ჟან-პიერ პაპენი: “ბენზემა თავისი თაობის საუკეთესო ფრანგი თავდამსხმელია”
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ჟან-პიერ პაპენმა მადრიდის “რეალის” შემტევ კარიმ ბენზემას შესახებ ისაუბრა და მას ამ თაობის საუკეთესო ფრანგი ფორვარდი უწოდა.
“ბენზემა თავისი თაობის საუკეთესო ფრანგი თავდამსხმელია. მომწონს მისი შედეგიანობა, თამაშში ჩართულობა და კომბინაციებში მონაწილეობა. კარიმი მივიდა გუნდში, რომლის შემადგენლობაში თავის დამკვიდრება და კონკურენციის გაძლება იოლი არ არის. მან თავისი სტილი მოირგო და კრიშტიანუ რონალდუს გამო თავის გაწირა. შეიძლება გეგონოთ, რომ ეს მარტივია, მაგრამ კარიმმა ბომბარდირის ამბიციები მოთოკა და ასეთ ვარსკვლავთან ჰარმონიას მიაღწია”, – ციტირებს პაპენის სიტყვებს L’Equipe-ი.
როგორც მოგეხსენებათ, კარიმ ბენზემა მადრიდის “რეალის” ღირსებას 2009 წლიდან იცავს. 33 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 13 მატჩში რვა გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ცნობილი სკანდალის გამო ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში 2015 წლიდან აღარ იძახებენ.