ზიდანის პირველი კომენტარი “რეალში” დაბრუნების შემდეგ
მადრიდის “რეალმა” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სანტიაგო სოლარი გაათავისუფლა, თავკაცის თანამდებობაზე კი ზინედინ ზიდანი დაბრუნდა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა 2022 წლის ზაფხულამდე ექნება.
ფრანგმა სპეციალისტმა “რეალში” დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:
“მოხარული ვარ, რომ შინ, ამ ფეხბურთელებთან დავბრუნდი. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა. მინდა, რომ გუნდი მისთვის შესაფერის ადგილას დავაბრუნო. მუშაობას დავიწყებ და გუნდს შაბათს გასამართი მატჩისთვის მოვამზადებ.
თავის დროზე გუნდი დავტოვე, რადგან ასე იყო საჭირო. შესაძლოა, ეს კლუბს არ სჭირდებოდა, მაგრამ აუცილებელი იყო ფეხბურთელებისთვის, რომლებმაც ყველაფერი მოიგეს. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. დავბრუნდი, რადგან პრეზიდენტს უარი ვერ ვუთხარი. ფლორენტინო პერესს ძალიან ვაფასებ.
“რეალის” თავკაცობა დიდი პასუხისმგებლობაა. რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ აქ მუშაობა ვარჩიე. მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის მოგებისა, არ მავიწყდება, რომ შიდა ტურნირებზე მალე დავქვეითდით.
რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, ის “რეალის” ისტორია და გუნდის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა მისი წასვლა მთავარი პრობლემა არ არის”.