ზოგი ჭირი მარგებელია
გეცოდინებათ, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ტრანსფერების აკრძალვასთან დაკავშირებით “ბარსელონას” საჩივარი რომ არ დააკმაყოფილა. ქართველებს გამოთქმა გვაქვს – “ზოგი ჭირი მარგებელია” და კატალონიური გუნდის თავკაცმა ლუის ენრიკემაც იპოვა ამ ცუდ ამბავში სახეირო დეტალი. მისი თქმით, ტრანსფერების აკრძალვა “ბარსელონას” აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელებს სტიმულს მისცემს, რაც “ბლაუგრანას” ახალგაზრდული გუნდიდან კიდევ უფრო კარგი თაობის წამოსვლას შეუწყობს ხელს.
“გვინდოდა, რომ სხვა გადაწყვეტილება გამოტანილიყო, თუმცა რას ვიზამთ, ამას უნდა შევეგუოთ. ჩვენ უმაღლესი დონის ფეხბურთელები გვყავს. ეს გადაწყვეტილება ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეებისთვის სტიმულის მიმცემი იქნება. აკადემიიდან რამდენიმე ფეხბურთელს გამოვარჩევდი, რომელთაც ძირითად გუნდში მოხვედრა შეუძლიათ. ტრანსფერების აკრძალვა ჩვენს ახალგაზრდებს მთავარი შემადგენლობის კარს უღებს”, – ლუის ენრიკეს სიტყვები “სმა” გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვა 2016 წლის იანვრამდე არ შეეძლება.