ვილიას მუნდიალზე თამაშის იმედი აქვს
მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი დავიდ ვილია იმედოვნებს, რომ ესპანეთის ნაკრების სამუნდიალო განაცხადში მოხვდება.
„მწვრთნელი საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს. უკვე რამდენიმე წელია, ესპანეთის ნაკრებს საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, რაც ვისენტე დელ ბოსკეს ამოცანას ართულებს. რა თქმა უნდა, მინდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა კიდევ მომეცეს. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ 2010 წელს მოგებული ტიტული დავიცვა. იმედი მაქვს, განაცხადში მოვხვდები. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება ნაკრებს დაეხმარება. ვგრძნობ, რომ კვლავ შემიძლია, გუნდს სარგებელი მოვუტანო“, – ვილიას სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ დელ ბოსკე 25 მაისს სამუნდიალო განაცხადის გაფართოებულ ვერსიას გამოაქვეყნებს, რომელშიც 30 ფეხბურთელი იქნება შეყვანილი. საბოლოოდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე 23 ესპანელი მოთამაშე გაემგზავრება, რომელთა ვინაობაც 2 ივნისს გაირკვევა.
ბექა დოგრაშვილი