ზიდანი: “ასე რომ ვფიქრობდე, “რეალს” ხვალვე დავტოვებდი”
მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი იმედს იტოვებს, რომ მისი გუნდი კრიზისული ვითარებიდან გამოვა. ფრანგი სპეციალისტი ამბობს, რომ გუნდში მუშაობის მოტივაცია არ დაუკარგავს.
“რომ ვთვლიდე, რომ “რეალის” ფეხბურთელები არ მენდობიან, კლუბს ხვალვე დავტოვებდი. გუნდის შედეგები საბაბი არ არის, ეს უბრალოდ ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. ხანდახან უნდა დაეცე, რომ წამოდგე.
ცხოვრებაში ცუდი ამბებიც ხდება. უბრალოდ სურვილი უნდა გქონდეს, რომ რაღაც გამოასწორო. საკუთარ თავს ძლიერ პიროვნებად ვთვლი და ვფიქრობ, რომ საქმის გამოსწორება შემიძლია. ასე რომ არ ვფიქრობდე, ეს დიდი პრობლემა იქნებოდა. აქ მუშაობის მოტივაციას არავინ მართმევს.
დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვროთ. ათწლიან კონტრაქტსაც გავაფორმებდი, მაგრამ ამას არავითარი მნისვნელობა არ ექნებოდა. მნიშვნელოვანია ყოველდღიური მუშაობა. “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩემი დანიშვნიდან ორი წელი გავიდა და ენერგია ჯერ კიდევ მაქვს. ვნახოთ, რა იქნება ივნისში.
რაც შეეხება ტრანსფერებს, არაფერი შემიცვლია. სეზონის წინ გუნდის შემადგენლობით კმაყოფილი ვიყავი. მე მყავს ახალგაზრდული გუნდი, რომელსაც ნათელი მომავალი აქვს. მათ ბევრი რამ აქვთ სასწავლი. მე ასი პროცენტით ვიხარჯები”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს Goal.com-ი.