კიევის “დინამოს” თავკაცის პოსტზე მირჩა ლუჩესკუ დაინიშნა
კიევის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცნობილი რუმინელი სპეციალისტი მირჩა ლუჩესკო დაინიშნა. მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, კიდევ ერთი წლის ვადით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
შეგახსენებთ, რომ 2004-დან 2016 წლამდე მირჩა ლუჩესკო კიევის “დინამოს” მთავარ კონკურენტ დონეცკის “შახტარს” ხელმძღვანელობდა და დედაქალაქური გუნდის თავკაცის პოსტზე მისმა დანიშვნამ კლუბის ფანების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. “შახტარში” მუშაობის პერიოდში რუმინელი სპეციალისტი გუნდთან ერთად რვაჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი, ექვსჯერ ქვეყნის თასის, შვიდჯერ კი სუპერთასის მფლობელი გახდა, 2008-2009 წლების სეზონში დონეცკელებმა ლუჩესკუს თავკაცობით უეფას თასი მოიგეს.
“უკრაინა მომენატრა. მინდოდა ამ ქვეყანაში დაბრუნება, სადაც წარმატებული შედეგები მქონდა. აქაურ გულშემატკივრებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა. ბედის მადლიერი ვარ ისეთ გუნდში მოსვლის გამო, რომელიც დიდებული ტრადიციებითა და ნიჭიერი ფეხბურთელებით დაიკვეხნის. დარწმუნებული, რომ ერთად ნაყოფიერად ვიმუშავებთ. მჯერა, რომ ჩემი მუშაობითა და შედეგებით კმაყოფილნი იქნებიან. კლუბის პრეზიდენტსა და ქომაგებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას ვუხდი”, – ციტირებს 74 წლის სპეციალისტის სიტყვებს კიევის “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდი.