პროგნოზისტთა კონკურსი (“დილა” — “ზესტაფონი”)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა მეათე საკონკურსო კვირის მეოთხე მატჩის კითხვები, რომელიც “დილასა” და “ზესტაფონს” შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: “დილა” – “ზესტაფონი”

“ზესტაფონისა” და “დილას” ურთიერთობები ციფრებში

კვირას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე გასამართ საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრაში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”დილას” დაუპირისპირდება.

მარგველთა და შიდაქართლელთა დაპირისპირებათა ისტორია 2004 წლიდან იწყება და სადღეისოდ უკვე 24 შეხვედრას ითვლის. “ზესტაფონისა” და გორის “დილას” მატჩები ტრადიციულად უკომპრომისო ხასიათისაა – ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ 20 შეხვედრაში ზესტაფონელებმა 13 მოიგეს და 7 მატჩში დამარცხდნენ. ცხადია, რომ გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც საგრძნობი უპირატესობა იმერელთა მხარესაა – 36-21.

გუნდების გზები დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც გადაკვეთილა და აქ, ჩემპიონატში გამართული მატჩებისაგან განსხვავებით, სრული თანაფარდობაა – 3 დაპირისპირებაში მეტოქეებმა თოთო-თითო გამარჯვება მოიპოვეს და ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდება 5-5.

რაც შეეხება საქართველოს სუპერთასზე ამ გუნდების შეხვედრებს, ასეთი დაპირისპირება ერთხელ, 2013 წლის 22 თებერვალს გაიმართა – მარგველთა და შიდაქართლელთა მონაწილეობით გამართული იმ მატჩის ბედი მატჩისშემდგომი პენალტების სერიამ იმერელთა სასარგებლოდ (4-2) გადაწყვიტა და ჩვენს კლუბს ზედიზედ მეორედ მოგებული სუპერთასი მოუტანა.

გორის “დილასა” და “ზესტაფონს” შორის 19 ოქტომბერს გასამართი შეხვედრა, რომელსაც თბილისელი არბიტრი დავით ხარიტონაშვილი განსჯის, 15:00 საათზე დაიწყება. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ინტერნეტ-საიტზე მატჩის პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი იგეგმება.

FCZestafoni.GE

იმერლები “დილასთან” მატჩისთვის ემზადებიან

მცირე დასვენების შემდეგ იმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრას მარგველები 19 ოქტომბერს გამართავენ – თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პირველი გუნდი ადგილობრივ “დილას” ესტუმრება.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონის ბაზაზე დღეს გამართული ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს …

DSC02597

DSC02598

DSC02604

DSC02607

DSC02609

DSC02610

DSC02613

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

19 წუთში დატეული 10 წელი

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 18 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” დაარსებიდან ათი წელი შეუსრულდა. გთავაზობთ ჩვენი კლუბის პრეს-სამსახურის მიერ მომზადებულ ვიდეომასალას, რომელიც ზემოიმერელთა ისტორიის ათწლიანი პერიოდის შესახებ მოგითხრობთ.

ამ ვიდეომასალის გაცნობისას (ფილმში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახურის განკარგულებაში არსებული საარქივო მასალებია გამოყენებული) მაყურებელს შეუძლია იხილოს როგორც კლუბის არსებობის პირველ წლებში ზესტაფონელთა სტადიონზე, ხელოვნურსაფარიან მოედანზე და შემდგომ ბაზაზე ჩატარებული სამუშაოების ამსახველი კადრები, ასევე გაიხსენოს მარგველთა მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი მატჩებისა და სხვადასხვა წლებში მოპოვებული ტიტულების მოპოვებისა და საზეიმო დაჯილდოვებების მომენტები…

თავისთავად ცხადია, რომ 19 წუთიანი მასალა ვერ დაიტევდა მოვლენებით დახუნძლული ათწლეულის ყველა მნიშვნელოვან ეპიზოდს, თუმცა ზუსტი ქრონოლოგიური “დოკუმენტის” შექმნა ამ ვიდეომასალის ავტორთა სურვილი არც ყოფილა. ჩვენ გვსურდა, ამ ვიდეოს მაყურებელთან ერთად, კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა ბევრი შრომით, წარმატებებითა თუ წარუმატებლობებით, შენაძენებითა თუ დანაკარგებით და, რაც მთავარია, ძალიან ბევრი სიხარულით აღსავსე ათწლეული.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კლუბის ყველა გულშემატკივარი ამ ვიდეომასალის გაცნობისაგან სიამოვნებას მიიღებს !

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” სპარინგ-მატჩი საჩხერის “ჩიხურასთან”

2014 წლის 12 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის კარსმომდგარი მატჩებისათვის მზადებას განაგრძობს, მორიგი სპარინგი გამართა – დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მარგველებმა საჩხერის საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” უმასპინძლეს.

“საბურთალოსთან” სამი დღის წინ გამართული მატჩის მსგავსად, მარგველებს ფეხბურთელთა ერთი ჯგუფი დღევანდელ შეხვედრაშიც დააკლდათ. ლევან შარიქაძემ, კახა მეშველიანმა, ლაშა გვალიამ და გურამ სამუშიამ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პრობლემის გამო ვერ იასპარეზეს.

მნიშვნელოვანი დანაკლისი ჰქონდა “ჩიხურასაც” – სხვადასხვა მიზეზის გამო დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღეს თეიმურაზ ღონღაძემ, ჯაბა ჯიღაურმა, დავით ოდიკაძემ, ბესიკ დეკანოიძემ და ლაშა კუჭუხიძემ.

“ზესტაფონმა” ასეთი შემადგენლობით ითამაშა: პავლოვიჩი, თედორე გრიგალაშვილი, ფერეირა (თორნიკე გრიგალაშვილი, 46), ხიდეშელი (გაგოშიძე, 11), ენდელაძე (რობაქიძე, 71), ჯაფარიძე (სარდალიშვილი, 33), ჭანკოტაძე (მაკარიძე, 71), ჭანტურიშვილი (ვაჭარაძე, 71), ფანცულაია (მიქელთაძე, 46), ილურიძე (კანდელაკი, 71), დვალი (კაპანაძე, 46).

“ჩიხურა” (საჩხერე): ქვილითაია (მწყერაშვილი, 64), დუშუაშვილი (მაჭავარიანი, 53), ჭელიძე (ზ. ნადირაძე, 64), კაშია (იაკობაშვილი, 73), ქიმაძე, ბაჯელიძე (კიკნაძე, 79), დობროვოლსკი, სიხარულია (ივანიშვილი, 57), კორიფაძე (კურტანიძე, 64), მუმლაძე, ჩიკვაიძე (თ. ნადირაძე, 64).

შეხვედრის პირველი ნახევრის დაწყებისთანავე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – უკვე 3-ე წუთზე გიორგი ქიმაძის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად თორნიკე მუმლაძემ აქცია. 11-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს – მიზანს ავთო ენდელაძის უძლიერესმა შორეულმა დარტყმამ მიაღწია.

19-ე წუთზე ზესტაფონელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა თორნიკე მუმლაძემ და თავის გუნდი ისევ დააწინაურა. მასპინძლებმა სტუმართა გოლს 24-ე წუთზე უპასუხეს – დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ჯაბა დვალმა თავის საქმე ოსტატურად შეასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარში ორივე გუნდის შემადგენლობაში მრავალი ცვლილება განხორციელდა. ამის მიუხედავად, “დავით აბაშიძის” მწვანე გაზონზე პირველი ტაიმის მსგავსი გახსნილი ფეხბურთი მიმდინარეობდა…

53-ე წუთზე, კარგად გათამაშებული სტანდარტის შემდეგ, საჩხერელმა არჩილ ბაჯელიძემ ზუსტი თავური დარტყმით წინ ისევ “ჩიხურა” გაიყვანა, თუმცა, 66-ეზე ანგარიში ისევ საყაიმო გახდა – მასპინძელთა სახიფათო შეტევისას საჩხერელთა საჯარიმოში შექმნილ ვითარებაში ყველაზე უკეთ ბექა მიქელთაძე გაერკვა და ბურთი ზურაბ მწყერაშვილისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში გადაგზავნა.

დღევანდელი სანახაობრივი და უხვგოლიანი დაპირისპირების საბოლოო “აკორდი” ზესტაფონელებმა შეასრულეს – 84-ე წუთზე “ჩიხურას” დაცვის ხაზის ფეხბურთელების შეუთანხმებელი თამაშით კარგად ისარგებლა თორნიკე კაპანაძემ და მასპინძელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა – 4-3.

19 ოქტომბერს “ზესტაფონი” საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრას გამართავს – თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე მარგველები ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ “დილას” დაუპირისპირდებიან. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.

FCZestafoni.Ge

ამხანაგური მატჩი “საბურთალოსთან”

2014 წლის 9 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩებისათვის ემზადება, ამხანაგური შეხვედრა გამართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ სპარინგ-მატჩში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი პირველი ლიგის წარმომადგენელს, თბილისის ”საბურთალოს” დაუპირისპირდა.

დღევანდელი მატჩის დაწყებას წინ წუთიერი დუმილი უძღოდა – გუნდებმა და სტადიონზე მყოფმა 100-მდე გულშემატკივარმა წუთიერი დუმილით პატივი ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ “გურიას” ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის ნიკა კილაძის ხსოვნას მიაგეს…

მარგველთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ თავის გუნდი ორი შემადგენლობით ათამაშა. შესვენებისას და შეხვედრის მეორე ნახევრის მსვლელობისას “ზესტაფონის” რიგებში ერთბაშად 11 ცვლილება განხორციელდა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საქმეს გარკვეული დანაკლისის გარეშე არ ჩაუვლია – ტრავმების გამო თავის გუნდს კახა მეშველიანი, ლაშა გვალია და გურამ სამუშია ვერ ეხმარებოდნენ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოპტიმალური შემადგენლობით არც სტუმრებს უასპარეზიათ – საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრებში მიწვეული 4 საბურთალოელის (გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი ხარაიშვილი და ბექა ქურდაძე) გარდა, ტრავმების გამო თბილისურ გუნდს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდა…

ქვეყნის ორგზის ჩემპიონმა მარგველებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კუპატაძე (პავლოვიჩი, 64), თედორე გრიგალაშვილი (ვაჭარაძე, 64), ფერეირა (გაგოშიძე, 64), ხიდეშელი (რობაქიძე, 64), ენდელაძე (თორნიკე გრიგალაშვილი, 64), ჯაფარიძე (ჭანკოტაძე, 46), შარიქაძე (ჭანტურიშვილი, 46), სარდალიშვილი (მაკარიძე, 64), ფანცულაია (კანდელაკი, 64), ილურიძე (კაპანაძე, 64), დვალი (მიქელთაძე, 64).

თავის მხრივ, საბურთალოელთა დამრიგებელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ათამაშა: ჩოჩიშვილი (სანიკიძე, 60), იაშვილი (ბოლაშვილი, 60), ბულუხაძე (რუხაძე, 20), ბედიევი, ჭოხონელიძე (კაპანაძე, 62), მამუჩიშვილი (ჭოხონელიძე, 80), გოშთელიანი (ალთუნაშვილი, 46), ხორხელი (ჩოგაძე, 46), რეხვიაშვილი (გვარაძე, 62), ბარამიძე (ფხაკაძე, 46), ბლიაძე (ბულუხაძე, 60),

შეხვედრა უმაღლესლიგელთა უდიდესი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ დიდი ანგარიშით 9-1 დასრულდა. უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობაზე დეტალური საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ჯაბა დვალმა (ორჯერ), ბექა ჯაფარიძემ, გიორგი ფანცულაიამ, თორნიკე კაპანაძემ, ბექა მიქელთაძემ, თორნიკე გრიგალაშვილმა და ვახტანგ ჭანტურიშვილმა (ორჯერ) გამოიჩინეს, სტუმართაგან კი პრესტიჟის გოლი გიორგი ფხაკაძემ გაიტანა.

FCZestafoni.Ge

დუბლიორთა მორიგი გამარჯვება

2014 წლის 5 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მერვე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთის” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს.

მასპინძლებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კუპატაძე, რობაქიძე, რენე ფერეირა (ბარბაქაძე, 81), გოგავა, ენდელაძე, ვაჭარაძე, მაკარიძე (ჭუმბაძე, 90), ჩუბინიძე (ჩიტორელიძე, 81), გოცაძე (ბუბულაშვილი, 88), კანდელაკი (დუგლაძე, 90), მიქელთაძე.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ზესტაფონელთა მეორე გუნდის დამრიგებელი გიორგი მიქაძე, რომელიც, კლუბში მუშაობის პარალელურად, ცხრამეტწლამდელების მთავარი მწვრთნელის გიორგი დევდარიანის ასისტენტის თანამდებობაზეც საქმიანობს, დღესდღეობით სწორედ ნაკრებში იმყოფება. გუნდის მთავარი მწვრთნელის არყოფნაში იმერელთა რეზერვისტებს ფოთელებთან შეხვედრაში მიქაძის ასისტენტმა ლევან ბაჯელიძემ უხელმძღვანელა.

იმერელ ქომაგთა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ზღვისპირელებთან დაპირისპირება სტუმართა სწრაფი გოლით დაიწყო – 11-ე წუთზე ანგარიში ნიკა სიჭინავამ გახსნა. ამას მასპინძლები არ დაუბნევია და ზუსტად ერთ წუთში მათ ანგარიში გაჰქვითეს – მიზანს დემურ კანდელაკის ზუსტმა დარტყმამ მიაღწია. პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე, დემურ კანდელაკმა სტუმართა კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა და წინ უკვე თავის გუნდი გაიყვანა.

პირველის მსგავსად, შეხვედრის მეორე ნახევარიც სანახაობრივი და კარგი საყურებელი კი გამოდგა, თუმცა გოლები ამჯერად მხოლოდ სტუმართა კარში გადიოდა. 60-ე წუთზე ფოთელთა კარი მესამედ ბექა მიქელთაძემ აიღო, 62-ეზე კი დემურ კანდელაკმა “ჰეთ-თრიკი” შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა – ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 4-1.

FCZestafoni.GE

ფოთელებთან შეხვედრის მოლოდინში

შაბათს, 4 ოქტომბერს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული საფეხბურთო პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთს” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

სულ, ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და ფოთის “კოლხეთს” ერთმანეთში 16-ჯერ უასპარეზიათ. აქედან 11 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 2 დასრულდა ფრედ, 3 კი მოიგეს ზღვისპირელებმა (ფოთელთა სამივე გამარჯვება ზესტაფონელთათვის სადებიუტო, 2004-2005 წლების სეზონზე მოდის). გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც იმერელი ფეხბურთელები შთამბეჭდავ უპირატესობას ფლობენ – 29:11.

დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში კოლხთა და მარგველთა გზები მხოლოდ ერთხელ გადაიკვეთა – 2011-2012 წლების გათამაშების მერვედფინალის პირველ მატჩში ჯაბა დვალის დუბლის წყალობით მოპოვებულ მინიმალურ გამარჯვებას (2-1) იმერლებმა სტუმრად (მატჩი ლანჩხუთში გაიმართა) უგოლო ფრე შემატეს.

აღნიშვნის ღირსია ის, რომ ზესტაფონელთაგან ფოთელთა კარში სხვაზე ხშირად ზურაბ იონანიძესა და რატი წინამძღვრიშვილს გაუტანიათ – მათ ანგარიშზე 4-4 გოლია. 3-3-ჯერ მეტოქის კარის ბადე შეურხევიათ თორნიკე აფციაურსა და თორნიკე გორგიაშვილს. ჯაბა დვალს კი “კოლხეთის” კარი 2-ჯერ (ხოლო სათასო მატჩების ჩათვლით – 4-ჯერ) აქვს აღებული,..

ფოთის “კოლხეთთან” 4 ოქტომბერს გასამართი შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

იმერლები “კოლხეთთან” მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ

ორდღიანი დასვენების შემდეგ იმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრას მარგველები 4 ოქტომბერს გამართავენ – დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პირველი გუნდი ფოთის “კოლხეთს” დაუხვდება.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ბაზაზე გამართული ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს …

DSC02278

DSC02288

DSC02294

DSC02309

DSC02312

DSC02318

DSC02330

DSC02336

დუბლიორთა ტურნირის მეშვიდე ტურის მატჩი

2014 წლის 27 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეშვიდე ტურის მატჩები. რუსთავის სტადიონ “ფოლადზე” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ადგილობრივი ”მეტალურგის” მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: ყანჩაველი, რობაქიძე, მოსიძე, გოგავა (გეწაძე, 90), ჩიტორელიძე, ვაჭარაძე, მაკარიძე, ბუბულაშვილი (ბარბაქაძე, 58), ჩუბინიძე (დუგლაძე, 90), გოცაძე (ჭუმბაძე, 88), კანდელაკი.

“მეტალურგის” დუბლიორთა და რუსთავში ახალგაზრდული შემადგენლობით ჩასული ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირების პირველი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა იმერელთა ნახევარმცველ გიორგი ჩუბინიძეს მიეცა, თუმცა მასპინძელთა გოლკიპერმა უჩა გელაშვილმა თავის გუნდი გადაარჩინა. 20-ე წუთზე კი იმერლებს რუსთაველთა სწრაფი იერიში გამოეპარათ და კონსტანტინე გაბაშვილმა თავის გუნდი დააწინაურა. 36-ე წუთზე მანვე პენალტი ზუსტად შეასრულა და მეორედ აიღო სტუმართა კარი.

მეორე ტაიმი ახალგაზრდა იმერლების შეტევებით დაიწყო და რამდენიმე ეპიზოდში თამაშში ჩართვა უკვე რუსთაველთა გოლკიპერსა და დაცვას მოუწია. გამოსაყოფია დემურ კანდელაკის მონაწილეობით შექმნილი ორი ეპიზოდი, როდესაც “მეტალურგის” გოლკიპერ უჩა გელაშვილს მთელი თავის ოსტატობის დემონსტრირება მოუხდა. ამის შემდეგ გოლის გატანა მართებდა უკვე გიორგი ჩუბინიძეს, თუმცა ამჯერად რუსთაველებს დაცვის ხაზის თავგანწირულმა თამაშმა უშველა.

სტუმრებმა საწადელს 68-ე წუთზე მაინც მიაღწიეს – მიხეილ ვაჭარაძის ულამაზესი შორეული დარტყმა აუღებელი გამოდგა. მალევე ანგარიშის გათანაბრება მართებდა ბექა გოცაძეს, თუმცა ახლო მანძილიდან მისი დარტყმული “მეტალურგის” მეკარემ თავგანწირულ ნახტომში მოიგერია. შედეგად, 79-ე წუთზე სტუმრები საგოლე მომენტების ცუდი რეალიზაციის გამო დაისაჯნენ – რუსთაველთაგან ზუსტი დარტყმით თავი ზაზა ციცქიშვილმა გამოიჩინა. ქვემოქართლელთა გამარჯვება ანგარიშით 3-1.

FCDinamo.Ge

ფრე რუსთავში

2014 წლის 26 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩები. რუსთავის სტადიონ “ფოლადზე” ერთმანეთს ადგილობრივი ”მეტალურგი” და საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ.

ზესტაფონელები რუსთავში სტუმრობას სერიოზული დანაკლისით შეხვდნენ – ჯაბა დვალისა და ვახტანგ ჭანტურიშვილის დისკვალიფიკაციას, ორიოდე დღის წინ ვარჯიშზე ტრავმირებული გიორგი იურიძის არყოფნაც დაემატა. მეტიც, “მეტალურგთან” მატჩის 22-ე წუთზე ტრავმა მიიღო და გამოსაცვლელი გახდა ლაშა გვალიაც.

შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა და უკვე 14-ე წუთზე მარგველებმა ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს – ლაშა გვალიას გამოზომილი გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გიორგი ფანცულაია აღმოჩნდა და თავის შანსი მშვიდად გამოიყენა.

მალევე პირველი გოლის ავტორს ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდა შეეძლო, მაგრამ რუსთაველები მეკარე გრიგოლ ბედიაშვილის თავგანწირულმა თამაშმა გადაარჩინა. გოლის გატანის ორი ძალიან კარგი შესაძლებლობა მიეცა იმერელთა შემტევ თორნიკე კაპანაძეს, თუმცა მასპინძელთა კარის დარაჯი ამ ეპიზოდებშიც საიმედოდ გაისარჯა – ერთხელ შორეულ კუთხეში გადაგზავნილი თავური აიღო, მეორედ კი ერთ შეხებით კარისკენ გადაგზავნილი ურთულესი ბურთი მოიგერია.

რუსთაველები, რომლებიც შეხვედრის პირველ ნახევარში თითქოს განწირულად გამოიყურებოდნენ, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გააქტიურდნენ და თამაშის სათავისოდ შემოტრიალებას შეეცადნენ. ბოიან პავლოვიჩის კართან რამდენიმე ნახევარმომენტიც შეიქმნა. თავის მხრივ, სტუმრებიც არ უქმობდნენ – გიორგი ჭანკოტაძესა და თორნიკე კაპანაძეს დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობის შესახებ საკითხის დროზე ადრე დახურვა შეეძლოთ, მაგრამ გრიგოლ ბედიაშვილი ისევ საიმედო გახლდათ.

ვერ გაიტან – გაგიტანენო… 74-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოს მისადგომებთან დაინიშნა საჯარიმო დარტყმა, რომელიც ზუსტად ვარლამ კილასონიამ შეასრულა. ანგარიშის გათანაბრებიდან სამ წუთში კი იმერელთა კარის მიმართულებით არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ დანიშნა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა, რომელიც გოლად ისევ ვარლამ კილასონიამ აქცია…

ზესტაფონელებმა, რომლებიც ასე მოულოდნელად მდევრის როლში აღმოჩნდნენ, მეტოქეს შეუტიეს და 88-წუთზე პენალტის შერულების უფლება მათაც მოიპოვეს. მიმდინარე სეზონში ჩვენი გუნდის მიერ დამსახურებული პირველი 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად დღევანდელ შეხვედრაში კაპიტნის სამკლავურით მოასპარეზე ლევან შარიქაძემ შეასრულა. ფრე 2-2.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

რუსთაველებთან მორიგი შეხვედრის წინ

ხვალ, 26 სექტემბერს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. რუსთავის სტადიონ “ფოლადზე” გასამართ საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრაში იმერული კლუბი ადგილობრივ “მეტალურგს” დაუპირისპირდება.

სადღეისოდ ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და რუსთაველებს (“ოლიმპი” და “მეტალურგი”) ერთმანეთში 25 მატჩი აქვთ გამართული. შეგახსენებთ, რომ ერთი შეხვედრა არ დასრულებულა – ზესტაფონში 2010 წლის 20 მარტს გამართული მატჩი, რომელშიც 89-ე წუთამდე 1-1 იყო, არბიტრმა მინდორზე შექმნილი არასაფეხბურთო სიტუაციის გამო არ დაამთავრა და საბოლოოდ ორივე გუნდს მარცხი (0-3) ჩაეთვალა. დანარჩენ მატჩებში 11-ჯერ იმარჯვეს ზესტაფონელებმა, 7 დასრულდა ფრედ, 6 კი მოიგეს რუსთაველებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში უპირატესობა იმერელ ფეხბურთელთა მხარესაა – 26:16.

დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში რუსთავურ-ზესტაფონური “დუელი” სამჯერ შემდგარა. უპირატესობა სათასო მატჩებშიც მარგველთა მხარესაა: სადღეისოდ გამართულ 6 სათასო შეხვედრაში მათ 4-ში იმარჯვეს, 2 მატჩიც ფრედ დასრულდა. ბურთების სხვაობა 7:1 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ.

საინტერესოა ისიც, რომ ზესტაფონელთაგან გატანილი გოლებით ქვემოქართლელები სხვაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილს დაუმწუხრებია – დღესდღეობით ალბანური “ფლამურტარის” ფორვარდს რუსთაველთა კარში 6 გოლი აქვს გატანილი (სათასო მატჩების ჩათვლით – 8). ჯაბა დვალს “ოლიმპისა” და “მეტალურგის” კარი 3-ჯერ აქვს აღებული (თასის ჩათვლით – 4).

რუსთავში 26 სექტემბერს გასამართი შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.

FCZestafoni.Ge