჯერჯერობით, უცნობია რამდენი ხნით ითამაშებს 30 წლის მცველი ეროვნული ლიგის ბინადადრ გუნდში. ის ხვალ შეუერთდება თურქეთში მყოფ კლუბს და იქ დაიწყებს ვარჯიშს.

შეგახსენებთ, რომ უჩამ “ზესტაფონში” წამოიწყო კარიერა. ამის შემდეგ ის “დნიპროში” გადავიდა. ნიქოზიის “ომონიას” მოჰყვა თბილისის “დინამო” და შემდეგ ყაზახეთის “ატირაუ”. ახლა კი, ლობჟანიძე “სამტრედიას” ღირსებას დაიცავს.

ოფიციალურად: მურთაზ დაუშვილი “სამტრედიას” ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების წევრი, მურთაზ დაუშვილი სამტრედიის “სამტრედიას” ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაციას იმერული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

უცნობია, რამდენი ხნით გაირჯება ნახევარმცველი “სამტრედიისთვის”. ხელშეკრულების სხვა პირობებიც არაა საჯარო. დაუშვილი თურქეთში კლუბს გუშინ შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ნახევარმცველი ბოლოს უნგრეთის ჩემპიონატის ბინადარ “დიოშგიორში” გამოდიოდა. მანამდე კი ის “ზესტაფონსა” და უკრაინულ “კარპატიში” ირიცხებოდა.

17 წლამდე ლიგის ბომბარდირი კარიერას თბილისის “ლოკომოტივში” გააგრძელებს

თბილისის ლოკომოტივისა და საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 17 წლის ფორვარდი, შოთა შეყილაძე კარიერას ჩვენს კლუბში გააგრძელებს. საქართველოს 19 წლამდე ნაკრების წევრსა და ლოკომოტივს შორის 3 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

შეყილაძე საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის აღზრდილია. 2017 წელს, მან საქართველოს 17 წლამდე ლიგაში 44 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

გასულ სეზონში, ზესტაფონმა, 17 წლამდე ლიგის გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა.

უკვე რამდენიმე დღეა, შოთა ლოკომოტივში ვარჯიშობს. მან მონაწილეობა, 1 თებერვალს, შევარდენი 1906-ის წინააღმდეგ, ამხანაგურ მატჩშიც მიიღო.

აღმასკომის სხდომაზე “ზესტაფონის” საკითხი გაირკვევა

27 დეკემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება. სხვა საკითხებთან ერთად, აღმასკომის დღის წესრიგშია საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ეროვნულ ჩემპიონატში შესაძლო რეინტეგრაციის საკითხიც. აღმასკომის სხდომაზე მოწვეულია კლუბის მფლობელი ილია კოკაია.

შეგახსენებთ, რომ მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს “ზესტაფონის” ეროვნულ ლიგა 2-ში დასაბრუნებლად. იმერული კლუბი მას შემდეგ ვეღარ ახერხებს ჩემპიონატში მონაწილეობას, რაც 2015 წლის 20 აპრილს კოკაიას გუნდი იმ დროინდელი უმაღლესი ლიგიდან მოჰკვეთეს, მიზეზი კი 19 აპრილს გორის “დილასთან” ჩაშლილი შეხვედრა გახდა, როდესაც “ზესტაფონის” ფეხბურთელები მინდორზე არ გამოვიდნენ.

U21: საქართველო — უკრაინა ზესტაფონში ჩატარდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“ შორის საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, ფეხბურთის ფედერაციას დავით აბაშიძის სახელობის სტადიონისა და ზესტაფონში მდებარე საფეხბურთო ბაზის ერთ-ერთი მოედნის გამოყენების შესაძლებლობა ექნება.

მხარეებს შორის გაფორმებული სამთვიანი კონტრაქტის ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების გარდა, 28 მარტს, საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთა საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა გაიმართება.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, დღეს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთექვსემეტე ტურის მატჩი თერჯოლის „საპოვნელასა“ და „დინამო თბილისს“ შორის ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ პირველი წრის მატჩებს „საპოვნელა“ ქუთაისში მართავდა.

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩს ზესტაფონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე დაესწრო.

სფფ-ს პრესსამსახური

სფფ-ს სპეციალური კომისია „ზესტაფონის“ სტადიონსა და ბაზას ეწვია

შაბათს, ზესტაფონში, სფფ-ს სტადიონების ინსპექტირების კომისია ჩავიდა, რომელამაც ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის ბაზა და მისი საშინაო არენა მოინახულა. ამის შესახებ „ზესტაფონის“ ოფიციალური ვებსაიტი იტყობინება.

სტუმართა შორის სტადიონების ინსპექტირების განყოფილების უფროსი და ინფრასტრუქტურის ექსპერტი მამუკა კვარაცხელია, სტადიონების ინსპექტირების კოორდინატორი და ინფრასტრუქტურის ექსპერტი თამარ ასათიანი, უსაფრთხოების და განმკარგულებლებლების სპეციალისტი ლევან თოფურია და უსაფრთხოების ოფიცერი გია ისიანი იყვნენ. სტადიონისა და ბაზის მონახულების შემდეგ, ხსენებულმა პირებმა სპეციალური საბუთი შეადგინეს, რომლის მიხედვით, კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობას შეაფასებენ.

„ზესტაფონის“ პრესსამსახურის ფოტოები:

4
1

2

3

“ზესტაფონს” ფიფამ წერილი გამოუგზავნა

ჩვენი საიტის მომხმარებელსა და ზოგადად საფეხბურთო საზოგადოებას კარგად ახსოვს გახმაურებული ისტორია, რომელიც ერთ დროს საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ფეხბურთელის მურთაზ დაუშვილის უკრაინულ ლვოვის “კარპატში” სკანდალურ გადასვლასთანაა დაკავშირებული.

როგორც მოგეხსენებათ, მურთაზ დაუშვილმა, რომელიც საფეხბურთ კლუბ “ზესტაფონის” აზრდილია, იმერული კლუბის რიგებში ექვსი წელი გაატარა. 2011 წლის ზაფხულში, მაშინ როდესაც იმერული გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩებისათვის მზადებაზე იყო კონცენტრირებული, ლვოვის “კარპატისა” და მურთაზ დაუშვილს შორის გაფორმდა წინასწარი კონტრაქტი. როგორც მოგეხსენებათ, ამის შესახებ ინფორმაცია და კონტრაქტის გაფორმების დამადასტურებელი ფოტომასალა თავად უკრაინელებმა გაავრცელეს, თუმცა შემდგომ, საქმეში ქართული მხარის ჩართვის შემდეგ, ინტერნეტ-სივრციდან ამ მასალის სასწრაფოდ მოშორება და საქმის დეტალების გასაიდუმლოება სცადეს.

ჩვენმა კლუბმა, იმის გათვალისწინებით, რომ მურთაზ დაუშვილს თავის ახალ კლუბში გადასვლის მომენტში არ შესრულებია 23 წელი, ფიფას შესაბამისი რეგულაციის შესაბამისად, ლვოველთაგან მოითხოვა ფეხბურთელის აღზრდისა და მომზადებისათვის კუთვნილი კომპენსაცია…

საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა” ამ საქმესთან დაკავშირებით მიმართა შესაბამის ინსტანციებს – საქმის ჯერ ფიფას დავათა განმხილველ პალატაში, შემდეგ კი ლოზანის სპორტულ არბიტრაჟში (CAS) ხანგრძლივი შესწავლისა და განხილვის შემდეგ, ამ უკანასკნელმა ინსტანციამ ხსენებულ საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა თავის საბოლოო ვერდიქტი და მურთაზ დაუშვილის აღზრდისა და მომზადებისათვის გაწეული ხარჯების საკომპენსაციოდ, ლვოვის საფეხბურთო კლუბ “კარპატის” საფეხბურთი კლუბ “ზესტაფონის” სასარგებლოდ 180 000 ევროს გადახდა დააკისრა.

უკრაინულმა კლუბმა არც ლოზანის სპორტული არბიტრაჟის (CAS) გადაწყვეტილების აღსრულება იჩქარა და ამის შემდეგ საქმეში უკვე ფიფას სადისციპლინო კომიტეტი ჩაერთო. მიმდინარე წლის 12 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა” მიიღო ფიფას დისციპლინართა მიერ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის სახელზე გაგზავნილი წერილის ასლი (იხილეთ ქვემოთ), რომელშიც შეგვიძლია წავიკითხოთ შემდეგი:

“მოგმართავთ ზემოაღნიშნულ საქმესთან (ფეხბურთელ მურთაზ დაუშვილის წვრთნისა და აღზრდის კომპენსაცია) დაკავშირებით, ვინაიდან საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საფეხბურთო კლუბ ლვოვის “კარპატს” კვლავ არ შეუსრულებია ლოზანის არბიტრაჟის 2014 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული კი წარმოადგენს ფიფას სადისციპლინო კოდექსის 64-ე მუხლის დარღვევას, რაც ექვემდებარება სადისციპლინო საქმის განხილვას ფიფას სადისციპლინო კომიტეტის მიერ.

შესაბამისად გატყობინებთ, რომ ფიფას სადისციპლინო კომიტეტის მიერ დაწყებულია სადისციპლინო საქმის განხილვა საფეხბურთო კლუბ ლვოვის “კარპატის” წინააღმდეგ. აღნიშნული სადისციპლინო საქმე განიხილება ფიფას სადისციპლინო კომიტეტის მომდევნო სხდომაზე და შესაძლოა დაწესდეს რომელიმე სადისციპლინო სახის სანქცია (ჯარიმა, ქულების დაკლება, ქვედა ლიგაში დაქვეითება).

აღნიშნულის გათვალისწინებით ვავალდებულებთ საფეხბურთო კლუბ ლვოვის “კარპატს” დაუყოვნებლივ გადაუხადოს საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” 180 000 ევრო… იმ შემთხვევაში, თუ კლუბი დაუყოვნებლივ დაფარავს ზემოაღნიშნულ დავალიანებას და ჩვენ გადმოგვეგზავნება გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადისციპლინო საქმის წარმოება დაიხურება.

ვთხოვთ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას წინამდებარე წერილი საფეხბურთო კლუბ ლვოვის “კარპატს” დაუყოვნებლივ გადაუგზავნოთ. მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.”

* * *

P.S. ჩვენი მკითხველის ყურადღება კი ერთ საინტერესო დეტალზე გვინდა გავამახვილოთ – “ზესტაფონსა” და “კარპატს” შორის ამ დავის მიმდინარეობისას (2012 წლის შემდეგ), უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია ლვოველთა ინტერესების დაცვის სადარაჯოზე დგას (მათ შორის, საერთაშორისო ინსტანციებში უკრაინული კლუბის გამტყუნებისა და მისთვის საკმაოდ სერიოზული თანხების დაკისრების შემდეგაც).

უნდა ითქვას, რომ ფიფასა და ლოზანის არბიტრაჟში დამარცხებული კლუბის გვერდით უკრაინული ფეხბურთის სახლის მკვიდრთა დგომა მხოლოდ პატივისცემას იწვევს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელთა ქმედებებს, გამოგონილი მიზეზითა და არგუნმენტაციის გარეშე ეროვნული ჩემპიონატის ჯერ უმაღლესი, შემდეგ კი პირველი ლიგიდანაც ქვეყნის ორგზის ჩემპიონი კლუბის მოხსნასა და კიდევ ბევრ დანაშაულებრივ “უცნაურობას” უყურებ…

Fifa

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

„ზესტაფონის“ მხარდასაჭერ აქციას „კომედი შოუს“ მსახიობი შეუერთდა (ვიდეო)

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მხარდასაჭერ აქციას მსახიობი თამუნა ლეკვეიშვილი შეუერთდა, რომელიც მაყურებელთათვის „ვანოს შოუსა“ და „კომედი შოუში“ მონაწილეობითაა ცნობილი. მისი სპეციალური ვიდეომიმართვა იმერული კლუბის ოფიციალურ საიტზე განთავსდა.

„მოგესალმებით. ჩემთვის, როგორც ზესტაფონელისთვის, საამაყო იყო, რომ ზესტაფონს ჰყავდა ასეთი გუნდი, რომელიც სამწუხაროდ, აღარ ფუნქციონირებს. „ზესტაფონი“ წარმატებით არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ასპარეზობდა. როგორც ზესტაფონელს და საქართველოს მოქალაქეს, გული მტკივა, რომ ეს გუნდი აღარ ფუნქციონირებს. ყველანი გავაქტიურდეთ, რათა „ზესტაფონი“ კვლავ დაუბრუნდეს ქართულ ფეხბურთს“, – განაცხადა ლეკვეიშვილმა.

100 000 ლარი დაზარალებულთა დასახმარებლად

მიმდინარე წლის 13 ივნისს საქართველოს დედაქალაქში დატრიალებული ტრაგედია გულგრილს ვერავის დატოვებდა… საფებურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელმა, ბატონმა ილია კოკაიამ თბილისის წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დახმარების მიზნით შექმნილ საბიუჯეტო ანგარიშზე 100 ათასი ლარი გადარიცხა…

FCZestafoni.GE

პრეზენტაცია ზესტაფონელთა თბილისის ბაზაზე

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” თბილისის ბაზაზე, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, მწვანე საფარის დაგების პროცესი დასრულდა. სადღეისოდ საქართველოს ორგზის ჩემპიონთა დედაქალაქურ ბაზაზე მაღალი დონის ორი სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანია ამოქმედებული.

მიმდინარე წლის 30 მაისს იმერული კლუბის თბილისის ბაზამ ერთბაშად ორი კომპანიიის წარმომადგენლებს უმასპინძლა: “Hi Tech Irrigation Georgia“-ს, რომელიც საირიგაციო ტექნიკის მწარმოებელ სახელგანთქმულ ამერიკულ კომპანია “Hunter“-ს ჩვენს ქვეყანაში წარმოადგენს და ქართულ-უკრაინულ კომპანია “Lawns of Georgia“-ს, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს და უმაღლესი ხარისხის ლანდშაფტურ და UEFA-ს სტანდარტების შესაბამის სპორტული დანიშნულების რულონურ გაზონებს ამზადებს.

დმიტრი როჟნოვი (კომპანია “Hunter”-ს წარმომადგენელი დსთ-ს ქვეყნებში): “მოხარული ვარ, რომ კომპანია “Hunter” დღეიდან საქართველოშიც ფუნქციონირებს. საქართველო არაა დიდი ქვეყანა, თუმცა, ჩვენი აზრით, ძალიან საინტერესოა აქ ჩვენი ბიზნესის საწარმოებლად… ჩვენი კლიენტები არიან კიევის “დინამო”, “ტოტენჰემი”, “სევილია”… ყველა კლუბის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს… საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ბაზაზე დამონტაჟებულია სწორედ ის საირიგაციო სისტემა, რომელიც ჩვენმა კომპანიამ ფრანგული ფეხბურთის ფლაგმანის “პარი სენ-ჟერმენის” ბაზის მშენებლობისას გამოიყენა. სხვათაშორის, თქვენი კლუბის ბაზა ნამდვილად არ ჩამოუვარდება პარიზელთა სპორტულ კომპლექსს… მინდა, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” წარმატებები ვუსურვო!”

ვადიმ მეშჩერიაკოვი (კომპანია “Lawns of Georgia”-ს ხელმძღვანელი): “როგორც მოგეხსნებათ, ჩვენი კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებს უმაღლესი ხარისხის რულონურ გაზონებს. “Lawns of Georgia” საქართველოსა და უკრაინაში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისად აშენებს სპორტულ მოედნებს, ასევე ახორციელებს ლანდშაფტურ სამუშაოებს. სასიხარულოა, რომ “Hi Tech Irrigation Georgia”-სთან ერთობლივი მუშაობის შედეგად ასეთი მშვენიერი საფეხბურთო კომპლექსის შექმნა მოვახერხეთ. უნდა ითქვას, რომ უახლოეს პერიოდში “Hunter”-ის” თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქციით საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ზესტაფონში მდებარე ბაზაც აღიჭურვება”.

მიხეილ ხუციშვილი (საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” გენერალური დირექტორი): “ჩვენი კლუბი ყოველთვის მაღალ მიზნებს ისახავს. “ზესტაფონის” ხელმძღვანელობა ყოველთვის დიდ აქცენტს აკეთებს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და გაუმჯობესებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საფეხბურთო კომპლექსის ამოქმედება დიდ სამსახურს გაუწევს როგორც უშუალოდ ჩვენს კლუბს, ასევე ზოგადად ქართულ ფეხბურთს”.

უნდა აღინიშნოს, რომ ზესტაფონელთა საფეხბურთო კომპლექსის და ზემოთნახსენები კომპანიების ერთობლივ პრეზენტაციას, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ქართული მედიის წარმომადგენელებიც მრავლად ესწრებოდნენ…

fczestafoni.ge

მათე კვირკვია: “მაქვს უცხოეთის ვარიანტები”

როგორც იცით, ს.კ “ზესტაფონი” ოფიციალურად დაიშალა. იმერული გუნდიდან ბევრი თავისუფალი აგენტი დარჩა და მათ შორის უნიჭიერესი ახალგაზრდები.

ქართველ გულშემატკივარს მათი ბედი განსაკუთრებულად აინტერესებს. Fanebi.Com კი სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით “ზესტაფონელთა” ყოფილ 18 ნახევარმცველს, მათე კვირკვიას გაესაუბრა.

– “ზესტაფონი” დაიშალა. ზოგმა უცხოეთს მიაშურა, ზოგმა თავის წარმოჩენის სურვილი საკუთარ ქვეყანაშივე გამოთქვა. როგორია შენი გეგმები მომავალთან დაკავშირებით, აპირებ თუ არა საქართველოში დარჩენას და რამდენად დიდია ამის შანსი?

– პირველ რიგში, ყურადღება “ზესტაფონზე” მინდა გავამახვილო. ძალიან დამწყდა გული იმ გუნდის დაშლაზე, რომელიც წლების მანძილზე საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, მაქვს უცხოეთის ვარიანტები, მაგრამ ჯერ-ჯერობით დაზუსტებით ვერ გეტყვით, კარიერას ქვეყნის გარეთ გავაგრძელებ თუ ქართულ კლუბებში. აქ არ მქონია არანაირი შემოთავაზება და თუ მექნება, დავფიქრდები და შემდეგ გადავწყვეტ ყველაფერს.

– ვისაუბროთ საქართველოს ჩემპიონებზე და თავად ჩემპიონატში არსებულ სიტუაციაზე. შენი აზრით, იმსახურებდა გორის “დილა” ჩემპიონობას? შეძლებენ ისინი ევროასპარეზზე ქვეყნის სახელის წარმატებულად წარმოჩენას?

– რა თქმა უნდა, გორელები ამ ტიტულს იმსახურებდნენ, რადგან “დილა” მთელი სეზონის მანძილზე სტაბილურად გამოიყურებოდა. ჩემი აზრით, სწორედ მათ აქვთ ევროტურნირებზე ყველაზე კარგი შანსი და ყველა ქართულ კლუბს წარმატებას ვუსურვებ.

– და ბოლოს, თქვენი აზრით, რისი ბრალია ქართულ ფეხბურთში წარმოქმნილი პრობლემები და რა დრო დასჭირდება მათ აღმოფხვრას?

– სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, მაგრამ იმედი მაქვს, ქართველი გულშემატკივარი სულ მალე იხილავს იმ ფეხბურთს ჩვენი ქვეყნის გუნდებისგან, რომელთაც ასე ელიან.

„ზესტაფონო, ზესტაფონო გშორდები“ – ანუ უიმედოდ დარჩენილი კლუბი

ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, თუმცა ამ სტერეოტიპს ქართული ფეხბურთი საკმაოდ ადვილად ამსხვრევს. დრო მიდის, ჩვენი ფეხბურთის პრობლემების რაოდენობა კი სულ უფრო და უფრო მატულობს. ბოლო თვეების და რამდენიმე სეზონის ერთ-ერთ მთავარ სალაპარაკო თემად საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ რჩება, რომლის ირგვლივ უსიამოვნებები არ წყდება.

არადა, ქართულ ფეხბურთზე საუბრისას და მისი ყველაზე წარმატებული გუნდების გახსენების დროს თბილისის „დინამოს“ შემდეგ, ალბათ, სწორედ იმერული კლუბი ახსენდებათ. გასაკვირი ამაში არაფერია – წინა სეზონების შედეგების გათვალისწინებით, „ზესტაფონი“ ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. ორი მოგებული ჩემპიონატის, ერთი თასისა და ორი სუპერთასის გარდა, იმერული კლუბი ევროთასებზე ღირსეულად არაერთხელ წარსდგა. ყველაზე დასამახსოვრებელი 2011 წელს ევროპის ლიგის პლეიოფამდე მისვლა იყო.

ხსენებული მიღწევების მიუხედავად, „ზესტაფონს“ მოედნის გარეთ კარგი დღეები იშვითად ჰქონია. მაშინაც კი, როცა იმერული კლუბი მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა, მის შინაურ სამზარეულოში ფინანსებთან დაკავშირებული არაერთი უსიამოვნება იყო. არადა, ლოგიკურად, ეს ასე მარტივი მიზეზების გამო არ უნდა ყოფილიყო: კლუბი ლიდერებს შორის იყო და არაერთ სხვა კლუბთან შედარებით, ილია კოკაიას სახით კერძო მფლობელი ჰყავდა, რაც განსაკუთრებით საქართველოში, ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან დიდი პლიუსია.

ყველაზე დიდი ძალა ხალხს აქვსო… ამ შემთხვევაში, ეს სტერეოტიპი მართლდება. გასაჭირში მყოფ „ზესტაფონს“ ადგილობრივი მოსახლეობა მხარში ყოველთვის ედგა. საქართველოს ქალაქებში მოსახლეობის ადგილობრივი კლუბისადმი სიყვარულს მატჩებზე დასწრებაც ადასტურებს. სამწუხაროდ, ამას დედაქალაქზე ვერ ვიტყვით, თუმცა ხშირად სხვა ქალაქების პატარა სტადიონების ტრიბუნების 70% მაინც სავსეა. განსაკუთრებით ეს ზესტაფონს ეხება, რაშიც გასაკვირი არაფერია. ორმაგი სიამოვნებაა, როცა შენი ქალაქის გუნდი მაღალი მიზნებისვის იბრძვის და ქალაქის სახელის დაცვას ცდილობს. ამიტომ, „ზესტაფონს“ მხარდაჭერა არასდროს აკლდა. თუნდაც 2006 წელს დაშლის პირას მყოფმა კლუბმა, არსებობა, შესაძლოა, სწორედ გულშემატკივართა ძალისხმევით გააგრძელა. აქციები შარშანაც იყო და, სამწუხაროდ, მათი გამართვის საფუძველი ზესტაფონელებს წელსაც ჰქონდათ. მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. რიგითმა ბიზნესმენმა კოკაიამ ფეხბურთით მოგება ვერ ნახა – გასაკვირი ამაში პრინციპში არც არაფერია. ამ დრომდე ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ომს აგრძელებს, რომელიც, სიმართლე რომ ვთქვათ, საფუძვლიანიანიც კი არის და პირად დაპირისპირებაშიც დიდი ხნის წინ გადავიდა.

21 აპრილს მუნიციპალიტეტის სპეციალური სხდომა შედგა, სადაც კლუბის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის საკითხი უნდა მოეგვარებინათ. საბოლოოდ, კლუბის დაფინანსებას მხარი ცამეტმა ადამიანმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი ჩვიდმეტი აღმოჩნდა, რამაც „ზესტაფონის“ მომავალი კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დასვა.

გორის „დილასთან“ ჩაშლილი მატჩის შემდეგ კი სკანდალი კიდევ უფრო ფართომასშტაბური გახდა. „ზესტაფონი“ მატჩზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც საკმაოდ სკანდალური განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც როგორც ილია კოკაია, ისე ზესტაფონური კლუბი „დილას“ მხრიდან ფეხბურთელების მოსყიდვაზე საუბრობდნენ. კოკაიამ აღნიშნა, რომ ამის შესახებ მატჩამდე სფფ-საც შეატყობინა, თუმცა რეაქცია ფედერაციის მხრიდან არ ყოფილა. გარდა ამისა, ჩვენს საიტთან საუბრისას „ზესტაფონის“ პრესატაშეს სერგო ფუტკარაძის თქმით, კლუბმა ამ მიზეზით ფეხბურთის ფედერაციას მატჩის გადატანაც კი სთხოვა, მაგრამ უარყოფით პასუხი მიიღო. არ გამოცხადების შემდეგ იმერულმა კლუბმა ამ და შემდგომ შეხვედრებში ტექნიკური მარცხის გარდა, ასევე ფულადი ჯარიმაც მიიღო და უმაღლესი ლიგიდან მოიკვეთა. გორის „დილას“ მიერ საპასუხოდ გამოქვეყნებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ კლუბს მეტოქის რომელიმე ფეხბურთელის მოსყიდვა, ლოგიკურად, არ უნდა აწყობდეს და ყველანაირი მსგავსი ბრალდება აბსურდულია. ერთი მხვრივ, ისედაც მძიმე სიტუაციაში მყოფი „ზესტაფონის“ ფეხბურთელის მოსყიდვა ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდის მხრიდან ალოგიკურია. სხვა მხვრივ, ქართულ ფეხბურთში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალები აქამდეც არაერთხელ ყოფილა, რის გამოც ჭორის არსებობის შემთხვევაშიც კი, ფედერაციამ გამოძიება დაუყონებლივ უნდა დაიწყოს. ეს შემთხვევა სფფ-ს მხოლოდ მინუსად შეგვიძლია ჩავუთვალოთ. თუმცა, შეცდომების გამოსასწორებლად დრო ჯერ კიდევ არსებობს. სხვათაშორის, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, თურქეთის მაგალითიც გაიხსენეს, როდესაც გაჩემპიონებული „ბეშიქთაში“ სწორედ ამ მიზეზით ჩემპიონთა ლიგიდან მაინც მოკვეთეს.

„ზესტაფონის“ დაშლა ქართული ფეხბურთის რეგრესს ხელს, ალბათ, კიდევ უფრო შეუწყობს. იმერელთა ადგილს უმაღლეს ლიგაში ის კლუბი დაიკავებს, რომელიც, წესით, პირველ ლიგაში უნდა ასპარეზობდეს, უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა კი არ შემცირდება და კვლავ 16 დარჩება, აქედან უმეტესობა კვლავ მუნიციპალიტეტის დახმარებით დაფინანსდება, რაც 16-გუნდიანი ჩემპიონატის უარყოფი მხარეს ხაზს კიდევ ერთხელ გაუსვამს. საქმეს, ოდნავ, შესაძლოა, „საბურთალოს“ ამოსვლამ უშელოს, რომელმაც უმაღლესი ლიგის საგზური სწორედ გუშინ მოიპოვა.

სიტუაცია მართლაც ძალიან უსიამოვნოა, მისი შესაძლო გაგრძელება კი, უფრო ცუდია. ფაქტია, რომ ქართულ ფეხბურთი ასეთ სიტუაციაში აქამდეც იყო და, სავარაუდოდ, მომავალშიც იქნება.

ცოტა პოზიტივისთვის ქალაქ ზესტაფონზე საქვეყნოდ ცნობილი სიმღერა გავიხსენოთ, რომელიც გარკვეულწილად მის მდგომარეობასაც ასახავს, რადგან ის როგორც მუნიციპალიტეტმა და პრეზიდენტმა, ასევე ფეხბურთის ფედერაციამ მიატოვა…