გუშინ “ლა ლიგის” 24-ე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “ვილიარეალი” დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით, 3-2 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი გაიტანა ალვარო მორატამ, რომელიც 77-ზე შემოვიდა მოედანზე და ექვს წუთში მოახერხა ანდრეს ფერნანდესის კარის აღება.
ზინედინ ზიდანმა მატჩის შემდგომ ესპანელ თავდამსხმელსა და ისკო ალარკონზე (მოედანზე 57-ე წუთზე შევიდა) ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის ეს ორი წევრი გაცილებით მეტ სათამაშო დროს იმსახურებენ.
“აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მორატამ და ისკომ მეტი სათამაშო დრო უნდა მიიღონ. სწორედ მათ ითამაშეს გადამწყვეტი როლი დღევანდელ შეხვედრაში და საბოლოოდ, თამაში ჩვენს სასარგებლოდ შეცვალეს.”
“ზოგადად, როტაცია აუცილებელია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფეხბურთელი გამოვიყენოთ და ისე მივაღწიოთ წარმატებას.”
“მოედანზე შესვლის წინ ალვაროს ვუთხარი, რომ შეტევის დროს აუცილებლად საჯარიმოში ყოფილიყო და ნებისმიერი შანსის სწორად გამოყენება ეცადა. ხოლო, როდესაც “ვილიარეალი” შეუტევდა, ესპანელს ბრუნო სორიანოს მეურვეობა დავავალე.”
“მან გოლი გაიტანა და ყველა გაგვახარა. მნიშვნელოვანია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ და პირველ ადგილზე დავრჩით,” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.