დე როსიმ განმარტა, რატომ აირჩია “ბოკა ხუნიორსი”
“ბოკა ხუნიორსში” გადასულმა დანიელე დე როსიმ არგენტინული კლუბის რიგებში პირველი კომენტარი გააკეთა და განმარტა, თუ რატომ აირჩია ეს გუნდი.
“ჩემი გული სამუდამოდ “რომას” ეკუთვნის, თუმცა “ბოკა” ძალიან მომწონს. მე ამ გუნდის თამაშებს ბავშვობიდან ვუყურებ. ამ კლუბში თამაშობდა დიეგო მარადონა. გარდა ამისა, მომწონს სტადიონი და ადგილობრივი ქომაგები. ეს კლუბი იტალიელების მიერ არის დაარსებული და აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. “ბოკა” დიდი კლუბია, რომელსაც შეგიძლია, ენდო. ყოველთვის მინდოდა “ბომბონერაზე” (“ბოკა ხუნიორსის” სტადიონი) “ბოკას” ფორმით გასვლა.
ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ოცნებების ასრულებაა. მადლობა, “ბოკა”, – ციტირებს დე როსის სიტყვებს არგენტინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის ფეხბურთელსა და “ბოკა ხუნიორსს” შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.