“ბოკა” ტევესს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს
“ბოკა ხუნიორსის” თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა არგენტინულ გუნდში შესაძლოა, კიდევ გარკვეული პერიოდი დაჰყოს. Goal-ი წერს, რომ კლუბი ვეტერან ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს.
მხარეებს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე თვის ბოლოს ეწურება. მიუხედავად იმისა, რომ ტევესი უკვე 36 წლისაა, “ბოკა” მას ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს და თუ გუნდი 2021 წელს ლიბერტადორესის თასის ჯგუფურ ეტაპზე გავა, კლუბი კაპიტანს კიდევ ექვსთვიან ხელშეკრულებას შესთავაზებს.
კარლოს ტევესს შემოთავაზებაზე ჯერ არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი არ გაუცია. ფეხბურთელი გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე დღეში გააკეთებს განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ კარლოს ტევესი “ბოკა ხუნიორსში” 2018 წლის იანვარში დაბრუნდა. აწ უკვე გასულ სეზონში ფეხბურთელმა ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 18 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.