“მანჩესტერ იუნაიტედი” იბრაჰიმოვიჩს მწვრთნელის პოზიციას შესთავაზებს

Daily Star-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის სამწვრთნელო პოზიციაზე დანიშვნის შესაძლებლობის მიცემას აპირებენ.

როგორც იცით, 35 წლის შვედ ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედთან” ხანმოკლე კონტრაქტი აკავშირებს, რომელიც წლის ბოლოს იწურება, ჟოზე კი მისი გაშვების წინააღმდეგი გახლავთ.

ჟოზე მოურინიოს სურს ზლატანმა ერთდროულად მწვრთნელისა და ფეხბურთელის როლი მოირგოს, რაც ფეხბურთში უცხო რამ ნამდვილად არ არის.

აქვე დავამატებთ იმასაც, რომ იბრაჰიმოვიჩმა “ოლდ ტრაფორდზე” გადმოსვლის შემდეგ 11 პრემიერ ლიგურ გოლს მოუყარა თავი – მას ორჯერ უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე კლუბის რომელიმე სხვა ფეხბურთელს.

გარი ნევილი: “ზლატანი ფიქრობს, რომ ღმერთია – “მანჩესტერ იუნაიტედს” ეს სჭირდებოდა”

გარი ნევილმა “მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ ზაფხულში განხორციელებული სვლები მოიწონა და აღნიშნა, რომ “ოლდ ტრაფორდულ” კლუბს სწორედ ისეთი ხასიათის ფეხბურთელები ჰყავს, როგორიც სჭირდებოდა.

“იმ ფეხბურთელთა პიროვნული მახასიათებლები, რომლებიც კლუბმა წელს დაიმატა, გაცილებით განსხვავდება იმ ფეხბურთელთა თვისებებისაგან, რომლებსაც ისინი ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე იმატებდნენ.

ჩემი გადმოსახედიდან, კლუბი ახლა გაცილებით უფრო სწორ გზას ადგას. ამ კლუბს ცოტათი ამპარტავანი ფეხბურთელებიც ესაჭიროება, ისეთები, როგორებიც პოგბა და ზლატანი არიან.

როდესაც “ოლდ ტრაფორდზე” მივდივარ და “იუნაიტედის” მაისურს ვხედავ, მისგან ქედმაღლობას, თვითრწმენასა და მოულოდნელობას ველი. ამ სტადიონზე მოსაწყენად არ უნდა დავდიოდეთ, ახალ სეზონში ვხედავ, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, ბოლო წუთამდე გვასიამოვნონ.” – განაცხადა მან.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს დისკვალიფიკაცია ელის

“მანჩესტერ იუნაიტედის” შვედ ფორვარდს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს დისკვალიფიკაცია ელის “ევერტონის” მცველისთვის, სეიმუს კოულმენისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანის გამო.

როგორც იცით, აღნიშნული ეპიზოდი მატჩის ვერცერთმა არბიტრმა ვერ შეამჩნია და შესაბამისად “მანჩესტერის” ვარსკვლავიც არ გაუფრთხილებიათ. მაგრამ, შესაძლოა, ამან იბრაჰიმოვიჩს სასჯელი მაინც ვერ ააცილოს თავიდან, რადგანაც საქმე უკვე გადაეცა პრემიერ ლიგის სადისციპლინო კომიტეტს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ ეპიზოდიდან დაახლოებით 15 წუთის გასვლის შემდეგ, კოულმენი იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. ირლანდიელი ფეხბურთელი მატჩის 67-ე წუთზე ჰოლგეიტმა შეცვალა.

იბრაჰიმოვიჩმა “წითელ ეშმაკთა” რიგებში ჩატარებულ 20 მატჩში უკვე მოახერხა ხუთი ყვითელი ბარათის დაგროვება.

ოქროს ბურთისთვის ჰუგო ლორისი, ჯეიმი ვარდი, კოკე და კიდევ 27 სხვა ფეხბურთელი იბრძოლებს

France Football-მა იმ 30 ფეხბურთელის სია დაასახელა, რომელიც წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის იბრძოლებს, რომლის მფლობელსაც ოქროს ბურთი გადაეცემა.

როგორც იცით, გასულ წელს აღნიშნული პრიზი ლიონელ მესის გადაეცა. არგენტინელი გოლეადორი ოქროს ბურთისთვის წელსაც იბრძოლებს, ნეიმართან, ლუის სუარესთან, გარეთ ბეილთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად.

პრემიერ ლიგას კი აღნიშნულ სიაში “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და “მანჩესტერ სიტის” შემტევები, სერხიო აგუერო და კევინ დე ბრუინი წარმოადგენენ.


2016 წლის ოქროს ბურთისთვის მებრძოლთა სია


  • სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”)
  • პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“ბორუსია დორტმუნდი”)
  • გარეთ ბეილი (“რეალი”)
  • ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”)
  • კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”)
  • კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”)
  • პაულო დიბალა (“იუვენტუსი”)
  • დიეგო გოდინი (“ატლეტიკო”)
  • ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”)
  • გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”)
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
  • ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”)
  • კოკე (“ატლეტიკო”)
  • ტონი კროოსი (“რეალი”)
  • რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”)
  • ტომას მიულერი (“ბაიერნი”)
  • ლუკა მოდრიჩი (“რეალი”)
  • რიად მაჰრეზი (“ლესტერი”)
  • ლეო მესი (“ბარსელონა”)
  • ჰუგო ლორისი (“ტოტენჰემი”)
  • დიმიტრი პაიეტი (“ვესტ ჰემი”)
  • პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”
  • მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”)
  • პეპე (“რეალი”)
  • ნეიმარი (“ბარსელონა”)
  • რუი პატრისიო (“სპორტინგი”)
  • სერხიო რამოსი (“რეალი”)
  • ლუის სუარესი (“ბარსელონა”)
  • ჯეიმი ვარდი (“ლესტერი”)
  • არტურო ვიდალი (“ბაიერნი”)

  • გეტყვით იმასაც, რომ წელს ოქროს ბურთის დაჯილდოების ორგანიზატორად მხოლოდ France Football გვევლინება, ამიტომაც არის, რომ ამ პრიზის მფლობელს მხოლოდ ჟურნალისტები აირჩევენ.

    ბლუმქვისტი: “იბრაჰიმოვიჩის დამატებით, “მანჩესტერმა” “პსჟ”-ს 8 მილიონი ფანი გადაიბირა”

    “მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-ვინგერმა, ჟასპერ ბლუმქვისტმა ზლატან იბრაჰიმოვიჩზე საუბრისას ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ზლატანისა და ინგლისელების ამ შეთანხმებით “ემიუს” გულშემატკივართა ბაზა კიდევ უფრო გაიზარდა.

    “შვედეთში ის ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტია. მას ბაზარზე გააქვს საკუთარი სუნამო, რეკლამას უკეთებს”ვოლვოს” მანქანები და საკუთარი სპორტული ტანსაცმლის ბიზნესსაც აკონტროლებს. ის თავად ბრენდია. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებიდან წავიდა, ის მაინც ყველგან არის.

    ბევრ ტურისტულ კომპანიასთან ვთანამშრომლობ – შვედეთიდან მანჩესტერისაკენ ვმართავ ტურებს. ინტერესი ბოლო დროს ძალიან გაიზარდა. ზლატანის ავტორიტეტი შვედეთში ძალიან დიდია. ვფიქრობ, “პსჟ”-მ მისი გაყიდვით 8 მილიონზე მეტი გულშემატკივარი გაუშვა მანჩესტერში. ყველა არა, თუმცა საკმაოდ დიდი ნაწილი.

    შედეგად მეტია მიმოსვლა, მეტ ბილეთს ყიდიან “იუნაიტედის” მატჩებზე. მოთხოვნა ათჯერ უფრო მეტია.”

    რაიოლა: “იბრაჰიმოვიჩმა 100 მილიონიანი წინადადება უარყო”

    “მანჩესტერ იუნაიტედის” შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტი, მინო რაიოლა აღიარებს, რომ ჩინურმა კლუბმა მის კლიენტს 100 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა. მაგრამ, შვედმა ფულს “ოლდ ტრაფორდზე” თამაში არჩია.

    “იბრაჰიმოვიჩი საუკეთესოა. მან 100 მილიონიანი წინადადება (ჩინეთიდან) უარით გაისტუმრა. მას მეტი ფული არ სჭირდება, უბრალოდ უნდა, რომ ჩემპიონი იყოს.

    გამიმართლა, ასეთ ჩემპიონებთან რომ მიწევს მუშაობა: ზლატანი, პაველ ნდვედი, მაქსველი და ახლა ბლაიზე მატუიდი და ჯიჯიო დონარუმა.

    მჯერა, რომ დონარუმა ბუფონზე უკეთესი იქნება. რადგანაც მომავალი ყოველთვის სჯობს წარსულს.” – განაცხადა მსოფლიოს ყველაზე პოპულარულმა საფეხბურთო აგენტმა.

    “ლივერპული” ახალი იბრაჰიმოვიჩის გადაბირებას აპირებს

    ესპანური გამოცემა Sport ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მერსესაიდული “ლივერპულის” ხელმძღვანელებმა თვალი 17 წლის შვედ თავდამსხმელს, ალექსანდერ ისაკს დაადგეს.

    ახალგაზრდა ტალანტმა “ენფილდის” ბინადართა ყურადღება “აიკში” ბრწყინვალე ასპარეზობით მიიქცია. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდერის დებიუტი პროფესიონალ ფეხბურთში თებერვლის თვეში შედგა, “ლივერპული” უკვე მზადაა, კონტრაქტი შესთავაზოს “მომავალ ზლატანს”.

    თუმცა, იურგენ კლოპი ერთადერთი არ არის, რომელსაც შვედი შემტევის გადაბირება სურს – 22 მატჩში 9 გოლის გამტანი ფორვარდის შეძენით მადრიდის “რეალი”, “ლესტერ სიტი” და მიუნხენის “ბაიერნია” დაინტერესებული.

    “ნორთჰემპტონის” მცველი: “ზლატანი ტერმინატორს გავს”

    “მანჩესტერ იუნაიტედის” შვედი სუპერვარსკვლავი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი “ნორთჰემპტონის” ფეხბურთელმა ტერმინატორს შეადარა. გაბრიელ საკუანის თქმით, ზლატანი სწორედ ისე ლაპარაკობს, როგორც ლეგენდარული ფილმის მთავარი გმირი.

    “მოედანზე ყოფნისას ზლატანი ბევრს ლაპარაკობს, თუმცა ის რობოტივით საუბრობს, ამით ის ძალიან გავს ტერმინატორს. თითქოს, შენელებულად საუბრობდეს.

    ადვილი შესამჩნევია, თუ რამდენად დიდია მისი გავლენა გუნდზე. ფეხბურთელები მას უჯერებენ, ის კი მათ დიდ პატივს სცემს.” – განაცხადა გაბრიელმა ბრიტანულ პრესასთან საუბრისას.

    შეგახსენებთ, რომ ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს ლიგის თასის ეგიდით გამართულ მატჩში დაუპირისპირდნენ, რომელიც “მანჩესტერმა” 1-3 მოიგო.

    The Mirror: ზლატანი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს

    “მანჩესტერული კარიერის” ბრწყინვალედ დაწყების შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი “წითელ ეშმაკებთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არის.

    The Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის მესვეურები უკმაყოფილოები არიან იმით, რომ 2016-17 წლების სეზონის შემდეგ ზლატანს თავისუფლად შეეძლება “ოლდ ტრაფორდის” დატოვება. ისინი მის შენარჩუნებას 2018 წლამდე აპირებენ, როდესაც მას 38 წელი შეუსრულდება.

    შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის ახალ სეზონში შვედმა ფორვარდმა 4 გოლის გატანა შეძლო, რაც ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. ასე რომ, ბეილსა და ნეიმარზე ოცნების ნაცვლად, “მანჩესტერელები” ზლატანს ჩაებღაუჭებიან.

    პეპ გვარდიოლა: “ზლატანს დიდ პატივს ვცემ”

    “მანჩესტერ სიტის” ბოსმა, პეპ გვარდიოლამ მოახლოებულ “მანჩესტერულ დერბიმდე” დრო გამონახა და მისი მეტოქის ერთ-ერთ ლიდერზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა.

    “ზლატანს ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ყველაფრის გამო, რაც მას ფეხბურთისთვის აქვს გაკეთებული.

    ის ერთ-ერთია საუკეთესოთა შორის. ასეთი ფეხბურთელები კი გუნდში მოსვლისთანავე ახდენენ გავლენას მასზე. საუკეთესო ფეხბურთელები ახალ ჩემპიონატებს ძალიან ადვილად ეჩვევიან.”

    შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერში” მოსვლის შემდეგ, იბრაჰიმოვიჩმა 4 გოლის გატანა მოახერხა ჟოზე მოურინიოს გუნდის მაისურით.

    7 რამ, რაც დავიდ ლუისის “ჩელსიში” დაბრუნების შემდეგ შესაძლებელია მოხდეს

    სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ბევრი საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა. მათ შორის უნდა აღინიშნოს დავიდ ლუისის დაბრუნება ლონდონის “ჩელსიში”. ამასთან დაკავშირებით, გავლენიანი გამოცემა, Mirror-ი სახალისო სტატიას გვთავაზობს. მკითხველს შეუძლია, გაიგოს ის შვიდი რამ, რაც ბრაზილიელი მცველის “არისტოკრატების” რიგებში დაბრუნებას შეიძლება მოჰყვეს.

    1. ვარჯიშზე მისი პირველი შეხვედრა დიეგო კოშტასთან ნამდვილად საინტერესო სანახავი იქნება…

    2. დავიდი დაბრუნდა… გარი ნევილი კი კვლავ მიიღებს ასეთ სახეს…

    3. “ჩელსის” კარში უფრო მეტი პენალტს დაარტყამენ მეტოქეები, ვიდრე ეს აქამდე იყო…

    4… და შესაძლებელია, უფრო მეტი ავტოგოლიც გავიდეს “არისტოკრატების” კარში…

    5. 23 ოქტომბერს “ჩელსი” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება. საინტერესო იქნება, დავიდ ლუისის შეხვედრა მის ყოფილ გუნდელთან, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან.

    მათ ერთად ბევრი სახალისო რამ გადახდათ თავს…

    6. “ჩელსის” საფეხბურთო მაღაზიებში ბევრი სუვენირი გაიყიდება. რატომ? ლუისმა ავტოგრაფები ხომ უნდა დაარიგოს?!

    7. უკვე მხოლოდ ფელაინის აღარ აქვს ხვეული გრძელი თმა. ამიტომ, ბელგიელს მოუწევს, მოიფიქროს ახალი, უფრო გიჟური ვარცხნილობა, რათა პრემიერ ლგიის გამორჩეული მოთამაშე იყოს ამ მხრივ.

    სერხიო აგუერო: “ზლატანს ნამდვილად არ ვეჯიბრები”

    “მანჩესტერ სიტის” არგენტინელმა თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ განაცხადა, მისი მთავარი კონკურენტი საკუთარი თავია და არა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც მის მსგავსად, 3 გოლი აქვს გატანილი პრემიერ ლიგის ახალ სეზონში.

    “ორივემ, მეც და იბრაჰიმოვიჩმაც სეზონი მშვენივრად დავიწყეთ, ორივეს გაგვაქვს გოლები. მაგრამ, მის კონკურენტად ყოფნას არ ვაპირებ. მე ჩემს თავს ვეჯიბრები. ვცდილობ, რომ მაქსიმალურად გავაძლიერო საკუთარი თავი.

    თუ შევძლებ იმაზე მეტის მიღწევას, რასაც გასულ სეზონში მივაღწიე, მაშინ განვაგრძობ გაზრდას, როგორც ფეხბურთელი. სწორედ ეს არის ჩემი მიზანი.

    “მანჩესტერ სიტიში” მოსვლის დღიდან, ჩემი მიზანი ტიტულების მოგებაა. მთავარი ჩემპიონთა ლიგაა, რასაც პრემიერ ლიგა და სხვა ტიტულები მოჰყვებიან.”