“მანჩესტერ იუნაიტედი” სტადიონის გაუმჯობესებისთვის გამოყოფილ თანხასაც ტრანსფერებს მოახმარს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები საკმაოდ რისკიანი ნაბიჯის გადადგმას აპირებენ და მზად არიან, “ოლდ ტრაფორდის” გაუმჯობესებისთვის გამოყოფილი თანხაც ტრანსფერებს მოახმარონ.

წლების წინ დაგეგმილი პროექტის მიხედვით, 2018-19 წლების სეზონს “წითელი ეშმაკუნები” 88 000-იანი სტადიონით უნდა შეხვედრილიყვნენ (75 000-იანის ნაცვლად), მაგრამ, როგორც ჩანს, სამშენებლო სამუშაოები გაურკვეველი დროით გადაიდება.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის მაისში კლუბის ჩაბარების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ 300 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯა, თუმცა მისი გუნდი ჯერ სასურველ შედეგებს ვერ დებს.

ოფიციალურად: “მანჩესტერ იუნაიტედმა” ჟოზე მოურინიოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთის მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. პორტუგალიელმა სპეციალისტმა უკვე მოაწერა ხელი ახალ ხელშეკრულებას.

“წითელი ეშმაკების” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ახალი კონტრაქტის თანახმად მოურინიო, რომელიც თავის მეორე სეზონს ატარებს მანჩესტერში, “ოლდ ტრაფორდზე” მინიმუმ 2020 წლამდე უნდა დარჩეს.

ცნობისთვის გაგაცნობთ იმ ფაქტსაც, რომ “რეალის”, “ინტერისა” და “ჩელსის” ყოფილი თავკაცი ერთ კლუბში ზედიზედ სამი სეზონი არასოდეს დარჩენილა.

რაც შეეხება პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის სატურნირო ცხრილს, 24 ტურის შემდეგ ჟოზე მოურინიოს გუნდი 53 ქულით მეორე პოზიციას იკავებს და პირველადგილოსანს 12 ქულით ჩამორჩება.

რატომ უყვარს ადებაიორს მოურინიო და სძულს არსენ ვენგერი?

ბრიტანული პრესა ემანუელ ადებაიორის საკმაოდ გულწრფელ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი ხმაურიან განცხადებებს აკეთებს. ტოგოელ ფეხბურთელს “მანჩესტერ სიტის”, “ტოტენჰემისა” და “რეალის” რიგებშიც აქვს ნათამაშები.

“მოურინიო ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი მწვრთნელია, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ. ის მიყვარდა და ახლაც ძალიან მიყვარს. მისნაირი ადამიანი ფეხბურთში ძალიან ცოტაა, მწვრთნელების უმეტესობა ყალბია.

მაგალითად, როდესაც არსენ ვენგერმა თავის ოფისში დამიბარა, მითხრა, რომ კლუბიდან უნდა წავსულიყავი, რადგან იქ ჩემი ადგილი არ იყო. ვუთხარი, რომ დარჩენა და ბრძოლა მინდოდა, მაგრამ მან ამაზეც უარყოფითი პასუხი გამცა და მითხრა, რომ სათადარიგოთა სკამზე მომიწევდა ჯდომა.

იძულებული ვიყავი, “მანჩესტერ სიტიში” გადავსულიყავი და მიხაროდა კიდეც ეს. თუმცა, შემდეგ, პრესკონფერენციაზე ვენგერმა განაცხადა, რომ იქ ფულის გამო წავედი. სწორედ მაშინ ვიგრძენი პირველად სიძულვილი “არსენალის” მიმართ,” – აცხადებს ადებაიორი.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ჟოზე მოურინიოს კონტრაქტს უხანგრძლივებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს არიან ჟოზე მოურინიოსთან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის გაფორმებასთან. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, The Daily Telegraph ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, მანჩესტერულ კლუბსა და პორტუგალიელ სპეციალისტს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ფაზაშია შესული და მხარეები თანახმანი არიან, მათი ურთიერთობა 2021 წლამდე გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალის” ყოფილი თავკაცი “წითელ ეშმაკუნებთა” რიგებს 2016 წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში. ახლა კი “მანჩესტერ იუნაიტედი” 50 ქულით მეორე ადგილს იკავებს პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში და 12 ქულით ჩამორჩება პირველადგილოსან “მანჩესტერ სიტის”.

კონტემ მოურინიოს სიტყვებს უპასუხა: “ალბათ ეს ჭკუასუსტობის, დემენციის ბრალია”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პირდაპირ უპასუხა ჟოზე მოურინიოს განცხადებას და საჯაროდაც გაჰკრა კბილი პორტუგალიელ სპეციალისტს. იტალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიოს სიტყვები დემენციას, ჭკუასუსტობას დააბრალა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ასეთი განცხადება გააკეთა: “რადგანაც პირით ხაზზე კლოუნივით არ დავრბივარ, გგონიათ, ჩემი საქმის კეთების სურვილი დავკარგე?”

მართალია, ყველა მიხვდა, რომ ეს სიტყვები პირველ რიგში იურგენ კლოპსა და ანტონიო კონტეს ეხებოდა. მაგრამ ჟოზე მოურინიო ამ საქმეში გაწაფულია და სახელებს არასოდეს ახსენებს. ანტონიო კონტე კი ამ ანკესს ადვილად წამოეგო.

“ვფიქრობ, მას თავისი თავი ახსენდება წარსულში, ალბათ სწორედ ამას გულისხმობდა, არა? მგონი, ზოგჯერ ხალხს ავიწყდება რას ამბობდა წარსულში, ან რას აკეთებდა. თუ არ ვცდები, ამას დემენცია ჰქვია, სახელი ზუსტად არ ვიცი, როდესაც გავიწყდება რა იყო წარსულში,” – ვციტირებთ კონტეს სიტყვებს.

დემენცია ტვინის დაავადებაა, რომელიც აზროვნების ხანგრძლივ და ხშირ შემთხვევაში სამუდამო დაქვეითებას იწვევს.

ამ ინტერვიუს შემდეგ, კონტეს თარჯიმანმა აღნიშნა, რომ მას ამნეზიას თქმა უნდოდა, დემენციას ნაცვლად.

მოურინიომ ვან დეიკის ტრანსფერის შემდეგ კლოპს მისი სიტყვები შეახსენა

ინგლისის პრემიერ ლიგაში კიდევ ერთი მეგა ტრანსფერი შედგა – “ლივერპულმა” “საუთჰემპტონს” ვირჯილ ვან დეიკის სანაცვლოდ 75 მილიონი ფუნტი გადაუხადა. “წითლების” ამ ტრანსფერს ჟოზე მოურინიოც გამოეხმაურა.

“ტრანსფერებში დახარჯულ თანხებზე საუბარი, ვფიქრობ, იურგენ კლოპს უყვარს. ერთ-ერთი თქვენგანი რომ ვიყო, აუციელბლად ვკითხავდი აზრს იმ კომენტართან დაკავშირებით, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ გააკეთა.

კონკრეტულად ვან დეიკის საქმეს არ ვეხები, რადგანაც “ლივერპულში” იმას აკეთებენ, რაც უნდათ და ვინ ვარ მე, კომენტარი რომ გავაკეთო ამაზე. დღევანდელ ფეხბურთში, უბრალოდ, ასე გვარდება ყველაფერი,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი პრესასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ივლისის თვეში კლოპმა საკმაოდ კრიტიკულად ისაუბრა:”სხვა კლუბებს თავისუფლად შეუძლიათ ფეხბურთელების ტრანსფერებში უფრო მეტი თანხა დახარჯონ. მაგრამ თუ ფეხბურთელს 100 მილიონად იყიდი და შემდეგ ის ტრავმას მიიღებს, მაშინ ყველაფერი თავდაყირა დგება. მე კი მინდა, საქმეს სხვაგვარად მივუდგე. ამ ოდენობის თანხის დახარჯვა რომ შემეძლოს, მაინც სხვაგვარად გავაკეთებდი ყველაფერს.”

მოურინიო: “ბარნლის” ევროპა ლიგაზე მოხვედრისთვის ბრძოლა შეუძლია”

“ოლდ ტრაფორდზე” “ბარნლისთან” გასამართი მატჩის წინ ჟოზე მოურინიომ შონ დაიჩის გუნდს შეაქო და აღნიშნა, რომ მათ ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა შეუძლიათ. სეზონის პირველი წრე “ბარნლიმ” მეშვიდე ადგილზე დაასრულა.

“თუ მათი მთავარი მიზანი პრემიერ ლიგაში დარჩენა იყო, მაშინ ეს უკვე ჯიბეში აქვთ. ყველაფერს ისინი აკონტროლებენ. თუ სეზონის ათეულში დასრულებაზე ფიქრობენ, ისინი ამას შეძლებენ.

ვფიქრობ, ახლა მათი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა და “ბარნლის” ნამდვილად შესწევს ამის ძალა. ასე რომ, ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩში სამი გული გაუშვეს, ისინი მაინც დაცვით ფეხბურთზე გააკეთებენ აქცენტს და მაქსიმალურად უნდა ვცადოთ ზონების განთავისუფლება. რთული იქნება მოგება ასეთ მატჩში,” – აცხადებს მოურინიო, რომლის გუნდიც მეორე პოზიციას იკავებს სატურნირო ცხრილში.

პარდიუ: “მოურინიოს უკეთესი გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, ვიდრე – გვარდიოლას”

“ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” მთავარმა მწვრთნელმა, ალან პარდიუმ ერთმანეთს “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “მანჩესტერ სიტის” დამრიგებლები, ჟოზე მურინიო და პეპ გვარდიოლა შეადარა.

“ჟოზეს და მე გვიყვარს მატჩების ანგარიშით, 4-0 მოგება. ჩვენ ლაღ ფეხბურთს ვთამაშობთ. თუმცა, ზოგჯერ არ შეგიძლია მარტივად მოიგო. უბრალოდ, უნდა ეცადო, მონახო გამარჯვების განსხვავებული გზა. ხოლო, ამ უკანასკნელ ასპექტში კი მოურინიო საუკეთესოა. ის პეპ გვარდიოლასაც სჯობს. ჟოზეს უკეთესი გამარჯვებულის მენტალიტეტი გააჩნია. შესაბამისად, მეტ ტიტულსაც იგებს.”

“მას ბევრი აკრიტიკებს. ვფიქრობ, რასაც ის აკეთებს, ყველაფერი გამარჯვებულის მენტალიტეტიდან მოდის. სწორედ ყველაფრის მოგებაა მოურინიოს მთავარი მიზანი. ზოგჯერ, ხალხი ამბობს, რომ პორტუგალიელმა უფრო უნდა გახსნას თამაში. თუმცა, შეხედეთ “მანჩესტერ იუნაიტედის” დაცვის რეკორდებს. ეს შესანიშნავია!” – ამბობს პარდიუ.

მოურინიო: “რომ ვფიქრობდე, ტიტულისთვის ბრძოლა დასრულდა, ახლა დასასვენებლად ბრაზილიაში ვიქნებოდი”

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ ლიგის მეთექვსმეტე ტურში “მანჩესტერ სიტისთან” საკუთარ მოედანზე წააგო და პირველადგილოსანს თერთმეტი ქულით გაუსწრო. ჟოზე მოურინიომ და თავისმა შეგირდებმა ხასიათის ცოტათი გამოკეთება “ბორნმუთის” მინიმალური ანგარიშით დამარცხების შემდეგ მოახერხეს.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას კიდევ აქვს იმედი, ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს.

“სიტისთან” თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მათთან წაგება მტკივნეული გამოდგა. თუმცა შემდგომმა გამარჯვებამ გაგვამხნევა. “ბორნმუთი” რთული მეტოქე იყო. საკმაოდ დაძაბული მატჩიც გამოვიდა. მეორე გოლი რომ გაგვეტანა, ის საღამო უფრო მშვიდი იქნებოდა.”

“ბედნიერი ვარ, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. მათ დასასვენებლად ჩვენზე ერთით მეტი დღე ჰქონდათ. თანაც, ჩემმა ბიჭებმა მენტალურად დიდი დატვირთვა მიიღეს “სიტისთან” თამაშში. ტიტულისთვის ბრძოლა მხოლოდ მაისში მთავრდება. ახლა რომ ეს მომხდარიყო, ბრაზილიაში ან ლოს ანჯელესში დასასვენებლად წავიდოდი. იმედი მაქვს, უკეთესი მომავლის,” – აცხადებს ჟოზე.

მარკ კლატენბურგმა პრემიერ ლიგა მოურინიოს გამო დატოვა

მარკ კლატენბურგმა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მსაჯად მოისაზრება, აღიარა, რომ პრემიერ ლიგის დატოვებისაკენ მას ჟოზე მოურინიომ უბიძგა. შეგახსენებთ, რომ ახლა ის საუდის არაბეთში მუშაობს და საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობაც უკავია.

“მე ვიყავი მსაჯი, როდესაც უეინ რუნიმ ბობი ჩარლტონის რეკორდი დაამხო. თამაშის შემდეგ მოურინიო ჩემს გასახდელში შემოვიდა, მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პენალტი არ დავნიშნე.

“მანჩესტერ იუნაიტედის” თამაშში მსაჯობა ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით კი “სტოკის” სტადიონზე, რომელიც ყველაზე ცივი და სველია. თუმცა, ვიცოდი, რომ კარგი მატჩი ჩავატარე, მან მაინც დაბადა რაღაც ეჭვი ჩემში.

იმ დღეს 250 მილი ისე გავიარე სახლისკენ, რომ თავში სულ ეს ამბავი მიტრიალებდა. მალე ჩემმა მეუღლემაც შენიშნა ცვლილებები ჩემში და სწორედ მაშინ დავფიქრდი, მიღირდა თუ არა ეს ყველაფერი ამად. მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ნაკლებად მსიამოვნებდა და წასვლის გადაწყვეტილება მივიღე,” – აცხადებს კლატენბურგი.

ჟოზე მოურინიოს ზამთრის ტრანსფერებისთვის 80 მილიონ ფუნტს გამოუყოფენ

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ შეძლო კლუბის ხელმძღვანელების დარწმუნება, რომ გუნდს გაძლიერება სჭირდება და შედეგად, მას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის 80 მილიონ ფუნტს გამოუყოფენ.

როგორც იცით, პრემიერ ლიგის 15 ტურის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედი” მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ “სიტის” რვა ქულით ჩამორჩება. თუმცა, “წითელი ეშმაკები” ბრძოლას წაგებულად არ თვლიან და ბოლომდე არ აპირებენ ფარ-ხრმლის დაყრას.

ბრიტანული მედიის ცნობით, პირველ რიგში, ჟოზე მოურინიო გუნდში მარცხენა მცველისა და კრეატიული შემტევის მოყვანას აპირებს, რომელიც “ათიანის” პოზიციაზე შეძლებს თამაშს.

შესაძლოა, მოურინიოსთვის განკუთვნილი თანხის ოდენობა გაიზარდოს, თუ “ოლდ ტრაფორდელები” ლუკ შოუსა და მატეო დარმიანის გაყიდვას შეძლებენ.

ჟოზე მოურინიო შიშობს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ფელაინის დაკარგავს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მარუან ფელაინის მომავალზე დარდობს, რომელიც გუნდის ლიდერის სტატუსის მორგების შემდეგ ძალიან ახლოსაა “ოლდ ტრაფორდის” დატოვებასთან.

“ეს საკითხი ნამდვილად მაწუხებს, მაგრამ მე არაფერი შემიძლია. გადაწყვეტილება ფეხბურთელმა და კლუბის ხელმძღვანელებმა უნდა მიიღონ. მსგავს შეთანხმებებში მე მონაწილეობას არ ვიღებ.

ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ და ვთვლი, რომ თავისი მომავალი თავადვე უნდა გადაწყვიტოს. კონტრაქტი ეწურება და უფლება აქვს, საკუთარი არჩევანი გააკეთოს.

თუმცა, სიტუაცია კლუბის კონტროლის ქვეშ არის. მე ისღა დამრჩენია, მოვიცადო და ვნახო, რა მოხდება,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.